შინაარსზე გადასვლა

ტარტუს წმინდა იოანეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტარტუს წმინდა იოანეს ეკლესია
Map
ძირითადი ინფორმაცია
სტატუსი კულტურული მემკვიდრეობის არქიტექტურული ძეგლი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი კათოლიკური ეკლესია და ლუთერანიზმი
ხუროთმოძღვრული სტილი აგურის გოთიკა
თარიღდება 1323 წელი
დეტალები
სიმაღლე მაქსიმალური 63 მეტრი
ტარტუს წმინდა იოანეს ეკლესია ვიკისაწყობში


ტარტუს იოანეს ეკლესია (ტარტუს წმინდა იოანეს ეკლესია) [1] წინათ ცნობილი როგორც იოანოვის ან ივანოვის ეკლესია [2] — შუა საუკუნეების ერთ-ერთი უძველესი ეკლესია ესტონეთში. იგი აშენებულია გოთიკურ სტილში აგურისგან და ცნობილია თავისი ტერაკოტის ფიგურებით. ეკლესია წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელზეა ნაკურთხი და შეტანილია ესტონეთის კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო რეესტრში როგორც არქიტექტურული ძეგლი.[3]

დოკუმენტური ინფორმაცია ეკლესიის შესახებ მცირეა და არასაკმარისი მისი მშენებლობის ისტორიის აღსადგენად.

წმინდა იოანეს ეკლესიის პირველი ხსენება 1323 წლით თარიღდება.[3] არქეოლოგიურმა გათხრებმა ეკლესიის ქვეშ უფრო ძველი ნაგებობის ნაშთები აღმოაჩინა.

მისი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ეკლესია არაერთხელ დანგრეულა და აღდგენილა. XVI საუკუნეში ლივონიის ომის დროს ეკლესიამ დაზიანება მიიღო. წმინდა იოანეს ეკლესიას მნიშვნელოვანი ცვლილებები ასევე განუცდია აღდგენითი სამუშაოების შედეგად, რომლებიც ჩატარდა ჩრდილოეთის ომისა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 1695 წლის წერილობით წყაროებში ეკლესია მოხსენიებულია, როგორც გერმ. Die Johannis Kirche. 1775 წელს ტარტუში ეკლესიის მახლობლად დიდი ხანძარი გაჩნდა, რომელმაც ეკლესიის მცირე ნაწილი და მრავალი ახლომდებარე სახლი გაანადგურა.

1820-1830 წლებში ეკლესია არქიტექტორ გეორგ ფრიდრიხ გეისტის გეგმების მიხედვით რეკონსტრუირდა და კლასიციზმის სტილში გაფორმდა. რეკონსტრუქციის პროცესში მრავალი სკულპტურა განადგურდა, რადგან ისინი არქიტექტურულად დაგეგმილ იერსახეს ხელს უშლიდნენ. მხოლოდ ისინი გადარჩნენ, რომლებიც ნიშებიდან არ იყო ამოღებული და შელესვის ფენქვეშ იქნენ დამალული.

1899-1904 წლებში ეკლესიის ფასადები არქიტექტორ ვილჰელმ ბოქსლაფის ხელმძღვანელობით აღდგა. გარე სკულპტურებიდან შელესვის ფენები მოიხსნა, ხოლო დაზიანებული სკულპტურები მათი ასლებით ჩანაცვლდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, 1944 წელს, ეკლესიაში ბომბის დაცემის შედეგად ხანძარი გაჩნდა, რის გამოც კედლების ნალესი ჩამოიშალა და გამოვლინდა შუასაუკუნეების ზოგიერთი სკულპტურა. ომის შემდეგ ეკლესია ნახევარ საუკუნეზე მეტი ნანგრევებად დარჩა.

1999 წელს ტარტუს წმინდა იოანეს ეკლესიას ახალი საკოშკე გადახურვა გაუკეთდა და ასევე დაამატეს ორი ახალი ბრინჯაოს ზარი წმინდა პეტრესა და პავლეს სახელზე — ქალაქის ორი მფარველის პატივსაცემად.

ეკლესიის სრულფასოვანი გახსნა რესტავრაციის დასრულების შემდეგ 2005 წელს შედგა.

დღეს იგი ესტონეთის ევანგელურ ლუთერული ეკლესიის ნაწილია.

შუასაუკუნეების პერიოდში წმინდა იოანეს ეკლესია სამნავიანი ბაზილიკა იყო დასავლეთის კოშკით. 1746 და 1769 წლებში მას ბაროკოს სტილის სამლოცველოები მიაშენეს. მოგვიანებით, ბაზილიკის სამხრეთ მხარეს ლუბეცკის სამლოცველოც დაემატა.

ეკლესიის კედლები აგებულია დიდფორმატიანი აგურით, „ძმების“ სახელწოდებით ცნობილი წყობის მეთოდით (ორი გრძივი ქვა მონაცვლეობს ერთ შემკვრელთან). როგორც გრძივი ნაგებობა, ისე ხორის კედლები გამაგრებულია საყრდენი სვეტებით, რომლებიც, როგორც ჩანს, შუასაუკუნეების პირვანდელი ფორმით არის შემონახული.

სკანირება იოჰან კრისტოფის წიგნიდან
ეკლესიის გამოსახულება 1860 წ

სვეტის თავებზე გამოსახულია დრაკონების რელიეფები, მცენარეული ორნამენტები და შროშანის გერბები. ეკლესიის დასავლეთ ფასადზე მდებარე მთავარი პორტალი ოთხსაფეხურიანია, თუმცა თავდაპირველად ექვსსაფეხურიანი იყო. პორტალი მორთულია თიხის სკულპტურებისთვის განკუთვნილი თხუთმეტი სამყურა ფორმის ნიშით. პორტალის ცოკოლი (არქიტექტურული ელემენტი, ქვედა მხარის დამცავი/დეკორატიული ნაწილი) რესტავრაციის შედეგად გრანიტით აღადგინეს.

ბაზილიკის აღმოსავლეთ კედელზე განთავსებულია ტრიუმფალური თაღი, რომლის ზემოთ გადის თიხის ფიგურებით შემკული ფრიზი და განიერი, წაწვეტებული თაღოვანი ნიში.

დაახლოებით ოცდაათმეტრიანი სამრეკლოდან, რომელზე ასვლას 135 საფეხური სჭირდება (მისი ყველაზე ვიწრო ადგილის დიამეტრი 47 სანტიმეტრია), იშლება შესანიშნავი ხედი მთელ ტარტუზე.

ტერაკოტას ფიგურები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა იოანეს ეკლესიის გამორჩეული თავისებურება მისი მდიდარი ტერაკოტის სკულპტურებია. ევროპულ გოთიკურ არქიტექტურაში არ არსებობს სხვა ნაგებობა, რომელიც ზომით, რაოდენობითა და მხატვრული დონით შეძლებდა ტარტუს იოანეს ეკლესიის ტერაკოტის სკულპტურებსთან კონკურენციას.

ეკლესიის შიგნით და გარეთ კედლებში განთავსებული იყო მრავალი ნიში, სადაც სკულპტურები იდგა. მათ შორის იყო თორმეტი მახარებლის, წმინდანების, ღვთისმშობლისა და იესოს ფიგურები. სამწუხაროდ, ყველა სკულპტურა არ არის შემონახული.

თავდაპირველად, ეკლესიაში ათასზე მეტი ხელნაკეთი ფიგურა იყო. თითოეული უნიკალური იყო, რადგან ინდივიდუალურად მზადდებოდა და არა ყალიბის გამოყენებით. ჩვენს დღემდე დაახლოებით 200 ფიგურამ მოაღწია. მათი მრავალფეროვნება იწვევს ვარაუდს, რომ ისინი, შესაძლოა, ტარტუს მოქალაქეების მიხედვით ყოფილიყო შექმნილი.

მიუხედავად იმისა, რომ ტერაკოტა შუა საუკუნეებში იშვიათ მასალად არ მიიჩნეოდა, წმინდა იოანეს ეკლესია ტარტუში ამ მასალის დეკორატიული ელემენტების რაოდენობით აღემატება ყველა იმ პერიოდის ეკლესიას, რომელიც დღემდე შემორჩა.

საინტერესო ფაქტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 2012 წელს წმინდა იოანეს ეკლესია ესტონეთის სახელით მონაწილეობდა კონკურსში „ბალტიისპირეთის ექვსი საოცრება“. ამ კონკურსში მონაწილეობას იღებდა ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე ათი ქვეყანა.
  • იმავე წლის მაისში წმინდა იოანეს ეკლესიაში გაიხსნა „National Geographic“-ის ფოტოგამოფენა, რომელიც ესტონურ ენაზე ჟურნალის გამოცემის დაწყებას მიეძღვნა.
  • წმინდა იოანეს ეკლესია გამოიყენება არა მხოლოდ ღვთისმსახურებისთვის, არამედ საკონცერტო სივრცედაც. აქ ტარდება ზამთრის მუსიკალური ფესტივალი, რომლის ფარგლებში ყოველდღიურად იმართება კონცერტები სოლო-მუსიკოსებისა და ანსამბლების მონაწილეობით, მათ შორის, მსოფლიოში აღიარებული პიანისტებისა, სხვადასხვა ინსტრუმენტალისტებისა და ოპერის მომღერლების შესრულებით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]