ტარიმის ღრმული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ტარიმის ღრმული
ხედი კოსმოსიდან
ხედი კოსმოსიდან
კოორდინატები: 39° ჩ. გ. 83° ა. გ. / 39° ჩ. გ. 83° ა. გ. / 39; 83
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტერიტორიული ერთეული სინძიანი
სიმაღლე 780–1500 
ფართობი 530 კმ²
სიგრძე 1200 კმ
სიგანე 500 კმ
ჰიდროგრაფია ტარიმი, ხოთანი, კაშგარი, აქსუ, კონჩედარია
კლიმატი ზომიერი
აგებულება ალუვიონი
ლანდშაფტი უდაბნო, ოაზისები, ხეობები, დელუვიონი
ტარიმის ღრმული — ჩინეთი
ტარიმის ღრმული
Commons-logo.svg სურათები ვიკისაწყობში

ტარიმის ღრმული, ტარიმის ვაკე, კაშგარის ვაკე — მოვაკებული დადაბლება დასავლეთ ჩინეთში. გარშემორტყმულია ტიან-შანის, პამირის, კუნლუნისა და ბეიშანის მთებით. სიგრძე დასავლეთიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 1200 კმ-ია, სიგანე 500 კმ, სიმაღლე 1500 მეტრიდან (დასავლეთით) 780 მეტრამდე (აღმოსავლეთით, ტბა ლობნორთან),[1] ფართობი 530 კმ² (ცენტრალურ აზიაში უდიდესია). ძირითადად აგებულია ალუვიური ნალექებით (მდინარე ტარიმისა და მისი შენაკადების მიერ).[2] ტარიმის ღრმულის უდიდეს ნაწილს იკავებს ტაკლა-მაკანის უდაბნო. მთისძირებში გვხვდება დამრეცი დელუვიური შლეიფები, რომლებიც აგებულია კენჭნარითა და ქვიშა-თიხოვანი ნალექებით. რელიეფის დადაბლებებში მლაშობებია. დასავლეთ ნაწილში დანალექი ქანებისგან აგებული სერებია. ჰავა ზომიერი (თბილი, მკაცრი კონტინენტური, უდაბნოსი); ზაფხული ცხელი (ივლისის საშუალო ტემპერატურაა 25, 26°С), ზამთარი მოკლე, −20°С-იანი ყინვებით, უთოვლო. ნალექები — 100 მმ-ზე ნაკლები წელიწადში, მაქსიმუმი მოდის ზაფხულში. მთის მდინარეები, რომლებიც ტარიმის ვაკეზე გადიან, ხშირად შრებიან ან საირიგაციო მიზნებისთვის იშლებიან. უდიდესი მდინარეებია: ტარიმი, ხოთანი, კაშგარი, აქსუ, კონჩედარია. ტარიმი და კონჩედარია ქვემო დინებაში ხშირად იცვლიან კალაპოტს, რითაც იწვევენ ლობნორის ტბის გადაადგილებას. ტარიმის ღრმულის დიდი ნაწილის რუხმიწა ნიადაგები დაფარულია უდაბნოს მცენარეულობით. ხეობები დაფარულია მდინარისპირა ტყეებით, ოაზისებსა და მთისძირა ვაკეებზე განვითარებულია მიწათმოქმედება, მებაღეობა. დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ოაზისებია (კაშღარის, აქსუს, იარქენდის, ხოთანის). ვიწრო გაგებით, კაშგარის ვაკე ეწოდება მდინარე იარქენდის მარცხენა შენაკადების დელტის მონაკვეთს.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Петров М. П. Кашгарская равнина // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 11 — М., 1973.
  2. Таримская впадина // Большая российская энциклопедия. т. 31. — М., 2016. — стр. 673.