ტონთიოს ხიდი

ტონთიოს ხიდი — ხუთმალიანი ხიდი მდინარე ფარავანზე, საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეშტიას თემის სოფელ ყაურმაში. დათარიღებულია XIII-XIV საუკუნეებით.
ადგილობრივი მცხოვრებნი აღნიშნულ ხიდს ეძახდნენ „ყაურმა კეპრს“ (თურქულად — ყაურმის ხიდი).
ხიდი წარმოადგენს იშვიათ ნიმუშს საქართველოს ფარგლებში არსებულ მრავალმალიან და ამავე დროს განიერ სახიდე ნაგებობათა შორის. ამ ხიდის პირველი მოკლე აღწერა ეკუთვნის ივანე როსტომაშვილს:[1]
„სოფელი ყაურმა მდებარეობს 9-10 ვერსზე ახალქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე თავფარავნის (ფარავნის) მარჯვენა ნაპირზე. მდინარეზე აქ გადებულია ძველი ნაგები მშვენიერი ქვის ხიდი.
აქაურებმა მითხრეს, რომ ხიდზე ყოფილა ქართული წარწერა, მაგრამ არ ვიცით, რა იქნაო. ამ ხიდით გადაჰყავდათ მრავალრიცხოვანი ცხვრის ფარა, რომლებსაც ზაფხულობით მიერეკებიან თიანეთის, სიღნაღისა და სხვა მაზრების მეცხვარეები.“ |
ცნობილია, რომ ეს ხიდი ემსახურებოდა ძველ საგზაო მაგისტრალს, რომელიც მიემართებოდა ქართლიდან საქართველოს სამხრეთ და დასავლეთ პროვინციებისაკენ – ჯავახეთ-სამცხე-აჭარისაკენ – და, თაფარავნის ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე, მანგლის-თრიალეთზე გავლით, ოსმალეთის საზღვრებისაკენ.
ადგილობრივ მცხოვრებთა მტკიცებით, „ყაურმის“ ხიდი აგებულია ისეთივე ქვით, როგორითაც აუშენებიათ სოფელ განძანის ეკლესია. ამ ცნობის მიხედვით აკადემიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნული ხიდის მშენებლობას მე-13-14 საუკუნეებით ათარიღებს.
ტონთიოს ხიდის შესახებ აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი წერს:[2]
„დღემდის დაცულია ძველი ხიდი ჯავახეთის მტკვარზე (ასე ეძახიან თაფარავანს). ის ხუთთაღოვანია და საკმაოდ ფართო (სამ მეტრამდის). ვისაც საქართველოს ზოგიერთ კუთხეში გადარჩენილი ხიდები ან მათი ნაშთები უნახავს, ის სამართლიანად შეეჭვდება: ყაურმის ხიდი მე-19 საუკუნეში შეკეთებისას ხომ არ გააფართოვეს? შესაძლებელია, მაგრამ უეჭველი არც ესაა: აწინდელი ხიდი არც ისე ფართოა, როგორც მე-19 საუკუნეში აკეთებდნენ (ყაურმის ხიდი 1893 წელს შეუკეთებიათ). მეორე მხრით, არსებობს იმის ნიშნებიც, რომ ძველ საქართველოში არა მარტო ვიწრო ხიდები იცოდნენ (1,5-მეტრიანი), არამედ ფართოც. ხიდის სივიწროვე-სიფართე დამოკიდებული შეიძლება იყოს იმაზეც, თუ რა ტიპისაა ის: ბურჯ-სვეტებზე და მრავალ პატარა თაღებზედ არის დაბჯენილი, თუ გადაგდებულია ერთ ვეებერთელა თაღად და მხოლოდ კურტნებზეა დამაგრებული. 1893 წელს ყაურმის ხიდის თავში დაცული ყოფილა ძველი ქართული წარწერა... ამ წარწერის ადგილს ყაურმელები ნიშანდობლივ გვიჩვენებენ“.“ |
ნ. ბერძენიშვილის მოსაზრებით ეს ხიდი მდებარეობდა არტაანიდან თრიალეთისკენ მიმავალ გზაზე, წყაროსთავ-კარწახ-სულდა-დილიფ-ყაურმა-განძანის მიმართულებით.
სავარაუდოა, რომ ყაურმის ხიდის დანიშნულება იყო ურმებისა და დიდი რაოდენობის ცხვრის ფარის გატარება.
მთელი ხიდის სიგრძე 72,2 მეტრია, სიგანე – 4,0 მეტრი.
1972 წელს ნ. კვეზერელი-კოპაძე მიიჩნევდა, რომ ამ იშვიათ სახიდე ნაგებობაში ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ დეტალებს:
- ხიდის ბურჯების დასაცავად ძველი კუნძამრიდები ძალიან განირჩევა ახლებისაგან. ძველები შესრულებულია სუფთად, მაღალხარისხოვნად, მაშინ, როდესაც ახლადშეკეთებულები გამოიყურებიან ტლანქად, უსუფთაოდ;
- მეტად ორიგინალურად არის მოწყობილი პარაპეტის ქვები. გაედან არ შეიმჩნევა, თუ რა საშუალებით არის დაკავშირებული ერთმანეთთან პარაპეტის ცალკეული ნაწილები. როგორც ჩანს, დუღაბი არ გამოუყენებიათ, მაგრამ დაცულია პარაპეტის სიმტკიცე და მდგრადობა.
1810 წლის 6 სექტემბრის ერთ ოფიციალურ საბუთში მოხსენიებულია „ყაურმის ხიდი“. მასში აღნიშნულია, რომ რუსეთის ჯარმა ოსმალებთან დაძაბული ბრძოლების შემდეგ ქ. ახალციხიდან დაიხია „ყაურმა კეპრამდე“. [3]აქედან ჩანს, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში ეს ხიდი მოქმედებაში ყოფილა.
ამრიგად, „ყაურმის ხიდი“ მსგავს ნაგებობათა შორის საინტერესოა, როგორც ჩვენს ხანამდე დაცული მრავალმალიანი ქვის ხიდი.
ხიდს, 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[4].
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფოტოგალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სოფელი ყაურმა. ხიდის თაღის დეტალი
- სოფელი ყაურმა. ქვაფენილი ხიდზე
- ხედი სოფელ ყაურმაზე და ხიდზე
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 631.
- კვეზერელი-კოპაძე ნ., საქართველოს ძველი ხიდები, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1972.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ И.Ростомов. Ахалкалакский уезд в археологическом отношении. Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа, вып. XXV, Тфл., 1898, стр.69-70
- ↑ ნ. ბერძენიშვილი. გზები რუსთაველის ეპოქის საქართველოში, გვ. 109
- ↑ Акты Кавказской Археологической Комиссии. Том IV, Тифлис, 1870, с. 736
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ