ტაშისკარის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტაშისკარის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაშისკარში.

ეკლესია მდებარეობს სოფლის სამხრეთ-დასავლეთით, აკვანის სერის ძირში, სასაფლაოზე. ის ძველ, სამნავიანი ტაძრის საძირკველზეა აშენებული 1897 წელს. შენობა დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვითა და უხეშად დამუშავებული ქვიშაქვის კვადრებით. დასავლეთით (ამოქოლილია) და სამხრეთით შიგნიდან თაღოვანი, ხოლო გარედან სწორკუთხა შესასვლელებია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია შიგნიდან თაღოვანი გარედან სწორკუთხა სარკმელი. ორი ასეთივე სარკმელი სამხრეთის, ხოლო თითო ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლებშია. აფსიდში სარკმლის გვერდებზე თითო თაღოვანი ნიშია. საკურთხეველი და არდაბაგი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. საკურთხევლის სარკმლის წინ სატრაპეზო ქვა დგას. აღმოსავლეთ ფრონტონში ქვიშაქვის კვადრზე ამოკვეთილია რელიეფური ჯვარი და ეკლესიის აგების თარიღი. სამხრეთის შესასვლელი ორლილვიან თაღოვან ჩარჩოშია ჩასმული, კარის არქიტრავზე გამოსახული ჯვრის მარცხნივ ამოკაწრულია ეკლესიის აგების თარიღი, ხოლო მარჯვნივ გამოსახულია ხელის გაშლილი მტევანი. სამხრეთ-დასავლეთით წაგრძელებული სამრეკლოა აღმართული. ეკლესიის გარშემო ძველი საფლავის ქვებია. ც. ჩაჩხუნაშვილის 2008 წელს შედგენილი სააღრიცხვო ბარათი ტაშისკარი თანამედროვე ადმინისტრაციული დანაწილებით ხაშურის რაიონს ეკუთვნის, თუმცა იგი ისტორიული მხარე თორის კარიბჭეს წარმოადგენდა. ამ ადგილას ორი ისტორიულ-გეოგრაფიული ერთეულის - შიდა ქართლისა და თორის საზღვარი გადის. სოფლის ზევით, ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე ბერძენი ოსტატების მიერ XIX საუკუნის დასასრულს აგებული, ახლად გარემონტებული და მოხატული ეკლესია დგას. იგი ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვით. კუთხეებში და ღიობების ირგვლივ კარგად გათლილი ქვებია შემოყოლებული. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, გეგმა სწორკუთხედს წარმოადგენს. აღმოსავლეთი ფასადის ზედა ნაწილში, სპეციალურად ჩასმულ ქვაზე მოთავსებულია ჯვრის გამოსახულება და ეკლესიის აგების თარიღი. შესასვლელები სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. სამხრეთი შესასვლელი გაფორმებულია ტიმპანით, სადაც ცენტრში დაბალი რელიეფით შესრულებული ჯვარია გამოსახული. მისგან მარჯვნივ - ხელის მტევანი, ხოლო მარცხნივ ეკლესიის აგების თარიღი - 1898 წ. შიდა სივრცე აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, დასავლეთით პატრონიკეა მოწყობილი, სადაც დარბაზიდან შეიძლება კიბით მოხვედრა. ეკლესია განათებულია ექვსი სარკმლით, რომელთაგან ორ-ორი გრძივ კედლებშია განთავსებული, ხოლო თითო-თითო აღმოსავლეთით და დასავლეთით. ნაგებობის კამარა განახლებულია, სახურავი დაბურულია თუნუქით. ინტერიერში კედლები შელესილია, საკურთხეველში ახლად შესრულებული მოხატულობაა. მის წინ კანკელია აღმართული. ტაშისკარის წმ. გიორგის ეკლესია ბერძენი ოსტატების მიერ აგებული ტიპური, რიგითი ნაგებობაა. ამ ადგილზე იდგა უფრო ძველი ეკლესია, რომლის ქვები XIX საუკუნეში გამოიყენეს ახალ მშენებლობაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7653