შინაარსზე გადასვლა

ტრამპლინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტრამპლინი (ფრანგ. tremplin < იტალ. tramplino < trampolo — „ოჩოფეხა“) — საგანგებო სპორტული ნაგებობა, რომელიც გამიზნულია სპორტსმენის საფრენი გზის გასადიდებლად თხილამურებით, წყალში, აგრეთვე მძლეოსნობასა და აკრობატიკაში ხტომის დროს.

თხილამურებით სახტომი ტრამპლინი ხელოვნური მთის მსგავსი ნაგებობაა, რომელიც შედგება სასტარტო ბაქნების, გორაკის (სიმაღლე 20-80 მ, სიგრძე — 60-110 მ, სიგანე — 3-4 მ, დახრის კუთხე — 27-38°), მოსაწყვეტი მაგიდის (სიგანე — 4-6 მ, სიმაღლე — 1-4 მ), დასახტომი გორაკისა (სიგანე — 15-20 მ) და გასაჩერებელი მოედნისაგან. ტრამპლინის საერთო სიმაღლე სასტარტო ბაქნიდან გაჩერების მოედნამდე ჩვეულებრივ 1.5-ჯერ აღემატება ხტომის საანგარიშო სიგრძეს თავისი სიმძლავრით (ხტომის საანგარიშო სიგრძის მიხედვით). ტრამპლინი შეიძლება იყოს სასწავლო (20 მ-მდე), მცირე (20-50 მ), საშუალო (50-70 მ), დიდი (70-90 მ) და ფრენისათვის განკუთვნილი (120 მ ზევით). წლის უთოვლო პერიოდში ტრამპლინზე სახტომად იყენებენ ხელოვნურ (სინთეზურ) საფარს. ოლიმპიურ თამაშებში და მსოფლიო ჩემპიონატების დროს ასპარეზობები ტარდება 70-90 მ ტრამპლინზე. საქართველოში, დაბა ბაკურიანში, აშენებულია ამ ტიპის საერთაშორისო სტანდარტის 2 ტრამპლინი.

წყლის თხილამურებით სახტომი ტრამპლინი. დამრეცი, დახრილი, გლუვზედაპირიანი ფიცარნაგია. მისი სიგრძეა 6.4–6.7 მ (წყლის ზემოთ), სიგანე — 3.7-4.3 მ. ტრამპლინის (წყლის ზემოთ) მაგიდის ზედა გადანაჭერის სიმაღლეა 1.5-1.8 მ. ტრამპლინის დახრილი ნაწილი, რომლის სიგრძეა 1 მ, წყალში 0.3 მ სიღრმეზე შედის. ტრამპლინის მარჯვენა მხარეს გვერდითი ფარია. ტრამპლინი მაგრდება ღუზის 4 გვარლით.

წყალში სახტომი ტრამპლინი ასარეკლი დრეკადი ბაქანია (ფიცარი), რომლის სიგრძეა 4.8-5 მ, სიგანე — 0.5 მ. უპირატესად აკეთებენ ფიგურულპროფილიანი დურალუმინის შენადნობისაგან, აქვს ხორკლიანი ზედაპირი ან მასზე დამაგრებული ხის (ქოქოსის) ბილიკი. ტრამპლინის ფიცრის სიმაღლე წყლის ზედაპირიდან არის 1, 3, 5, 7, 10 მ.

სატანვარჯიშო ტრამპლინი დრეკადი, დახრილად დადგმული (მტკიცე საფუძკელზე) ფიცარია სატანვარჯიშო, აკრობატული და საწვრთნელი მძელოვნური ხტომების არეკვლის გასაძლიერებლად. ფიცარსა და საფუძველს შორის მაგრდება სოლი ან ზამბარა, რომელთა გადაადგილება ცვლის ფიცრის დრეკადობას.