ტომაჟ პლანინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტომაჟ პლანინა

ტომაჟ პლანინა, 1981 წ.
დაბადების თარიღი 17 მარტი, 1934
შკოფია-ლოკა, სლოვენია
გარდაცვალების თარიღი 31 დეკემბერი, 2014 (80 წლის)
ლაშკო, სლოვენია
მოქალაქეობა იუგოსლავიის სამეფოს დროშა იუგოსლავიის სამეფო
იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა
სლოვენიის დროშა სლოვენია
საქმიანობა სპელეოლოგია, გამოქვაბულის ფოტოგრაფია
მეუღლე(ები) მეტკა პლანინა (ბენედიჩიჩი) (1932-2006)
შვილ(ებ)ი პოლონიცა პლანინა (1961) ალეშ პლანინა (1966)
ხელმოწერა

ტომაჟ პლანინა ( სლოვენ. Tomaž Planina; დ. 17 მარტი , 1934 — გ. 31 დეკემბერი, 2014 ) — სლოვენიელი გამოქვაბულის ფოტოგრაფი, სპელეოლოგი და ბოტანიკოსი. ცნობილია თავისი ნამუშევრებით გამოქვაბულების ფოტოგრაფიის სფეროში, თოკების, განსაკუთრებით კვანძების ლაბორატორიული ტესტირებით და  ერთი თოკის ტექნიკის (Single Rope Technique ) განვითარებაში შეტანილი წვლილით.[1][2]

ბავშვობა, განათლება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ქალაქ შკოფია ლოკაში, გეოგრაფის, კარტოგრაფის, ბიოლოგის, სლოვენიის საბუნებისმეტყველო მუზეუმის დირექტორის ფრანც პლანინას ოჯახში. დაწყებითი და საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ტომაჟ პლანინამ სწავლა ლუბლიანაში გააგრძელა, სადაც   ოჯახი  გადავიდა საცხოვრებლად. მან 1957 წელს დაამთავრა ლუბლიანას უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი.

პლანინამ დაიცვა დისერტაცია. მას გარკვეული მიღწევები ჰქონდა ბოტანიკურ მეცნიერებაში, შექმნა ცნობილი ჰერბარიუმი. მიუხედავად ამისა, არ გააგრძელა აკადემიური კარიერა და სამსახური დაიწყო "ისკრას" ელექტრონიკისა და ავტომატიზაციის განვითარებისა და ტექნოლოგიების ცენტრში. მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის,  გახლდათ კვლევითი პროექტის ხელმძღვანელი.[3][4]

სპელეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფოტოსესია გამოქვაბულში, 1960 წ.

სლოვენიის სპელეოლოგიის პიონერის, პაველ კუნავერის მიერ ორგანიზებული ექსკურსიები გამოქვაბულებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. სწორედ ამან განაპირობა პლანინას გამოქვაბულებით დაინტერესება.  1950 წელს, 16 წლის ასაკში ის შეუერთდა DZRJL-ს — ლუბლიანას მღვიმეების მკვლევართა საზოგადოებას  და 1954 წელს პირველი წვლილი შეიტანა სლოვენიის გამოქვაბულების რეესტრის შედგენაში. 1992 წლამდე მან დაარეგისტრირა 51 ახალი მღვიმე, ძირითადად დაბლობ კარსტში.[5]

1953 წლიდან 1956 წლამდე იგი მონაწილეობდა მაღალმთიანი კარსტების პირველ კვლევებში მალიპოდის პლატოზე, სკუტას მთის ქვემოთ, კამნიკ-სავინსკის ალპებში.

მომდევნო წლებში იგი ასევე შეუერთდა რამდენიმე ექსპედიციას ტრიგლავსკო ბრეზნოს გამოქვაბულში ტრიგლავის პლატოზე ( სიმაღლე 2377 მ.).

იოჟე შტირნთან ერთად მან დაწერა მიმოხილვითი სტატია მაღალმთიან კარსტზე, რომელიც გამოიცა მისი გარდაცვალების შემდეგ.

1960-იანი წლების შუა ხანებში მოხდა თაობების ცვლა—ლუბლიანას გამოქვაბულების მკვლევართა საზოგადოებაში მეორე მსოფლიო ომამდე შექმნილმა გუნდმა ადგილი დაუთმო ახალგაზრდა სპელეოლოგებს.

ეს მაშინვე აისახა უფრო ამბიციურ პროგრამაში, რომელიც შთაგონებული იყო 1963 წლის დიდი წარმატებით, როდესაც ახალგაზრდა მღვიმეების მცირე ჯგუფმა გაარღვია ვიწრო გადასასვლელი ნაჟდენა ჯამას  (Najdena jama) მღვიმის ბოლოს. მღვიმე, რომელიც აღმოაჩინა ვილჯემ პუტიკმა მე-19 საუკუნის ბოლოს, მდინარე უნიკას ზემოთ, მხოლოდ 250 მეტრის სიგრძის იყო. გარღვევის შედეგად გამოჩნდა 5 კმ სიგრძის გამოქვაბული. [6]

1967 წლიდან 1971 წლამდე და 1984 წლიდან 1986 წლამდე ტომაჟ პლანინა ხელმძღვანელობდა DZRJL-ს. მისი ხელმძღვანელობით ექსპედიციები გაიმართა ძალიან ღრმა გამოქვაბულებში. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 1969 წლის 20 კაციანი ექსპედიცია ჟანკანა იამას გამოქვაბულში (როგორც ამას ადგილობრივები უწოდებენ) სოფელ რასპორთან, ისტრიაში, ხორვატია.[7][8]

DZRJL-ს ექსპედიცია ჟანკანა იამას გამოქვაბულში, 1969 წ.

პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის ისტრია იტალიას ეკუთვნოდა, ლიტერატურაში გამოქვაბულს აბისსო ბერტარელი ერქვა, იგი გამოიკვლიეს 1924 და 1925 წლებში. 1924 წლიდან 1926 წლამდე (450 მ სიღრმით) ითვლებოდა მსოფლიოში ყველაზე ღრმა გამოქვაბულად. 1959 წლიდან უკვე  იუგოსლავიის  ყველაზე ღრმა გამოქვაბული იყო, რომელიც მოიცავდა სლოვენიას და ხორვატიას. ექსპედიციის ერთ-ერთი მიზანი იყო ახალი ზუსტი კვლევის ჩატარება. ექსპედიციამ მიაღწია გამოქვაბულის მანამდე ცნობილ ფსკერს, იტალიურ სიფონს, 346 მ სიღრმეზე და შემდეგ  გრძელი, დაბალი, მტვრიანი ჰორიზონტალური გვირაბით ჩავიდა სლოვენიურ სიფონამდე 361 მ სიღრმეზე. ახალმა სიღრმემ გამოქვაბული იუგოსლავიის ყველაზე ღრმა გამოქვაბულების სიაში მესამე ადგილზე დააყენა. შემდგომმა DZRJL-ის ექსპედიციებმა გოტოვჟსა და იაზბენში გოტოვჟის სიღრმე 320 მ-მდე შეამცირა, იაზბენი კი — 334 მ-მდე. პირველ ადგილზე დარჩა ჟანკანას ორმო[9]. ამ მიღწევებმა DZRJL დააყენა იმ დროისთვის იუგოსლავიის სპელეოლოგთა სათავეში. შემდეგი დიდი ექსპედიცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ტომაჟ პლანინა, იყო არჩვის უფსკრულში (Brezno pri gamsovi glavici) ბოჰინჯის ტბაზე 1972 წლის სექტემბერში. სლოვენიის ძირითადი სპელეოლოგიური უბნები, სადაც პლანინა მუშაობდა, იყო ცერკნიშკას ტბა და პლანინსკოს ველის გამოქვაბულები, განსაკუთრებით რაკოვ შკოციანი, კრიზნას ორმო და ნაიდენას ორმო. სლოვენიის ფარგლებს გარეთ ის კარგად იცნობდა ხორვატიაში ველებიტის მთიანეთს და მონტენეგროში დურმიტორის მასივს —  ამ ტერიტორიების ზოგიერთი ნაწილი მან ადგილობრივებზე უკეთ იცოდა.

პლანინა ასევე გახლდათ სლოვენიის გამოქვაბულების სამაშველო სამსახურის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი სლოვენური გამოქვაბულების ჟურნალის Naše jame (ჩვენი გამოქვაბულები) სარედაქციო კოლეგიის წევრი 1977 წლიდან გარდაცვალებამდე.

გამოქვაბულის ფოტოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრიჟნა იამას გამოქვაბულში, 1974 წ.

სლოვენიელი გამოქვაბულის ფოტოგრაფების სიაში ტომაჟ პლანინა  მესამე ადგილს იკავებდა  ბოგომილ ბრინშეკის (1884-1914) და ფრანც ბაჰრის (1901-1988) შემდეგ. პლანინამ სწორედ მათგან  ისწავლა გამოქვაბულებში ფოტოგრაფიის ხელოვნება. მან ჯერ კიდევ 1960-იან წლებში  დაიწყო 35 მმ-იანი ერთლინზიანი რეფლექსური კამერის გამოყენება დიდი ფორმატის კამერების ნაცვლად, რომლებიც იმ დროს ჩვეულებრივ გამოიყენებოდა გამოქვაბულების ფოტოგრაფიაში. პლანინამ ასევე უარი თქვა ფოტო  ფლეშზე, როგორც განათების საშუალებაზე, გამოქვაბულებში ჰაერის ძლიერი დაბინძურების გამო და გახდა პირველი, ვინც დაეუფლა ელექტრონული ფლეშის გამოყენების ტექნიკას.[10]

პლანინას  ყველაზე წარმატებული ნამუშევრები გაკეთდა კრიჟნა იამას გამოქვაბულში. მისი ნამუშევრები რეგულარულად ჩნდებოდა საბუნებისმეტყველო პრესაში, მათ იყენებდნენ გამოქვაბულების რეკლამირებისთვის, ასევე აქვეყნებდა სტატიებს გამოქვაბულებისა და გამოქვაბულების ფოტოგრაფიის ტექნიკის შესახებ.[11][12]

უბედური შემთხვევა მთაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტომაჟ პლანინა, 2000 წ.

1994 წელს იალოვეცის მთაზე (2645 მ.) ექსკურსიის დროს, დიდი ქვა დაგორდა თოვლიან კულუარზე და ტომაჟ პლანინას ფეხი დაუზიანდა მუხლის ქვემოთ. მკურნალობის პროცესი, რომლითაც დასრულდა მისი პროფესიული კარიერა, რამდენიმე წელი გაგრძელდა, მან კვლავ შეძლო სიარული, მაგრამ ბოლომდე ვერ გამოჯანმრთელდა. ის გარდაიცვალა  2015 წლის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე  ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გამოწვეული გართულებებისგან.[13]

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პლანინას ნამუშევრებმა ასახვა პოვა მისი მშობლიური სპელეოლოგიის ინსტიტუტის, ლუბლიანას მღვიმეების კვლევის საზოგადოებისა და ზოგადად სლოვენიელი სპელეოლოგების მიღწევებში. მნიშვნელოვანია მისი წვლილი სპელეოლოგიური აღჭურვილობის გაუმჯობესებასა და უსაფრთხოებაში. პლანინა იყო ხიდი თაობებს შორის და დიდი მენტორი. იგი ყოველთვის ემახსოვრებათ იდეების, პრობლემების გადაჭრის მეთოდების, უსაზღვრო იუმორის, სპელეოლოგიისა და გამოქვაბულების არაჩვეულებრივი სიყვარულის გამო.[14]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Tomaž Planina / Personal Bibliography . Co-operative Online Bibliographic System & Services. ციტირების თარიღი: 28 აპრილი 2021.
  2. Primož Jakopin. Tomaž Planina (1934-2014) (სლოვ.) // Jamar [სპელეოლოგი] : ჟურნალი. — Ljubljana: Jamarska zveza Slovenije [სლოვენიის სპელეოლოგთა ასოციაცია]. — Zv. 12, štev. 3. — S. 14—15.
  3. Tomaž Planina (1957). Ligusticum seguieri v jugovzhodnih apneniških Alpah (Diploma thesis) [სლოვ.]. University of Ljubljana. p. 54.
  4. Tomaž Planina, Avrelija Prelovšek, Igor Kloar. Vpliv stopnje onesnaženja zraka na električne avtomatske naprave v telekomunikacijah in industriji (სლოვ.). — Kranj: Iskra - Elektromehanika, 1976.
  5. New caves, Registration No. 501 to 1800 . DZRJL (6 სექტემბერი 2015). ციტირების თარიღი: 3 მაისი 2021.
  6. Jurij Kunaver. Kako se je kalilo prijateljstvo s Tomažem Planino (1934-2015) (სლოვენ.) // Glas podzemlja [ხმა მიწისქვეშეთიდან] : ჟურნალი. — Ljubljana: DZRJL. — S. 3—8.
  7. Primož Presetnik, Bojana Fajdiga. DZRJL Members 1910 - 2010 . DZRJL [ლუბლიანას გამოქვაბულების მკვლევართა საზოგადოება] (13 ივლისი 2015). ციტირების თარიღი: 29 აპრილი 2021.
  8. DZRJL presidents . DZRJL დაარქივებული 2022-04-15 საიტზე Wayback Machine. (აპრილი 2021). ციტირების თარიღი: 28 აპრილი 2021.
  9. France Hribar. Najgloblja brezna v Jugoslaviji (სლოვენ.) // Naše jame [ჩვენი გამოქვაბულები] : ჟურნალი. — Zv. 1. — S. 29—29.
  10. Franci Bar. Fotografiranje v jamah [გამოქვაბულის პოტოგრაფია] // Jamarski priročnik (სლოვ.) / Ivan Gams, Peter Habič, Roman Savnik, Boris Sket. — Ljubljana: Mladinska knjiga, 1964. — С. 121—129.
  11. Tomaž Planina. Tehnika fotografiranja na jamarskih raziskovalnih ekskurzijah (სლოვენ.) // Proteus : журнал. — Prirodoslovno društvo Slovenije. — Zv. 43, štev. 3. — S. 115—117. — ISSN 0033-1805.
  12. Kadrnka, Oldřich & Planina, Tomaž (1980), Rakov Škocjan [Postcard] ; Križna jama cave, Postojna: Postojnska jama
  13. Anton Praprotnik, Primož Jakopin. 1994 accident of Tomaž Planina in the couloir of Mt. Jalovec ). DZRJL (იანვარი 2021).ციტირების თარიღი 28 აპრილი 2021.
  14. Metod Di Batista. Žalostna vest - umrl je častni Član Tomaž (სლოვენ.). DZRJL (1 იანვარი 2015). ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი 2020.