შინაარსზე გადასვლა

ტონი ბენი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტონი ბენი
ინგლ. Tony Benn
დაბადების თარიღი 3 აპრილი, 1925(1925-04-03)[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი მარლიბონი[6]
გარდაცვალების თარიღი 14 მარტი, 2014(2014-03-14)[1] [2] [3] [4] [5] (88 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლონდონი[7]
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
 დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
განათლება ახალი კოლეჯი, უესტმინსტერის სკოლა და Central Foundation Boys' School
მამა William Wedgwood Benn, 1st Viscount Stansgate
დედა Margaret Wedgwood Benn
მეუღლე/ები Caroline Benn
შვილ(ებ)ი Melissa Benn[3] , Stephen Benn, 3rd Viscount Stansgate[3] , Hilary Benn[3] და Joshua William Wedgwood Benn[3]
tonybenn.com

ტონი ბენი (ინგ. Anthony Neil Wedgwood Benn; დ. 3 აპრილი, 1925 — გ. 14 მარტი, 2014) — ბრიტანელი პოლიტიკოსი და მწერალი. 47 წლის განმავლობაში იყო დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი. ასევე დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული მთავრობის წევრი ჰაროლდ უილსონისა და ჯეიმზ კალაჰანის კაბინეტებში. თავდაპირველად ბენი ლეიბორისტული პარტიის ზომიერ ფრთას მიეკუთვნებოდა, თუმცა 1980-იანი წლებიდან პარტიის მემარცხენე ფრთაზე გადაინაცვლა და მას შემდეგ დემოკრატიული სოციალიზმის მნიშვნელოვან დამცველად რჩებოდა.[8]

ბენს მამისგან მემკვიდრეობით ერგო არისტოკრატიული ტიტული, რის გამოც იძულებული იყო უარი ეთქვა თემთა პალატის წევრობაზე, თუმცა შეძლო საკუთარი მანდატის შენარჩუნება და არისტოკრატიულ წოდებაზე უარის თქმის მხარდასაჭერ კამპანიაშიც მონაწილეობდა. იყო ფაბიანელთა საზოგადოების აქტიური წევრი და 1964-1965 წლებში საზოგადოების თავმჯდომარე. 1964 წლიდან 1970 წლამდე ტონი ბენი ბრიტანეთის ლეიბორისტულ მთავრობაში ფოსტისა და ტელეგრაფის საქმეთა ხელმძღვანელის, შემდეგ კი ტექნოლოგიათა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

1974 წელს ლეიბორისტული პარტიის მთავრობაში დაბრუნებიდან იყო წარმოების, შემდეგ კი ენერგეტიკის მინისტრი 1979 წლამდე. 1980-იან წლებში ლეიბორისტული პარტიის ოპოზიციაში ყოფნისას ბენი პარტიის მემარცხენე ფრთის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი გახლდათ. მისი სახელი უკავშირდება ტერმინ „ბენიტის“ გაჩენას, რაც მემარცხენე პოზიციების მხარდამჭერს აღნიშნავდა. 1988 წელს ბენი პარტიის ლიდერობისთვის კენჭს იყრიდა, თუმცა ნილ კინოკთან დამარცხდა.

ბრიტანეთში ბენს მიიჩნევდნენ „იმ იშვიათ პოლიტიკოსთა შორის, ვინც მთავრობაში დაკავებული პოსტის შემდეგ უფრო მემარცხენე პოზიციებზე გადაინაცვლა, ვიდრე მანამდე იყო.“ საპარლამენტო საქმიანობის დასრულების შემდეგ 2001 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ბენი ომის წინააღმდეგ შექმნილი კოალიციის პრეზიდენტი პოსტს იკავებდა.

ადრეული ცხოვრება და ოჯახი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბენი 1925 წლის 3 აპრილს ლონდონში დაიბადა. ჰყავდა ორი ძმა, მაიკლი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა და დევიდი, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის საქმეთა ექსპერტი. ბენის მამა უილიამ ვეჯვუდ ბენი ლიბერალი პოლიტიკოსი და 1906 წლიდან თემთა პალატის წევრი იყო. 1928 წელს ლეიბორისტულ პარტიას შეუერთდა და 1929-დან 1931 წლამდე ინდოეთის საქმეთა მინისტრის პოზიციასაც იკავებდა რემსი მაკდონალდის ლეიბორისტულ მთავრობაში. 1942 წლიდან უილიამ ბენმა ლორდთა პალატაში გადაინაცვლა და სტანსგეიტის ვიკონტის ტიტული მიიღო.

ბენის დედა, მარგარეტ ვეჯვუდ ბენი, თეოლოგი და ფემინისტი იყო. ითხოვდა ქალთათვის ღვთისმსახურების უფლების მინიჭებას. ტონი ბენზე გავლენა ჰქონდა დედის ქრისტიანულ თეოლოგიურ განათლებას. თავად ბენი თავს ქრისტიანად მიიჩნევდა, და სჯეროდა, რომ თანამედროვე ბრიტანეთისთვის ქრისტიანობის მოძველებულ სწავლებად მიჩნევა შეცდომა იყო, თუმცა ქრისტიანობაში მას ცენტრალურად ქრისტეს სწავლება მიაჩნდა, სადაც, მისი თქმით, მთავარი სოციალური სამართლიანობა იყო. მოგვიანებით ბენი საკუთარ თავს აგნოსტიკოს ქრისტიანად მოიხსენიებდა და ამბობდა, რომ სწამდა „იესოსი როგორც წინასწარმეტყველის და არა ქრისტესი, როგორც ღმერთის“.[9]

მეორე მსოფლიო ომის წლებში ბენი 16 წლის ასაკიდან მოხალისეთა არმიაში ჩაეწერა. 1943-1945 წლებში მამისა და უფროსი ძმის მსგავსად ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალებში მსახურობდა მფრინავად. ომის შემდეგ ბენი ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობდა ფილოსოფიის, პოლიტიკისა და ეკონომიკის პროგრამაზე, რომელიც 1949 წელს დაასრულა. იმავე წელს ბენმა ამერიკელ კაროლინ მიდლტონ დეკამპზე იქორწინა, რომელიც იმჟამად დიდ ბრიტანეთში ინგლისურ ლიტერატურას სწავლობდა. ბენს და კაროლინს ოთხი შვილი შეეძინათ, რომელთაგან ორი აქტიურადაა ჩართული ლეიბორისტული პარტიის საქმიანობაში. მისი ვაჟი ჰილარი ბენი მამის მსგავსად, ჯერ პარლამენტის წევრი იყო, შემდეგ კი მინისტრის თანამდებობასაც იკავებდა.

ადრეული საპარლამენტო კარიერია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარლამენტის წევრად არჩევა (1950-1960)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბენი მცირე ხნით BBC-ის რადიოში მუშაობდა პროდიუსერად. 1950 წელს ის ლეიბორისტული პარტიის საპარლამენტო კანდიდატად აირჩიეს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ბენმა მოახერხა არჩევნებში გამარჯვება და 25 წლის ასაკში იმჟამინდელი პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა. ბენი პარლამენტში ბრისტოლის სამხრეთ აღმოსავლეთს წარმოადგენდა.1963 წელს მისი დამხარებით ბრისტოლში ბოიკოტი მოეწყო ბრისტოლის ავტობუსების კომპანიის მიერ შავკანიანთა და აზიელთათვის დაწესებული აკრძალვების წინააღმდეგ. ბოიკოტს მხარი დაუჭირა ლეიბორისტული პარტიის მაშინდელმა ლიდერმა ჰაროლდ უილსონმა.

უარი საგვარეულო ტიტულზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1942 წელს ლორდთა პალატაში ლეიბორისტ დეპუტატთა რიცხვის გაზრდის მიზნით ტონი ბენის მამას ვიკონტის ტიტული მიენიჭა. არისტოკრატიული ტიტული მემკვიდრეობით ბენის უფროს ძმას მაიკლს უნდა რგებოდა, რომელიც სასულიერო კარიერის გაგრძელებას აპირებდა და ტიტულის მიღების წინააღმდეგი არ იყო. თუმცა მაიკლი მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა, რამაც მემკვიდრედ ტონი ბენი აქცია. ბენმა რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა ტიტულზე უარის თქმა.

1960 წელს ბენის მამა გარდაიცვალა და ავტომატურად ბენი სტანსგეიტის ვიკონტი გახდა, რაც თემთა პალატის წევრობის უფლებას აღარ აძლევდა. 1961 წელს ბრისტოლის სამხრეთ აღმოსავლეთის საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები დაინიშნა ბენის შემცვლელის ასარჩევად. მიუხედავად იმისა, რომ ბენს თემთა პალატის დეპუტატად არჩევის უფლება არ ჰქონდა, მან მაინც იყარა კენჭი. ბენმა შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა საარჩევნო კომისიამ, იმის გათვალისწინებით, რომ ამომრჩევლებმა იცოდნენ, ბენს თემთა პალატის წვერობის უფლება არ ჰქონდა, გამარჯვებულად კონსერვატიული პარტიის მეორე ადგილზე გასული კანდიდატი მალკოლმ სენტ კლერი გამოაცხადა, რომელიც თავის მხრივ ასევე ელოდა არისტოკრატიული ტიტულის მიღებას.

ბენმა ტიტულზე უარის თქმის უფლებისთვის 1961 წლის მერეც გააგრძელა ბრძოლა. ვინაიდან იმჟამად მთავრობაში მყოფ კონსერვატიულ პარტიაშიც იყვნენ ისეთი დეპუტატები, ვინც ბენის მსგავსად ტიტულის შთამომავლობით მიღების შემთხვევაში თემთა პალატის წევრობის უფლებას დაკარგავდნენ, კონსერვატიულმა მთავრობამ კანონი შეცვალა. 1963 წლის 31 ივლისიდან საგვარეულო ტიტულის მქონე პირებს უფლება ეძლეოდათ მასზე უარი ეთქვათ. იმავე დღეს ტონი ბენი გახდა პირველი, ვინც არისტოკრატიულ ტიტულზე უარი თქვა. სენტ კლერმა არჩევნებამდე დადებული პირობა შეასრულა, თავად დათანხმდა ტიტულის მიღებას, რითიც შესაძლებელი გახდა კიდევ ერთი შუალედური არჩევნები დანიშნულიყო(სხვაგვარად სენტ კლერს ვადის ამოწურვამდე მანდატზე უარის თქმის უფლება არ ჰქონდა). 1963 წლის 20 აგვისტოს ტონი ბენმა შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვა და თემთა პალატაში დაბრუნდა.

1964 წლიდან ტონი ბენი ჰაროლდ უილსონის ლეიბორისტული მთავრობის წევრი იყო. თავდაპირველად მას ფოსტისა და ტელეგრაფის საქმეთა ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა, რაც მინისტრის სტატუსთან იყო გათანაბრებული. მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში აშენდა საფოსტო კოშკი, იმხანად ბრიტანეთის ყველაზე მაღალი შენობა. ბენი ასევე გამოვიდა საფოსტო მარკებიდან მონარქის ფოტოს გაქრობის ინიციატივით, რასაც პირადად დედოფალი შეეწინააღმდეგა. გადაწყდა მხოლოდ გამოსახულების ზომაში შემცირება და მისი სილუეტის სახით დატანა. 1966 წლიდან ბენი ტექნოლოგიათა მინისტრის პოსტს იკავებდა, რა პერიოდშიც პასუხისმგებელი იყო კონკორდის განვითარებაზე.

1970 წლის წინასაარჩევნო კამპანიისას ბენმა მკაცრად გააკრიტიკა კონსერვატიული პარტიის დეპუტატის ენოქ პაუელის მიერ ორი წლით ადრე კონსერვატიული ასოციაციის შეხვედრაზე წარმოთქმული ცნობილი სიტყვა, რომელიც „სისხლის მდინარეთა“ სახელითაა ცნობილი და ბრიტანეთში ფერადკანიანთა მიგრაციის შეწყვეტასა და მათ დეპორტაციას ითხოვდა. მიუხედავად ჰაროლდ უილსონის მოთხოვნისა, ლეიბორისტები პაუელის გამოსვლას არ შეხებოდნენ, ბენმა საჯაროდ განაცხადა:

„დროშა რასიალიზმისა, რომელიც ახლახან ვულვერჰემპტონში აღიმართა, ძალიან ჰგავს 25 წლის წინ დაჰაუსა და ბელზენში მოფრიალე დროშას. თუ ამ ბინძური და აღმაშფოთებელი რასიალისტური პროპაგანდის წინააღმდეგ ახლავე არ ავიმაღლებთ ხმას, ამ სიძულვილის მიღმა მდგარი ძალები პირველ გამარჯვებას იზეიმებენ და ახალი შეტევისთვის დაიწყებენ მზადებას. …ენოქ პაუელი კონსერვატიული პარტიის რეალურ ლიდერად იქცა. მას მეტად მტკიცე ხასიათი აღმოაჩნდა, ვიდრე ბატონ ჰითს[კონსერვატიული პარტიის იმჟამინდელი თავმჯდომარე]. ის იმას ამბობს რასაც ფიქრობ. ბატონი ჰითი ასე არ იქცევა. პაუელის რეალური გავლენის მტკიცებულებად ისიც გამოდგება, რომ ბატონი ჰითი მის საჯაროდ გაკრიტიკებას ვერასდროს ბედავს, მაშინაც კი, როცა ისეთ რამეებს ამბობს, რაც ჭეშმარიტ კონსერვატორებსაც კი აღაშფოთებთ.“[10]

ლეიბორისტები 1970 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდნენ, თუმცა მთავრობაში მოსული ედვარდ ჰითის კონსერვატიული მთავრობის მიერ ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობაში შესვლის ინიციატივამ მემარცხენე ევროსკეპტიციზმის აღმავლობა გამოიწვია. ბენი ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდა და მხარი დაუჭირა გადაწყვეტილების მიღებამდე ბრიტანეთში რეფერენდუმის გამართვას.

1970-იანი წლების დასაწყისში ბენმა საჯაროდ დაიცვა მარქსიზმი: „კომუნისტური პარტიის მანიფესტსა და მარქსისტული ფილოსოფიას ბრიტანეთში ლეიბორისტულ მოძრაობასა და ბრიტანეთის ლეიბორისტულ პარტიაზე ყოველთვის ჰქონდა გავლენა, გააღრმავა რა ჩვენი ცოდნა და გაამდიდრა ჩვენი აზროვნება. მარქსისტული ფილოსოფიის გარეშე ლეიბორისტული პარტიის მშენებლობა ისეთივე წარმოუდგენელი და არასერიოზული იქნებოდა, როგორი წარმოუდგენელიცაა ასტრონომიის, ანთროპოლოგიისა და ფსიქოლოგიის საუნივერსიტეტო ფაკულტეტების განვითარება, კოპერნიკის, დარვინისა და ფროიდის კვლევების გარეშე.“[11]

1974 წლის ლეიბორისტულ მთავრობაში ტონი ბენი ჯერ ინდუსტრიის მინისტრის პოსტს იკავებდა, 1975 წლიდან კი ენერგეტიკის მინისტრი გახდა. იმავე წელს ლეიბორისტულმა მთავრობამ დიდი ბრიტანეთის ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობაში დარჩენის საკითხზე რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც ბენი აქტიურად უჭერდა მხარს თანამეგობრობიდან გამოსვლას, თუმცა დამარცხდა. მოგვიანებით, 1977 წელს, ბენი თავის დღიურში წერდა, რომ თანამეგობრობა და ევროპული საერთო ბაზარი მისი ბიუროკრატიულობისა და ცენტრალიზაციის გამო ეზიზღებოდა: „...პოლიტიკური დისკუსია საერთოდ არ მიმდინარეობს და მინისტრებს ბიუროკრატები მართავენ... ცხადია მის სათავეში გერმანიაა. ბრიტანეთის გარდა ყველა წევრი გერმანიის მიერაა ოკუპირებული და ყველას ერთნაირი დამოკიდებულება აქვს გერმანიის მიმართ: ერთი მხრივ სიძულვილი მეორე მხრივ კი მაამებლური მორჩილება.“[12]

1976წლის მარტში ჰაროლდ უილსონი პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა. უილსონის მთავრობის დაღმასვლის მიზეზად ბენი მოგვიანებით მსოფლიო კაპიტალის, კონკრეტულად კი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ასახელებდა. უილსონის წასვლის მერე ბენი ახალი თავმჯდომარის არჩევნებში იღებდა მონაწილეობას, სადაც პირველ ტურში ექვს კანდიდატს შორის ხმების 11.8%-ით მეოთხე ადგილზე გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო ტურებში ბენი მომავალი პრემიერის ჯეიმზ კალაჰანის კონკურენტს უჭერდა მხარს, კალაჰანმა ბენი ენერგეტიკის მინისტრად დატოვა.

1976 წლის აპრილში ბრიტანული გირვანქა-სტერლინგის კრიზისის პერიოდში ფინანსთა მინისტრი დენის ჰილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან ვალის აღების ინიციატივით გამოვიდა. იმ ვარაუდით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვალის სანაცვლოდ დიდი ბრიტანეთისგან საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო პროგრამების შეზღუდვას მოითხოვდა, ბენი ამ გეგმის წინააღმდეგ გამოვიდა და საჯაროდ წამოიწყო დისკუსია 1931 წელს ლეიბორისტების მიერ დაშვებული იმავე შეცდომის შესახებ, როცა რემსი მაკდონალდის მთავრობის მიერ ამერიკული ბანკებისგან ვალის მიღების მიზნით უმუშევრობის შემწეობის შემცირებას, პარტიაში განხეთქილება მოყვა, რის გამოც ლეიბორისტებს კონსერვატორებთან და ლიბერალებთან ერთად მოუწიათ ახალი მთავრობის ფორმირება.

კალაჰანმა ბენს და მის თანამოაზრეებს ალტერნატიული ეკონომიკური სტრატეგიის შემუშავების უფლება მისცა. მათი სტრატეგია უფრო თვითკმარ ეკონომიკასა და საგარეო ვალებზე ნაკლებ დამოკიდებულებას ითვალისწინებდა, თუმცა კაბინეტმა გეგმაზე უარი თქვა, იმ მიზეზით, რომ ამგვარი სტრატეგიით ბრიტანული ეკონომიკა საალყო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. მოგვიანებით ბენი აღნიშნავდა: „ჩემი მხრიდან ვიტყვი, რომ მათი გეგმაც ალყაში აქცევდა ჩვენს ეკონომიკას. სხვაობა ჩვენს გეგმებს შორის ის იყო, რომ ისინი ციხესიმაგრის კედლებს შიგნით ბანკირებს აქცევდნენ, კედლებს მიღმა კი ჩვენს მხარდამჭერებს ტოვებდნენ, მაშინ როცა ჩემი სტრატეგია პირიქით, ჩვენს მხარდამჭერებს დაიცავდა, ბანკირებს კი გარეთ დატოვებდა“. 1978-1979 წლების ზამთრის გაფიცვებს ბენი სწორედ სოციალისტურ პოლიტიკაზე უარის თქმას აბრალებდა.[13]

გადასვლა პარტიის მემარცხენე ფრთაზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბენი თავის დღიურებში აღნიშნავდა, რომ თავდაპირველად ლეიბორისტულ პარტიაში ზომიერ პოზიციებზე იდგა, თუმცა 1970-იანი წლების ბოლოსთვის მისი ხედვები უკვე რადიკალურად მემარცხენე ხედვებს ემთხვეოდა. ბენის თქმით, ეს გადანაცვლება 1964-1970 წლებში მისი მინისტრობის პერიოდში მიღებულმა შემდეგმა ოთხმა გაკვეთილმა განაპირობა:

  • „საჯარო სამსახურები არასწორად ატარებდნენ სახალხო ძალაუფლებით არჩეული მთავრობების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებსა და პოლიტიკებს.“
  • ლეიბორისტული პარტიის ცენტრალიზებულმა ფორმამ, რაც ლიდერს საშუალებას აძლევდა „პარტია საკუთარი სამეფოსავით ემართა“.
  • ინდუსტრიალისტებისა და ბანკირების ძალაუფლებამ, რომლებიც „ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ გამოყენებული ეკონომიკური ზეწოლისა და შანტაჟის საშუალებით ყოველთვის აღწევენ იმას, რაც სურთ.“
  • მედიის ძალაუფლებამ, რაც „შუა საუკუნეების ეკლესიის მსგავსად, ყოველთვის უზრუნველყოფს იმას, რომ ხმამაღლა მხოლოდ ეკონომიკური პრივილეგიის მქონეთა ხმა გაჟღერდეს.“

ინდუსტრიალისტებისა და ბანკირების ძალაუფლებაზე საუბრისას ბენი წერდა:

„მათთან შედარებით პროფ-კავშირების მიერ განხორციელებული ზეწოლა თითქმის უმნიშვნელოა, რაც 1976 წელს გამოაშკარავდა, როცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნით საჯარო ხარჯები შემცირდა. ...ამ ოთხმა გაკვეთილმა მასწავლა, რომ პარლამენტის წევრები და მათი ამომრჩევლები დიდ ბრიტანეთს მხოლოდ გარეგნულად მართავენ. საპარლამენტო დემოკრატია , სინამდვილეში, სხვა არაფერია თუ არა უზრუნველყოფა მმართველი გუნდის პერიოდული ცვალებადობისა, რომელსაც უფლება ეძლევა მართოს სისტემა, რომელიც არსებითად ხელუხლებელი და უცვლელი რჩება. ბრიტანელ ხალხს საკუთარი თავისთვის რომ დაესვა კითხვა, ამ პოლიტიკურ სისტემაში რეალურად რა ძალაუფლებას ფლობს, ეს ძალაუფლება იმდენად პატარა აღმოჩნდებოდა, რომ გაოცდებოდა და შეიძლება სულ მალე ახალი ჩარტისტული მოძრაობის დაბადებაც გვენახა, რომელიც მარტივად მოიკრებდა ძალებს.“[14]

ბენის თვალთახედვა აერთიანებდა სინდიკალიზმს, სახელმწიფო დაგეგმვის ელემენტების საჭიროებას ეროვნული კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, დემოკრატიის განვითარებას ლეიბორისტული პარტიის შიდა სტრუქტურებში და პარტიის ლიდერთა მხრიდან პარტიის ყრილობებზე მიღებული გადაწყვეტილებების მიყოლასა და პატივისცემას.

ბენს ამ ხედვების გამო პრესა ხშირად აკრიტიკებდა, მისი ოპონენტები, აცხადებდნენ, რომ ბენის მიერ მართული ლეიბორისტული პარტია ბრიტანეთს აღმოსავლეთ ევროპის მსგავს სახელმწიფო სოციალიზმად გადააქცევდა, ედუარდ ჰითი კი მას „კომისარ ბენად“ მოიხსენიებდა. მიუხედავად ამისა ბენი და მისი ხედვები ლეიბორისტთა ამომრჩევლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ამ პერიოდს ბრიტანულ პოლიტიკაში ბენის რადიკალური ხედვების აღსაწერად ტერმინი „ბენიზმი“ დამკვიდრდა, ამ იდეების მხარდამჭერს კი „ბენიტად“ მოიხსენიებდნენ.

ლეიბორისტულმა პარტიამ 1979 წლის საპარლამენტო არჩევნები წააგო. 1980 წელს პარტიის ლიდერის ჯეიმზ კალაჰანის გადადგომამდე და ახალი ლიდერის მაიკლ ფუტის არჩევამდე, პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას ბენმა პარტიას მოკლედ წარუდგინა, თუ მისი ხედვით, რა უნდა გაეკეთებინათ მთავრობაში მოსულ ლეიბორისტებს: რამდენიმე დღეში ლეიბორისტული პარტია დაიბრუნებდა ძალაუფლებას საწარმოთა ნაციონალიზაციისთვის, კაპიტალის კონტროლისა და ინდუსტრიული დემოკრატიის გასატარებლად. რამდენიმე კვირაში ბრიუსელისთვის გადაცემული ყველა ძალაუფლება ვესტმინსტერს დაუბრუნდებოდა, გაუქმდებოდა ლორდთა პალატა.

1981 წელს ლეიბორისტების მემარცხენე მილიტარისტულ პოზიციებზე გადანაცვლების მიზეზით, პარტია ოთხმა მემარჯვენედ განწყობილმა წევრმა დატოვა ახალი სოციალ-დემოკრატიული პარტიის შესაქმნელად. პარტიას ლეიბორისტთა 28 დეპუტატი შეუერთდა. ბენმა ე.წ. „ოთხთა ბანდა“ გააკრიტიკა და თქვა, რომ „უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში, ბრიტანეთს უკვე მართავდნენ სოციალ-დემოკრატიული მთავრობები“. 1981 წელს ბენი პარტიის თავმჯდომარის მოადგილის არჩევნებში იღებდა მონაწილეობას სადაც ნახევარი პროცენტით დამარცხდა იმჟამინდელ მოადგილესთან დენის ჰილისთან. ნილ კინოკისა და სხვა უფრო სუსტად გამოკვეთილ მემარცხენე პოზიციებზე მდგომი დეპუტატების გადაწყვეტილებამ თავი შეეკავებინათ ხმის მიცემისგან, მოგვიანებით პარტიის მკაცრად მემარცხენე და უფრო სუსტად მემარცხენე ჯგუფებს შორის განხეთქილება გამოიწვია.

1982 წელს არგენტინის ფოლკლენდის კუნძულებზე შეჭრის შემდეგ, ბენი მხარს უჭერდა დავის გაეროს დახმარებით გადაჭრას და ეწინააღმდეგებოდა კუნძულებზე ბრიტანული არმიის გაგზავნას. თუმცა მარგარეტ ტეტჩერის კონსერვატიულმა მთავრობამ, ბრიტანული სამხედრო ძალები კუნძულზე მაინც გადასხა და ფოლკლენდის ომის შედეგად კუნძულები დაიბრუნა. ბენმა პარლამენტში მთავრობისგან „არასაჭირო“ ომის შედეგად მიყენებული ადამიანური და ფინანსური ზარალის სრული ანალიზი მოითხოვა.

1983 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო ოლქების საზღვრების ცვლილებისას ბრისტოლის სამხრეთ აღმოსავლეთის საარჩევნო ოლქი, რომელსაც ბენი წარმოადგენდა, გაუქმდა. პარტიაში მას შოტლანდიაში არსებულ პრო-ლეიბორისტულად განწყობილ ოლქში შესთავაზეს კენჭისყრა, თუმცა ბენმა უარი თქვა და კენჭი ბრისტოლის სამხრეთში იყარა, სადაც კონსერვატორ მეტოქესთან დამარცხდა. არჩევნებში დამარცხდა მთლიანად ლეიბორისტული პარტიაც, რის გამოც მაიკლ ფუტი თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა, თუმცა ვინაიდან ბენი პარლამენტის წევრი აღარ იყო, მას თავმჯდომარის პოსტზე კენჭისყრის უფლება არ ჰქონდა, რამაც სხვა მემარცხენე კანდიდატს, ნილ კინოკს მისცა ხელი და არჩევნებში სწორედ მან გაიმარჯვა.

ბენი პარლამენტში 1984 წელს ჩესტერფილდში გამართულ შუალედურ არჩევნებზე მოპოვებული გამარჯვების შედეგად დაბრუნდა. ვინაიდან ჩესტერფილდი მაღაროელთა ქალაქი იყო, ბენი აქტიურად უჭერდა მხარ 1984-1985 წლებში მაღაროელთა გაფიცვებს. 1985 წლის ივნისში გაფიცვების წარუმატებლად დასრულების შემდეგ, ბენი პარლამენტში გაფიცვების პერიოდში დაკავებულ მაღაროელთათვის ამნისტიის ინიციატივით გამოვიდა.

1988 წელს, მას მერე რაც ერთი წლით ადრე ლეიბორისტული პარტია ზედიზედ მესამედ დამარცხდა საპარლამენტო არჩევნებში, ბენი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე იყრიდა კენჭს, თუმცა პირველ ტურში ხმათა მხოლოდ 11 პროცენტი დააგროვა და დამარცხდა. სპარსეთის ყურის ომის მიმდინარეობისას ბენი პირდად ჩავიდა ბაღდადში , რათა სადამ ჰუსეინი აყვანილი ტყვეების გათავისუფლებაში დაერწმუნებინა.

1991 წელს ბენი პარლამენტში გამოვიდა მონარქიის გაუქმებისა და დიდი ბრიტანეთის „დემოკრატიულ, ფედერალურ და სეკულარულ“ რესპუბლიკად გადაქცევის ინიციატივით, რომელსაც დაწერილი კონსტიტუცია ექნებოდა. 2001 წლამდე, ბენის პარლამენტიდან წასვლამდე, საკითხი რამდენჯერმე განიხილეს, თუმცა მეორე მოსმენაზე არც ერთხელ არ დამდგარა.

პარლამენტიდან წასვლამდე 1997-2001

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1997 წელს ლეიბორისტულმა პარტიამ ტონი ბლერის მეთაურობით საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოახერხა და კონსერვატიული პარტიის 18 წლიანი მმართველობა დაასრულა. მიუხედავად იმისა, რომ ბენი მოგვიანებით აკრიტიკებდა ბლერის მიერ შემოტანლი „ახალი ლეიბორისტების“ იდეას და მას „კონსერვატიულ იდეას“[15] უწოდებდა, როგორც დღიურებში აღნიშნავდა, ის თავდაპირველად მაინც უფრო კეთილგანწყობილი იყო ბლერის მიმართ და მიესალმებოდა მთავრობის ცვლილებას. ბენი მხარს უჭერდა მინიმალური ხელფასის შემოღებას და მიესალმებოდა ჩრდილოეთ ირლანდიაში მოვლენათა სტაბილიზაციას. ასევე მხარს უჭერდა საჯარო უწყებებისთვის დაფინანსების გაზრდას, თუმცა ხვდებოდა, რომ ეს პრივატიზაციის საფარქვეშ ხდებოდა. საბოლოო ჯამში ბენი ახალ ლეიბორიზმს მაინც უარყოფითად აფასებდა და მიაჩნდა, რომ ახალმა გზამ ლეიბორისტული პარტია თავისი ისტორიული განვითარების გზას დააშორა და პროფკავშირული მოძრაობებს მოწყვიტა.

ბენი პარლამენტში მიმდინარე განხილვებისას მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა 1998 წლის ერაყის დაბომბვას, მიაჩნდა რა ეს ამორალურ ქმედებად და ამბობდა: „განა არაბებს არ ეშინიათ? განა ერაყში არ ეშინიათ? განა არაბი და ერაყელი ქალები არ ტირიან, როცა შვილებს კარგავენ? პარლამენტის თითოეული წევრი ვინც დღეს ხმას მისცემს მთავრობის გადაწყვეტილების სასარგებლოდ, სრულიად გააზრებულად აიღებს პასუხისმგებლობას უდანაშაულო ადამიანების სიკვდილზე, თუკი ამ ყველაფერს ომი მოყვება“.[16]

პარლამენტიდან წასვლა და ბოლო წლები 2001-2014

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ბენმა გადაწყვიტა კენჭი აღარ ეყარა და განაცხადა, რომ „პარალმენტს ტოვებდა, რათა პოლიტიკისთვის მეტი დრო დაეთმო“. პარალმენტიდან წასვლიდან მალევე ბენი „ომის საწინააღმდეგო კოალიციის“(Stop the War Coalition) პრეზიდენტი გახდა. 2004 და 2008 წლებში ის ხელახლა აირჩიეს ამ პოსტზე. ბრიტანეთში ბენი ავღანეთსა და ერაყში წარმოებული ომების ერთ-ერთ ყველაზე აქტიური ოპონენტად იქცა, პირადად გამოვიდა სიტყვით 2003 წელს ლონდონში ორგანიზებულ 750 000-იან საპროტესტო აქციაზე იმავე წელს, კიდევ ერთხელ გაემგზავრა ბაღდადში სადამ ჰუსეინთან შესახვედრად, ვისთანაც ინტერვიუ ჩაწერა.

ბენი აქტიურად იყენებდა სხვადასხვა პლატფორმებს საკუთარი იდეების საჯაროდ გასაჟღერებლად. გამოდიოდა სხვადასხვა ტელე და რადიო შოუებში მომხსენებლად, მოგზაურობდა ბრიტანეთში და მართავდა საჯარო გამოსვლებსა და შოუებს. 2002 წელს გლასტონბერის ცნობილ მუსიკალურ ფესტივალზე გახსნა „მემარცხენე მინდორის“ სცენა, საიდანაც ყოველწლიურად მიმართავდა მსმენელებს.

2005 წელს მე-5 არხზე მიმდინარე პროგრამაში გაუძღვა გადაცემას დემოკრატიის შესახებ, სადაც წარმოადგინა დემოკრატიის მემარცხენე ხედვა. ბენი აღნიშნავდა, რომ სულ უფრო მზარდად გლობალიზებულ მსოფლიოში სოციალური დემოკრატიის ფასეულობები ძლიერი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საფრთხის ქვეშ იყო ვინაიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და ევროკომისია წარმოადგენდნენ იმ ინსტიტუციებს, რომლებსაც სახალხოდ არ ირჩევდნენ და არ იყვნენ ანგარიშვალდებული იმ ადამიანების მიმართ, ვისზეც ისინი ახდენდნენ გავლენას.[17]

2007 წლის ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე ბენი ტრადიციულ მემარცხენე პოზიციებზე მდგომ ჯონ მაკდონელს უჭერდა მხარს. იმავე წელს ბენმა მთავრობას მოუწოდა, სანამ ლისაბონის ხელშეკრულებას მოაწერდა ხელს, ჯერ რეფერენდუმი გაემართა. 2007 წლის ოქტომბერში, როცა შესაძლო ვადამდელ არჩევნებზე მიდიოდა მსჯელობა, 82 წლის ბენმა მზაობა გამოთქვა პარლამენტში დაბრუნებულიყო და ლეიბორისტულ პარტიას საკუთარი თავი შესთავაზა დეპუტატობის კანდიდატად. თუმცა 2007 წელს ვადამდელი არჩევნები არ დანიშნულა, 2010 წლის არჩევნებში კი ბენს მონაწილეობა აღარ მიუღია.

2009 წლის ომის საწინააღმდეგო კონფერენციაზე ავღანეთსა და ერაყში წარმოებულ ომებს ბენმა „იმპერიალისტური“ ომები უწოდა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ამერიკელთა და მათი მოკავშირეების „თავისუფლებისთვის მებრძოლებად“, ხოლო ავღანელების და ერაყელების „ტერორისტებად“ მონათვლა. ბენმა სიტყვით გამოსვლისას თქვა: „თუ ვიღაც თავს გესხმის, საკუთარი თავის დაცვის ყველანაირი უფლება გაქვს და ის, რომ ავღანელი და ერაყელი ხალხი, ვინც მათ ქვეყანაში შემოჭრილ უცხო ძალას ებრძოდა დღეს მუსლიმ ექსტრემისტად ინათლება დიდი შეცდომაა. მე მოხალისეთა არმიას 16 წლის ასაკში შევუერთდი. გერმანელები რომ შემოჭრილიყვნენ, ხიშტის ხმარებაც ვიცოდი, შაშხანისაც და რევოლვერისაც. რომ დამენახა როგორ სადილობს გერმანელი ოფიცერი და ფანჯარაში ხელყუმბარა შემეგდო, ტერორისტს დამიძახებდნენ თუ თავისუფლებისთვის მებრძოლს?“[18]

2010 წელს ბენი „წინააღმდეგობის კოალიციას“ მეთაურობდა, ჯგუფს, რომელიც დიდ ბრიტანეთში ქამრების შემოჭერის პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა. 2010 და 2013 წლებში მიცემულ ინტერვიუებში ბენი აღნიშნავდა, რომ ავღანეთისა და ერაყის ომებამდე და ომის შემდეგ „ახალი ლეიბორისტებისა“ და ტონი ბლერის ქმედებები იმგვარი იყო, რომ ტონი ბლერი ომში ჩადენილი დანაშაულებებისთვის უნდა გასამართლებულიყო.

2011 წელს უელსის გალმორგანის უნივერსიტეტმა ტონი ბენს დოქტორის საპატიო ხარისხი გადასცა. 2013 წელს ბენმა ოქსფორდის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ევროსკეპტიკური ხედვები და განმარტა:

„თავდაპირველად საკითხს ასე ვუყურებდი: „ევროპელებთან ომი დამთავრდა მეორე მსოფლიო ომი, ახლა მათთან თანამშრომლობის დროა. შემდეგ, როცა ვნახე რა გზით ვითარდებოდა ევროკავშირი, დავრწმუნდი, რომ ეს დემოკრატიული გზა არ იყო. ევროპა იმ გზით განვითარდა, რომ დღეს ყველაზე ძლიერ პოზიციაში ბანკირები და მულტინაციონალური კომპანიები მოექცნენ და ისინი განსაზღვრავენ რა შეიძლება გაკეთდეს და რა - არა. ეს ჩემთვის მიუღებელია. ევროკავშირზე ყოველთვის ასეთი შეხედულება მქონდა: უცხოელების მიმართ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მე მიყვარს და ვიცავ დემოკრატიას... ჩემი აზრით, ისინი იმპერიას აშენებენ და უნდათ, რომ ჩვენც ამ იმპერიის ნაწილი ვიყოთ. მე კი ეს არ მინდა.“

ავადმყოფობა და გარდაცვალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წელს ბენს ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს და უთხრეს, რომ სიცოცხლის სულ სამი ან ოთხი წელი ჰქონდა დარჩენილი. ბენმა საკუთარი ავადმყოფობის შესახებ მხოლოდ ოჯახს უთხრა. მოგვიანებით აღნიშნავდა: „როცა პარლამენტის წევრი ხარ, საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ასეთი სერიოზული ამბავი არავის უნდა გაანდო. მაშინვე იმაზე ფიქრს დაიწყებენ ხმათა რამხელა უპირატესობა გაქვს საარჩევნო ოლქში და შუალედური არჩევნების ჩატარება როდის მოუწევს. ამ მხრივ ძალიან სასტიკები არიან.“

ტონი ბენი 2014 წლის 14 მარტს საკუთარ სახლში გარდაიცვალა, 88 წლის ასაკში. დაკრძალვის წინა ღამეს მისი სხეული ბრიტანეთის პარლამენტის შენობაში, უესტმინსტერის სასახლეში იყო დასვენებული. 27 მარტს მისი დაკრძალვის ცერემონია ცნობილი სოციალისტური სიმღერის „წითელი დროშის“ შესრულებით დასრულდა.

ბენს სიკვდილის მერე პირადად მიაგეს პატივი სამივე ძირითადი პოლიტიკური პარტიის (ლეიბორისტული, კონსერვატიული და ლიერალ-დემოკრატიული პარტიის) ლიდერებმა და ბრიტანეთის პოლიტიკური საზოგადოების არაერთმა წარმომადგენელმა.

დღიურები და ბიოგრაფიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბენი მთელი ცხოვრების განმავლობაში აწარმოებდა დღიურებს. დღემდე გამოქვეყნებულია მისი დღიურების 9 ტომი, რომელთაგან ბოლო 2013 წელს გამოიცა. 1979 და 1981 წლებში გამოვიდა ბენის გამოსვლებისა და ჩანაწერების კრებულები, სახელწოდებით „არგუმენტები სოციალიზმისთვის“ და „არგუმენტები დემოკრატიისთვის“. 2004 წელს გამოვიდა მისი ესეების კრებული სახელწოდებით „თავისუფალი რადიკალი“.

1992 წელს ჯედ ადამსის ავტორობით გამოვიდა ტონი ბენის ბიოგრაფია, რომელიც განახლებული სახით 2011 წელს ხელახლა გამოიცა. 2001 წელს დევიდ პაუელის ავტორობით გამოვიდა კიდევ ერთი ბიოგრაფია, რომელსაც წინასიტყვაობა თავად ბენმა დაურთო. 2004 წელს გამოიცა მისი ავტობიოგრაფია, სახელით „გაბედე გახდე დანიელი“, სადაც პარალელი ბიბლიის გმირ დაინელთანაა გავლებული.

2019 წელს ცნობილი გახდა, რომ ბენის გამოსვლებმა, ჩანაწერებმა, დღიურებმა, წერილებმა, პამფლეტებმა და აუდიო ჩანაწერებმა დიდი ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ერთად მოიყარა თავი.

ბრისტოლში, სადაც ბენმა პირველად იყარა კენჭი, მის პატივსაცემად რამდენიმე სამახსოვრო დაფა არსებობს. 2005 წელს ბრისტოლის მერიის წინ მისი ბიუსტი აღიმართა. 2012 წელს ბრიტანეთის უდიდესი პროფკავშირის Unite-ის სათავო შენობას ტონი ბენის სახელი ეწოდა.

2007 წელს ბენმა Socialist Review-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა: „ამაყი ვარ, რომ ვიყავი იმ პარლამენტის წევრი, რომელმაც შექმნა ჯანდაცვის საყოველთაო სისტემა და საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო. პარლამენტში ჩემი პირველი სიტყვა ფოლადის წარმოების ნაციონალიზაციას შეეხებოდა, სამხრეთ აფრიკულ ნაწარმზე პირველმა მოვითხოვე ბოიკოტი და 1958 წელს დავტოვე ჩრდილოვანი კაბინეტი, იმის გამო, რომ კაბინეტი მხარს ატომური იარაღის წარმოებას უჭერდა.

შეცდომების დაშვების არ მრცხვენია. მილიონობით შეცდომა დამიშვია და მათი ნახვა ჩემს დღიურებში შეგიძლიათ. როცა დღიურებს ვამოკლებთ - იქ მხოლოდ მთელი დღიურის 10 პროცენტი თუ რჩება ხოლმე - ყოველთვის ვცდილობთ, რომ დღიურებში ყველა შეცდომა მოხვდეს, რადგან ხალხს აინტერესებს უშვებდი თუ არა შეცდომებს. მე მაშინ შემრცხვებოდა, ისეთი რამ ხმამაღლა რომ მეთქვა, რისიც გულით არ მწამს,. შეცდომების დაშვება კი უბრალოდ ცხოვრების ნაწილია.“[19]

ტონი ბენი ლეიბორისტული პარტიის ყოფილი ლიდერის ჯერემი კორბინის მასწავლებლად და მენტორად მიიჩნევა. როცა ბენის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ კორბინი ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს, ტონი ბენის ვაჟმა, ჰილარი ბენმა განაცხადა, რომ ეს ამბავი მის მამას გააბედნიერებდა.

  • Adams, Jed. Tony Benn. A Biography. Biteback. 2011.
  • Benn, Tony. Free Radical. London: Continuum, 2006.
  • Benn, Tony. Out of the Wilderness: Diaries 1963–67. p. xii-xiii. Arrow . 1988.
  • Benn, Tony. The Benn Diaries. Arrow. 1995.
  • Benn, Tony. Winstone, Ruth (ed.). The Best of Benn. Random House. 2014.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Lundy D. R. The Peerage
  4. 4.0 4.1 Discogs — 2000.
  5. 5.0 5.1 Munzinger Personen
  6. Tony Benn, conviction politician and old-Labour stalwart, dies // The Conversation — 2014.
  7. Labour stalwart Tony Benn dies at 88 // BBC News Online — 2014.
  8. White, Michael. „Tony Benn: the establishment insider turned leftwing outsider“
  9. Benn, Tony. Free Radical. London: Continuum, 2006.
  10. Butler, David. The British General Election of 1970. Palgrave Macmillan. 1971.
  11. Benn, Tony. Winstone, Ruth (ed.). The Best of Benn. p. 127 Random House. 2014.
  12. Benn, Tony. The Benn Diaries. p. 432 Arrow. 1995.
  13. Bagley, Richard. „Into the archives: Tony Benn on the true power of democracy.“
  14. Benn, Tony. Out of the Wilderness: Diaries 1963–67. p. xii-xiii. Arrow . 1988.
  15. Delaney, Sam. „Tony Benn Interview: Labour suffered greatly through Tony Blair“.
  16. Allegretti, Aubrey. „Tony Benn's Iraq Speech Remembered Ahead Of Vote To Extend Airstrikes To Syria“
  17. Benn, Tony. Big Ideas That Changed the World, Channel 5, 2005
  18. Benn, Tony. Stop the War Conference, 2009
  19. German, Lindsey; Orr, Judith. „Tony Benn on life on the outside“. Socialist Review. 317. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-06. ციტირების თარიღი: 2020-07-18.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტონი_ბენი“-დან