შინაარსზე გადასვლა

ტელეპორტაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტელეპორტაცია — სხეულის სივრცის ერთი წერტილიდან მეორეში ფიზიკური გადაადგილების გარეშე გადაცემას ეწოდება. ტელეპორტაცია ფიქტიური ფიზიკური მოვლენაა და იგი ფართოდ გამოიყენება სამეცნიერო ფანტასტიკაში. ტელეპორტაცია მიიღწევა ტექნოლოგიური საშუალებებისა და ხერხების გამოყენებით. თეორიულად ტელეპორტაციის რამდენიმე ხერხია აღმოჩენილი, პრაქტიკულად კი მხოლოდ ერთი — კვანტური ტელეპორტაცია იქნება დადასტურებული.

2001 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების ხელმძღვანელობამ დოქტორ ერიკ დეივისს (Dr. Eric W. Davis) დაავალა ტელეპორტაციის მეცნიერი შესწავლა. დოქტორმა დეივისმა თავისი გამოკვლევების შედეგები წარმოადგინა 2004 წლის 1-ელ აგვისტოს. ამ მოხსენებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია სამეცნიერო წრეებში, რამეთუ თავის მოხსენებაში იგი რეკომენდაციას იძლეოდა გაღრმავებულიყო ფსიქიკური ტელეპორტაციის შესწავლა.

დოქტორმა დეივისმა თავისი გამოკვლევების დროს ტელეპორტაციის კონცეფცია ხუთ დასად დაჰყო:

  • sf-ტელეპორტაცია (sf როგორც science-fiction (ინგ.) — სამეცნიერო ფანტასტიკა) არის „ადამიანების ან ინერტული სხეულების „უსაგნო“ გადაადგილება სივრცეში განვითარებული ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით“. მოხსენებაში ფაქტობრივ მეტი არაფერია ნათქვამი sf-ტელეპორტაციის შესახებ და იგი გამოკვლევის მიღმაა დარჩენილი.
  • VM-ტელეპორტაცია (VM როგორც metric of the vacuum (ინგ.) — ვაკუუმის მეტრიკა) არის „ადამიანების ან ინერტული სხეულების „უსაგნო“ გადაადგილება სივრცეში ვაკუუმის თვისებებისა თუ სივრცე-დროის მეტრიკის (გეომეტრიის) შეცვლის გზით“. ამ ტიპის ტელეპორტაციაში გამოყენებული ხერხები ისეთ თეორიულ ცნებებს ემყარებიან როგორიცაა ნულოვანი წერტილის ენერგიის გამოყენება, სივრცე-დროის სიმრუდის ადგილობრივი დეფორმაცია ჭიახვრელის შესაქმნელად და ვაკუუმის გამტარობისა და სინათლის სიჩქარის შეცვლა. მოხსენება მხარს უჭერს ამ მიმართულებით თეორიული და ექსპერიმენტული კვლევების წარმართვასა და გაძლიერებას.
  • Q-ტელეპორტაცია (Q როგორც quantum (ინგ.) — კვანტი) არის „ერთი კვანტური სისტემის მდგომარეობისა და მისი კორელაციების უსაგნო გადაადგილება სივრცეში მეორე სისტემისაკენ. სადაც სისტემა შეიძლება აღნიშნავდეს ნივთიერებისა თუ ენერგიის განმხოლოებულ ან დაჯგუფებულ ნებისმიერ ნაწილაკს, მაგ.: ბარიონებს (პროტონი, ნეიტრონი და სხვ.), ლეპტონებს (ელექტრონი, პოზიტრონი და სხვ.), ფოტონებს, ატომებს, იონებს და ა.შ. მოხსენების ეს ნაწილი აღწერს პროცედურას, რომელიც მოგვაგონებს სერიალ Star Trek-ში გამოყენებულ ტელეპორტაციის ხერხს : გადასაგზავნი ნივთისა თუ არსების შემადგენელი ყველა ნაწილაკის ზედმიწევნით ანალიზი, ნივთის (არსების) დემატერიალიზაცია, ნივთიერებისა და მასთან დაკავშირებული კვანტური ინფორმაციის გადაცემა და ნივთის (არსების) აღდგენა დანიშნულების წერტილში. ეს მეთოდი იყენებს კვანტურ ტელეპორტაციას კვანტური ინფორმაციის გადასაცემად კვანტური ჩახლართულობის გზით. მოხსენებსი დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად მნიღვნელოვანი წარმატებებისა კვანტური ტელეპორტაციის სფეროში, მეცნიერება ჯერჯერობით უძლურია განახორციელოს თუნდაც რთული ნივთების, გინდაც მარტივი უჯრედების, ტელეპორტაცია. მოხსენება აყენებს წინადადებას, რომ გაღრმავდეს ამ სფეროში ამჟამად წარმოებული სხვადასხვა გამოკვლევა.
  • E-ტელეპორტაცია (E როგორც exotic (ინგ.) — ეგზოტიკური) არის „ადამიანების ან ინერტული სხეულების „უსაგნო“ გადაადგილება სივრცის სხვა განზომილებათა თუ პარალელურ სამყაროთა გამოყენების გზით“. მოხსენების ამ ნაწილში დოქტორი დეივისი მოკლედ მიმოიხილავს განსხვავებულ თეორიებს (მარვალობითი სამყარო, სიმთა თეორია და ბრანული კოსმოლოგია...), რომლებიც ვარაუდობენ ჩვენთვის ცნობილი 4 განზომილების გარდა სხვა განზომილებების ან ჩვენის სამყაროს პარალელური სამყაროების არსებობას. E-ტელეპორტაციის იდეის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ეს განზომილებები და სამყაროები გამოყენებულ იქნეს როგორც ერთგვარი მოკლეზე მიმავალი გზა, რომელიც მოგვცემდა ჩვენი ფიზიკური სამყაროს ორ უკიდურესად დაშორებულ წერტილს შორის სწრაფი მოგზაურობის საშუალებას. მოხსენება ასკვნის რომ ეს თეორიები მიუხედავად მათი მომხიბვლელობისა იმდენად ნედლი და უმწიფარია სადღეისოდ, რომ ძალიან ადრეა მათ პრაქტიკულ გამოყენებაზე ფიქრი.
  • p-ტელეპორტაცია (p როგორც parapsychologic (ინგ.) — პარაფსიქოლოგიური) არის „ადამიანების ან უსულო საგნების გადაადგილება პარანორმალურ საშუალებათა გამოყენებით“. დეივისის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ მოიუხედავად გასულ საუკუნეში ამ მოვლენის ირგვლივ დადასტურებული მრავალი თაღლითობისა, სამხედრო და სამოქალაქო მკვლევართა მიერ ბოლოს ხანებში მოპოვებულ იქნა დამაფიქრებელი შედეგები და რომ ამ სფეროში საჭიროა კვლევების განგრძობა.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: