ტარნოვოს ლიტერატურული სკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ექვთიმე ტარნოველის ქანდაკება
(ტარნოვოს ლიტერატურული სკოლის დამაარსებელი)

ტარნოვოს ლიტერატურული სკოლა (ბულგ. Търновска книжовна школа) — ბულგარული ლიტერატურული სკოლა, რომელიც არსებობდა XIV—XV საუკუნეებში.

იგი ტარნოვოს ხელოვნების სკოლის ნაწილი იყო, რომელიც ბულგარეთის მეორე სამეფოს კულტურის უმაღლესი დონის გამომხატველია. ლიტერატურულმა სკოლამ ისეთი წარმომადგენლების წყალობით, როგორებიც არიან გრეგორი ცამბლაკი და კონსტანტინ კოსტენეცელი, გავლენა მოახდინა არა მარტო ბულგარულ, არამედ ახლობელი სლავური სახელმწიფოების კულტურაზე.

წარმოქმნა და განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტარნოვოს ლიტერატურული სკოლის წარმოქმნის ძირითადი და მთავარი წინაპირობა იყო XIV საუკუნის ბულგარეთის სამეფოს კულტურული აღორძინება. ეს აღმავლობა მეტწილად დამოკიდებულია მეფე ივან ალექსანდრეს პირად ინტერესზე, განვითარებულიყო ლიტერატურა და ხელოვნება. მისმა მემკვიდრეებმა, ივან შიშმანმა და ივან სრაციმირმა, განაგრძეს თავიანთი მამის საქმე. ტარნოვოს ლიტერატურული სკოლის შექმნაში ჩაერთო აგრეთვე პატრიარქი თეოდოსი ტარნოველი, რომელიც მშვენივრად ხვდებოდა, რომ ასეთი სკოლების არსებობა განამტკიცებდა ბულგარეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას, განავრცობდა და გააძლიერებდა მის გავლენას სლავური სამყაროს მართლმადიდებლურ ქვეყნებში.

ტარნოვოს ლიტერატურული სკოლის დამაარსებლად ითვლება პატრიარქი ექვთიმე ტარნოველი (ბულგარელი). ექვთიმეს მიერ გატარებულმა ენისა და მართლწერის რეფორმებმა დაადგინა წესები, რომლებიც შემდგომში გავრცელდა არა მხოლოდ ბულგარეთში, არამედ რუსულ სამთავროებში, სერბეთში, ვლახეთში და მოლდოვეთში.

ტარნოვოს სკოლაში მოღვაწე მწერალთა საქმიანობა დაკავშირებული იყო არა მხოლოდ ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნასთან, არამედ ბერძნული ორიგინალების თარგმნასთან და კრებულების შექმნასთან.

წარმომადგენლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიპრიან ცამბლაკი
  • კიპრიან ცამბლაკი — თეოდოსი ტარნოველის მოსწავლე. ცხოვრებათა, ჰიმნთა და მრავალი, როგორც ორიგინალური, ისე თარგმნილი ნაწარმოებების ავტორი. 1389 წლიდან სიკვდილამდე, 1406 წლამდე იყო კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი.
  • გრეგორი ცამბლაკი — ექვთიმე ტარნოველის მოსწავლე. მოღვაწეობდა დეჩანის მონასტერში, მოლდოვეთისა და რუსულ სამთავროთა ტერიტორიებზე, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თავისი მასწავლებლის იდეებისა და ტარნოვოს ლიტერატურული სკოლის ტრადიციების გავრცელებაში. არის ავტორი მრავალრიცხოვანი ნაშრომებისა, მათ შორისაა „ქება ექვთიმესი“, რომელიც შეიცავს ფასეულ ინფორმაციას ტარნოვოს საპატრიარქოსა და ბულგარეთის ისტორიის შესახებ, და აგრეთვე - „გრეგორი ცამბლაკის წიგნები“, რომელიც გახდა იმ ეპოქის სლავ მწერალთა ერთადერთი კრებული, რომელმაც ჩვენს დრომდე მოაღწია.
  • კონსტანტინ კოსტენეცელი — მწიგნობარ ანდრონიკეს მოსწავლე, რომელიც, თავის მხრივ, ექვთიმეს მოსწავლე იყო. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სერბი მმართველის, სტეფან ლაზარევიჩის კარზე. ითვლება რესავის სკოლის დამაარსებლად, რომელიც ცნობილია როგორც მორავიის ძველბულგარული ლიტერატურული სკოლა. დასახელება კი მიიღო მდინარე რესავასგან, რომელიც მორავის შენაკადია. მისი საქმიანობის ცენტრად ითვლება რავანიცას სერბული მონასტერი.
  • იოასაფ ბდინელი — უცნობია, ვისი მოსწავლე იყო.
  • ვლადისლავ გრამატიკოსი — გვიანდელი ტარნოვოს ლიტერატურული სკოლის წარმომადგენელი. მთარგმნელი, შემდგენელი, მწერალი და კალიგრაფი.
  • დიმიტრი კანტაკუზენი — გვიანდელი ტარნოვოს ლიტერატურული სკოლის წარმომადგენელი. იყო ცნობილი ბიზანტიური საგვარეულოდან, კანტაკუზენებიდან. თავის ნაწარმობებს წერდა როგორც ბულგარულ, ისე ბერძნულ ენაზე. მრავალ ნაშრომთა ავტორი, მათ შორის არის „გეოგრაფიული აღწერა“ და ქრისტიანული თემატიკის ლექსები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Данчев Г. Страници из историята на Търновската книжовна школа / Г. Данчев. — София: Наука и изкуство, 1983. — 256 с.(ბულგარული)
  • Мечев К. Григорий Цамблак / К. Мечев. — София: Наука и изкуство, 1969. — 321 с.(ბულგარული)
  • Русев П. Естетика и майсторство на писателите от Евтимиевата книжовна школа / П. Русев. — София: БАН, 1983. — 262 с.(ბულგარული)