ტაძრისის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტაძრისის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისის განაპირას. დღესდღეობით სამონასტრო ნაგებობათაგან მთავარი ეკლესიის გარდა შემორჩენილია დანგრეული მცირე სამლოცველო მის გვერდით.

ეკლესია ნაგებია გარედან და შიგნიდან ღია ფერის საშუალო ზომის ქვიშაქვით. საშენი მასალის დამუშავების ხასიათით ტაძრისის ეკლესია ძლიერ წააგავს საკირეს სასაფლაოს ეკლესიას. შუა ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. თითო შედარებით მომცრო არია გაჭრილი ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებში. შუა ეკლესიას აქვს ორი სარკმელი, ერთი აქვს აფსიდში, ხოლო მეორე კი დასავლეთ კედელში. აფსიდის ცენტრში სადა ტრაპეზიის ქვაა, რომელიც კედელზეა მიდგმული. ტაძარს ხელოვნებათმცოდნეობითი ანალიზის საფუძველზე X საუკუნის II ნახევრით ათარიღებენ. გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში ვკითხულობთ:

ვიკიციტატა
„ვითარცა იქმნა იგი შჳდის წლის, აღთქუმა იგი აღასრულეს მშობელთა მისთა და მასვე ზემოჴსენებულსა მონასტერსა ტაძრისს დისა თჳსისა თანა ღმრთისა შეწირეს, და ჰმადლობდეს ღმერთსა მომცემელსა კეთილისა მის ნაყოფისასა.“

ამის შემდეგ დიდი ქართველი მწიგნობარი გიორგი მთაწმინდელი აღნიშნულ მონასტერში 3 წლის განმავლობაში (1016-1019 წწ.) იზრდებოდა.

2005 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის ფინანსური მხარდაჭერით ტაძრისის წმიდა გიორგისა და ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესიებს აღდგენითი და საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა. 2009 წლის 10 ივლისს ღირსი გიორგი მთაწმინდელის ხსენების დღეს აღნიშნულ მონასტერში საზეიმო წირვა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აღავლინა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბალახაშვილი ვ., ტაძრისის მონასტერი, წიგნში: ღირსი გიორგი მთაწმინდელი (ათონელი) 1000, თბილისი-ბორჯომი, 2009
  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. 1, თბ., 1964
  • ბერძენიშვილი დ., "ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ზემო ქართლი – თორი, ჯავახეთი", თბ., 1985
  • გელაშვილი ბ., ბორჯომის ხეობა XI-XIII საუკუნეებში, თბ., 2013
  • ელიზბარაშვილი ირ., ახალაია ლ., ბოჭოიძე მ., ტაძრისის მონასტრის წმ. გიორგის ეკლესიაზე ჩატარებული გაწმენდით-სარესტავრაციო სამუშაოების შედეგები, საქართველოს სიძველენი, თბ., 2005, #7-8.
  • მაკალათია ს., ბორჯომის ხეობა, თბ., 1957
  • ტაძრისის მონასტრის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია წიგნში: არქიტექტურის რეტავრაცია საქართველოში. ისტორიოგრაფია, ტრადიცია, გამოცდილების ანალიზი, თბ., 2012
  • ხოშტარია დ., ჯავახეთის საეკლესიო ხუროთმოძღვრების ზოგიერთი თავისებურება ლიტერატურა და ხელოვნება 1997, # 1-2