ტოსონ შიმაძაკი
| იაპონ. 島崎藤村 | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 25 მარტი, 1872[1] |
|---|---|
| დაბადების ადგილი | მაგომე-ძუკუ |
| გარდაცვალების თარიღი | 22 აგვისტო, 1943[1] [2] (71 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ოისო[1] |
| დასაფლავებულია | ოისო |
| საქმიანობა | პოეტი, რომანისტი, მწერალი და ლირიკოსი |
| ენა | იაპონური ენა |
| მოქალაქეობა | იაპონია[3] [4] |
| ალმა-მატერი | მეიძი გაკუინი, ტაიმეის დაწყებითი სკოლა, მეიძის კერძო უმაღლესი სკოლა და კაისეი უმცროსისა & უფროსის უმაღლესი სკოლა |
| Magnum opus | დარღვეული მცნება, ჰარუ, ოჯახი, შინსეი და გარიჟრაჟამდე |
| ჯილდოები | ასაჰის პრემია[5] |
| შვილ(ებ)ი | კეიძი შიმაძაკი და ოსუკე შიმაძაკი |
| ნათესავ(ებ)ი | კომაკო შიმაძაკი |
ტოსონ შიმაძაკი (იაპონ. 島崎 藤村, შიმაძაკი ტოსონ; ნამდვილი სახელი და გვარი — ჰარუკი შიმაძაკი.[6] დ. 25 მარტი, 1872 — გ. 22 აგვისტო, 1943) — იაპონელი მწერალი, აქტიური იაპონიის მეიძის, ტაიშოსა და შოვას პერიოდის დასაწყისში. კარიერა დაიწყო, როგორც რომანტიკოსმა პოეტმა, მაგრამ შემდეგ დამკვიდრდა, როგორც იაპონური ნატურალიზმის ერთ-ერთი მთავარი მომხრე. ისტორიული რომანი „გარიჟრაჟამდე“ (1929-1935), ტოკუგავას შოგუნატის დაცემის შესახებ, არის მისი ყველაზე პოპულარული ნაშრომი.
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შიმაძაკი დაიბადა მაგომე-ძუკუს ძველ საფოსტო ქალაქში, ნაგანოს პრეფექტურაში (ახლა ნაკაცუგავას, გიფუს პრეფექტურის ნაწილი), როგორც მასაკი შიმაძაკისა და მისი ცოლის, ნუის შვილი. 1881 წელს მამამ ტოკიოში გაგზავნა განათლების მისაღებად. მასაკი, რომელიც სულ უფრო ექსცენტრიკულ ქცევას იჩენდა და ჰალუცინაციებით იტანჯებოდა, ოჯახის მიერ თვითაშენებულ საკანში იყო ჩაკეტილი და გარდაიცვალა, როდესაც შიმაძაკი მხოლოდ თოთხმეტი წლის იყო. შიმაძაკის უფროსი და სონო ტაკასე ასევე იტანჯებიდა ფსიქიკური აშლილობით თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში.[7]
შიმაძაკი ქრისტიანად იქნა მონათლული 1888 წელს — მაშინ, როცა სწავლობდა ქრისტიანულ მეიჯი გაკუინის უნივერსიტეტში, სადაც დაუმეგობრდა ესეისტებსა და მთარგმნელებს ბაბა კოჩოსა და შუკოცუ ტოგავას. პირველი ნაბიჯების გადადგმა მწერლობაში უკავშირდება მის წვლილს ლიტერატურულ ჟურნალში სუმირე-გუსა. თუმცა მალევე მისი გამოცემა უნივერსიტეტის რექტორმა იოშიჰარუ ივამოტომ აკრძალა. მეიძი გაკუინიდან წამოსვლის შემდეგ, 1891 წელს, შიმაძაკი მცირე ხელფასს იღებდა ივამოტოს ჯოგაკუ ზაშის ჟურნალისთვის თარგმანების მომზადებაში. მომდევნო წელს დაიწყო ინგლისურის სწავლება ქრისტიანულ მეიძის ქალთა სკოლაში (მეიძი ჯოგაკო), მაგრამ უკვე რამდენიმე თვის შემდეგ იქაურობა დატოვა, ნაწილობრივ სასწავლო გამოცდილების არარსებობის გამო, ნაწილობრივ ერთ-ერთი მოსწავლის მიმართ მისი სიყვარულის მიზეზით. დაახლოებით ამ დროს მან თავისი სახელი წაშალა იჩიბანჩოს ეკლესიის რეესტრიდან. შეუერთდა მწერალთა ჯგუფს, რომელმაც დააარსა ლიტერატურული ჟურნალი ბუნგაკუკაი. სწორედ ამ ჟურნალს ჩააბარა მწერალმა თავისი ხელნაწერები. ბუნგაკუკაის ერთ-ერთმა რედაქტორმა, მწერალმა ტოკოკუ კიტამურამ, რომელსაც შიმაზაკი თავის მენტორად თვლიდა, თვითმკვლელობით დაასრულა სიციცხლე 1894 წელს. შიმაძაკმა ეს დანაკარგი ვერასდროს მოინელა. მან შეადგინა და დაარედაქტირა კიტამურას ნაშრომების ორი კრებული.
ლიტერატურული კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1896 წელს შიმაძაკი გადავიდა სენდაიში, ჩრდილოეთ იაპონიაში, რათა მოსწავლის პოზიცია დაეკავებინა ტოჰოკუს უნივერსიტეტში.[8] მისი პირველი ლექსების კრებული, ვაკანა-შუ (სიტყვასიტყვით „ნორჩი ბალახების კრებული", 1897) გამოქვეყნდა, როცა სენდაიში იყო. კრებულის წარმატებამ მის სამწერლო კარიერას გზა გაუხსნა. შიმაძაკი ითვლებოდა მეიძის რომანტიზმის ლიტერატურული მოძრაობის ერთ-ერთ შემქმნელად. აქტიურად ქმნიდა ლექსებს და გამოსცემდა პოეტურ კრებულებს, მაგრამ საუკუნეთა გასაყარზე მხატვრულ პროზაზე გადაერთო. 1899 წელს დაქორწინდა ვაჭრის ასულზე, ფუიუკო ჰატაზე.[7][9]
შიმაძაკის პირველი რომანი, „დარღვეული მცნება“, გამოქვეყნდა თვითდაფინანსებით 1906 წელს და ფართოდ არის აღიარებული, როგორც პირველი იაპონური ნატურალისტური რომანი. ამბავი მოგვითხრობს სკოლის მასწავლებლის შესახებ, რომელიც შინაგან ბრძოლას განიცდის. სანამ რომანის წერას დაასრულებდა, მას დიდი უბედურება დაატყდა თავს: მისი სამი შვილი დაავადდა და გარდაიცვალა. გარდაცვალება მოგვიანებით მიეწერა შესაძლო არასათანადო კვებას, ოჯახის ფინანსურ სიდუხჭირეს, რის გამოც შიმაძაკი მძიმე კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა, მას მწარედ აკრიტიკებდნენ, მათ შორის მწერალი ნაოია შიგაც.[10]
მისი მეორე რომანი, ჰარუ („გაზაფხული“, 1908), რომლის სათაურის ინსპირაციაცბოტიჩელის იმავე სახელწოდების ნახატია, იწყებს ბიოგრაფიული რომანების სერიას (1893-1896). ჰარუ ასევე იყო მისი პირველი ნამუშევარი, რომელიც თავდაპირველად სერიული ფორმით გამოჩნდა. ისევე როგორც წინა და მომდევნო რომანი, ჰარუ მოგვიანებით გამოიცა წიგნის ფორმით შიმაძაკის სხვა სერიაში რიოკუინ სოშო („მწვანე ჩრდილის სერია“), რომელსაც იგი ზედამხედველობდა წარმოების ყველა ეტაპზე, მათ შორის აქტიურად იყო ჩართული წიგნების ყდის დიზაინის შექმნისასაც.
„ოჯახი“ (1910-1911) ასახავს ორი პროვინციული ოჯახის, კოიზუმისა და ჰაშიმოტოს ნელ დაცემას 1898-დან 1910 წლამდე. სანკიჩი, კოიზუმის ოჯახის უმცროსი ვაჟი, არის ავტორის ალტერ-ეგო. რომანმა განამტკიცა შიმაძაკის პოზიცია იაპონიის თანამედროვე ლიტერატურულ სამყაროში და ფართოდ (თუმცა არა ერთსულოვნად) მიიჩნეოდა მეცნიერთა მიერ მის შედევრად. 1910 წლის აგვისტოში შიმაძაკის პირველი ცოლი ფუიუკო გარდაიცვალა მეშვიდე შვილის, რიუკოს დაბადებიდან მალევე.
სკანდალი და გვიანდელი ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1913 წელს შიმაძაკის ძმიშვილი კომაკომ (შიმაძაკის უფროსი ძმის ჰიროსუკეს ასული, რომელსაც იგი დიდი ხანი ეხმარებოდა) დაორსულდა ბიძისგან. შიმაძაკი საფრანგეთში გაიქცა, რათა ნათესავებთან კონფრონტაცია თავიდან აეცილებინა, გოგო მიატოვა, მაგრამ საბოლოოდ დაბრუნდა იაპონიაში 1916 წელს. მისმა რომანმა შინსეი („ახალი ცხოვრება“, 1918-1919), რომელშიც კომაკოსთან ურთიერთობას, საფრანგეთში ყოფნასა და დაბრუნებას აღწერდა, დიდი სკანდალი გამოიწვია. შიმაზაკი უარყვეს მისმა ძმებმა ჰიროსუკემ (რომელიც ცდილობდა ურთიერთობის საიდუმლოდ შენახვას) და ჰიდეომ, და შეხვდა მკაცრ კრიტიკას მკითხველებისა და თანამოაზრე მწერლების მხრიდან, მათ შორის რიუნოსუკე აკუტაგავასგანაც. „შინსეის“ მეცნიერები სხვადასხვაგვარად განიხილავენ: როგორც ხელოვნებას ხელოვნებისთვის, როგორც აღსარებას, როგორც საშუალებას, გამოვიდეს ღია სივრცეში, რათა წინასწარ თავიდან აიცილოს ჭორები. რომანის წაკითხვის შემდეგ კომაკომ სცადა ოჯახის თანხმობის მიღება შიმაძაკისთან დასაქორწინებლად, მაგრამ მათ საბოლოოდ აეკრძალათ ნებისმიერი შემდგომი კონტაქტი.
ოჯახის წევრებს შორის გაუცხოება „შინსეის“ გამოქვეყნების შემდეგ გამოიწვია ის, რომ შიმაძაკის არც კი შეატყობინეს მისი დის (და ყველაზე ახლო ნათესავის) სონოს გარდაცვალების შესახებ. შიმაძაკიმ ეს ძალიან განიცადა და სიცოცხლის ბოლო წლები ძირითადად სამედიცინო დაწესებულებებში გაატარა „ქარიშხალში“ (1926) აღწერა თავისი ოთხი შვილის ცხოვრება „შინსეის“ სკანდალის შემდეგ.[11]
1928 წელს შიმაძაკი დაქორწინდა ოცზე მეტი წლით უმცროს შიძუკო კატოზე, რომელიც ეხმარებოდა მას ფემინისტური ჟურნალის, შოჯოჩის რედაქტირებაში.[12][13][14] გამოაქვეყნა „გარიჟრაჟამდე“ (1929-1935), ისტორიული რომანი. სწორედ ეს ტექსტი გახდა მისი ყველაზე პოპულარული რომანი.[15]
გვიანი წლები და მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1935 წელს შიმაძაკი გახდა საერთაშორისო პენის ახლად დაარსებული იაპონური ფილიალის პირველი პრეზიდენტი. 1936 წელს იმოგზაურა ბუენოს-აირესში, რათა წარმოედგინა იაპონია საერთაშორისო პენ კლუბის შეხვედრაზე, ასევე ესტუმრა შეერთებულ შტატებსა და ევროპას. მოგზაურობა ექვსი თვე გაგრძელდა. თავის ჩანაწერებში შიმაძაკი კომენტარს აკეთებდა როგორც დასავლეთზე და მის უპირატესობის გრძნობაზე დანარჩენი მსოფლიოს მიმართ, ასევე იმ საფრთხეზე, რომელიც იმალებოდა იაპონიის აგრესიულ ნაციონალიზმში: „არაფერია უფრო საშიში, ვიდრე ჩვენი ერის განვითარებადი ძალის დაუფასებლობა, მაგრამ ამავდროულად, არაფერია უფრო საშიში, ვიდრე ამ ძალის გადაფასება.“ მომდევნო წელს უარი თქვა რეორგანიზებული სამხატვრო საიმპერატორო აკადემიის (ტეიკოკუ გეიჯუცუინ) წევრობის მიწვევაზე პირადი მიზეზების გამო.[16]
1943 წელს გადაწყვიტა დაეწერა გაგრძელებების სერია რომანისთვის „გარიჟრაჟამდე“. დაწერა ტოჰო ნო მონ („კარიბჭე აღმოსავლეთისკენ“), რომელიც თავის სათაურს იღებდა პიერ პუვი დე შავანის ნახატიდან. მხოლოდ ორი თავი დასრულდა, რადგან შიმაძაკი გარდაიცვალა ინსულტის შედეგად 1943 წლის 21-დან 22 აგვისტოს ღამეს, 71 წლის ასაკში. მისი საფლავი არის ბუდისტურ ტაძარ ჯიფუკუ-ჯიში (იაპონ. 地福寺) ოისოში, კანაგავას პრეფექტურა. 1949 წელს ტოსონის მემორიალური მუზეუმი აშენდა მის სახსოვრად მის მშობლიურ ქალაქ მაგომე-ძუკუში.[17]
რჩეული ნაშრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1897: ვაკანა-შუ (იაპონ. 若菜集, „ნორჩი ბალახების კრებული“)
- 1906: „დარღვეული მცნება“ (იაპონ. 破戒, ჰაკაი)
- 1908: ჰარუ (იაპონ. 春, „გაზაფხული“)
- 1910-1911: „ოჯახი“ (იაპონ. 家, იე)
- 1918-1919: „შინსეი“ (იაპონ. 新生, „ახალი ცხოვრება“)
- 1919: საკურა ნო მი ნო ჯუკუ სურუ ტოკი (იაპონ. 桜の実の熟する時, „როცა საკურა ყვავის“)
- 1921: „რთი ქალის ცხოვრება" (იაპონ. ある女の生涯, არუ ონა ნო შოგაი)
- 1926: არაში (იაპონ. 嵐, „ქარიშხალი“
- 1929-1935: „გარიჟრაჟამდე“ (იაპონ. 夜明け前, იოაკე მაე)
- 1943: ტოჰო ნო მონ (იაპონ. 東方の門, „კარიბჭე აღმოსავლეთისკენ“)
კინოადაპტაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შიმაძაკის რამდენიმე ნამუშევარი ადაპტირებულია ფილმებში, მათ შორის:
- 1946: „ჰაკაი“, რეჟისორი იუტაკა აბე (დაფუძნებული „დარღვეულ მცნებაზე“)
- 1948: „განდგომა“, რეჟისორი კეისუკე კინოშიტა (დაფუძნებული „დარღვეულ მცნებაზე“)
- 1953: „გარიჟრაჟამდე“, რეჟისორი კოზაბურო იოშიმურა (დაფუძნებული „გარიჟრაჟამდე“)
- 1956: „არაში“, რეჟისორი ჰიროში ინაგაკი (დაფუძნებული „არაშიზე“)
- 1962: „განდევნილი“, რეჟისორი კონ იჩიკავა (დაფუძნებული „დარღვეულ მცნებაზე“)
- 2013: იე, რეჟისორი მასატოში აკიჰარა (დაფუძნებული „ოჯახზე“)
მემორიალური ადგილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტოსონის მემორიალური მუზეუმი გაიხსნა 1952 წელს მისი დაბადების ადგილას. კიდევ ერთი მემორიალური მუზეუმი გაიხსნა კომოროს ციხესიმაგრის ტერიტორიაზე კომოროში, ნაგანო, 1958 წელს. სახლი, სადაც მან თავისი ბოლო დღეები გაატარა ოისოში, კანაგავაში, ღიაა საზოგადოებისთვის.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Bourdaghs, Michael. (2003). The Dawn That Never Comes: Shimazaki Tōson and Japanese Nationalism. New York: Columbia University Press. ISBN 0-231-12980-7
- McClellan, Edwin. (1969). Two Japanese Novelists: Sōseki & Tōson. Chicago: University of Chicago Press. ISBN 978-0-226-55652-9 (cloth) [reprinted by Tuttle Publishing, Tokyo, 1971–2004. ISBN 978-0-8048-3340-0 (paper)]
- Shimazaki Tōson. [Trans. Cecilia Sagawa Seigle] (1976). The Family. Tokyo: University of Tokyo Press. ISBN 0-86008-165-6
- Shimazaki Tōson. [Trans. William E. Naff] (1987). Before the Dawn. Honolulu: University of Hawaii Press. ISBN 0-8248-0914-9
- Shimazaki Tōson. [Trans. Kenneth Strong] (1995). The Broken Commandment. Tokyo: University of Tokyo Press. ISBN 0-86008-191-5
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 Encyclopædia Britannica
- ↑ Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- ↑ http://www.britannica.com/EBchecked/topic/540642/Shimazaki-Toson
- ↑ http://www.nytimes.com/books/99/10/24/reviews/991024.24morrist.html
- ↑ https://www.asahi.com/corporate/award/asahi/12738019
- ↑ (10 March 2025) {{{title}}}, 2nd, Sanseidō.
- 1 2 Naff, William E. (2011). The Kiso Road: The Life and Times of Shimazaki Tōson. Honolulu: University of Hawai'i Press.
- ↑ Miller, J. Scott (2009) The A to Z of Modern Japanese Literature and Theater. Lanham: Scarecrow Press, გვ. 113.
- ↑ Shimazaki, Tōson (1976). The Family. Tokyo: University of Tokyo Press, გვ. xi.
- ↑ Shimazaki Tōson. ციტირების თარიღი: 17 November 2021
- ↑ (2007) The Columbia Anthology of Modern Japanese Literature. Volume 1: From Restoration to Occupation, 1868-1945. Columbia University Press, გვ. 253.
- ↑ 島崎藤村 (Shimazaki Tōson) ja. ციტირების თარიღი: 17 November 2021
- ↑ 夜明け前 (Before the Dawn) ja. ციტირების თარიღი: 17 November 2021
- ↑ "The Secret of Shimazaki Toson," Nishimaru Shikata, Yushindo, 1966
- ↑ Fujimura's family, a record of poverty / My father's sale of the field, found a certificate" "Yomiuri Shimbun" evening edition, October 6, 2018 (social aspect)
- ↑ Toson Memorial Museum. ციტირების თარიღი: 19 November 2021
- ↑ Toson Memorial Museum. ციტირების თარიღი: 19 November 2021
