ტერეზა შლეზინგერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერეზა შლეზინგერი
გერმ. Therese Schlesinger-Eckstein

დაბადების თარიღი 6 ივნისი, 1863(1863-06-06)[1] [2]
დაბადების ადგილი ვენა[1] [3]
გარდაცვალების თარიღი 5 ივნისი, 1940(1940-06-05)[1] [2] (76 წლის)
გარდაცვალების ადგილი Blois[1] [3]
მოქალაქეობა  ავსტრია

ტერეზა შლეზინგერი (გერმ. Therese Schlesinger, დაბადებით ეკშტეინი; დ. 6 ივნისი, 1863 — გ. 5 ივნისი, 1940) — ავსტრიელი პოლიტიკოსი და ქალთა უფლებების აქტივისტი, სოციალისტი მწერალი[4].

იყო ერთ-ერთი პირველი ქალი სოციალ-დემოკრატი, რომელიც აირჩიეს ავსტრიის პირველი რესპუბლიკის პარლამენტში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერეზა შლეზინგერი დაიბადა 1863 წლის 6 ივნისს ვენაში. გაიზარდა ლიბერალურ ებრაელ მრეწველთა ოჯახში. მას ჰყავდა ერთი და და ორი ძმა.

ტერეზას არ მიუღია უმაღლესი განათლება. იგი ესწრებოიდა კერძო გაკვეთილებს და დაკავებული იყო თვითგანათლებით. 1894 წელს თავისი მეგობრის დახმარებით გაიცნო ფემინიზმის იდეები, იგი შეუერთდა ქალთა ასოციაციას Allgemeine Österreichischen Frauenverein. მალევე მოხვდა ავგუსტა ფიკერტის ნაცნობების წრეში. ტერეზამ მისი რჩევით დაიწყო გაზეთებისა და ჟურნალების სტატიების წერა. იგი წერდა ყოველკვირეული გაზეთის Volksstimme-ის ქალთა განყოფილებისათვის და გახდა ქალთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. იბრძოდა ქალთა უფლებებისთვის რათა მიეღოთ მათ უმაღლესი განათლება და ხმის მიცემის უფლება.

1896 წელს ტერეზა შლეზინგერმა და როზა მაირედერმა საკუთარი ქალთა ორგანიზაცია წარადგინეს ვენის ეთიკური საზოგადოების კონფერენციაზე და ისაუბრეს ვენის მუშების მდგომარეობაზე. კონფერენციაზე მათ დამყარეს თავიანთი პირველი კონტაქტები სოციალ-დემოკრატებთან. ამავე წელს ტერეზა სიტყვით გამოვიდა ბერლინის საერთაშორისო ქალთა კონგრესზე. მისი სიტყვა ეძღვნებოდა ავსტრიელ ქალთა მოძრაობას. მან დაიწყო სოციალური დემოკრატიის თეორიული საფუძვლების შესწავლა და მოისმინა ლექციები სოციალური ეთიკის შესახებ ვენის უნივერსიტეტში ემილია რეიხთან. 1897 წელს იგი გახდა ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1901 წელს იგი გახდა სოციალ-დემოკრატ ქალთა და გოგონათა ასოციაციის თანადამფუძნებელი. წერდა წიგნებს საზოგადოებაში ქალთა უფლებებზე, კითხულობდა ლექციებს და აქვეყნებდა სტატიებს სოციალ-დემოკრატების ყოველთვიურ გამოცემებში „Der Kampf“, „Arbeiter-Zeitung“ და „Die Unzufriedene“. პირველი მსოფლიო ომის დროს იყო პარტიის წამყვანი ფიგურა პარტიის მემარცხენეთა ფლანგზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვიქტორ ადლერი, ხოლო შემდეგ ოტო ბაუერი.

1918 წელს, როდესაც ძალაში შევიდა საყოველთაო საარჩევნო უფლება ქალებისათვის, ტერეზა შლეზინგერმა და ადელაიდა პოპმა დამფუძნებელი ეროვნული ასამბლეის მოახლოებული არჩევნების დღეს, რომელშიც პირველად მონაწილეობდნენ ქალები, გამოსცეს ყოველკვირეული „Die Vählerin“. ადეიაიდა პოპთან, ანა ბოშეკთან, გაბრიელა პროფტთან, მარია ტუშთან და ამალია ზაიდელთან ერთად იგი შევიდა პირველი ქალი-სოციალ-დემოკრატების სიაში, რომლებიც გახდნენ დამფუძნებელი ეროვნული კრების წევრები. 1919 წლიდან 1923 წლამდე ტერეზა იყო ავსტრიის ეროვნული საბჭოს წევრი, ხოლო შემდეგ 1930 წლამდე ავსტრიის ფედერალური საბჭოს წევრია. 1933 წელს ტერეზა შლეზინგერი გავიდა პარტიის მმართველი წრეებიდან. 1934 წელს პარტია არაკანონიერად გამოაცხადეს.

1938 წელს ავსტრიის ანშლუსის შემდეგ მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგა ებრაული წარმოშობის გამო და გაიქცა საფრანგეთში. ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა ქალაქ ბლუას სანატორიუმში და იქვე გარდაიცვალა 1940 წლის 5 ივნისს, 77-ე დაბადების დღის წინა დღეს. 2006 წელს მისი სახელი ეწოდა ვენის ერთ-ერთ მოედანს.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1888 წელს ტერეზა ეკშტეინი ცოლად გაყვა ვიქტორ შლეზინგერს, ბანკის თანამშრომელს. მათ 1890 წელს შეეძIნათ გოგონა ანა. მას მშობიარობის დროს შეეჭრა ინფექცია და მომავალი ორი წლის განმავლობაში გადაადგილდებოდა მხოლოდ ინვალიდის ეტლის საშუალებით და ყავარჯნებით. ავადმყოფობის პერიოდში, 1891 წლის 23 იანვარს, მისი მეუღლე გარდაიცვალა ტუბერკულოზით. ერთადერთი ქალიშვილი ანა ცოლად გაყვა ადვოკატ ჯოზეფ ფრეის და 1920 წელს თავი მოიკლა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Jutta Dick, Marina Sassenberg. Jüdische Frauen im 19. und 20. Jahrhundert. Lexikon zu Leben und Werk. Rowohlt, Reinbek 1993, ISBN 3-499-16344-6.
  • Gabriella Hauch. Schlesinger, Therese. In: Brigitta Keintzel, Ilse Korotin (Hrsg.): Wissenschafterinnen in und aus Österreich : Leben – Werk – Wirken. Wien : Böhlau, 2002 ISBN 3-205-99467-1, S. 650–655.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]