ტატიშჩევის ელჩობა
ტატიშჩევის ელჩობა — 1604—1605 წლებში, რუსეთის სახელმწიფოს ელჩობა კახეთისა და ქართლის სამეფოებში. მეთაურობდა თავადი მიხეილ იგნატის ძე ტატიშჩევი, ელჩობა შედიოდა დიაკი ანდრეი ივანოვი. ელჩებს კახეთის მეფე ალექსანდრესათვის უნდა ეცნობებინათ, რომ მისი თხოვნის თანახმად, რუსეთი ემზადებოდა საშამხლოზე გასალაშქრებლად და ამ ლაშქრობაში ალექსანდრეს თავისი ჯარით უნდა მიეღო მონაწილეობა. ელჩებს აგრეთვე დავალებული ჰქონდათ შეერჩიათ ბორის გოდუნოვის ვაჟისთვის საცოლე, ასულისათვის — საქმრო. ტატიშჩევის ელჩობა მოსკოვიდან გაემგზავრა 1604 წლის მაისში და თერგის გზით 12 აგვისტოს კახეთში ჩავიდა. 19 აგვისტოს ელჩებმა მოლაპარაკება დაიწყეს გიორგი ბატონიშვილთან, ვინაიდან მეფე ალექსანდრე II ამ დროს ირანში შაჰ-აბას I-თან იმყოფებოდა. მოლაპარაკება გაჭიანურდა, რადგან გიორგი ბატონიშვილს სურდა ირან-ოსმალეთის მომავალი ომის შედეგები გაეთვალისწინებინა. 1600 წლის 1 იანვარს გიორგი იძულებული გახდა ელჩების მოთხოვნით რუსეთის მეფის ერთგულების ფიცი მიეღო. კახეთის სამეფო კარზე მომხდარი გადატრიალების შემდეგ (კონსტანტინეს მიერ ალექსანდრე მეფისა და გიორგი ბატონიშვილის მოკვლა) ელჩები ქართლში გიორგი X-თან გადავიდნენ. მეფემ ისინი 28 აპრილს მიიღო, მაგრამ მოლაპარაკებას არც აქ მოჰყოლია წარმატება. 11 მაისს ტატიშჩევის ელჩობა ქართლიდან გაემგზავრა და თერგის გზით 12 ნოემბერს მოსკოვს დაბრუნდა.
ელჩების ჩანაწერები მნიშვნელოვან მასალას შეიცავენ კავკასიისა და, კერძოდ, აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიისათვის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბერძენიშვილი ნ., რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI—XVII საუკუნეთა მიჯნაზე, წგნ., 4., თბ., 1967;
- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973
- ნარსია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 665.