შინაარსზე გადასვლა

ტერეზა ფრანგი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერეზა ფრანგი

ტერეზას სიკვდილის შემდეგ შესრულებული პორტრეტი; ჟან-მარკ-ნატიე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 16 მაისი, 1736
დაბ. ადგილი: ვერსალის სასახლე, ვერსალი, საფრანგეთის სამეფო
გარდ. თარიღი: 28 სექტემბერი, 1744 (8 წლის)
გარდ. ადგილი: ფონტევროს სამეფო სააბატო, საფრანგეთის სამეფო
დაკრძ. ადგილი: ფონტევროს სამეფო სააბატო, საფრანგეთის სამეფო
სრული სახელი: მარი ტერეზა ფელისიტე ფრანგი
დინასტია: ბურბონები
მამა: ლუი XV
დედა: მარია ლეშჩინსკა

ტერეზა, საფრანგეთის პრინცესა[1] (ფრანგ. Marie Thérèse Félicité; დ. 16 მაისი, 1736 – გ. 28 სექტემბერი, 1744) − ფრანგი პრინცესა, „საფრანგეთის ქალიშვილი“, საფრანგეთის მეფე ლუი XV და მარია ლეშჩინსკას მეშვიდე ქალიშვილი.[2]

(შესაძლო) ტერეზას გარდაცვალების შემდეგ დახატული პორტრეტი, დევიდ ლუდეს მიერ.

პრინცესა მარი ტერეზა ფელისიტე საფრანგეთში, ვერსალის სასახლეში დაიბადა. ის მეფე ლუი XV და მისი პოლონური წარმოშობის მეუღლის, მარია ლეშჩინსკას მეშვიდე ქალიშვილი და მეცხრე შვილი გახლდათ. დაბადებიდან ცნობილი, როგორც მადამ სიქსიემი, ის მოგვიანებით მარი-ტერეზ-ფელისიტედ მოინათლა და ცნობილი გახდა, როგორც მადამ ტერეზა.

როგორც საფრანგეთის მეფის ქალიშვილი, ის fille de France-დ („საფრანგეთის ქალიშვილად“) ითვლებოდა. ამ წოდებამ მას საკუთარი თავისათვის სამეფო უდიდებულესობის ტიტულის დაძახების უფლება მისცა, ამავდროულად კი ის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ქალბატონი სამეფო კარზე დედისა და უფროსი დების შემდეგ. მიუხედავად ამისა, მეფის ქალიშვილებს ჩვეულებრივ „მადამ“ ეწოდებოდათ, რასაც თან მათი ნათლობის სახელი ერთვოდა. ლუი XV-ის ქალიშვილებს, სიყმაწვილეში, ნათლობის სახელები რიგითი ნომრებით შეუცვალეს. ეს ნომრები დაბადების თარიღებიდან მომდინარეობდა. ამის გამო, მადამ ტერეზას მადამ სიქსიემი, „მეექვსე ქალიშვილი“ ეწოდებოდა.

ორი წლისაც არ იქნებოდა, როდესაც ტერეზა საფრანგეთის ანჟუს პროვინციაში, ფონტევროს სამეფო სააბატოში წაიყვანეს. კარდინალი ფლერი, მეფის მთავარი მინისტრი, ფიქრობდა, რომ ვერსალში ყველა პრინცისა და პრინცესის აღზრდის ღირებულება ძალიან ძვირი დაჯდებოდა, მით უფრო ყველა იმ ფუფუნებით, რისი მოთხოვნის უფლებაც მათ ჰქონდათ.[3] ასე რომ ტერეზა თავის დებთან, საფრანგეთის პრინცესა ვიქტორიასთან (1733–1799), საფრანგეთის პრინცესა სოფისთან (1734–1782) და საფრანგეთის პრინცესა ლუიზასთან (1737–1787) ერთად გაემგზავრა ანჟუს პროვინციაში. შვილებთან დაშორების გამო, დედოფალი მეტად გაღიზიანდა, განაწყენდა და გადაწყვეტილების გაპროტესტება მრავალჯერ სცადა, მაგრამ ლუი XV ვერ გაბედა კარდინალის გადაწყვეტილებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ამრიგად, 1738 წლის ივლისისთვის მეფე-დედოფალს ერთ საძინებელში აღარ ეძინათ. პრინცესებმა ვერსალი 1738 წლის 6 ივნისს, სამხედრო ესკორტის თანხლებით დატოვეს. მათ თან ავეჯი და პირადი ნივთები წაიღეს.

ტერეზა ბავშვობაში ხშირად ავადმყოფობდა. მისი აღმზრდელი ამის მიზეზად რეგიონის თბილ კლიმატს ასახელებდა; ამასთან, ჰერცოგი დე ლუინსი აღნიშნავდა, რომ პრინცესა მეტად წააგავდა ბაბუამისს (დედის მხრიდან), პოლონეთის მეფე სტანისლას I. მოზარდ ტერეზას აღწერდნენ, როგორც ძალიან ნაზ პიროვნებას, ზრდილობიანი ხასიათით, ღვთისმოსავობითა და ცხოვრებაზე ღრმა შეხედულებებით. მისმა ფონტევროს აღმზრდელებმა გოგონა ძალიან მალე შეიყვარეს. დედოფალი და უფროსი და-ძმა სისტემატიურად უგზავნიდნენ წერილებს. პრინცესების დედა მარიას მრავალჯერ აეკრძალა ფონტევროში ქალიშვილების სანახავად ჩასვლა - ჯერ კარდინალ ფლერის, შემდეგ კი ლუი XV მიერ, რადგან მეფე თვლიდა, რომ ამ ორკვირიან მგზავრობებს მეტად დიდი ხარჯი ახლდა თან. ამის გამო, დეპრესიაში ჩავარდნილმა დედოფალმა ერთადერთ დარჩენილ გამოსავალს მიმართა და მონატრებულ ქალიშვილებს რეგულარულად სწერდა წერილებს, თან ურთავდა და უგზავნიდა სხვადასხვა საჩუქრებს.

1744 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, ტერეზა ყვავილით დაავადდა. მისი დედა და და-ძმა ამ დროს მეცში იმყოფებოდნენ, სადაც მეფის ავადმყოფობის გამო მოუწიათ ჩასვლა. ამავე წლის 27 სექტემბერს ის მონათლეს; ნათლიები მისი ექთანი და მსახურთუფროსი იყვნენ. მეორე დღეს რვა წლის პრინცესა გარდაიცვალა. გოგონას ფონტევროს სააბატოში ჩასვლის შემდეგ მშობლები არ ენახა. ჰერცოგ დე ლუინსის მოგონებების თანახმად, იმ დროისათვის, როდესაც ტერეზას ავადმყოფობის წერილებმა მეცამდე მიაღწია, გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო, რადგან ფოსტის გადატანას 20 დღის მგზავრობა დასჭირდა. განადგურებულმა დედოფალმა ამბის გაგების დღეს ყველას უარი გამოუცხადა აუდიენციებზე და მარტო დარჩენა ისურვა - აკრძალვა მის მეუღლე, მეფესაც ეხებოდა და ამის შესახებ დედოფალმა მას წერილით აცნობა. ლუი XV ამ დროისათვის ზედმეტად დაკავებული იყო; ის თავისი ერთ-ერთი საყვარლის - მარი ანა დე მეილის გულის მოგებას ლამობდა, ასე რომ მომხდარით დიდად არც შეწუხებულა.

მადამ ტერეზა ფონტევროს სააბატოში დამარხეს, რომელიც ადრე პლანტაგენეტის საგვარეულოს ჩამომავლების ტრადიციულ საფლავად ითვლებოდა. 1744 წლის ოქტომბერში პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მესა ჩატარდა მისი სულისთვის, რომელსაც მეფე, დედოფალი და პრინცესის უფროსი და-ძმები ესწრებოდნენ.[4]

  • Zieliński, Ryszard (1978). Polka na francuskim tronie. Czytelnik.
  • Stryienski, Casimir (1912). The Daughters of Louis XV: (mesdames de France)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Nicolas Louis Achaintre's Histoire généalogique et chronologique de la maison royale de Bourbon, Vol. 2, pp. 153, 154, 155.
  2. (1768) Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans (fr). Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel, გვ. 12. 
  3. Latour, Louis Therese (1927). Princesses Ladies and Salonnières of the Reign of Louis XV. Kegan Paul, Trench, Trubner & Co., გვ. n37. 
  4. Żychliński, Teodor (1882). Złota księga szlachty polskiéj: Rocznik IVty (pl). Jarosław Leitgeber, გვ. 1. ციტირების თარიღი: 1 August 2018. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტერეზა_ფრანგი“-დან