შინაარსზე გადასვლა

ტიმბუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
ტიმბუ
ბერძ. Τύμβου
ქვეყანა კვიპროსის დროშა კვიპროსი
კოორდინატები 35°09′00″ ჩ. გ. 33°30′00″ ა. გ. / 35.15000000° ჩ. გ. 33.50000000° ა. გ. / 35.15000000; 33.50000000
ფართობი 27.4094 კმ²
ცენტრის სიმაღლე 112 მეტრი
მოსახლეობა 1 288 (1973)[1]
ოფიციალური საიტი http://www.tymbou.com
ქვეყანა (დე ფაქტო) ჩრდილოეთი კვიპროსის თურქული რესპუბლიკის დროშა ჩრდილოეთი კვიპროსი
ტიმბუ — კვიპროსი
ტიმბუ

ტიმბუ (ბერძ. Τύμβου ან Τύμπου; თურქ. Kırklar) — სოფელი კვიპროსის ცენტრალურ ნაწილში, მესაორიას ვაკეზე. ტიმბუ თურქეთის შეიარაღებული ძალების მფლობელობაშია და ჩრდილოეთი კვიპროსის კონტროლის ქვეშ იმყოფება. 1960 წლის შემდეგ სოფელი ექსკლუზიურად კვიპროსელი ბერძნებით იყო დასახლებული. 1973 წელს მათმა რაოდენობამ 1288 ადამიანს მიაღწია.[2] მკვიდრმა მოსახლეობამ სოფელი 1974 წელს, კვიპროსში თურქეთის შეჭრის შემდეგ დატოვა. 2011 წლის მონაცემებით, ტიმბუს მოსახლეობა 384 ადამიანს შეადგენდა.

ერჯანის საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს უშუალოდ სოფლის ჩრდილოეთით.

ტიმბუ მდებარეობს ნიქოზიის აღმოსავლეთით 17 კილომეტრში, ნიქოზია–ფამაგუსტას ძველი გზიდან ოდნავ მოშორებით. იგი გაშენებულია მესაორიას ვაკეზე, მდინარე იალიასის გვერდით, ზღვის დონიდან 110 მეტრის სიმაღლეზე. სოფლის სამხრეთით მდებარეობს ახლა უკვე დაუსახლებელი სოფლები მარგო და პიროგი, ხოლო ლურუჯინა, რომელიც ტიმბუდან სამხრეთით 14 კილომეტრშია, კვლავ დასახლებულია კვიპროსელი თურქებით.

ახლომდებარე აეროპორტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიმბუს აეროპორტი, რომელიც ერჯანის საერთაშორისო აეროპორტის წინამორბედია, ბრიტანელებმა მეორე მსოფლიო ომის დროს, კუნძულზე მათი კოლონიური მმართველობის პერიოდში, სამხედრო აეროდრომად ააშენეს. კვიპროსის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იგი მიატოვეს. თურქეთის შეჭრის შემდეგ აეროპორტი გააფართოვეს და დღეს ის ჩრდილოეთ კვიპროსის მთავარ სამოქალაქო აეროპორტად გამოიყენება.

მიიჩნევა, რომ სახელწოდება ტიმბუ მომდინარეობს აკლდამებიდან/სამარხებიდან (ბერძნულად: τύμβος), რომლებიც მდებარეობს დღევანდელი სოფლის ჩრდილოეთით, აეროპორტის მახლობლად არსებულ გამოქვაბულებსა და მღვიმეებში. ტიმბუს სახელწოდების პირველი წერილობითი ჩანაწერები გვხვდება ფრანკთა (ლუზინიანების) მიერ კუნძულის ოკუპაციის პერიოდის დოკუმენტში, კერძოდ, ფრანკთა მეფის, ჟაკ II-ის მმართველობის დროს (ახ. წ. 1460–1473 წლები). ამ დოკუმენტით აღნიშნულ ტერიტორიაზე ფეოდალური უფლებები პიერ კულს მიენიჭა.

ოსმალეთის პერიოდში, 1813 წლის მონაცემებით, ეს იყო დიდი ჩიფლიკი (სასოფლო-სამეურნეო მამული, რომელიც მოიცავდა მთელ სოფელს) და ეკუთვნოდა მდიდარ ბერძენ მიწათმფლობელს, დემეტრის პავლიდესს. 1821 წლიდან იგი ადგილობრივი თურქი ადმინისტრატორის, ჰალილ შინდარის საკუთრება გახდა. თურქული მმართველობის დასრულების შემდეგ მამული კვლავ ბერძნების ხელში დაბრუნდა.

სოფლის ბერძნული მოსახლეობა გაიზარდა 1881 წლის 278 ადამიანიდან 1133 ადამიანამდე 1960 წელს, ხოლო 1973 წლისთვის 1288-ს მიაღწია.

სოფლის ეკლესია, რომელიც აიოს იეორგიოსის სახელზეა ნაკურთხი, 1875 წელს აშენდა. თუმცა, ტაძარში არსებული ზოგიერთი ხატი XVII და XVIII საუკუნეებით თარიღდება.

სოფლის მახლობლად მდებარე ორმოცი მოწამის (Σαράνατα Μάρτυρες) სახელობის გამოქვაბული-ეკლესია მოგვიანებით მეჩეთად გადააკეთეს და უწოდეს ქირქლარი (Kirklar). სწორედ ეს სახელი უწოდა საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ტიმბუს.

  1. ↑ Cyprus census 1973 — 9 — CYSTAT.
  2. ↑ TYMBOU. PRIO Cyprus Centre. ციტირების თარიღი: 11 February 2015