ტირნოვოს მხატვრული სკოლის არქიტექტურა

ტირნოვოს მხატვრული სკოლის არქიტექტურა — ტერმინი აღნიშნავს არქიტექტურის განვითარებას ბულგარეთის მეორე იმპერიის პერიოდში 1185-1396). XIII და XIV საუკუნეებში დედაქალაქი ტირნოვო განსაზღვრავდა ბულგარული არქიტექტურის პროგრესს მრავალი შენარჩუნებული ან რეკონსტრუირებული ნაგებობით, რომლებიც აჩვენებს შუა საუკუნეების ბულგარელი არქიტექტორების უნარებს და მათ მიერ გამოყენებულ სამშენებლო და დეკორატიულ ტექნიკას. მშენებლებმა შექმნეს უნიკალური არქიტექტურული სტილი, ცნობილი, როგორც ტირნოვული სტილი, რომელმაც გავლენა მოახდინა არქიტექტურაზე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანასა და ცენტრალური ევროპის ნაწილში. თავისი მრავალფეროვანი არქიტექტურით, ტირნოვოს სკოლა შეიძლება დაიყოს რამდენიმე მიმართულებად შენობების ფუნქციის მიხედვით.
საეკლესიო არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბულგარეთის მეორე იმპერიის დროს ეკლესიებს არ ჰქონდათ დიდი ან რთული დიზაინი, რადგან ისინი სინანულის ადგილად ითვლებოდა. ტირნოვოს არქიტექტურულ სკოლას ახასიათებდა შედარებით პატარა გუმბათიანი ჯვრისებრი ეკლესიები ან ბაზილიკები. სიგრძისა და სიგანის ხარჯზე, ეკლესიები სიმაღლეში იზრდებოდა. ისინი ხშირად შენდებოდა დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლის ქვის საძირკველზე. პრინციპის თანახმად, მთავარი შესასვლელი მდებარეობდა დასავლეთით. კარის შემდეგ მოდიოდა პრიტვორი (ნართექსი), ნაოსი და საკურთხეველი. ზოგჯერ ნართექსის თავზე აღმართული იყო პატარა მართკუთხა სამრეკლო („წმინდა დიმიტრი სოლუნელი“ ტირნოვოში, ეკლესია ასენოვას ციხესიმაგრეში ასენოვგრადში, ქრისტე პანტოკრატორის ეკლესია ნესებირში და სხვები). ნაოსი შეიძლება დაყოფილიყო ნავებად (ბაზილიკებში) სვეტებით ან ბოძებით.
ნავების რაოდენობის მიხედვით ეკლესიები იყო ერთნავიანი (წმინდა დიმიტრი თესალონიკელის ეკლესია, ველიკო ტირნოვო, ასენის უბანში, ტირნოვო, ბოიანას ეკლესია), ორნავიანი („წმინდა ივან რილელი“ ტრაპეზიცაში, ტირნოვო) და სამნავიანი (ორმოცი მოწამის ეკლესია ტირნოვოში, „წმინდა ნიკოლოზი“ მელნიკში). ჯვარ-გუმბათოვან ეკლესიებში (წმინდა იოანე ალიტურგეტოსის ეკლესია და ქრისტე პანტოკრატორის ეკლესია, ორივე ნესებირში) გუმბათი ეყრდნობოდა ოთხ სვეტს, რომლებიც თაღებით უკავშირდებოდა კედლებს. საკურთხეველი შედგებოდა ნახევარწრიული ან მრავალწახნაგოვანი აფსიდისგან. ზოგიერთ ეკლესიაში საკურთხეველი სამ ნაწილად იყო გაყოფილი და გარე ნაწილები (ბემა და დიაკონიკი) გამოიყენებოდა ეკლესიის ჭურჭლის, სამოსისა და წიგნების შესანახად. ამ შემთხვევაში, ჩვეულებრივ, სამი აფსიდა იყო. დიზაინი რთულდებოდა წინა აფსიდის სივრცით. ნახევარწრიული თაღები და აგურით იყო ნაშენი. ზოგიერთ ეკლესიას ჰქონდა სხვა ნაწილები, როგორიცაა გალერეები (ორმოცი მოწამის ეკლესია და „წმინდა პეტრე და პავლე“ ტირნოვოში), სამლოცველოები (ბოიანას ეკლესია), ოსუარიუმები და სხვა. ეკლესია „წმინდა ღვთისმშობელი პეტრიჩის“ ასენოვას ციხესიმაგრეში ორსართულიანია და ქვედა სართული ოსუარიუმად გამოიყენებოდა.[1]
ქრისტიანული ეკლესიების განსაკუთრებული ტიპი იყო ტრიკონქის გეგმის მქონე ეკლესიები. ისინი პატარაა, ერთნავიანი, ნართექსით ან მის გარეშე. მათი მთავარი თავისებურება იყო სამი კონქა (აფსიდა), რომლებიც განთავსებული იყო ნაოსის აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში. პატარა გუმბათი პირდაპირ კედლებს ეყრდნობოდა. კონქიანი ეკლესიები ძირითადად მონასტრებში გვხვდება და არ არის ისე დახვეწილი. მაგალითებია ეკლესია „წმინდა მთავარანგელოზების“ მონასტერში ტრანში, „წმინდა ნიკოლოზ მრაჩკი“ პეშტერსკის მონასტერში და სხვები.[1]
დეკორატიული ორნამენტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთავარი მახასიათებელი ტირნოვოს არქიტექტურული სკოლისა არის მდიდარი დეკორატიული ორნამენტები ნაგებობების ექსტერიერში. გამოიყენებოდა შერეული კონსტრუქციის ტექნიკა — ქვისა და აგურის სარტყლები ერთმანეთს ენაცვლებოდა.

ეს მეთოდი იყო რომაული არქიტექტურის მემკვიდრეობა (opus mixtum), მაგრამ ამ შემთხვევაში მას დაკარგული ჰქონდა საწყისი კონსტრუქციული დანიშნულება და გამოიყენებოდა ძირითადად მხატვრული მიზნით. ფართო ბათქაშის ნაკერებსაც დეკორატიული დანიშნულება ჰქონდა. მშენებელი ირჩევდა სხვადასხვა ტიპის ქვის მასალას (კირქვა, ტრავერტინი, მარმარილო, გრანიტი), ხოლო აგურებს ჰქონდა განსხვავებული ფორმა და ზომები და სხვადასხვა პოზიციაში ათავსებდნენ, რითაც ქმნიდნენ დეკორატიულ ორნამენტებსა და მონოგრამებს. ზოგჯერ გამოიყენებოდა უჯრედული ტიპის მეთოდი, სადაც თითოეული ქვის ბლოკი მთლიანად გარშემორტყმული იყო აგურებით. აგურები წითლად იღებებოდა კონტრასტის გასაზრდელად. ეკლესიების ფასადები დაყოფილი იყო ღრმა ნიშებით (ხშირად ორსაფეხურიანი), რომლებიც დეკორირებული იყო ფრენილი ბურჯებითა და თაღებით. კონსტანტინოპოლის ეკლესიებისგან განსხვავებით, ტირნოვოს არქიტექტურული სკოლის ნიშები არ შეესაბამება ინტერიერს (ფსევდო-კონსტრუქციული ნიშები) და გამოიყენებოდა მხოლოდ დეკორატიული მიზნით. დამატებითი დეკორაციის სახით გამოიყენებოდა თიხის წრეებისა და ოთხფოთლიანი მწვანე, ყავისფერი, ყვითელი ან ნარინჯისფერი მოჭიქული რიგები. ამ ტიპის დეკორაცია არაბულ არქიტექტურაში წარმოიშვა. ნესებირის ეკლესიებს „წმინდა იოანე ალიტურგეტოსსა“ და „ქრისტე პანტოკრატორს“ განსაკუთრებით მდიდრული დეკორაცია აქვს.
ზოგჯერ არქიტექტორები იყენებდნენ მხატვრობას გარკვეული ელემენტების დეკორირებისთვის. წმინდა დიმიტრი სოლუნელის ეკლესიის ნიშების ლუნეტები დედაქალაქში გალესილი და რომბული ნიმუშებით იყო მოხატული. ზოგიერთ ეკლესიაში კედლების მაღლა აშენებული იყო კონსოლები, რომლებზეც პატარა დეკორატიული თაღები იდო. სახურავები დაფარული იყო კრამიტით ან ტყვიის ფირფიტებით (წმინდა პეტრე და პავლეს თავდაპირველი საფარი ტირნოვოში), გუმბათი იყო ვიწრო და მაღალი, წრიული ან მრავალწახნაგოვანი ფორმის. მრავალწახნაგოვანი გუმბათები ხასიათდებოდა პატარა სვეტებით კუთხეებზე. ეკლესიების გარეგნობას ავსებდა ქანდაკებები და მხატვრობა.
მონასტრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
XIII საუკუნეში და განსაკუთრებით XIV საუკუნეში მონასტრების მშენებლობა აყვავდა. შენდებოდა როგორც პატარა მონასტრები, როგორიცაა ორმოცი წამებულის მონასტერი, ასევე დიდი სამონასტრო კომპლექსები. არასტაბილური ვითარების გამო ბევრი მონასტერი ციხესიმაგრეს ჰგავდა. მათ ჩვეულებრივ ჰქონდათ მართკუთხა ფორმა, შენობები გარს ერტყმოდა ეზოს, რომელშიც მთავარი ეკლესია მდებარეობდა. გარედან მათ ჰქონდათ კონტრფორსებით გამაგრებული მაღალი ქვის კედლები, და შიგნიდან იყო რამდენიმესართულიანი გალერეები, რომლებიც ბერების საცხოვრებლებისკენ მიემართებოდა. სამონასტრო კომპლექსები ასევე მოიცავდა სამეურნეო შენობებს, საწყობებსა და სახელოსნოებს. ამ ტიპის მაგალითებია ზოგრაფის მონასტერი ათონის მთაზე; ბაჩკოვოს მონასტერი ასენოვგრადის მახლობლად ან რილის მონასტერი. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე განადგურდა, ამ უკანასკნელის საერთო გეგმა ბულგარეთის მეორე იმპერიის ტრადიციებს მიჰყვება.
ჰესიხაზმის მზარდი გავლენით, XIV საუკუნის განმავლობაში კლდეში ნაკვეთი მონასტრები ფართოდ გავრცელდა. ბერების საცხოვრებელი და ეკლესიები პირდაპირ კლდეებში იყო გამოკვეთილი. დამატებული იყო ხის აივნები და კიბეები, რომელთაგან მხოლოდ კლდეებში არსებული ბუდეები შემორჩა. ასეთი ტიპის მონასტრები ძირითადად აშენდა ჩრდილო-აღმოსავლეთ ბულგარეთში, მდინარეების რუსე ლომის, შავი ლომისა და თეთრი ლომის გასწვრივ.
შუა საუკუნეების ბულგარეთში მონასტრების დიდი ნაწილი თავმოყრილი იყო ჩრდილოეთ სტარა პლანინაში, განსაკუთრებით დედაქალაქის გარშემო; სოფიის ჩრდილოეთით და სამხრეთით არეალებში; შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე; პიროტის გარშემო არეალსა და მაკედონიაში. ამ მონასტრებიდან ბევრს ეწოდებოდა პატარა ათონის მთა.
სამხედრო არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მეორე იმპერიის დროს ციხესიმაგრეები ჩვეულებრივ შენდებოდა ძნელად მისადგომ ადგილებზე (ბორცვები ან პლატოები) და ამით მკვეთრად განსხვავდებოდა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში არსებული მონუმენტური ნაგებობებისგან ბულგარეთის პირველი იმპერიის პერიოდიდან. ციხესიმაგრეების კედლები აშენებული იყო ქვებისგან, რომლებიც ერთმანეთთან ბათქაშით იყო შედუღებული; მათ ჰქონდა ორი მხარე და სივრცე მათ შორის ივსებოდა ხრეშისა და ბათქაშის ნარევით (ბლოკირება). შიგნიდან აშენებული იყო ხის ხარაჩო, რომელიც კედლებს ჩამოშლისგან იცავდა ბლოკირების გაშრობამდე. კედლების სიმაღლე და სისქე იცვლებოდა მიწის რელიეფის მიხედვით და ერთი ციხესიმაგრის კომპლექსის სხვადასხვა ნაწილში ზოგჯერ განსხვავდებოდა. კედლებისა და კოშკების ზედა ნაწილებს ჰქონდა დაკბილული ქონგურები. მეწყერისგან დამატებით დაცვად გამოიყენებოდა კონტრფორსები.
კოშკები განსხვავდებოდა ფორმით: კვადრატული, მართკუთხა (კოშკი ჩერვენში), წრიული, ოვალური, სამკუთხა, ცხენის ნალის ფორმის ან არაპროპორციული ფორმის. მათი პოზიციისა და ფუნქციების მიხედვით განსხვავდებოდა შესასვლელი, დამცავი, კიდურა ან წყლის კოშკები. ეს უკანასკნელი იყო კოშკი-ჭები, განთავსებული მდინარის უშუალო სიახლოვეს ისე, რომ მათი საძირკველი წყალს იწოვდა. ვეებერთელა ციხესიმაგრე ცარევეცს ტირნოვოში ჰქონდა ასეთი წყლის კოშკები. იქ მიღწევა შეიძლებოდა ვერტიკალური კედლებით მთავარი ციხე-სიმაგრიდან საიდუმლო გალერეების გავლით. ისინი უკიდურესად სასარგებლო იყო ხანგრძლივი ალყების დროს. ციხესიმაგრის ყველაზე ძნელად მისადგომ ადგილას იდგა ციტადელი: ცალკე გალავანი იმ შემთხვევისთვის, თუ გარე ტერიტორიებს მტერი დაიპყრობდა. ასეთი ციტადელების მაგალითები შეიძლება ვნახოთ შუმენის, ლოვეჩის, ჩერვენის, ოჰრიდის, დევოლის[2] და სხვა ციხესიმაგრეებში. დამატებითი დაცვის სახით ზოგიერთ ციხესიმაგრეს ჰქონდა წყლით სავსე

თხრილები. ამის კარგი მაგალითია ბაბა-ვიდა ვიდინში.
ბევრ შემთხვევაში ასეთი თხრილები არ იყო საჭირო ციხესიმაგრის კარგი მდებარეობის გამო. მდინარე იანტრა ორმაგ მრუდს აკეთებს დედაქალაქ ტირნოვოს ორი მთავარი ციხესიმაგრის, ცარევეცისა და ტრაპეზიცას გარშემო და ბუნებრივ წყლის დაბრკოლებად გამოიყენებოდა. ბევრი სხვა ციხესიმაგრე იყო დაცული მსგავსი გზით, როგორიცაა ჩერვენი ან პროსეკი. ზოგიერთ ზღვისპირა ციხესიმაგრეს (კალიაკრა, ნესებარი) ასევე ჰქონდა ბუნებრივი წყლის ბარიერი.

ზოგჯერ ციცაბო კლდეები საკმარისი დაცვა იყო და კედლები შენდებოდა მხოლოდ მოწყვლად ადგილებში. ასეთი ტიპის ციხესიმაგრის მაგალითია ბელოგრადჩიკის ციხესიმაგრე. ხშირად ეს გალავნები ჩვეულებრივ პლატოებს ან ბორცვებს ჰგავდა და ამიტომ მათ „დამალულ ციხესიმაგრეებს“ უწოდებდნენ. ამ ტიპის ბევრი ციხესიმაგრე იცავდა სტარა-პლანინას მთის გადასასვლელებს მეზიასა და თრაკიას შორის.
დაცვითი ნაგებობის განსაკუთრებული ტიპი იყო პირგოსი (ერთი კოშკი), რომელსაც დასავლეთ ევროპაში დანჯონს უწოდებდნენ. იგი აშენებული იყო ციხესიმაგრის შიგნით, სხვა ნაგებობებთან კავშირის გარეშე. თუ ციხესიმაგრის სხვა ნაწილები დაეცემოდა, ის იყო ბოლო თავშესაფარი დამცველებისთვი. პირგოსის მაგალითებია ნანგრევები მატოჩინაში (მდინარე ტუნჯას ახლოს), კოშკი სადოვოს მონასტერში და ჰრელიოს კოშკი რილის მონასტერში, აშენებული 1335 წელს, რომელიც სრულად არის შემონახული. იგი ხუთსართულიანია, 23,60 მეტრის სიმაღლის. მის საძირკველში მდებარეობს სარდაფი. ასევე ჰქონდათ ჭა, რომელიც დამცველებს ალყის დროს სუფთა წყლით ამარაგებდა. კოშკს მყარი კონტრფორსები იჭერდა. კოშკის თავზე განთავსებულია სამლოცველო. პირგოსის უმეტესობას ჩვეულებრივ ჰქონდა ოთხი ან ხუთი სართული. აქ ინახებოდა ყველაზე ძვირფასი საგნები (საგანძური და შემოწირულობები), ასევე ბიბლიოთეკა.
სამხედრო არქიტექტურას წმინდა ფუნქციური დანიშნულება ჰქონდა. მშენებელი არ მიჰყვებოდა ესთეტიკურ კრიტერიუმებს და იშვიათად აშენებდა დეკორატიულ ელემენტებს გამაგრებებზე. ფაქტობრივად, ბევრი ციხესიმაგრე იყო დიდი დამცავი სისტემების ნაწილი, რომლებიც მოიცავდა სასაზღვრო რეგიონებს ან გადიოდა ქვეყნის შუაში. უმნიშვნელოვანესი გამაგრების სისტემები იყო დუნაის გასწვრივ ჩრდილოეთით, სტარა-პლანინაში, შავი ზღვის გასწვრივ აღმოსავლეთით, როდოპებში სამხრეთით და მაკედონიაში სამხრეთ-დასავლეთით. დედაქალაქ ტირნოვოს გარდა, ძირითადი ბულგარული ციხესიმაგრეები მოიცავდა ვიდინს, სილისტრას, შუმენს, ჩერვენს, ლოვეჩს, სოფიას, პლოვდივს, ლიუტიცას, უსტრას, ოჰრიდს, სკოპიეს, ბიტოლას და მრავალ სხვას.
სასახლის მშენებლობა და ურბანული დაგეგმარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტირნოვოს დამცავი სისტემა შთამბეჭდავი იყო. შუა საუკუნეების დედაქალაქს ჰქონდა სამი გამაგრებული ბორცვი: ცარევეცი, ტრაპეზიცა და მომინა კრეპოსტი (დევინგრადი). მრავალი მონასტერი იყო შეყუჟული სვეტა გორას სიმაღლეებზე. ბორცვებს შორის მდებარეობდა რამდენიმე უბანი: ახალი ქალაქი (ასენოვა მაჰალა); უცხოელი ვაჭრების კვარტალი (ფრაზგრადი) და ებრაული კვარტალი; ყველა მათგანი გარშემორტყმული იყო კედლებით. იმპერატორებისა და პატრიარქის სასახლეები მდებარეობდა ყველაზე ძლიერად გამაგრებულ ბორცვზე, ცარევეცზე და ორივე მცირე ციტადელს ჰგავდა.
იმპერატორის სასახლე თავდაპირველად ბოლიარის ციხესიმაგრე იყო და ორი მთავარი რეკონსტრუქცია განიცადა ივან ასენ II-ის (1218-1241) და ივან ალექსანდრეს (1331-1371) დროს. მისი კედლების სისქე ორ მეტრს აღწევდა. შესასვლელ კარიბჭეებს იცავდა მრგვალი და მართკუთხა კოშკები, მთავარი შესასვლელი მდებარეობდა ჩრდილოეთი ფასადის მრგვალ კოშკში. ჩრდილო-დასავლეთის კიდურა კოშკი განსაკუთრებით მასიური იყო. შიგნიდან ნაგებობები აშენებული იყო შიდა ეზოს გარშემო, რომლის შუაში იდგა მდიდრულად მორთული სამეფო ეკლესია. უსწორმასწორო რელიეფის გამო ზოგიერთ შენობას ჰქონდა ორი, ხოლო სხვებს — სამი სართული.
პატრიარქის სასახლე ცარევეცის უმაღლეს წერტილზე მდებარეობდა და მთელ ქალაქს გადმოჰყურებდა. მისი გეგმა ჰგავდა იმპერიის სასახლისას. სქელი კედლები გარს ერტყმოდა პატიოს, რომელშიც მდებარეობდა ჯვარ-გუმბათოვანი ამაღლების ეკლესია. ორი მრგვალი კოშკის საძირკველი აღმოჩენილია, ერთი — სასახლის ჩრდილოეთ და მეორე — სამხრეთ ნაწილებში. მთავარი შესასვლელი იყო დასავლეთის მართკუთხა კოშკში. ოთხკუთხა სამრეკლო ესაზღვრებოდა წმინდა ამაღლების საპატრიარქო ტაძარს, რომლის არქიტექტურული დიზაინი უნიკალურია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის. საცხოვრებელი და საოფისე ნაწილები მდებარეობდა სამხრეთ ნაწილში.
სასახლეებს ქვისგან აგებდნენ. დიდი ქვის ბლოკები გამოიყენებოდა მხოლოდ ზოგიერთ ადგილას. გარედან მათ ჰქონდათ მკაცრი და მონუმენტური იერსახე. შთამბეჭდავი ნაგებობებისთვის არქიტექტორები იყენებდნენ შერეული მშენებლობის მეთოდებსა და დეკორატიულ ელემენტებს, ეკლესიების მსგავსად. სამწუხაროდ, მძიმე დაზიანების გამო, შეუძლებელია სასახლეების საერთო იერსახის ზუსტი აღდგენა. ზოგიერთი სათავსო მდიდრულად იყო მორთული მოზაიკებითა და კედლის მხატვრობით და, სავარაუდოდ, გამოიყენებოდა აუდიენციებისა და სამეფო აპარტამენტებისთვის. კედლებში ჩასმულია ანტიკური პერიოდის ქვის წარწერები. ისინი ძირითადადა ძველი რომაული ქალაქიდან ნიკოპოლის ად ისტრუმიდანაა, რომელიც მდებარეობდა ტირნოვოს ჩრდილოეთით 18 კმ-ში. ამ თავისებურებამ შთაბეჭდილება მოახდინა ბულგარელ კათოლიკე მთავარეპისკოპოს პეტრე ბოგდანზე, რომელმაც 1640 წელს ცარევეცი აღწერა.
ბორცვზე ასევე იყო მაღაზიები, სახელოსნოები, საწყობები და საცხოვრებლები, რომლებიც, სავარაუდოდ, ეკუთვნოდათ ხელოსნებსა და მსახურებს. ვიწრო ქუჩები მოკირწყლული იყო. აღმოჩენილია ეკლესიების, წყლის რეზერვუარებისა და ბოლიარების სახლების საძირკვლები. 12 მეტრის სიმაღლის კედლები მიჰყვება ბორცვის გვირგვინს. მთავარი კარიბჭე მდებარეობდა ციხესიმაგრის დასავლეთ ნაწილში. აქვე იყო სამი კოშკი, სამი კარიბჭე და მოძრავი ხიდი ციცაბო კლდეების თავზე. ცარევეცს ჰქონდა კიდევ ხუთი კარიბჭე. ასევე იყო საიდუმლო მიწისქვეშა გასასვლელები. სიმაღლეების ქვემოთ, მდინარის გასწვრივ, აშენებული იყო კედლების მეორე რგოლი, რომელიც ბორცვს გარს ერტყმოდა. დიდი ლავრას მონასტრის სიახლოვეს აღმოჩენილია ქვის ხიდის საძირკველი, რომელიც მდინარე იანტრაზე გადადიოდა.
მსგავსი გზით იყო ორგანიზებული მეორე დიდი ბორცვის, ტრაპეზიცას დამცავი სისტემა. მას გარს ერტყმოდა სქელი კედლები და ბევრი კოშკი და ჰქონდა ექვსი კარიბჭე. გათხრების დროს აღმოჩენილია პირგოსისა და 17 ეკლესიის საძირკვლები.
XIII და XIV საუკუნეებში ტირნოვოში ცხოვრობდა დაახლოებით 30,000 ადამიანი და იყო მეორე უდიდესი ქალაქი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლის შემდეგ.
საცხოვრებელი არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახლები მეორე ბულგარული იმპერიის დროს ძირითადად ორ მთავარ ტიპად შეიძლება დაიყოს მათი მაცხოვრებლების სოციალური სტატუსის მიხედვით.
ბოიარების სახლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
XIII-XIV საუკუნეებში ბოიარების სახლების ზოგადი ტიპის განსაზღვრა რთულია საკმარისი არქიტექტურული მონაცემების ნაკლებობის გამო. ცარევეცში სამეფო სასახლის ჩრდილოეთით აღმოჩენილია XIII საუკუნის დასაწყისის ბოიარის სახლის საძირკველი. მისი ზოგადი გეგმა იყო Г-ფორმისა და შედგებოდა საცხოვრებელი და სამეურნეო ნაწილისგან. მაღალი ქვის კედლები ეზოს სხვა მხრიდან კეტავდა. საცხოვრებელ შენობას ორი სართული ჰქონდა. პირველი სართული აშენებული იყო ქვით და იყოფოდა სამ იდენტურ ოთახად, რომელთაგან შუა ოთახი ეზოსკენ იყურებოდა; იქ იყო კარი. შემორჩენილია მეორე სართულის საყრდენი ორი სვეტის მარმარილოს საძირკველი და კიბის ნაწილები. მეორე სართული იყო რკალოვანი ფანჯრებით და შუა ოთახი, სავარაუდოდ, ღია იყო. სამეურნეო ნაწილს ჰქონდა ერთი სართული, დაყოფილი იყო რამდენიმე ნაწილად და ჰქონდა ეზოსკენ გამავალი ვერანდა. სამხრეთ-დასავლეთ კიდეში ჩანს პატარა საოჯახო ეკლესიის საძირკველი ერთი ნავით. მელნიკში არსებულ ბოიარის სახლს მსგავსი გეგმა აქვს და ასევე XIV საუკუნით თარიღდება.
მასობრივი საცხოვრებელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორე ბულგარული იმპერიაში ძირითადად გვხვდება ორი ტიპის მასობრივი საცხოვრებელი: ნახევრად ჩაღრმავებული სახლები და მიწისზედა სახლები. ნახევრად ჩაღრმავებული საცხოვრებელი ასევე შეიძლება დაიყოს ორ ტიპად: თანაბრად ჩაღრმავებული (დაახლოებით 150 სმ) და დახრილ რელიეფში ჩაღრმავებული, ამ შემთხვევაში უკანა ნაწილი სრულად მიწის ქვეშ იყო, ხოლო წინა ნაწილი გამოჩნდა. პირველი ტიპი აშენებული იყო ხით და იფარებოდა ჩალით ან ლერწმით. მსგავსი საცხოვრებლები ცნობილი იყო პირველი ბულგარული იმპერიის დროსაც. მეორე ტიპის სახლები აშენებული იყო ქვებით, შედუღებული ტალახით (მიწისზედა ნაწილებში) და სახურავი მზადდებოდა ხისგან. ჩაღრმავება აღწევდა ორ მეტრს და კარი გამოჩენილი ნაწილიდან იყო. იატაკი იფარებოდა აგურით ან ილესებოდა თიხით. გათბობისთვის გამოიყენებოდა ღუმელი და კვამლი გამოდიოდა სახურავზე არსებული ღიობიდან. ასეთი საცხოვრებლები ნაპოვნია მომინა კრეპოსტის დასავლეთ ფერდობებზე და ცარევეცის ბორცვის ფერდობებზე. ამ ტიპის სახლები ჯერ კიდევ VIII-XII საუკუნეებში იგებოდა და გამოიყენებოდა ოსმალთა ბატონობის პერიოდშიც.[3] ამ ტიპის ნაირსახეობაა ნახევრად ჩაღრმავებული სახლები, რომლებიც მთლიანად ქვისგან იყო აშენებული და ჰქონდა მეორე სართული. შუასაუკუნეების ბულგარულ ქალაქებში სახლების ყველაზე გავრცელებული ტიპი იყო მიწისზედა სახლები. მათი ნანგრევები ნაპოვნია ტარნოვოში, შუმენში, ლოვეჩში, ჩერვენში. ისინი ჩვეულებრივ იყო ორსართულიანი და ჰქონდა ერთი ან ორი ოთახი. შენდებოდა წინასწარ მოსწორებულ მიწაზე, ერთმანეთის მიჯრით და ჩვეულებრივ ეზოების გარეშე. მასალად იყენებდნენ ქვებს, შედუღებულ ტალახს ან ბათქაშს. სახურავი სავარაუდოდ ხისგან იყო დამზადებული. მათი მაცხოვრებლები სავარაუდოდ ხელოსნები ან არისტოკრატიის მსახურები იყვნენ. პირველი სართულები გამოიყენებოდა დუქნებისა და სახელოსნოებისთვის.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 "Старобългарско изкуство", Том ІІ - Никола Мавродинов, издателство "Наука и изкуство", София, 1959 г.
- ↑ "Каменните щитове" - Борис Чолпанов, "Военно издателство", София, 1989 г.
- ↑ Царстващият град Търновград. Археологически проучвания.", съставители Атанас Попов и Йордан Алексиев, издателство "Наука и изкуство", София, 1985 г.