ტორტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ტორტი (ლათ. torta - მრგვალი პური) — დესერტი; რამდენიმე კრემიანი ან ჯემიანი ფენისგან შემდგარი, ჩვეულებრივად ზემოდან კრემით ან ხილით დაფარული ნამცხვარი.[1] არსებობს უტკბო ტორტებიც, ამ შემთხვევაში სიტყვა "ტორტი" გამოიყენება კერძის ტორტის მსგავსად ფენებად დაყოფის და ზემოდან დამატებით შემკობის აღსანიშნავად. ტორტი დაბადების დღის აღნიშვნის ცნობადი ატრიბუტია, დღესასწაულისთვის ის ხშირად აღმნიშვნელის ასაკის ტოლი რაოდენობის სანთლებით ან ციფრების ფიგურებით იმკობა. გავრცელებული ტრადიციაა სანთლების ჩაქრობა და სურვილის ჩაფიქრება. საქორწილო ტორტები ხშირად მრავალსართულიანია და ზემოდან ნეფე-პატარძლის ფიგურებითაა შემკული. ხანდახან ტორტი იხმარება როგორც სასროლი იარაღი, არსებობს ტორტის სროლის კონკურსები, ჩემპიონატები, სპორტული ღონისძიებები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტორტის მსგავსი კერძები პირველად გაჩნდა ფქვილის გამოგონებისთანავე. არაბულ ქვეყნებში მათ შაქრის და სხვადასხვა სუნელის ფქვილთან შეზავებით იღებდნენ. თანამედროვე ტორტს საფუძველი დაუდო შაქრის პოპულარიზაციამ. ტორტის საერთაშორისო დრე მსოფლიოში 20 ივლისს აღინიშნება.[2]

მომზადების წესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტორტის მომზადებისთვის ტრადიციულად გამოიყენება ბისკვიტის, ფენოვანი ან ქვიშის ცომი ან ვაფლი, ზოგ შემთხვევაში სხვადასხვა სახეობა სხვადასხვა ფენისთვის. მათ შორის შეიძლება მოთავვსდეს ხილის, თხილის ან კენკრის ფენები. კრემი მზადდება კარაქით, ხაჭოთი, შედედებული რძით და სხვა. ცომში და კრემში შეიძლება გემოს მისაცემი სხვადასხვა ინგრედიენტების დამატება - ალკოჰოლის (რომი, ლიქიორი), კაკაოს ფხვნილის, ვანილის და სხვა.

ტრადიციულად ტორტი მგრვალია, მაგრამ ქარხნის და ზოგ ჩვეულებრივ ტორტს მართკუთხედის ან ნახევარსფეროს ფორმა აქვს. პოპულარულია განსაკუთრებული მოვლენებისთვის შეკვეთილი უჩვეულო - ვარსკლავის, გულის, რაიმე საგნის და ა.შ. ფორმის ტორტებიც.

გაფორმება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტორტის გაფორმება ხდება საკონდიტრო შპრიცის მეშვეობით კრემით ან მინანქრით. გამოიყენება ასევე ელასტიური საკონდიტრო მასტიკა, რომელიც ტორტს გლუვ ზედაპირს სძენს და გამოიყენება ტორტის გაფორმებისთვის დეკორატიული ფიგურების გამოსაძერწად. გაფორმების ხშირი ელემენტებია ყვავილები, ნაპირების შემკობა, მარციპანი და სხვა. შესამკობად იხმარება ასევე თხილი, ხილი, ათქვეფილი ნაღები, შოკოლადის ან ქოქოსის ნახერხი. ტორტის გაფორმება შეიძლება ცალკე სპეციალობა იყოს ან საკონდიტრო საქმის სწავლის ნაწილი.