ტმუტარაკანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ძველი ქალაქი
ტმუტარაკანი
Ἑρμώνασσα
Hermonassa 2.JPG
ჰერმონასა-ტმუტარაკანის გათხრები, 2008 წ.
ქვეყანა რუსეთი
რეგიონი კრასნოდარის მხარე
კოორდინატები 45°13′09″ ჩ. გ. 36°42′51″ ა. გ. / 45.21917° ჩ. გ. 36.71417° ა. გ. / 45.21917; 36.71417
ტმუტარაკანი — რუსეთი
ტმუტარაკანი

ტმუტარაკანი ან ტმუტორაკანი — შუა საუკუნეების კიევის რუსეთის ერთ-ერთი, ამავე სახელწოდების მქონე სამთავროს დედაქალაქი, რომელიც აკონტროლებდა შავი ზღვისა და აზოვის ზღვის დამაკავშირებელ კიმერიის ანუ ყირიმის ბოსფორს (დღევანდელი ქერჩის სრუტე). ანტიკურ ხანაში მის ადგილას ტამანის ნახევარკუნძულზე, ქერჩის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობდა ბერძნული კოლონია-ქალაქი ჰერმონასა (ძველი ბერძნული: Ἑρμώνασσα). ხაზართა ციხესიმაგრე ტამატარხანი (რომლიდანაც ქალაქის ბიზანტიური სახელი ტამატარხა მომდინარეობს) აშენდა ახ.წ. მე-7 საუკუნეში, მე-10-მე-11 საუკუნეებში კი ცნობილი გახდა ტმუტარაკანის (უკრ. Тмуторока́нь, რუს. Тмутарака́нь) სახელწოდებით როცა იგი კიევის რუსეთმა დაიპყრო.

საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰერმონასას ბერძნული კოლონია განთავსებული იყო ფანაგორიიდან და პანტიკაპაიონიდან, ბოსფორის სამეფოს მთავარი სავაჭრო ცენტრებიდან დასავლეთით, რამდენიმე კილომეტრში. ქალაქი ძვ.წ. მე-6 საუკუნის შუა ხანებში დააარსეს იონიელებმა. ის ყვავდებოდა რამდენიმე საუკუნის განმავლობაში - აღმოჩენილია ამ პერიოდის ანტიკური არქიტექტურის ძეგლები, ქუჩები და ძვ.წ მე-4 საუკუნის ოქროს მონეტები და განძეულობა.[1] ჰერმონასა წარმოადგენდა აფროდიტეს კულტის ცენტრს ბოსფორის სამეფოში,[2] ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში კი ვაჭრობდა ალანებთან.[3]

რომის იმპერიისადმი მრავასაუკუნოვანი ვასალური დამოკიდებულების შემდეგ, ბოსფორის სამეფო დაიმორჩილეს ჰუნებმა, რომლებმაც ახლოს მცხოვრები ალანები 375/376 წელს დაამარცხეს. მე-5 საუკუნეში ჰუნთა იმპერიის დაცემის შემდეგ ქვეყანა კვლავ აღმოჩნდა რომის გავლენის ქვეშ, მე-6 საუკუნეში კი ბოლგარებმა აიღეს. მე-7 საუკუნეში ქალაქის ხაზარებისადმი დამორჩილების შემდეგ ქალაქის ადგილას ხელახლა აშენდა ციხე-ქალაქი ახალი სახელწოდებით ტამატარხა. არაბულ წყაროებში მას ეწოდება „სამკარშ ალ-იაჰუდ“ (ე.ი. „ებრაელთა სამკარში“) საიდანაც ჩანს, რომ ვაჭრობის დიდი წილი ებრაელთა ხელში იყო.[4] ქალაქის სახელწოდების სხვა ვარიანტებია „სამკერში“ და „სამკუში“.[5]

აგურის კედლით გამაგრებული და კარგი ნავსადგურის მქონე ვაჭართა დიდი ქალაქი ტამატარხა წარმოადგენდა ბიზანტიისა და კავკასიის ჩრდილოეთ ევროპასთან ვაჭრობის მთავარ ცენტრს. იგი აგრეთვე საქარავნო გზებით დაკავშირებული იყო აბრეშუმის გზასთან. მოსახლეობის ძირითად ნაწილს ბერძნები, რუსები, ქართველები, ქაშაგები (ჩერქეზები), ებრაელები და სხვები წარმოადგენდენ. მე-10 საუკუნის შუა ხანებში სვიატოსლავ I მამაცის მიერ ხაზართა იმპერიის განადგურების შემდეგ, ხაზარებმა მაინც გააგრძელეს ქვეყა[6]ნაში დასახლება.

შუა საუკუნეების ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტამანის ნახევარკუნძულის რუსული რუკა, დაახ. 1870 წ.

მიუხედავად იმისა რომ კიევის რუსეთის მიერ ტმუტარაკანის აღების ზუსტი თარიღი და გარემოებები გაურკვეველია, იპატიის ჩანაწერი მას იმ ქალაქებს შორის მოიხსენიებს რომელიც ვლადიმირ დიდმა თავის შვილებს აჩუქა. ეს კი ამტკიცებს რომ სლავების კონტროლი ქალაქზე დამყარდა მე-10 საუკუნის ბოლოს, 1015 წლამდე, ვლადიმირის გარდაცვალებამდე.[7] ბიზანტიური ვერცხლისა და ოქროს მონეტების იმიტაციაც სწორედ ამ პერიოდში მოიჭრა ახალი მმართველების მიერ.[8]

ვლადიმირის შვილი მსტისლავ ჩერნიგოველი იყო ტმუტარაკანის მთავარი მე-11 საუკუნის დასაწყისში. მისი ზეობისას ბიზანტიელი მშენებლების მიერ ქალაქში აშენდა პირველი ქვის ეკლესია, ღვთისმშობლის სახელობის.[9] მისი გარდაცვალების შემდეგ მას მოყვნენ დინასტიის შედარებით უმნიშვნელო წარმომადგენლები. გლებ სვიატოსლავიჩს ქალაქის მმართველობა უბოძა მისმა მამამ, სვიატოსლავ იაროსლავიჩმა, მაგრამ 1064 წელს იგი ჩაანაცვლა რუსმა თავადმა როსტისლავ ვლადიმიროვიჩმა. თუმცაღა ამ უკანასკნელს მოუწია გაქცევა, როცა კი შეიტყო რომ ქალაქს უახლოვდებოდა გლები ჯართან ერთად რომელსაც წინ მიუძღოდა მამამისი. დატოვა თუ არა სვიატოსლავმა იქაურობა, როსტისლავმა გლები ხელახლა გააძევა. თავისი ხანმოკლე მმართველობის ჟამს მან მოახერხა ჩერქეზების (ქაშაგების) და სხვა მეზობელი ადგილობრივი ტომების დამორჩილება თუმცა მისმა ქმედებებმა ეჭვი აღუძრა მეზოებელი ხერსონესის ბერძნებს ყირიმში, რომლებმაც ბიზანტიელი დესპანების მეშვეობით იგი 1066 წლის 3 თებერვალს მოწამლეს.[10]

მას შემდეგ ტმუტარაკანის მმართველობა დაუბრუნდა ჯერ ჩერნიგოვის მთავარს,[11] შემდეგ კი კიევის დიდ მთავარს ვსევოლოდ იაროსლავიჩს. 1079 წელს სვიატოსლავ იაროსლავიჩმა დანიშნა მმართველი (პოსადნიკი), თუმცა ორიოდე წლის შემდეგ იგი დაატყვევეს დავით იგორევიჩმა და ვოლოდარ როსტისლავიჩმა, რომელთაც აიღეს ქალაქი.[12] ცოტა ხნით ადრე ბიზანტიაში გაძევებული ოლეგ სვიატოსლავიჩი სწორედ ამ მღელვარე დროს დაბრუნდა ტმუტარაკანში 1083 წელს, საიდანაც მან გააძევა უზურპატორები და მიიღო ტიტული „ხაზარიის არქონი“ (ტმუტარის არახანი), ქალაქი კი ნომინალურად ბიზანტიას დაუმორჩილა. თუმცა მან ასევე გამოუშვა ვერცხლის უხეში მონეტები, მოჭრილი თავის სახელზე, რომელზეც კირილიცას ასოები იყო დატანებული. 1094 წელს კი ის მსტისლავის მსგავსად გაეშურა კიევის რუსეთში ჩერნიგოვის ტახტის დასაკავებლად.[13]

ბიზანტიური ხელისუფლება თავდაპირველად ადგილობრივი ვასალი მმართველების მეშვეობით ხორციელდებოდა, შემდეგ კი გარკვეული დროის განმავლობაში უფრო მეტად პირდაპირი წესით. ტმუტარაკანის მიდამოებში იყო ნავთობის საბადოები საიდანაც სავარაუდოდ მოიპოვებოდა ბიზანტიელთა მთავარი ტაქტიკური იარაღის, ბერძნული ცეცხლისთვის საჭირო მთავარი ნივთიერება.[14] ამის გამო მე-12 საუკუნის ბოლომდე იმპერიის ხელისუფლება უკრძალავდა თავის გენუელ სავაჭრო პარტნიორებს ამ ქალაქთან ვაჭრობას, რომელიც გენუელებისთვის ცნობილი იყო როგორც „მატრახა“.

დაკნინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მე-13 საუკუნეში ქალაქი გადავიდა ტრაპიზონის სამეფოს მფლობელობაში. ის უკანასკნელად წერილობით მოხსენიებული იყო 1378 წლის გრაგნილში. მხარე გენუის რესპუბლიკას დაექვემდებარა მე-14 საუკუნეში და შევიდა გაზარიის პროტექტორიატში, რომელიც დაფუძნებული იყო კაფაში. ტერიტორიას თავდაპირველად მართავდა გიზოლფთა საგვარეულო, შემდეგ კი 1482 წელს ყირიმის სახანომ დაიპყრო. 1791 წელს იგი რუსეთმა შეიერთა. ამ პერიოდშიც ხაზართა გავლენა ქალაქზე შენარჩუნებული იყო, რაზეც მიუთითებს „ებრაელ მთავართა“ მოხსენიება გენუელების და თათარ-მონღოლების მმართველობის დროსაც კი.[15]

ქალაქი შემდგომში თანდათანობით ნანგრევებად იქცა, მისი ხელახლა აღმოჩენა კი მხოლოდ 1792 წელს მოხდა, როდესაც ადგილობრივმა გლეხმა იპოვა ქვა წარწერით, რომელშიც ეწერა მთავარი გლების მიერ 1068 წელს იმ ადგილიდან ქერჩამდე ზღვაზე მანძილის გაზომვის შესახებ. მონაკვეთის არქეოლოგიური გათხრება მხოლოდ მე-19 საუკუნეშიღა დაიწყო და დღემდე გრძელდება.

მე-17 და მე-18 საუკუნეებში მხარის მოსახლეობის უმრავლესობას კაზაკები წარმოადგედნენ. მათი ცენტრი იყო სტანიცა ტამანი, რომელიც ტმუტარაკანის ნანგრევების სიახლოვეს მდებარეობდა. ახლოს მდებარეობს თანამედროვე დასახლება ტემრიუკიც.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Brook, Kevin Alan. The Jews of Khazaria. 2nd ed. Rowman & Littlefield Publishers, Inc, 2006.
  • Christian, David. A History of Russia, Central Asia and Mongolia. Vol. 1. Blackwell, 1999. pp. 298–397.
  • Dimnik, Martin. The Dynasty of Chernigov, 1146–1246. Cambridge University Press, 2003. ISBN 0-521-82442-7
  • Room, Adrian. Placenames Of The World: Origins and Meanings of the Names for 6,600 Countries, Cities, Territories, Natural Features and Historic Sites. 2nd ed. McFarland & Company, 2005. ISBN 0-7864-2248-3
  • Shepard, Jonathan. "Close encounters with the Byzantine world: the Rus at the Straits of Kerch" in Pre-modern Russia and its world. Wiesbaden, 2006, ISBN 3-447-05425-5
  • Shepard, Jonathan: "Mists and Portals: the Black Sea's north coast", pp. 421–42 in Byzantine trade, 4th-12th centuries, Farnham UK 2009, ISBN 978-0-7546-6310-2
  • Tikhomirov, M. The Towns of Ancient Rus. Moscow: Foreign Languages Publishing, 1959.
  • Vyacheslav Ivanov (philologist)|Ivanov, V. V., and Vladimir Toporov|Toporov, V. N., 1992. Pchela. In: S. A. Tokarev (ed.) Mify narodov mira. Vol. 2. Moscow: Sovetskaya Entsiklopediya, pp. 354–356.
  • Zand, Michael, and Kharuv, Dan (1997). "Krimchaks". Encyclopaedia Judaica (CD-ROM Edition Version 1.0). Ed. Cecil Roth. Keter Publishing House. ISBN 965-07-0665-8

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Princeton Encyclopedia of Classical Sites
  2. Yulia Ustinova, The Supreme Gods of the Bosporan Kingdom, Brill 1999, ch.3, p.129ff
  3. The Great Soviet Encyclopedia, 1979
  4. J.B.Bury, History of the Eastern Empire from the Fall of Irene to the Accession of Basil 1912, p.408; Kevin Alan Brook, The Jews of Khazaria, ML 20706, 2004, p.29-30
  5. "Krimchaks". Encyclopaedia Judaica
  6. Shepard (2009), pp.439-40
  7. Tikhomirov (1959), p. 33
  8. LYDIA LITHOS, Society for the Study of Numismatics and Economic History, September 2010
  9. Shepard (2006), pp.34-5
  10. Dimnik (2003), p.82
  11. Dimnik (2003), p. 285
  12. Tikhomirov (1959), p. 171
  13. Shepard (2006), pp.42-6
  14. Shepard (2006), pp.24-5
  15. Arthur Koestler, The Thirteenth Tribe”, London 1977, p.129