ტომ ტიერნი
ტომ ტიერნი (დ. 8 ოქტომბერი, 1928 — გ. 12 ივლისი, 2014) — ამერიკელი ქაღალდის თოჯინების მხატვარი. „ნიუ იორკ ტაიმზი“ მას ქაღალდის თოჯინების დამზადების „დაკარგული ხელოვნების“ გაცოცხლებას აწერს.[1]
მხატვრის კარიერა 1970-იან წლებში იწყება და მის სიკვდილამდე გრძელდება. მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული აქვს 4 მილიონზე მეტი ქაღალდის თოჯინა და 400 ქაღალდის თოჯინების წიგნი, მათ შორის ერთი, რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ შეიძინა.[2]
ბავშვობა და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტიერნი 8 ოქტომბერს, 1928 წელს, ტეხასის შტატში დაიბადა. ხელოვნებას ადრეული ასაკიდან ეზიარა - ხატავდა ნატურმორტებსა და პეიზაჟებს. დამამთავრებელ კლასებში ის უკვე მუშაობდა ილუსტრაციებზე ადგილობრივი მაღაზიებისათვის. სწავლობდა ლამარის კოლეჯში და სწავლა დაასრულა ტეხასის უნივერსიტეტში, 1949 წელს, ხელოვნების ბაკალავრით მხატვრობასა და ქანდაკებაში. ტეხასის უნივერსიტეტში სწავლისას ტირენი ასევე იკვლევდა ფრესკებს კოლორადოს უნივერსიტეტში. ჩაბარების შემდეგ სკარბოროს მაღაზიის მოდის ილუსტრატორი გახდა.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1951 წელს ის აშშ-ის არმიაში შევიდა, რომლის სამსახურშიც 1953 წლამდე დარჩა. შემდეგ გადასახლდა ნიუ-იორკში, სადაც განაგრძო მოდის ილუსტრატორისა და თვითდასაქმებული მხატვრის კარიერა. გარდა იმისა, რომ ის მუშაობდა მრავალი მსხვილი ტანსაცმლის მაღაზიისათვის, ტიერნი ასევე ხატავდა ფილმების პოსტერებს შორლეინ ბენეტის სააგენტოში, იღებდა პორტრეტების შეკვეთებს და მღეროდა ღამის კლუბებში. მისი პირველი ქაღალდის თოჯინების წიგნი, „ოცდაათი 30-იანებიდან“ 1976 წელს გამოქვეყნდა, და ამ წიგნის წარმატება გახდა მიზეზი სხვა 350-ზე მეტი წიგნის გამოქვეყნებისა (თვითგამოქვეყნებულ ნამუშევრებთან ერთად). ქაღალდის თოჯინების გარდა, ტიერნი ასევე მუშაობდა საბავშვო ლიტერატურის დასურათებაზე, ბარბის ილუსტრაციებსა და სხვადასხვა ბრენდების სარეკლამო ვიზუალზე.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტიერნი 2014 წელს, 85 წლის ასაკში, 12 ივლისს გარდაიცვალა. მიზეზად ფილტვის კიბო დასახელდა. ის სმიტვილში (ტეხასი) მრავალი წელი ფლობდა ქაღალდის თოჯინების მაღაზიას, რომელიც მან ნიუ-იორკის დატოვების შემდეგ გახსნა. მისი მაღაზია პირველ სართულზე მდებარეობდა, როდესაც ტიერნი, ქალაქში ცნობილი როგორც „ტომი“, მაღაზიის ზევით ცხოვრობდა. მისმა ნათესავებმა, მხატვრის გარდაცვალების შემდეგ, მისი პატივისცემით, მაღაზია იქამდე არ დახურეს, სანამ მისი ქაღალდის ორნამენტები და წიგნები ბოლომდე არ ამოიყიდა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Tom Tierney, Who Made Paper Dolls an Art Form, Dies at 85“. The New York Times. July 18, 2014.
- ↑ Bender, Kelli. (2014-07-22) Tom Tierney Paper Doll Creator Dies at 85. People.com. ციტირების თარიღი: 2014-08-16.