ტომოიუკი იამასიტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტომოიუკი იამასიტა
山下 奉文
ეროვნება იაპონელი
დაბადების თარიღი 8 ნოემბერი, 1885
დაბადების ადგილი კოტი, იაპონია
გარდაცვალების თარიღი 23 თებერვალი, 1946
გარდაცვალების ადგილი მანილა, ფილიპინები
კუთვნილება იაპონია
ჯარის სახეობა იაპონიის საიმპერატორო არმია
სამხედრო სამსახურის წლები 1905-1945
წოდება გენერალი
ბრძოლები/ომები იაპონია-ჩინეთის მეორე ომი,
მეორე მსოფლიო ომი
ჯილდოები ამომავალი მზის 1-ლი ხარისხის ორდენი, Order of the Golden Kite, Order of the Crown, Decoration of Honour for Services to the Republic of Austria და Victory Medal

ტომოიუკი იამასიტა (იაპონ. 山下 奉文; დ. 8 ნოემბერი, 1885 — გ. 23 თებერვალი, 1946) — იაპონიის არმიის გენერალი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1885 წლის 8 ნოემბერს კუნძულ სიკოკუზე სოფელ ოსუგიში (ამჟამად სოფელი ოტოიო), სოფლის ექიმის ოჯახში. 1905 წელს დაასრულა იაპონიის საიმპერატორო არმიის სამხედრო აკადემია. მსახურობდა ლეიტენანტის წოდებით იაპონიის არმიაში. 1913-1916 წლებში სწავლობდა იაპონიის საიმპერატორო არმიის უმაღლეს სამხედრო აკადემიაში. 1919-1922 წლებში მსახურობდა გერმანიაში სამხედრო ატაშეს წოდებით. შემდეგ მცირე ხნით იგივე წოდებით მსახურობდა ავსტრიასა და უნგრეთში. 1931 წლიდან მუშაობდა იაპონიის სამხედრო სამინისტროში.

1936 წლის წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების შემდეგ ითვლებოდა ეჭვმიტანილად და გააგზავნეს კორეაში 40-ე ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელად. ერთი წლის შემდეგ მიიღო გენერალ-ლეიტენანტის წოდება და გაიგზავნა მანჯურიაში კვანტუნის არმიის შტაბის უფროსად. ხიდეკი ტოძიოს სამხედრო მინისტრობისას იგი კვლავ გერმანიაში დააბრუნეს. სამშობლოში დაბრუნებული იამასიტას აზრით, იმისათვის, რომ გაძლიერდეს იაპონიის არმია აუცილებელია ავიაციის გაძლიერება და მობილური სატანკო და საჰაერო-სადესანტო ნაწილების ფორმირება. გარდა ამისა იგი წინააღმდეგი იყო იაპონიის მეორე მსოფლიო ომში ჩართვისა აშშ-სა და სსრკ-ის წინააღმდეგ, მანამ სანამ არ დასრულდებოდა იაპონიის არმიის მოდერნიზაცია.

1941 წლის ივლისში ტომოიუკი იამასიტა დანიშნეს 25-ე არმიის მთავარსარდლად. ომის დაწყების შემდეგ ხელმძღვანელობდა იაპონიის შეჭრას მალაიასა და სინგაპურში. ორ თვეში დაიპყრო მთელი მალაკის ნახევარკუნძული და 1942 წლის 15 თებერვალს ხელში ჩაიგდო სინგაპურიც. ტყვედ ჩაიგო 130 000 ინდოელი, ავსტრალიელი და ბრიტანელი ჯარისკაცი. ამის შემდეგ მან მიიღო „მალაიის ვეფხვის“ ზედსახელი. 1943 წელს მიიღო გენერლის წოდება.

1944 წელს ხიდეკი ტოძიოს კაბინეტის გადადგომის შემდეგ იამასიტა დანიშნეს მე-14 არმიის მთავარსარდლად, რომელიც ემზადებოდა ფილიპინების ოპერაციისათვის. ამერიკული ძალები ლეიტეს ყურეში შევიდნენ. ამერიკულ და იაპონურ არმიებს შორის გამართულ ლეიტეს ბრძოლაში იაპონიის საიმპერატორო არმიის ნაწილებს მეთაურობდა იამასიტა, რომელიც 1945 წლის 2 სექტემბერს, იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ ტყვედ ჩავარდა.

ამერიკის სამხედრო სასამართლომ მიუსაჯა სიკვდილი. 1946 წლის 23 თებერვალს იგი ჩამოახრჩვეს. მისი სასამართლო პროცესი გაგრძელდა 32 დღე და დაადანაშაულეს 123 პუნქტით.

ლეგენდა იამასიტას ოქროზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევდა, გენერალ იამასიტას სამხედრო კამპანიიის დროს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, იაპონიის არმიამ გაძარცვა და გაიტანა ქონება ბანკებიდან, საცავებიდან და სხვა კომერციული დაწესებულებებიდან, ასევე მუზეუმებიდა, კერძო სახლებიდან და ღვთისმსახურების ადგილებიდან, რომელიც მოგვიანებით დამარხა ფილიპინების გამოქვაბულებში, გვირაბებსა და მიწისქვეშა კომპლექსებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]