ტბის კალმახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტბის კალმახი

ტბის კალმახი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ორაგულისნაირნი
ოჯახი:  ორაგულისებრნი
ქვეოჯახი:  ორაგულისებრნი
ქვესახეობა:  ტბის კალმახი
ლათინური სახელი
Salmo trutta lacustris

ტბის კალმახი,[1] რომანოვის კალმახი (ლათ. Salmo trutta lacustris) — თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა. კუმჟას ქვესახეობა.[2] გამსვლელი თევზია. დიდი თავი და ფართო პირი აქვს. თვალები საშუალო ზომისაა. ზოგადად, სხვადასხვა შეფერილობა აქვს, ჩვეულებრივ, კი მუქი ფერისაა. ზურგი მოშავო და მუქი-ყავისფერია, გვერდები ყავისფერი და მუქი-ვერცხლისფერი, მუცელი ღია ჩალისფერი ან მუქი-მოყვითალო. სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა 7 წელი.[3]

აღწერილია ტბის კალმახის სხეულის მაქსიმალური სარეკორდო სიგრძე 140 სმ და წონა 50 კგ. ჩვეულებრივ, მისი წონა 4–20 კგ-ს აღწევს. მისი სხეულის საშუალო სიგრძეა 50–120 სმ. ცხოვრობს ცივ, გამჭვირვალე, ჟანგბადით მდიდარ წყალში. ტოფობს სწრაფ, ჭორომიან მდინარეებში.[1]

ტბის კალმახი გვხვდება საქართველოშიც, მოიპოვება რიწისა და ფარავნის ტბებში,[4] თუმცა, აღსანისნავია, რომ ბოლო 20–25 წლის მანძილზე ტბის კალმახი საქართველოში არ დაფიქსირებულა და შესაბამისად, იგი ჩვენში გადაშენებულად მიიჩნეოდა. 2015 წელს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში იქთიოლოგიური სამეცნიერო კვლევითი ექსპედიციის შედეგად ტბის კალმახი აღმოაჩინეს და მოპოვებული თევზი ცოცხალ მდგომარეობაში კვლავ გარემოში დააბრუნეს.[5] საქართველოში ტბის კალმახის ბინადრობის შესახებ ინფორმაცია 1896 წელს რუსმა იქთიოლოგმა თედორე კავრაისკიმ გამოაქვეყნა, რომელმაც ტაბაწყურში მობინადრე კალმახი ცალკე ფორმის სახით აღწერა და რუსეთის იმპერატორის პატივსაცემად Salmo lacustris var. Romanov უწოდა.[3] ტბის კალმახი შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში[6] და მისი ჭერა მთელი წლის განმავლობაშია აკრძალული.[7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ნინუა ნ., ჯაფოშვილი ბ., ბოჭორიშვილი ვ., საქართველოს თევზები, თბ.: ემ-პი-ჯი, 2014. — გვ. 84.
  2. Salmo trutta subsp. lacustris Linnaeus, 1758
  3. 3.0 3.1 ცისარტყელა კალმახი წარმოების ტექნოლოგია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-20. ციტირების თარიღი: 2020-04-26.
  4. Расс Т.С. Жизнь животных. Том 4, часть 1. Рыбы. Под ред. проф. Т. С. Расса. - М.: Просвещение, 1971.
  5. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თევზის უიშვიათესი სახეობა „ტბის კალმახი“ აღმოაჩინეს
  6. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-21. ციტირების თარიღი: 2020-04-26.
  7. ფარავნის კალმახი — საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება