ტელეფისის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტელეფისის ციხეVI საუკუნის ციხესიმაგრე საქართველოში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდება ტელეფისი ისე ჰგავს ზემო იმერეთში არსებული სოფლის, ტელეფას სახელწოდებას, რომ ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებული იყო აზრი ტელეფასა და ტელეფისის იგივეობის შესახებ. ამ აზრს იზიარებდნენ მარი ბროსე, ივანე ჯავახიშვილი. სიმონ ყაუხჩიშვილმა აკაკი შანიძის დახმარებით და 1935 წელს ჩატარებული ექსპედიციის შედეგად დაადგინა, რომ ტელეფისის ციხე მდებარეობს ისტორიულ გურიაში, სამტრედიის რაიონში, საჯავახოს სასოფლო საბჭოში, სოფელ ტოლებში, მდინარე ხევისწყლის ნაპირებზე.

ციხე მდებარეობს მაღალ მთაზე, რომელსაც ციცაბო ფერდობები აქვს. ასვლა შესაძლებელია მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან. ჩრდილოეთის ფერდობ კლდოვან-ნაპრალიანია. ამ მთის პირდაპირ დგას მეორე მთა, მორეშავი. მთებს შორის მოედინება მდინარე ხევისწყალი, რომელიც 1,5 კილომეტრში ჩაედინება რიონში. ტელეფისის ციხე ზემოდან, დაახლოებით ორი კილომეტრის მანძილიდან დაჰყურებს მდინარე რიონისა და ცხელინისწყლის შესართავს. სავარაუდოა, რომ რიონის კალაპოტი ადრე სამხრეთით, უშუალოდ ციხის ახლოს უნდა ყოფილიყო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტელეფისი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ეგრისის დიდი ომის დროს, როდესაც ამ ციხესთა გადიოდა ბიზანტია-ირანის საზღვარი და 553 წელს გაიმართა ტელეფისის ბრძოლა. ციხის შესახებ ცნობები დაცული აქვთ ბიზანტიელ ისტორიკოსებს პროკოპი კესარიელსა და აგათია სქოლასტიკოსს.

გვიანფეოდალურ ეპოქაში ციხესიმაგრე შედიოდა ჯერ ჭილაძეების სათავადოში, შემდეგ კი საჯავახოში.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხეს უჭირავს 2 ჰექტარის ფართობი. ქვედა ნაწილი ნაგებია თლილი ოთხკუთხი ქვებით, ზემო ნაწილი კი რიყის ქვით. სამხრეთ-დასავლეთ კედელს მიშენებული აქვს ყრუ კოშკი. კოშკიც ოთხკუთხი ქვებისგანაა ნაგები და აქა-იქ უსისტემოდ დატანებული აქვს აგური. დასავლეთის კედლის სიმაღლე 20-25 მეტრს აღწევს., ხოლო სისქე 3,6 მეტრია. კედელი მთლიანად ოთხკუთხი ქვებითაა ნაგები. მას ძირის ერთ ნაწილში თლილ კვადრებზე მისდევს აგურის ნაგებობა. აგური ამ კედელში 11 წყობადაა დალაგებული და წყობები დუღაბითაა შეკავშირებული. აგური კვადრატულია. აგურიანი კედელი მხოლოდ დასავლეთითაა შემორჩენილი, თუმცა, სავარაუდოდ, აგურის პერანგი მთელ ციხეს ჰქონდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „საქართველოს არქეოლოგია“ / რედ: აფაქიძე ა., თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 357.
  • ყაუხჩიშვილი ს., ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. III, ტფილისი: ტფილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1936. — გვ. 311-316.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]