ტრანზაქციის ხარჯის თეორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ტრანზაქციის ხარჯის თეორია — მხარეებს შორის საბაზრო გაცვლით გამოწვეული ხარჯი. მაგალითად, სახლის შეძენისას მყიდველი განიცდის ტრანზაქციის ხარჯებს როგორებიცაა: სასურველი სახლის მოძიება, სახლის მდგომარეობის შემოწმება, საბაზრო ფასის დადგენა, გამყიდველთან მორიგება, კონტრაქტის შეთანხმება და შემდეგ ამ ხელშეკრულების პირობების დაცვის უზრუნველყოფა. ტრანზაქციის ხარჯის თეორია აღწერს ტრანზაქციის ხარჯების ეფექტს კომპანიის გადაწყვეტილებაზე შეასრულოს გარკვეული სამუშაო საწარმოს შიგნით, თუ შეიძინოს შესაბამისი მომსახურება ბაზრის სხვა სუბიექტებისგან.[1]

ტრანზაქციის ხარჯები იყოფა სამ ძირითად კატეგორიად:

  • მოძიების ხარჯები: სასურველი პროდუქტის/სერვისის და მასზე არსებული ინფორმაციის მოძიებასთან დაკავშირებული ხარჯები.
  • გარიგების ხარჯები: გამყიდველთან ხელშეკრულების პირობებზე მორიგებასთან (მაგ.: ფასის შეთანხმება) და ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული ხარჯები
  • ხელშეკრულების პირობების დაცვის უზრუნველყოფის ხარჯები: ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სამართლებლივი დავის ხარჯები.

თეორიის წარმოშობის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რონალდ ქოუსმა თავის ნაშრომში „The Nature of the Firm“ (საწარმოს ბუნება) განავითარა ტრანზაქციის ხარჯების იდეა [2]. თუმცა თავად ქოუსი არ იყენებს ტერმინს „ტრანზაქციის ხარჯი“, მის ნაცვლად ის საუბრობს ფასის მექანიზმის გამოყენების ხარჯზე. თავის ნაშრომში ქოუსი ამახვილებს ყურადღებას ერთგვარ პარადოქსზე. ბაზარი ეწევა თვითრეგულაციას ე.წ. ფასის მექანიზმის საშუალებით, რომელიც თავის მხრივ მოთხოვნა-მიწოდებით რეგულირდება. ასეთ შემთხვევაში მყიდველი თეორიულად ყოველთვის ყიდულობს მისთვის საუკეთესო ხარისხი/ფასის შეფარდების პროდუქტს/სერვისს. გამყიდველი კი, ყოველთვის ეწყობა მოთხოვნას და შესაბამისად ბაზარს აწვდის მოთხოვნად პროდუქტს/სერვისს, შესაბამის ფასად. ქოუსის აზრით ასეთ პირობებში გაუგებარია საწარმოების არსებობის მიზანი. თუ ფასის მექანიზმს შეუძლია დაარეგულიროს საბაზრო ურთიერთობები, ინდივიდუალურმა ადამიანებმა უნდა შეძლონ გაცვალონ პროდუქტები/სერვისები საწარმოების გარეშე. ქოუსის პასუხი ამ პარადოქსზე ტრანზაქციის ხარჯებია, რომლებსაც მყიდველი ყოველი გარიგებისას განიცდის. შესაბამისად ამ ხარჯების სამართავად და შესამცირებლად საჭიროა უფრო დიდი გაერთიანება (საწარმო). ერთის მხრივ საწარმოების ამცირებენ, საწარმოს შიგნით შესრულებული ტრანზაქციების ხარჯებს (მაგ.: გრძელვადიანი სამუშაო ხელშეკრულებების საშუალებით). მეორეს მხრივ საწარმოს შეუძლია მასში მომუშავე ადამიანების სახელით აწარმოოს გარიგებები სხვა საწარმოებთან. ამრიგად საწარმოების ამცირებენ გარიგებების რაოდენობას, და აიოლებენ მათ მართვას.[2]

თანამედროვეობაში ტრანზაქციის ხარჯებიზე დისკუსიის პოპულარიზაციას ყველაზე ხშირად ოლივერ უილიამსონს მიაწერენ. უილიამსონმა გამოსცა რამდენიმე ნაშრომი, სადაც მან „ტრანზაქციის ხარჯის ეკონომიკის“ დებულებები ჩამოაყალიბა [3]. უილიმსონმა განავითარა ქოუსის იდეები და სცადა ტრანზაქციის ხარჯების საშუალებით აეხსნა საწარმოების ქცევა. დღესდღეობის ტრანზაქციის ხარჯის თეორია ხშირად გამოიყენება აუთორსინგის გარიგებების გამოსაკვლევად, სადაც საწარმოებს უწევთ გადაწყვეტილების მიღება აწარმოონ პროდუქტი/სერვისი საწარმოს შიგნით, თუ შეიძინონ შესაბამისი ეკვივალენტი ბაზარზე.

თავიანთი მოღვაწეობისთვის რონალდ ქოუსი (1991 წელს) და ოლივერ უილიამსონი (2009 წელს) დაჯილდოვდნენ ნობელის პრემიით ეკონომიკაში.

ძირითადი დებულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უილიამსონის თანახმად მიუხედავად იმისა რომ გარიგების მხარეები ყოველთვის ცდილობენ ყველაზე ხელსაყრელ გარიგებას მიაღწიონ, საბოლოოდ ყველა გარიგება არასრულყოფილი ხელშეკრულებით სრულდება. ამ არასრუყოფილების მიზეზად უილიამსონი ადამიანური ბუნების ორ თვისებას, შეზღუდულ რაციონალობას და ოპორტუნიზმს ასახელებს [4].

შეზღუდული რაციონალობის ცნება მომდინარებს ამერიკელი ფსიქოლოგის და ეკონომისტის ჰერბერტ საიმონის ნაშრომებიდან. საიმონის თანახმად, მიუხედავად იმისა რომ ადამიანები ყოველთვის ცდილობენ იყვნენ მაქსიმალურად რაციონალურები, ადამიანებს არ შესწევთ უნარი ეფექტურად მოიპოვონ და დაამუშაონ დიდი რაოდენობის ინფორმაცია, რაც ნეგატიურად აისახება მიღებული გადაწყვეტილებების რაციონალურობაზე [5]. ბაზრის კონტექსტში ეს ნიშნავს იმას რომ მყიდიველი, მიუხედავად სურვილისა, არ შესწევს უნარი ყოველთვის მიიღოს საუკეთესო გადაწყვეტილებები.

ოპორტუნიზმი აღწერს ადამიანის თვისებას ჩაიდინოს ვერაგობა საკუთარი სარგებლის მაქსიმიზაციის მიზნით [6]. უილიმსონი თვლის რომ ოპორტუნიზმი არ არის ყველა ადამიანის აუცილებელი თვისება, თუმცა მისი არსებობის არაღიარება უტოპიაა [4]. უფრო მეტიც, ბაზრის კონტექსტში ოპორტუნიზმი ხშირად მოგებაზე მომუშავე ორგანიზაციების ერთ-ერთი ძირითადი თვისებაა.

შეზღუდული რაციონალობის და ოპორტუნიზმის შერწმის შედეგად მყიდველსა და გამყიდველს შორის „ინფორმაციული ასიმეტრია“ ყალიბდება [6]. ასეთ სიტუაციაში გარიგების ერთი მხარე ფლობს უფრო მეტ გარიგებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ვიდრე მეორე. შედეგად, პირველი მხარე ცდილობს ინფორმაციული ასიმეტრია გამოიყენოს მაქსიმალური უპირატესობის მოსაპოვებლად, ხოლო მეორე მხარეს არ შესწევს ძალა მოიპოვოს ან დაამუშაოს ყველა საჭირო ინფორმაცია. აქედან გამომდინარე ორ მხარეს შორის გარიგება, არასრულყოფილი ხელშეკრულებით სრულდება. მაგალითად, სახლის გამყიდველს შეიძლება ჰქონდეს ინფორმაცია სახლის საძირკველის არასახარბიელო მდგომარეობის შესახებ, თუმცა ეს ინფორმაცია მყიდველს არ გაუზიაროს. მყიდველს კი, შესაძლებელია არ ჰქონდეს საძირკველის მდგომარეობის შესასწავლად საჭირო ცოდნა ან გამოცდილება. შედეგად, მივიღებთ არასრულყოფილ ხელშეკრულებას სადაც მყიდველი იყიდის დაზიანებულ სახლს, დაუზიანებელის სახლის პირობებით.

მაშასადამე, ინფორმაციული ასიმეტრია იწვევს დამატებით ტრანზაქციის ხარჯებს, როგორიცაა ინფორმაციის მოძიების ხარჯები, გარიგების ხარჯები და კონტრაქტის პირობების დაცვის უზრუნველყოფის ხარჯები. ამ ხარჯების და საწარმოს გადაწყვეტილებებზე მათი ეფექტის შესასწავლად, უილიამსონმა ჩამოაყალიბა ტრანზაქციის მახასიათებლები [7][8]. უილიამსონი გამოყოფს სამ ძირითად მახასიათებელს: ტრანზაქციების სიხშირეს, აქტივების სპეციფიურობას და გაურკვევლობას. ტრანზაქციის მახასიათებლების მიზანია დაეხმაროს მკვლევარებს და მენეჯერებს შესასრულებელი სამუშაოების ანალიზში, და მათი დამზადების თუ ბაზარზე შეძენის გადაწყვეტილებაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Joskow, P. (1988). Asset specificity and the structure of vertical relationships: Empirical evidence. Journal of Law, Economics, & Organization, 4(1), 95–117.
  2. 2.0 2.1 Coase, R. H. (1937). The Nature of the Firm. Economica, 4(16), 386–405.
  3. Williamson, O. (1981). The Economics of Organization: The Transaction Cost Approach. American Journal of Sociology, 87(3), 548–577
  4. 4.0 4.1 Williamson, O. (1998). Transaction cost economics: how it works; where it is headed. De Economist, (1), 23–58.
  5. Simon, Herbert A. (1957). "Models of man; social and rational."
  6. 6.0 6.1 Aubert, B., Rivard, S., & Patry, M. (2004). A Transaction-Cost Model of IT Outsourcing. Information & Management, 41(7), 921–932.
  7. Williamson, O. (1979). Transaction-Cost Economics: the Governance of Contractual Relations. Journal of Law and Economics, 22(2), 233–261.
  8. Williamson, O. (1985). The Economic Institutions of Capitalism Firms Markets Relational Contracting. Free Press.