ტბელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ტბელები — დიდ აზნაურთა საგვარეულო IX-X საუკუნეების საქართველოში. სახელწოდება მიიღეს თავიანთი მამულიდან – შიდა ქართლის ტბეთიდან.

X საუკუნეში ტბელები ყველაზე დიდი ფეოდალური საგვარეულო იყო შიდა ქართლში. საფეოდალო მდებარეობდა ლიახვის ხეობაში (სოფლები: ტბეთი, ერედვი, ნიქოზი, ბორცვისჯვარი, დოდოთი და სხვ.). მათი საგვარეულო ტაძრები იყო ერედვის წმინდა გიორგის, სოფელ დოდოთის ცხრაკარისა და სოფელ ტბეთის ბორცვისჯვრის ეკლესიები. საგვარეულოს ერთ-ერთი წარმომადგენელი ივანე ტბელი (X საუკუნის I მეოთხედი) ქართლის ფეოდალ-სენიორი და ერისთავი ყოფილა. შემდეგში ტბელებმა დაკარგეს ერისთავობა (ქართლის ერისთავებად აფხაზეთის მეფეები ნიშნავდნენ დასავლეთ საქართველოს დიდ ფეოდალებს), მაგრამ მაინც ძლიერ ფეოდალურ სახლს წარმოადგენდნენ. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ როგორც აფხაზთა (დასავლეთ საქართველო) მეფეების, ისე ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონების მისწრაფებას, ხელთ ეგდოთ ქართლი.

920-იან წლებში ტბელებმა მხარი დაუჭირეს ქართლის გამგებელს კონსტანტინეს, აფხაზთა მეფის გიორგი II-ის ძეს, მამის წინააღმდეგ აჯანყებაში. აჯანყების ჩახშობის შემდეგ მეფე გიორგიმ სასტიკად დასაჯა შვილი, ზოგიერთი ტბელი მშვიდობით გაუშვა, ზოგი კი ვასპურაკანში გადაასახლა. შესაძლოა ვასპურაკანში გადასახლებული ტბელების შთამომავალი იყოს XIII საუკუნეში სტეფანოზ ორბელიანის თხზულებაში მოხსენიებული ივანე ტბელი რომელიც ვასპურაკანის დედაქალაქ დვინში ცხოვრობდა. X საუკუნის 80-იან წლებში ტბელები სათავეში ჩაუდგნენ ქართლის აზნაურების ბრძოლას ბაგრატ III-ის წინააღმდეგ, მაგრამ დამარცხდნენ 982 წლის ახლოს სოფელ მოღრისთან ბრძოლაში. საგვარეულოში ყველაზე გავრცელებული სახელები იყო ქავთარი და ივანე, გვხვდება ასევე პატრიკი, ოქროპირი და აბაზი. სახელი პატრიკი შესაძლოა, იმის მანიშნებელი იყოს, რომ ტბელებს IX ან X საუკუნეში ჰქონდათ ბიზანტიური ტიტული პატრიკი (VII საუკუნეში გამოითქმოდა როგორც „პატრიკოსი“), რომელიც შემდეგ საკუთარ სახელად იქცა ამ საგვარეულოში. სახელი „აბაზი“ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვივარაუდოთ მათ კავშირზე აბაზასძეებთან (შესაძლოა ტბეთის ბორცვისჯვრის ეკლესიის ამჟამად დაკარგულ წარწერაში მოხსენიებული აბაზ ტბელის ძე ივანე არის ივანე აბაზასძე). ზოგიერთი მონაცემით ტბელებს უკავშირდება ქართლის მეორე წარჩინებული საგვარეულო – ფავნელები, რომელთა მემკვიდრეები - სურამელებიც ქართლის ერისთავები იყვნენ XIII საუკუნეში. ისტორიკოს ზაზა ალექსიძის აზრით, „მატიანე სუანეთის კრებისაჲ“-ში მოხსენიებულია ტბელიანები და სპანდაღუდიანებიც ტბელების შთამომავლები არიან.

გენეალოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შოშიაშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 680, თბ., 1985 წელი.
  • ზაზა ალექსიძე. ბიზანტიის იმპერიის უცნობი ქართველი დიდი მოხელე და მისი საგვარეულო // ანალები. ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრი. თბ.: ეძღვნება ნანა ხაზარაძის საიუბილეო თარიღს. - 2011. - #7. – გვ. 29-59.