შინაარსზე გადასვლა

ტიამპასაკის პროვინცია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
ტიამპასაკის პროვინცია
ლაოს. ຈຳປາສັກ
ქვეყანა ლაოსის დროშა ლაოსი
ადმ. ცენტრი პაქსე
შიდა დაყოფა District of Pāksē, Sanasomboun District, Batiengchaleunsouk District, Paksong District, Pathouphone District, Phonthong District, ტიამპატსაკი, Soukhoumma District, Mounlapamok District და Khong District
კოორდინატები 14°52′57″ ჩ. გ. 105°50′33″ ა. გ. / 14.88250° ჩ. გ. 105.84250° ა. გ. / 14.88250; 105.84250
ფართობი 15415 კვადრატული კილომეტრი
მოსახლეობა 694 023 (2015)[1]
სასაათო სარტყელი UTC+07:00
სატელეფონო კოდი 031
ტიამპასაკის პროვინცია — ლაოსი
ტიამპასაკის პროვინცია

ტიამპასაკის პროვინცია (ლაოს. ຈຳປາສັກ) — ლაოსის პროვინცია, მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ტაილანდისა და კამბოჯის საზღარზე. 2015 წლის აღწერის მონაცემებით, პროვინციაში ცხოვრობს 694 023 ადამიანი. დედაქალაქი არის პაქსე, პროვინციამ სახელი მიიღო ტიამპასაკის სამეფოს ყოფილი დედაქალაქის ტიამპასაკის სახელიდან.

ტიამპასაკის პროვინციას ჩრდილოეთით ესაზღვრება სალავანის პროვინცია, ჩრდილო-აღმოსავლეთით სეკონგის პროვინცია, აღმოსავლეთით ატაპეუს პროვინცია, სამხრეთით კამბოჯა და დასავლეთით ტაილანდი. მდინარე მეკონგი წარმოადგენს მეზობელ ტაილანდთან საზღვრის ნაწილს და მოიცავს სი-ფან-დონის („ოთხი ათასი კუნძული“) არქიპელაგს, რომელიც მდებარეობს პროვინციის სამხრეთით, კამბოჯის საზღვარზე.

ტიამპასაკს ცენტრალური როლი ეკავა სიამისა და ლაოსის ისტორიაში, სადაც ხშირად იმართებოდა ბრძოლები ტიამპასაკში და მის შემოგარენში.[2] მისი კულტურული მემკვიდრეობა მოიცავს ძველი ტაძრების ნანგრევებსა და ფრანგულ კოლონიურ არქიტექტურას. ტიამპასაკში არის დაახლოებით 20 ვატი (ტაძარი), როგორიცაა ვატ-ფოუ, ვატ-ლუანგი და ვატ-თამ-ფაი. მტკნარი წყლის დელფინები და პროვინციის მრავალი ჩანჩქერი ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენენ.[2]

ახ. წ. I-IX საუკუნეებში, ტიამპასაკის პროვინცია იყო ფუნანისა და შემდეგ ჩენლას სამეფოების ნაწილი. X-XIII საუკუნეებში იგი კხმერის იმპერიის ნაწილი გახდა. 1354 წელს ეს ტერიტორია მოხვდა მეფე ფა-ნგუმის და ლან-სანგის იმპერიის ხელში.[2][3] ანგკორის იმპერია დაშლის პროცესში დაიწყო XV-XVII საუკუნეებში, როცა იგი ლან-სანგის იმპერიამ დაიპყრო. 1707 წელს ტიამპასაკი გახდა სამი სამეფოსგან ერთ-ერთი, რომელიც ლან-სანგის იმპერიის დაშლის შედეგად წარმოიშვა. ამ სამეფოს მხოლოდ სამი მეფე ჰყავდა: სოი სისამუტი (1713–1737 წწ.), სურია ვანგასი და საინია კუმანი (1737–1791 წწ.) და ბოლოს ფაი ნა (1791–1811 წწ.). 1829 წელს სიამმა ტიამპასაკი დაიპყრო ჩაო ანუვონგის აჯანყების შემდეგ. პაქსე, პროვინციის დედაქალაქი, დააარსეს ფრანგებმა 1905 წელს როგორც ადმინისტრაციული პოსტი, მდინარე ქსე-დონის და მეკონგის შესართავთან.[3]

ტიამპასაკის პროვინციის ფართობია 15 415 კმ². მდინარე მეკონგი არის საზღვარი მეზობელ ტაილანდთან, და შემდეგ მკვეთრი მოსახვევის შემდეგ გადადის აღმოსავლეთით და მიედინება სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ პროვინციის გავლით, კამბოჯამდე. ტიამპასაკში შეიძლება შესვლა ტაილანდიდან სირინდჰორნის ოლქის ჩონგ-მეკის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან. დედაქალაქი პაქსე მდებარეობს ლაოსის ყველაზე მნიშვნელოვან საავტომობილო გზაზე, გზატკეცილი-13-ზე.[2][4]

სი-ფან-დონი მდებარეობს მეკონგის ნაკადზე, კამბოჯასთან საზღვრის ჩრდილოეთით. ამ კუნძულებიდან ყველაზე დიდი დონ-ხონგია, სადაც რამდენიმე პატარა სოფელი, ტაძარი და მღვიმეა. ფრანგების მიერ აშენებული ხიდი, რომელიც მიტოვებულ სარკინიგზო ხაზზეა, აკავშირებს ორი მცირე კუნძულს - დონ-დეთსა და დონ-ხონს.[2]

პროვინციაში მრავალი ჩანჩქერია, მათგან აღსანიშნავია ტად-სომპამიტი, რომელიც დონ-ხონის კუნძულზე, სოფელ ბან-ხონის დასავლეთით მდებარეობს. ჩანჩქერის ქვეშ, მეკონგის უფრო მშვიდ წყლებში, შეიძლება ნახოთ მტკნარი წყლის დელფინები. კჰონე-ფაფენგის ჩანჩქერი, რომელიც დონ-ხონის აღმოსავლეთით, ასევე მეკონგზე მდებარეობს, ჩამოედინება ლამაზი მრუდხაზოვანი ფორმის კლდოვან ფერდობებზე. 120-მეტრიანი ტად-ფანეს ჩანჩქერი ბოლავენის პლატოზე მდებარეობს და ეს არის ქვეყნის ყველაზე მაღალი ჩანჩქერი. იგი ფორმირდება მცირე მდინარეების ჩამპისა და პრაკუტის მიერ, რომლებიც გადმოედინება ზღვის დონიდან დაახლოებით 1 000 მ. სიმაღლიდან.[5]

დაცული ტერიტორიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქსე-პიანის ეროვნული ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის ტერიტორია (NBCA) მდებარეობს პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ხოლო დონგ-ჰუა-საოს ეროვნული დაცული ტერიტორია — აღმოსავლეთ ნაწილში.[6] ტკნარი წყლის დელფინების დაცვისა და კონსერვაციის ცენტრი კამბოჯის საზღვარზეა. მტკნარი წყლის დელფინები ადგილობრივად ცნობილია როგორც „პახა“ და ისინი მხოლოდ მეკონგის ამ კონკრეტულ მონაკვეთში გვხვდება. ნავების დაქირავება შესაძლებელია ამ გადაშენების პირას მყოფი დელფინების სანახავად, ბან-ხონიდან ან ბან-ვეუნხამიდან (კუნძულების სამხრეთ ბოლოში).[2]

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინცია შედგება შემდეგი რაიონებისაგან:[2][7]

რუკა კოდი სახელი მშობლიური სახელი
16-01 პაქსეს რაიონი ເມືອງປາກເຊ
16-02 სანასომბუნის რაიონი ເມືອງຊະນະສົມບູນ
16-03 ბატიენგტალეუნსუკის რაიონი ເມືອງບາຈຽງຈະເລີນສຸກ
16-04 პაქსონგის რაიონი ເມືອງປາກຊ່ອງ
16-05 პატუფონის რაიონი ເມືອງປະທຸມພອນ
16-06 ფონთონგის რაიონი ເມືອງໂພນທອງ
16-07 ტიამპასაკის რაიონი ເມືອງຈຳປາສັກ
16-08 სუხუმის რაიონი ເມືອງສຸຂຸມາ
16-09 მუნლაპამოკის რაიონი ເມືອງມູນລະປະໂມກ
16-10 კჰონგის რაიონი ເມືອງໂຂງ
  1. http://lao.unfpa.org/sites/default/files/pub-pdf/PHC-ENG-FNAL-WEB_0.pdf — გვ. 103.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 Destination: Champasack Province Destination. Laos Tourism Organization. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 1 November 2012
  3. 3.0 3.1 Burke, Andrew; Vaisutis, Justine (2007). Laos 6th Edition. Lonely Planet, გვ. 255–56. ISBN 9781741045680. 
  4. The Lao National Tourism Administration. Champassak Province. Ecotourism Laos. GMS Sustainable Tourism Development Project in Lao PDR. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 1 December 2012
  5. Mansfield, Stephen; Koh, Magdalene (1 September 2008) Laos. Marshall Cavendish, გვ. 10. ISBN 978-0-7614-3035-3. 
  6. Google Maps. Maps [map].
  7. Provinces of Laos. Statoids.com. ციტირების თარიღი: 1 November 2012