ტიტო ვილანოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტიტო ვილანოვა
Tito Vilanova (2012).jpg
ვილანოვა 2012 წელს
პირადი მონაცემები
სრული სახელი ფრანსესკ ვილანოვა ბაიო
დაბადების
თარიღი
17 სექტემბერი, 1968
დაბადების
ადგილი
ბელკაირე, ესპანეთი
გარდაცვალების
თარიღი
25 აპრილი, 2014 (45 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
ბარსელონა, ესპანეთი
სიმაღლე 1.82 მ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1984-1988 ბარსელონა
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1988-1990 ბარსელონა B 52 (6)
1990-1992 ფიგუერესი 72 (6)
1992-1995 სელტა 26 (1)
1995-1996 ბადახოსი 33 (2)
1996-1997 მალიორკა 10 (0)
1997-1998 ლეიდა 21 (3)
1998-2000 ელჩე 63 (6)
2000-2001 გრამენეტი 28 (2)
სულ 305 (26)
სამწვრთნელო კარიერა
2003-2004 პალაფრუგელი
2007-2008 ბარსელონა B (ასისტენტი)
2008-2012 ბარსელონა (ასისტენტი)
2012-2013 ბარსელონა
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.

ფრანსესკ „ტიტო“ ვილანოვა ბაიო (დ. 17 სექტემბერი, 1968, ბელკაირე, ესპანეთი — გ. 25 აპრილი, 2014, ბარსელონა, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. მოთამაშის რანგში ვილანოვამ ლა ლიგაში 26 მატჩი ჩაატარა. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, 2007 წელს, ის გახდა პეპ გვარდიოლას დამხმარე „ბარსელონაში“, სადაც მათ 14 ტიტულის მოგება შეძლეს და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჩამოაყალიბეს. 2012 წელს ის დანიშნა „ბარსელონის“ მთავარ მწვრთნელად, თუმცა სეზონის ბოლოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თანამდებობა დატოვა. 2014 წლის 25 აპრილს ვილანოვა ყელის კიბოთი გარდაიცვალა.

ტიტო ვილანოვას ჰყავდა მეუღლე და ორი შვილი.

მოთამაშის კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვილანოვა დაიბადა ხირონას პროვინციაში, კატალონიაში. ის ახალგაზრდულ ასაკში თამაშობდა „ბარსელონას“ სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში, თუმცა პირველ გუნდში მოხვედრა ვერ მოახერხა და 1990 წელს კლუბი დატოვა. ვილანოვა „ფიგუერესში“ გადავიდა, სადაც დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევია. „ფიგუერესი“ 1991-1992 წლების სეზონში ახლოს იყო სეგუნდა დივიზიონში გადასვლასთან, თუმცა პლეი-ოფში „კადისთან“ დამარცხდა (ორი მატჩის ჯამში 1-3). ამის შემდეგ იყო „სელტა“. ვიგოური გუნდის მაისურით ტიტომ სამი სეზონის მანძილზე ლა ლიგაში მხოლოდ 26 მატჩის ჩატარება და 1 გოლის გატანა მოახერხა.

1995 წელს ვილანოვა „ბადახოსში“ გადავიდა, სადაც 1 სეზონი დაჰყო. შემდეგ იყო „მალიორკა“, „ლეიდა“, „ელჩე“ და „გრამენეტი“, სადაც 2001 წელს კარიერა დაასრულა.

სამწვრთნელო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიტო ვილანოვამ სამწვრთნელო კარიერა 2003-2004 წლების სეზონში დაიწყო, მან რანგით მეოთხე ჩემპიონატში მოასპარეზე „პალაფრუგელი“ ჩაიბარა. მისი მუშაობა ნაყოფიერი ვერ გამოდგა და გუნდმა ლიგაში ადგილი დაკარგა.

2007 წელს დაიწყო ტიტოს კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი. ხოსეპ გვარდიოლამ, რომელიც „ბარსელონა B-ს“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ტიტო ასისტენტად მიიწვია. მათ გუნდი რანგით მესამედან მეოთხე ჩემპიონატში გადაიყვანეს, რის შემდეგაც უკვე „ბარსელონას“ ძირითად გუნდს ჩაუდგნენ სათავეში. პირველივე სეზონში გუნდმა კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, მოიგო ყველაფერი რისი მოგებაც შეიძლებოდა, რითაც მსოფლიო ფეხბურთის რეკორდი დაამყარეს (მაქსიმალური, 6 ტიტული 1 კალენდარული წლის მანძილზე). ვილანოვა და გვარდიოლა გუნდს 2012 წლის მაისამდე წვრთნიდნენ. ამ დროის მანძილზე გუნდმა 3 ლა ლიგის, 2 ჩემპიონთა ლიგის, 2 სამეფო თასის, 3 ესპანეთის სუპერთასის, 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისა და 2 ევროპის სუპერთასი მოიგო. ვილანოვა ერთხელ გუნდს გვარდიოლას ნაცვლად თავად გაუძღვა, 2008-2009 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მეოთხედგინალის განმეორებით შეხვედრაში „მიუნხენის ბაიერნის“ წინააღმდეგ. პირველი შეხვედრა ესპანელების გამარჯვებით, 4-0 დასრულდა. გერმანიაში კი - 1-1 დაფიქსირდა.

2012 წლის 27 აპრილს კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გვარდიოლას გადადგომის შესახებ ინფორმაცია. ამავე დღეს გამოცხადდა, რომ პეპის შემცვლელი ტიტო ვილანოვა იქნებოდა. მან თავის პირველ და ერთადერთ სეზონში ლა ლიგის მოგება რეკორდული, 100 ქულით („ბარსელონამ“ გაიმეორა „რეალის“ რეკორდი, რომელიც მადრიდულმა გრანდმა 1 წლით ადრე დაამყარა) მოახერხა. სეზონის ბოლოს ტიტოს გუნდიდან წასვლა მოუხდა, რადგან მას კიბოსთან დაკავშირებული პრობლემების გამო არ შეეძლო მთავარი მწვრთნელის ვალდებულებების შესრულება.

ჯანმრთელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის 22 ნოემბერს ტიტო ვილანოვას ყელის კიბო დაუდგინეს. ესპანელმა მკურნალობა ჩაიტარა, თუმცა მომდევნო წლის 19 დეკემბერს, როცა ის უკვე „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი იყო, კიბომ ხელმეორედ იჩინა თავი. ტიტო სამკურნალოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც მარტის ბოლომდე დარჩა. ამ პერიოდში გუნდს მისი ასისტენტი ხორდი როურა წვრთნიდა. ვილანოვა გუნდს მარტში დაუბრუნდა. ჩატარებულმა მკურნალობამ კიბოს დამარცხება ვერ მოახერხა, რის გამოც სეზონის დასრულების შემდეგ ტიტო იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა. 2014 წლის 25 აპრილს, 45 წლის ასაკში ვილანოვა კიბოს შედეგად გარდაიცვალა.

ტიტულები და მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამწვრთნელო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბარსელონა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლა ლიგა (1): 2012-2013

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მიგელ მუნიოსის ტროფეი (1): 2012-2013

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]