ტარტიუფი, ანუ ფარისეველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტარტიუფი, ანუ ფარისეველი
ავტორი მოლიერი
პერსონაჟები ტარტიუფი, ორგონი, ელმირი, ვალერი, მადამ პერნელი, დორინა, კლეანტი, მარიანა, დამისი.
პრემიერა 1664
პრემიერის ადგილი ვერსალის სასახლე
ენა ფრანგული ენა
ჟანრი კომედია

ტარტიუფი, ანუ ფარისეველი ან ტარტიუფი, ანუ მატყუარა (ფრანგ. Tartuffe, ou l'Imposteur)[1] ფრანგი დრამატურგის, ჟან-პატისტ პოკლენის, იგივე მოლიერის 1664 წლის კომედიური პიესა, რომელიც თავდაპირველად ვერსალის სასახლეში გამართულ ერთ-ერთ წვეულებაზე, ლუი XIV-ის ბრძანებით დაიდგა, თუმცა ამ უკანასკნელისა და მისი მოძღვრის ჩარევით, ნაწარმოებს საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა ხვდა წილად, როგორც თავად ავტორმა თქვა, „ორიგინალებმა კომედიის აკრძალვას მიაღწიეს“,[2] რის გამოც სრული სახით ის 1669 წლამდე არ გამოჩენილა სცენაზე. თავდაპირველად, პიესა სამმოქმედებიანი იყო, ხოლო 1669 წლის ვარიაციაში მას კიდევ ორი მოქმედება დაემატა.

ტარტიუფის საბოლოო დადგმისათვის მოლიერმა ხუთწლიანი ბრძოლა გადაიტანა. ჩვენამდე მოღწეული საბოლოო ვარიანტი შედგება ხუთი მოქმედებისგან, რომელსაც დაერთვის წინასიტყვაობა და სამი თხოვნა მეფისადმი შეწყნარებისთვის.

წინასიტყვაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავტორი პიესის წინასიტყვაობაში წერდა:

"ამ კომედიამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, დიდხანს თავს ესხმოდნენ და ადამიანებმა, რომლებიც ამ კომედიაში გამასხარებულნი იყვნენ და თავისი თავი იცნეს, საქმით დაამტკიცეს, რომ საფრანგეთში ისინი უფრო გავლენიანი არიან, ვიდრე ჩემს მიერ თხზულებებში დღევანდლამდე გამასხარავებული ხალხი. პრანჭიები, გატყლარჭულები, მოტყუებული ქმრები და ცოლები, მკურნალები მოთმინებით აიტანდნენ, როცა სცენაზე გამოჰყავდათ და თავი ისე ეჭირათ, თითქოს მათგან დახატული პერსონაჟები სხვა მაყურებლებზე ნაკლებად არ ართობდათ. მაგრამ ფარისევლებმა დაცინვა ვერ აიტანეს; მათ მაშინვე ალიაქოთი ატეხეს და ენით აუწერელი კადნიერებით განაცხადეს, რომ მათი მანჭვა-გრეხა გამოვხატე და ვცადე ჩრდილი მიმეყენებინა მათი ხელობისათვის, რომლსაც ამდენი პატივცემული პიროვნება მისდევს.

თუკი კომედიის დანიშნულება ადამიანი მანკიარებათა გამათრახებაა, ზოგს გვერდი რატომ უნდა ავუაროთ? ჩემს პიესაში მხილებული მანკიერება სახელმწიფოსათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ხოლო თეატრი, როგორც ჩვენ ამაში დავრწმუნდით, ზნეობის გამოსწორების უდიდესი საშუალებაა. მორალის თემაზე შექმნილ ბრწყინვალე ტრაქტატებს უფრო მცირე ზეგავლენა მოუხდენიათ, ვიდრე სატირას, რადგან ადამიანებს გულზე ისე არაფერი ხვდებათ, როგორც მათი ნაკლოვანებათა გამოხატვა. როცა მათი მანკიერებანი საჯაროდ გამოგვაქვს, ჩვენ იმათ ხალხში თავს ვჭრით, გაკიცხვა ადვილი გადასატანია, მაგრამ დაცინვა ძნელი მოსასმენია. ზოგი თანახმა არის, ავაზაკის სახელი ჰქონდეს დაგდებული, მაგრამ ყველამ რომ აბუჩად აიგდოს, ამას კი ვერ მოითმენს.

მინდა ჩემი საუბარი დიდი მთავრის იმ სიტყვებით დავამთავრო, კომედია „ტარტიუფზე“ რომ თქვა. კომედიის აკრძალვიდან ერთი კვირის შემდეგ სასახლეში პიესა „სკარამუშ-განდეგილი“ წარმოადგინეს. წარმოდგენის შემდეგ მეფემ დიდ მთავარს უთხრა: ნეტავი გამაგებინა, მოლიერის კომედიით შეურაცხყოფილნი სკარამუშზე რატომ არიან ჩუმად?“ რაზეც მთავარმა ასე უპასუხა: ამის მიზეზი ის არის, რომ სკარამუშზე დაწერილ კომედიებში გამასხარავებულია ცა და რელიგია, რომელიც ამ ბატონებს სულაც არ ეკითხებათ, ხოლო მოლიერის კომედიაში თვით ეს ბატონები არიან გამასხრებულნი და ამას კი, აბა, როგორ აიტანენო".[3]

ფონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი პირველი ვერსია მოლიერმა 1664 წელს შექმნა. იმავე წელს, ვერსალის გრანდიოზულ დღესასწაულზე, მას შემდეგ, რაც პიესა მეფის, ლუი XIV-ის წინაშე წარადგინეს, იგი მალევე ჩაიხშო. ვარაუდობენ, რომ იმპერატორმა ეს პარიზის მთავარეპისკოპოსის, პავლე ფილიპ პერფიქსის გავლენით გააკეთა, რომელიც იმავდროულად როგორც მეფის მოძღვარი, ისე მისი მრჩეველიც იყო.[4] პიესის გავლენით ფრანგულ და ინგლისურ ენებში დამკვიდრდა ტერმინი „Tartuffe“, რომლითაც მიანიშნებენ თვალთმაქც, ვითომ სათნო პიროვნებაზე, ეს კი, დიდი ხნის მანძილზე, განსაკუთრებით რელიგიურ ჭრილში განიხილებოდა. ნაწარმოები მთლიანად დაწერილია თორმეტმარცვლიანი სტრიქონებით, რომელსაც ეწოდება ფრანგული ალექსანდრინი. სულ შევხვდებით 1962 ასეთ სტრიქონს.[5]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიესის ფრანგულ-ინგლისური გამოცემის პირველი გვერდი, 1739

პატივცემული ორგონის სახლში, მასპინძლის მიწვევით, დასახლდა კაცი, სახელად ტარტიუფი. ორგონი მას აღმერთებდა. იგი თავის სტუმარს უბიწობასა და სიბრძნის განსახიერებად მიიჩნევდა და, მისი აზრით, ტარტიუფის მაღალფარდოვანი საუბრები უაღრესად სასარგებლო იყო. მასპინძელი აღფრთოვანებას ვერ მალავდა მისი ღვთისმოსაობის გამო. ტარტიუფის ფილოსოფიას ნაზიარები ორგონი თვლიდა, რომ სამყარო დიდი სანაგვეა და, ამ სიბრძნით შტაგონებული, იგი თვალსა აღარ დაახამხამებდა ნათესავების, ცოლის, ან, თუნდაც, შვილების სიკვდილის შემთხვევაში. ორგონს არ ის გამოჰპარვია, როგორ იცავდა სტუმარი მასპინძლის ოჯახში ზნეობრივ პრინციპებსა და წეს-ჩვეულებებს.

ამ სპეტაკი ადამიანით მასპინძლის აღტაცებას მხოლოდ დედამისი, ქალბატონი პერნელი იზიარებდა. ხოლო ორგონის ცოლი ელმირა, ცოლისძმა კლეანტი, შვილები დამისი და მარიანა და მსახურები კარგად ხედავდნენ, სინამდვილეში ვინ იყო ტარტიუფი ფარისეველი, რომელიც საკუთარი მიწიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ეშმაკურად სარგებლობდა ადამიანების შეცდომებით. კარგი საჭმელი, რბილი საწოლი და საიმედო თავშესაფარი იყო ახლადგამოჩენილი წმინდანის ნამდვილი საფიქრალი.

ორგონის შინაურებს საშინლად მობეზრდათ ტარტიუფის მორალისტობა, რომლის წყალობით ოჯახს თითქმის ყველა მეგობარი ჩამოსცილდა. მაგრამ საკმარისი იყო, ვინმეს აუგი ეთქვა ამ ღვთისმოსაობის თავგადაკლული დამცველის შესახებ, ქალბატონი პერნელი მაშინვე საშინელ სკანდალს აწყობდა. ორგონი კი შეუვალი რჩებოდა ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვინც მისი სათაყვანებო პიროვნების სიდიადეს არ იზიარებდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მასპინძლის ერთადერთი საფიქრალი და საზრუნავი მისი სტუმარი გახდა. ერთხელ, როდესაც ორგონი ხანმოკლე მოგზაურობიდან შინ დაბრუნდა, იგი გულგრილად შეხვდა ცნობას ცოლის შეუძლოდ ყოფნის შესახებ, თუმცა ტარტიუფის თავს გადამხდარ ამბავს გულისყურით მოეკიდა და თანაგრძნობით განიმსჭვალა. თურმე სტუმარს ვახშმად ბევრი ეჭამა, მეორე დღეს კი, საუზმეზე ღვინო მოსვლოდა მეტი.

ორგონის ქალიშვილს კეთილშობილი ახალგაზრდა, ვალერი უყვარდა, ხოლო მის ძმას, დამისს ვალერის და ვალერია. ოჯახის უფროსს თითქოს უკვე ჰქონდა მიცემული თანხმობა მარიანასა და მისი გულისსწორის შეუღლებაზე, მაგრამ რატომღაც წელავდა ამ ამბავს. ქორწილის გადახდას არ ჩქარობდა. დამისი ღელავდა. მისი და ვალერიას ქორწილი დის გათხოვების შემდეგ იყო დაგეგმილი. მან კლეანტს სთხოვა, გაერკვია საქმის ვითარება. ცოლისძმის კითხვებს ორგონი მიკიბ-მოკიბულად პასუხობდა. კლეანტს ეჭვი გაუჩნდა. მოეჩვენა, რომ სიძეს სხვაგვარად გადაეწყვიტა ქალიშვილის ბედი. ეს გაურკვევლობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ყველაფერს მალევე მოეფინა ნათელი. ორგონმა მარიანას განუცხადა, რომ ტარტიუფის სრულყოფილება უნდა დაეფასებინათ და ცოლად სწორედ მას უნდა გაჰყოლოდა. ქალიშვილი გააოგნა მამის გადაწყვეტილებამ, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევა ვერ გაბედა. მას ორგონის მსახური ქალი, დორინა გამოესარჩლა. იგი შეეცადა, ბატონი დაერწმუნებინა, რომ მთელი ქალაქის დასაცინი გახდებოდა, თუკი ქალიშვილს არაფრისმქონე, მათხოვარ და სულმდაბალ ტარტიუფზე გაათხოვებდა და რომ შვილს ცოდვისკენ უბიძგებდა, ვინაიდან, შეუძლებელი იყო ცოლს რქები არ დაედგა ტარტიუფისნაირი კაცისთვის, თუნდაც მას ყველაზე პატიოსანი ქალის სახე ჰქონოდა. დორინა მგზნებარედ და დამაჯერებლად საუბრობდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ორგონი თავისაზე იდგა და მისი გადაწყვეტილება, დანათესავებოდა ტარტიუფს, არ შეცვლილა.

მარიანა მზად იყო დაჰყოლოდა მამის ნებას, მით უმეტეს, რომ ამას მშობლის წინაშე შვილის ვალდებულებები კარნახობდა. დორინა კი ცდილობდა, ბუნებით მორცხვისა და მამის პატივისცემით განმსჭვალულ ქალიშვილს დაეძლია ბრმა მორცილება. მოახლედ ხატოვნად და თან ცხადად აღუწერა მას, ტარტიუფთან ცოლქმრული ცხოვრება რას უქადდა. მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც დიდი იყო მამის გავლენა. ვალერის კითხვაზე, აპირებდა თუ არა დაჰმორჩილებოდა მამის ნებას, მარიანამ გადამწყვეტი პასუხი ვერ გასცა. სატრფოს ჭოჭმანმა და გაურკვეველმა პასუხმა კეთილშობილი ახალგაზრდა სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. გაღიზიანებულმა საქმრომ მარიანას მიახალა, დაე, მოქცეულიყო ისე, როგორც მამა უბრძანებდა, თვითონ კი იპოვიდა ისეთ საცოლეს, რომელიც მიცემულ სიტყვას არ უღალატებდა. აღარც ქალიშვილმა დააკლო და უპასუხა, რომ ბედნიერი იქნებოდა, თუკი ყველაფერი სწორედ ასე იქნებოდა. დორინას დროული გამოჩენა რომ არა, ალბათ, შეყვარებულები სამუდამოდ დაშორდებოდნენ ერთმანეთს. მან ახალგაზრდები დაამშვიდა და დაარწმუნა, რომ ბედნიერებისთვის ბრძოლა იყო საჭირო და რომ პრობლემასთან პირდაპირ შეჭიდებას შემოვლითი გზის პოვნა ჯობდა. დრო უნდა გაეწელათ და გამოსავალსაც აუცილებლად მიაგნებდნენ. მითუმეტეს, რომ თითქმის ყველა ორგანის აბსურდული ჩანაფიქრის წინააღმდეგი იყო. ყველაზე მეტად დამისს უჭირდა გრძნობების მოთოკვა. იგი მზად იყო, გადამწყვეტი ზომები მიეღო და აელაგმა ფარისეველი ტარტიუფი, რათა მას სამუდამოდ ამოეგდო თავიდან მარიანაზე ფიქრი. დორინა შეეცადა დაეცხრო ფიცხი ყმაწვილი და ჩაეგონებინა, რომ მოხერხებით უფრო მეტის მიღწევა შეიძლებოდა, ვიდრე დაშინებითა და პირდაპირი იერიშით.

დაკვირვებული მოახლის თვალს არც ორგონის ცოლისადმი ტარტიუფის „სხვანაირი“ დამოკიდებულება გამოჰპარვია. დორინამ ელმირას სტუმართან გასაუბრება და მისი აზრის გაგება სთხოვა მარიანასთან შეუღლების შესახებ. ტარტიუფი მასპინძლის ცოლთან განმარტოებით შეხვედრის ცნობამ გამოაცოცხლა. ელმირასთან პირისპირ დარჩენილი კომპლიმენტებად დაიღვარა. თანამოსაუბრეს ხმის ამოღების საშუალებას არ აძლევდა. როგორც იქნა, ელმირამ მაინც მოახერხა მარიანას შესახებ კითხვა დაესვა სტუმრისთვის. ტარტიუფი გამოუტყდა, რომ მისი გული სხვას ეკუთვნოდა. გაოცებული ქალის კითხვაზე, როგორ შეიძლება წმინდანი ადამიანი ხორციელი ვნების ალში გაეხვიოს, მისმა ახლად გამომცხვარმა თაყვანისმცემელმა მგზნებარედ უპასუხა დიახაც, ის ღვთისმოსავია, მაგრამ, ამავე დროს, მამაკაცია და ქვის გული როდი აქვს. იქვე ტარტიუფი ელმირას თავის ამაღლებულ სიყვარულში გამოუტყდა იმის იმედით, რომ მისი გრძნობა უპასუხოდ არ დარჩებოდა. ქალმა მაშინვე ჰკითხა, როგორ ფიქრობდა ახლადგამომცხვარი მიჯნური, რას იტყოდა მისი ქმარი, როდესაც ამ საძაგელი შეთავაზების შესახებ შეიტყობდა. ამის გაგონებაზე კავალერი ძლიერ შეშინდა. ევედრებოდა ელმირას, არ დაეღუპა და არაფერი ეთქვა მეუღლისთვის. ქალმა გარიგება შესთავაზა: ორგონი არაფერს შეიტყობდა, თუკი ტარტიუფი ხელს შეუწყობდა მარიანასა და ვალერის სწრაფ შეუღლებას. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ისევ დამისმა გააფუჭა საქმე. მან ყური მოჰკრა ელმირასა და ტარტიუფის საუბარს. აღშფოთებული მივარდა მამასთან და ყველაფერი უამბო. როგორც მოსალოდნელი იყო, ორგონმა შვილს კი არა, ტარტიუფს დაუჯერა, რომელმაც საკუთარ თავს გადააჭარბა მლიქვნელობასა და ფარისევლობაში. განრისხებულმა მამამ დამისი გააგდო და განიზრახა საკუთარი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შეესრულებინა. ყველას განუცხადა, რომ ტარტიუფისა და მარიანას ქორწილი იმავე დღეს შედგებოდა, ხოლო მზითვად მთელ თავის ქონებას აძლევდა და სიძეს უკანონებდა.

კლეანტი კიდევ ერთხელ შეეცადა, ადამიანურად დალაპარაკებოდა ტარტიუფს. უნდოდა, როგორმე შეერიგებინა დამისთან და დაეთანხმებინა, უარი ეთქვა მარიანაზე. კლეანტს ეგონა, რომ მორალისტური საუბრით რაიმეს გააწყობდა. ნამდვილ ქრისტიანს როდი შეეფერებოდა, მამისა და შვილის უთანხმოება საკუთარი გამდიდრების მიზნით გამოეყენებინა და, მით უმეტეს, წარმოუდგენელი იყო ნორჩი ქალიშვილის სამუდამო ტანჯვისთვის გამეტება. მაგრამ უბადლო ორატორს, ტარტიუფს, ყოველთვის მოეძებნებოდა თავის გასამართლებელი სიტყვები.

მარიანა ევედრებოდა მამას, უარი ეთქვა განზრახვაზე. იგი თანახმა იყო, ტარტიუფს მთელი მზითევი წაეღო, თავად კი მონასტერში წასულიყო, ოღონდ კი ცოლად არ წაჰყოლოდა. მაგრამ თავისი ფავორიტის ჭკუასა და რჩევა-დარიგებას აყოლილ ორგონს ოდნავაც არ შეჰპარვია ეჭვი საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში. იგი არწმუენბდა შვილს, რომ ცოლქმრული ცხოვრება მხოლოდ სიკეთეს მოუტანდა. ბოლოს და ბოლოს, ეს კავშირი ხომ ხორციელ ვნებებს დაუცხრობდა. ამის შემხედვარე ელმირამ ვეღარ მოითმინა. თუკი მისი ქმარი არ იჯერებდა შინაურების სიტყვას, მაშინ მას თავად უნდა ენახა და დარწმუნებულიყო ტარტიუფის სულმდაბლობაში. ორგონი დათანხმდა ცოლს მაგიდის ქვეშ დამალულიყო და იქიდან მოესმინა ელმირასა და ტარტიუფის პირისპირ საუბარი. ოჯახის უფროსი ფიქრობდა, რომ ამით მხოლოდ სიმართლე დამტკიცდებოდა.

„გამიჯნურებული“ ტარტიუფი ელმირას დათაფლულმა საუბარმა ანკესზე წამოაგო. ქალი „გამოუტყდა“, რომ გულგრილი არ იყო მის მიმართ. თაღლითმა და გაიძვერა ტარტიუფმა მარიანასთან შეუღლების სანაცვლოდ ალერსი მოითხოვა. მისი მტკიცებით, თუმცა ამ საქციელით ირღვეოდა ღვთის მცნება, მაგრამ მას ზეცასთან მოლაპარაკების თავისი ხერხი ჰქონდა და მას მიმართავდა.

ის, რაც მოისმინა, ორგონისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ მისი ილუზიები გაცამტვერებულიყო. მან ტარტიუფს უბრძანა, დაუყოვნებლივ გასცლოდა იქაურობას. ფარისეველმა კიდევ ერთხელ სცადა თავის მართლება, მაგრამ უკვე აღარაფერი გამოუვიდა. მაშინ იგი მუქარაზე გადავიდა, დაიქადნა, რომ მწარედ ანანებდა ორგონს თავის გაძევებას და ამაყად დატოვა იქაურობა.

ტარტიუფის მუქარა ცარიელ სიტყვებად არ დარჩა. ორგონს უკვე დამოწმებული ჰქონდა მისთვის სახლის ჩუქების სიგელი. იმ დღიდან სახლი კანონით ტარტიუფს ეკუთვნოდა. გარდა ამისა, ორგონმა ყუთი, რომელშიც თავისი ძმის წერილები ინახებოდა, ადრე ტარტიუფს მიაბარა. ძმა კი მეფესთან პოლიტიკური უთანხმოების გამო ქვეყნიდან იყო გაქცეული.

გამოსავალი უნდა მოენახათ. დამისი აპირებდა, დასწეოდა და ჭკუა ესწავლებინა გარეწრისათვის, მაგრამ კლეანტმა შეაჩერა და აუხსნა, რომ გონებით მეტის მიღწევა შეიძლება, ვიდრე მუშტებით. მთელი ოჯახი საგონებელში იყო ჩავარდნილი, როდესაც სახლის ზღურბლზე სასამართლოს ბოქაული, ბატონი ლოიალი გამოჩნდა. მან სასამართლოს გადაწყვეტილება ამცნო ორგონსა და მის ოჯახს მათ მეორე დილისთვის უნდა დაეცალათ ბატონი ტარტიუფის სახლი. ახლა უკვე არამარტო დამისს, ექავებოდა ხელები, არამედ დორინას და თავად ორგონსაც კი.

როგორც აღმოჩნდა, ტარტიუფს მის ხელთ არსებული მეორე საშუალებაც გამოეყენებინა თავისი ყოფილი მფარველის წინააღმდეგ. ვალერიმ ახალი ამბავი მოიტანა: არამზადას ყუთი ორგონის ძმის წერილებით მეფისთვის გადაეცა. ახლა ოჯახის უფროსს მეამბოხე ძმის ხელშეწყობისათვის სატუსაღოც კი ელოდა. ორგონმა გაქცევა გადაწყვიტა, მაგრამ მეფის მცველები ჩაუსაფრდნენ და განუცხადეს, რომ იგი დაპატიმრებულია.

მეფის ოფიცრებთან ერთად ორგონის სახლში ტარტიუფისც მივიდა. შინაურებმა, მათ შორის ქალბატონმა პერნელმაც, ამხილა და შეარცხვინა იგი ფარისევლობისთვის, ტყუილებისა და ყველა იმ ცოდვისათვის, რაც მათ მიმართ ჩაედინა. ტარტიუფს მალევე მობეზრდა მათი მოსმენა და ოფიცერს მიმართა, აღეკვეთა მისი შეურაცხყოფა. მისდა გასაოცრად, მეფის მცველმა განუცხადა, რომ თავადაა დაპატიმრებული.

მოგვიანებით ოფიცერმა ყველას აუხსნა, რომ იგი არ მოსულა ორგონის დასაპატიმრებლად. მას სურდა, ენახა, რამდენად ზღვარდაუდებელი იყო ტარტიუფის ურცხვობა. ბრძენმა მეფემ თავიდანვე არ დაუჯერა ავაზაკსა და თაღლითს, რომელიც ტარტიუფის სახელით იმალებოდა. მრავალი ბნელი საქმე უკავშირდებოდა ამ ადამიანს. ხელმწიფემ ორგონს მეამბოხე ძმის ხელშეწყობა აპატია და გააუქმა ორგონის მიერ ტარტიუფის სახელზე შედგენილი სახლის ჩუქების სიგელი.

ტარტიუფი ციხეში მიაბრძანეს. ორგონს კი მეტი არაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ ბრძენი ხელმწიფის დიდება წარმოეთქვა და დაელოცა ვალერისა და მარიანას ქორწინება.

ადგილი მოლიერის შემოქმედებაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუი XIV, რომელიც პიესაში ნახსენები მეფის პროტოტიპადაა მიჩნეული.

კომედიას ავტორის შემოქმედებაში დიდი ადგილი ეკავა.[6] მასში დრამატურგი ასახავდა არა კერძო ოჯახურ ურთიერთობებს, არამედ ყველაზე მავნე სოციალურ მანკიერებას 一 თვალთმაქცობას, რომელიც იმ დროს ყველაზე მკაფიოდ რელიგიურ ინსტიტუტს, კერძოდ საფრანგეთში არსებულ კათოლიკურ ეკლესიას ახასიათებდა. თავად ავტორი პიესის საწყის წინასიტყვაობასა და სხვადასხვა ხელნაწერებში განმარტავს ნაწარმოების მნიშვნელობას. ის ადასტურებს კომედიის სოციალურ მიზანს და აცხადებს, რომ კომედიის ამოცანაა მანკიერებების მხილება და ამაში გამონაკლისი არ უნდა არსებობდეს 一 რიგითი ღარიბიდან დაწყებული, თვით მონარქით დამთავრებული. სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით თვალთმაქცობის მანკიერება ერთ-ერთი ყველაზე საშიშია თავისი შედეგებით, პოკლენის თქმით კი თეატრს კი მანკიერების წინააღმდეგ ბრძოლის უნარი შესწევს. ავტორმა ამ პიესაში ასახა ღრმა რეალობა იმდროინდელი საფრანგეთისა. ისეთივე თვალთმაქცები, როგორიც თავად ტარტიუფია, აგრეთვე ჩინოვნიკები, დესპოტები და ინფორმატორები განაგებდნენ ქვეყანას, რაც, როგორც ავტორის, ისე მილიონობით ადამიანისთვის დანაშაულს წარმოადგენდა. მისივე თქმით, უკანონობა და ძალადობა სწორედ მათი საქმიანობის შედეგია. მოლიერმა დახატა სურათი, რომელიც ქვეყნის მფლობელებს უნდა შეეშინებინა. პიესის მნიშვნელობა იმდენადვე დიდი იყო, რამდენადაც თავად ავტორი იბრძოდა პიესის სისრულეში მოყვანისთვის, როცა ის „შეიარაღებული“ ინსტიტუტებისგან პიესისა და საკუთარი შემოქმედების დაცვას ცდილობდა. მისი ეს მაგნუმ ოპუსი არაერთხელ ქცეულა ანტისამთავრობო იარაღად, რის გამოც იგი არაერთი ცილისწამებისა თუ შეთქმულების მსხვერპლი გამხდარა.[7]

კათოლიკური ეკლესიის კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კათოლიკური ეკლესია გამორჩეულ როლს თამაშობს როგორც პერსონაჟთა ცხოვრებაში, ისე, ზოგადად, ნაწარმოების იდეური ადრესატი თავად ეკლესიაა. ცნობილია, რომ XVII საუკუნის საფრანგეთში რელიგიური ინსტიტუტები და, კერძოდ, კათოლიკური ეკლესია საკმაოდ მოძლიერებული იყო, დიდ პრივილეგიებსაც ფლობდა. უფრო მეტიც, ის დამატებით მნიშვნელობას იძენს მაშინ, როცა ნაწარმოების ანტიგმირი ტარტიუფი მას მანიპულატორი მეთოდებით ეუფლება და იყენებს იმ მიზნით, რომ ორგონი და დედამისი მოხიბლოს. მართლაც, ორგონი მთლიანად ჩაითრია მისმა რელიგიურმა „განსწავლულობამ“. ტარტიუფი იქცევა (და არის) მოჩვენებით ქველმოქმედ ადამიანად, ყველანაირ თავმდაბლობისა და ღვთისმოსაობის გარეშე, რომელიც ცდილობს, ცრუ რელიგიური ნააზრევებითა და მზაკვრული ქმედებებით დაეუფლოს რიგითი ოჯახის ქონებას. კავშირი ტარტიუფსა და ეკლესიას შორის მას ძალიან საშიშ პირვონებად აქცევს, ეს ყველაფერი კი მანამ გრძელდება, სანამ თავად მეფე არ ჩაერთვება მის დაპატიმრების საკითხში.

მრავალი ლიტერატურათმცოდნე მიიჩნევს, რომ ავტორმა მსგავსი საშუალებით იმდროინდელი საეკლესიო პალატის დაცემული მღვდელმთავრობა მოაქცია ტარტიუფის სახეში, როგორც ფარისეველთა ერთი დიდი ნაკადი, რომელთა ნამდვილ მიზანსაც არა ღმერთის განდიდება, არამედ მისი სახელით ავისმომასწავლებლის ჩადენა წარმოადგენდა.[8]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Tartuffe". Random House Webster's Unabridged Dictionary.
  2. http://homoarete.blogspot.com/2015/11/blog-post_17.html
  3. http://homoarete.blogspot.com/2015/11/blog-post_17.html
  4. Rey, François; Lacouture, Jean (2007), Molière et le roi, éditions du seuil
  5. Molière (2002). Tartuffe. Nick Hern Books. 
  6. https://literariness.org/2020/07/29/analysis-of-molieres-tartuffe/
  7. https://www.cliffsnotes.com/literature/t/tartuffe/character-analysis/tartuffe
  8. https://www.litcharts.com/lit/tartuffe/symbols/the-catholic-church