ხალხური ვეფხისტყაოსანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტარიელიანი)

ხალხური ვეფხისტყაოსანი (იგივე ტარიელიანი) — საქართველოში ფართოდ გავრცელებული ხალხური ამბავი ტარიელისა.[1] ჯერ კიდევ 1890 წელს ალექსანდრე ხახანაშვილმა წამოაყენა თეორია, რომლის თანახმადაც შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის წყაროდ მიჩნეული უნდა ყოფილიყო „ხალხში დარჩენილი ტარიელის ამბავი“. შესაძლოა, ეს ამბავი აღმოსავლეთიდან ზეპირი გზით შემოვიდაო.[2][3] ხახანაშვილს ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, განსაკუთრებით მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა ვაჟა-ფშაველა.[4] რუსთაველის პოემის ხალხური ამბიდან წარმოშობილობის თეორიას იცავდა ასევე პროფესორი მიხეილ ჩიქოვანი. ამ თეორიის მომხრეები არ უარყოფდნენ შესაძლებლობას, რომ რუსთაველის პოემას თვითონ მოეხდინა გავლენა ხალხურ ტარიელიანზე. ხახანაშვილი წერდა: „უეჭველია ისიც, რომ რუსთაველის პოემამაც, თავის მხრივ, გავლენა იქონია ხალხურ წარმოდგენებზე და შთააგონა მას რამდენიმე ბრძნული გამონათქვამი.“[5] ამ თვალსაზრისით, მიხეილ ჩიქოვანი უფრო შორს მიდიოდა, მისივე სიტყვებით, „XII საუკუნიდან მოყოლებული ტარიელიანმა შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის დიდი გავლენა განიცადა. პოეტის ვირტუოზობამ აჯობა სახალხო მომღერალს და დაიმორჩილა იგი. შოთას ქმნილებამ ადრინდელი თქმულება დაიმსგავსა, დაიახლოვა და პირვანდელი სახე დაუკარგა, რის გამოც ჩვენთვის ახლა თითქმის შეუძლებელია აღვადგინოთ ტარიელიანის პირვანდელი სახე.“[6][7]

ვაჟა-ფშაველამ მოიყვანა რამდენიმე პარალელური ტექსტი ვეფხისტყაოსნიდან და ტარიელიანიდან, რითაც ცხადყო ამ უკანასკნელის პირველზე დამოკიდებულება.[8] ვაჟას თქმით, რუსთაველის ცნობილი ტექსტი „ნახეს უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტირალი წყლისა პირსა...“ საფუძვლად დასდებია ტარიელიანის ტექსტს: „ერთი მოყმე წყლისა პირსა, ნამტირალი ჰგავდა გმირსა...“

ამჟამად ბევრი ფაქტი მეტყველებს ტარიელიანთან შედარებით ვეფხისტყაოსნის პირველადობაზე. მოვიყვანოთ მხოლოდ რამდენიმე საილუსტრაციო მაგალითი.

ტარიელი ხოცავს როსტევანის ჯარისკაცებს. მეჩვიდმეტე საუკუნის ქართული მინიატურა.

1. ხალხური თქმულების მიხედვით, ტარიელი დაერია როსტევანის ჯარს და მუსრი გაავლო (გვ.82-83):

გაერია მოჯარეთა,
როგორც მტრედის გუნდთა ქორი,
კაცი კაცს ჰკრა, ცხენი ვხენსა,
დაადგა მკვდრებისა გორი...

ამ ნაწყვეტის დამუშავებისას სახალხო მთქმელს უხელმძღვანელია ტარიელის ხატაელებთან ბრძოლის ეპიზოდით:

შიგან ასრე გავერივნე, გნოლის ჯოგთა ვითა ქორი,
კაცი კაცსა შემოვსტყორცნი, ცხენ-კაცისა დავდგი გორი...

ამ მოსაზრების სისწორეს ისიც ადასტურებს, რომ ტარიელიანის ერთ-ერთ ვარიანტში სრულიად მოულოდნელად ახსენებს ავტორი ხატაელთა ლაშქარს (გვ. 122). ეს ფრაგმენტი ხალხურ ვეფხისტყაოსანში ჩართულია არაბუნებრივად, რაც უშუალოდ მიუთითებს მის მწიგნობრულ წყაროზე.

2. ხალხური თქმულებით, ტარიელი გვიამბობს (გვ. 223):

ჩვენი პატრონი გამდელი
სამუშაბოთა გვზრდიდიან;
გვასწავლეს კარგი საქმენი,
იმასა გვახდუნებდიან.
ისე გავიბით საბელი,
თვალნი ვერ გარდუწვდიდიან;
ვინც რო გვიჭვრეტდენ მჭვრეტელნი,
ყველა ჩვენ მოგვნატრიდიან.

მოყვანილი სტრიქონები ფრიდონის სიტყვების პერეფრაზირებაა რუსთაველის ვეფხისტყაოსნიდან:

ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან,
მასწავლნეს მათნი საქმენი, მახლტუნვებდიან, მწვრთიდიან;
ასრე გავიდი საბელსა, რომ თვალი ვერ მომკიდიან,
ვინცა მჭვერტდიან ყმაწვილნი, იგიცა მომნატრიდიან.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ ვეფხისტყაოსნისეული „სამუშაითოდ მზრდიდიან“ ხალხურ ვარიანტში შეცვლილია — „სამუშაბოთა გვზრდიდიან“. ცხადია, მთქმელისთვის გაუგებარი იყო სიტყვის „სამუშაითოდ“ მნიშვნელობა, რის გამოც მოხდა მისი ჩანაცვლება სრულიად სხვა მნიშვნელობის მქონე სიტყვით.

3. ტარიელიანის მთელ რიგ ვარიანტებს შემონახული აქვს ტარიელის მიერ ნესტანის საქმროს მოკვლის ამბავი. ქვემოთ მოყვანილია ნაწყვეტი ამ ამბიდან (გვ 194-195):

ავდექი, ჯაჭვი ჩავიცვი,
მკლავი გამოვიყურთმაჯე,
წაველ, ჯარში გავერიე,
თავი მოვიყიზილბაშე.
ვინცა მკითხავს: „სად მიდიხარ?“
ცხენი გამომექცა მაკე.
სანეფოს კარავს მიუხტი,
ჩავჰკარ-ჩავაფურთულაკე;
სანეფოს თავი მოვგლიჯე,
ისიც ბოძზე მიუნაყე.

ეს ნაწყვეტი საკმაოდ თავისებური და თავისუფალი გარდათქმაა რუსთაველის შაირებისა, რომელთაგან ერთი მათგანის დამოწმებაც კმარა:

კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ, ჩავაკარაბაკე.

ეჭვი არაა, რომ ამ სტრიქონს გამოუწვევია ხალხური „ჩავჰკარ-ჩავაფურთულაკე“. ხალხური ტექსტის სხვა ვარიანტებში გვხვდება „მკლავი გავითუთურაკე“, „ჩავკარ, ჩავაყურთულაგე“, „ჩავკარ ჩავიყუთურლაგე“. ხალხურში რუსთაველის სიტყვები ძლიერ შეცვლილია, მაგრამ ორიგინალის სპეციფიკური იერს აქაც უთუოდ იგრძნობთ.

განხილულ ნაწყვეტში სიტყვის „მოვიყიზილბაშე“ გამო იოსებ გრიშაშვილი აღნიშნავს: „ბევრსა ჰგონია, რომ შოთამ ხალხური ვეფხისტყაოსანი აიღო და გალექსა... მაგრამ როგორ შევაჯეროთ ის გარემოება, რომ შოთას პოემის და ხალხური ვეფხისტყაოსნის ლექსიკა ძალზე სხვაურია. მაგალითად, ხალხურ ვეფხისტყაოსანში XII საუკუნისთვის უჩვეულო სიტყვა ყიზილბაშია ნახმარი, ხოლო ავთანდილსა და ტარიელს სხვა საჭურველთა შორის თოფიც აქვთ.“[9] ტარიელიანის ზოგიერთ ხელნაწერ ვარიანტში ლექსიკური რუსიციზმებიც კი გვხვდება (პლატუქი, ატაჟა, კამპანია, მინუთი და სხვა).

4. ვეფხისტყაოსნის შაირები ტარიელიანში ზოგჯერ სრულიად უცვლელად არის შესული, ან გადამღერებულია. ტარიელიანის ერთ-ერთ ვარიანტში გადმოცემულია ავთანდილისა და თინათინის საუბარი (გვ. 88). თინათინი ეუბნება ავთანდილს:

ბრძენი, თუ ბრძენი, რა ბრძენი,
ხელი ვითა იქმს ბრძნობასა?!
ეგ საუბარი მაშინ მწამს,
როცა მე ვიყო ცნობასა.

ხოლო ავთანდილი პასუხობს:

რა ბრძენია დიდი ბრძენი
არა გრძნობდეს ქვეყნის ვიშსა?
ვით მამაცი მამაცურად,
კაცი რამდენს ნახავს ჭირსა.

კაცი თავის გრძნობისაგან[10]
ბოლოს ჩავარდება ჭირსა.
ჭირსა უნდა გამაგრება,
როგორც წყალში იმ ქვიტკირსა.

მოყვანილ ხალხურ ტექსტში ოდნავი ცვლილებებით გამეორებულია ტარიელისა და ავთანდილის საუბრის ერთი მომენტი. ტარიელი ეუმნება ავთანდილს:

ბრძენი, ვინ ბრძენი, რა ბრძენი, ხელი ვითა იქმს ბრძნობასა!
ეგ საუბარი მაშინ ხამს, თუმცაღა ვიყავ ცნობასა.

მეორე ნაწყვეტი ავთანდილის შეგონების გადამუშავებული ვარიანტია:

თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა:
ხამს მამაცი მამაცური, სჯობს, რაზომცა ნელად სტირსა,
ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა,
თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.

5. ერთ-ერთი მაგალითი მრავალთაგან ტარიელიანში ვეფხისტყაოსნის ტექსტის უბრალო გარდათქმისა. მოვიყვანოთ კიდევ ერთი ფრაგმენტი ტარიელიანიდან (გვ. 224):

პირისპირ მიჯდა იგი მზე,
გული მისთვისა კვდებოდა;
მალვით მიჭვრეტდა, ვუჭვრეტდი,
სხვად არას მიამებოდა.
თვალი მოვსწყვიტე, ამითა
გულსა დამიამებდა.

ორი უკანასკნელი სტრიქონი უაზრობას შეიცავს: კონტექსტის მიხედვით, თვალის მოწყვეტა მჭვრეტელის მხრიდან გულს ვერ დააამებდა. ბოლო სტრიქონს ერთი მარცვალიც აკლია. სახალხო მთქმელს უსარგებლია ტარიელის ნაამბობით ნესტანთან ერთ-ერთი შეხვედრისა და პირისპირ ჭვრეტის შესახებ:

ახლოს დამისვეს ადგილსა, მუნ, სადა მეამებოდა.
პირისპირ მიჯდა იგი მზე, გული ვისთვისცა კვდებოდა.
მალვით ვუჭვრეტდი, მიჭვრეტდის, სხვად არად მეუბნებოდა;
თვალნი მოვსწყვიდნი, სიცოცხლე ამითა მეარმებოდა.

ამრიგად, ტარიელიანისა და ვეფხისტყაოსნის ერთმანეთთან შედარება ცხადყოფს, რომ ტარიელიანი შეიქმნა ვეფხისტყაოსნის ხალხში გავრცელების შედეგად. სიუჟეტურად საინტერესო ამბავს სახალხო მთქმელები თავისებურად ამუშავებდნენ ზეპირი სიტყვიერების ტრადიციებზე დაყრდნობით. ვეფხისტყაოსნის ბრძნული აზრები და საინტერესო სიუჟეტი ახლაც იზიდავს ბევრს. ამ მხრივ, ინტერესი რუსთაველის პოემის მიმართ გასცდა მისი წარმომშობი ქვეყნის ფარგლებს. ცნობილმა უზბეკმა სახალხო მთქმელმა, ფაზილ იულდაშევმა რუსთაველის საიუბილეო პერიოდში უზბეკურად გარდათქვა ვეფხისტყაოსანი. ასე შეიქმნა შუა აზიაში ვეფხისტყაოსნის ე.წ. უზბეკური ვერსია.[11]

ალექსანდრე ბარამიძე მიუღებლად თვლის ვეფხიტყაოსნის სიუჟეტის ხალხური ტარიელიანიდან წარმოშობის თეორიას. ეს არ ნიშნავს, რომ რუსთაველი საერთოდ არ იყენებდა ხალხური შემოქმედების მასალებს. პირიქით, შესაძლოა დანამდვილებით ითქვას, რომ რუსთაველი კარგად იცნობდა მათ და, შესაბამისად, სარგებლობდა კიდეც ქართული ხალხური შემოქმედების ნიმუშებით, ქართული ხალხური მითოლოგიით.[12][13][14][15] ვეფხისტყაოსანში ქართული ხალხური მითოლოგიის თავისებური ანარეკლია თქმულება ქაჯთა შესახებ. მხოლოდ რუსთაველმა ქაჯები მავნე ადამიანებად წარმოადგინა. ავთანდილი გამოხატავს ხალხურ წარმოდგენას ქაჯზე, როგორც უხორცოზე, მავნე სულზე.[16] როდესაც მოისმინა მან ნესტანის ქაჯთაგან შეპყრობის ამბავი, გაკვირვებით ჰკითხა ფატმანს:

მაგრა ქაჯნი უხორცონი რას აქმნევენ, მიკვირს, ქალსა?!

აქ რუსთაველი ფატმანის ენით განმარტავს:

არ ქაჯნია, კაცნიაო, მინჰდობიან კლდესა სალსა,
ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, არიან ერთად კრებულნი,
კაცნი, გრძნებისა მცოდნელნი, ზედა გახელოვანებულნი,
ყოველთა კაცთა მავნენი, იგი ვერვისგან ვნებულნი;
მათი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი, დაწბილებულნი.

ამისთვის ქაჯად უხმობენ გარეშემონი ყველანი,
თვარა იგიცა კაცნია, ჩვენებრვე ხორციელანი.

აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ ქაჯად იწოდება ნესტანის აღმზრდელი, მეფე ფარსადანის და დავარი, რომელიც ქაჯეთში იყო გათხოვილი.[17]

ხალხური მითოლოგიის კვალი იგრძნობა ვეფხისტყაოსნის დევთა ამბავშიც. ქართული ხალხური თქმულებებისთვის დამახასიათებელია ისეთი სიუჟეტები, სადაც დევები (ან სხვა მავნე არსებები) იტაცებენ მზეთუნახავებს, გამოამწყვდევენ ხოლმე კოშკებში. შემდეგ ამ მზეთუნუხავებს ტყვეობიდან ათავისუფლებენ თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდები...

მიხელ ჩიქოვანმა ყურადღება მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ ქართულ ხალხურ თქმულებებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რიცხვ სამს ისევე, როგორც ვეფხისტყაოსანში.[18][19] თუმცა, ზოგადად, ობიექტურობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ რიცხვი სამი პოპულარული ყოფილა სხვადასხვა ხალხის ფოლკლორშიც.[20] დავუბრუნდეთ ვეფხისტყაოსანს. სამია პოემის წამყვანი ძმადნაფიცი გმირი, ქართული ფოლკლორს ახასიათებს ძმადნაფიცობის მოტივიც. დროის ერთეულად პოემაში, ჩვეულებრივ, მიღებულია სამი. ასე მაგალითად: ავთანდილმა და როსტევანმა შეჯიბრების წინ ნაძლევი დადეს: „ვინცა იყოს უარესი, თავ-შიშველი სამ დღე ვლიდეს“; თინათინმა ავთანდილს დაუბარა: „სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებარი“; ავთანდილმა თავის მამულში „დაყო სამი დღე ამოსა სანადიროსა“; მანვე დაავალა შერმადინს: „აქა სამ წელ მომიცადე, ხვაშიადი შემინახე“-ო, ხოლო თუ „აქათ სამ წელ არ მოვიდე, მაშინ გმართებს გლოვა, ფლასი“-ო; ავთანდილის მიერ ტარიელის ძებნაში გატარებული დროწელიწადი სამი სამ თვედ მიიყარა“; დაბნედილი ტარიელი „სამ დღემდის“ იყო უსულოდ, „სამსა დღესა“ დარბაზში იწვა და ა.შ.

ყოველივე თქმულის საფუძველზე, შეგვიძლია, ვივარაუდოდ, რომ რუსთაველი ემყარებოდა ქართულ ხალხურ თქმულებათა ტრადიციებს. მაგრამ თავად ტარიელიანი ჩამოყალიბებულია ვეხისტყაოსნის უშუალო გავლენით, მისი ხალხის ფართო მასებში გავრცელებით, ვეხისტყაოსნის შექმნის შემდეგ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მიხეილ ჩიქოვანი (1936, 1937). ხალხური ვეფხისტყაოსანი. თბილისი. 
  2. Оцерки (1897), გვ. 252-256
  3. ალექსანდრე ხახანაშვილი (1890). „ხალხში დარჩენილი ტარიელის ამბავი და შოთას ვეფხისტყაოსანი“. „ივერია“. თბილისი (№25).
  4. ვაჟა-ფშაველა (1956), გვ. 180-186
  5. Оцерки (1897), გვ. 253
  6. მიხეილ ჩიქოვანი (1937). „შოთა რუსთაველი და ქართული ფოლკლორი“, შოთა რუსთაველი სკოლაში. თბილისი, გვ. 170. 
  7. ჩიქოვანი (1936), შესავალი წერილი, გვ. 17, 48, 63, 64-66 და სხვა.
  8. ვაჟა-ფშაველა (1956), გვ. 184-185
  9. იოსებ გრიშაშვილი (1935). „წინათქმა და შენიშვნები“, საანდაზო ლექსები, ამოკრეფილი ილია ჭავჭავაძის მიერ. თბილისი, გვ. 19-20. 
  10. ასეა ხალხური ვეფხისტყაოსნის 1936 წლის გამოცემაში.
  11. ალექსანდრე ბარამიძე (1952). „ვეფხისტყაოსნის გაგრძელებათა საკითხისათვის“, ნარკვევები, ტომი III. თბილისი, გვ. 107-112. 
  12. დავით ჩქოტუა. „Герои поэмы Руставели и их мировоззрение“, Сборник Руставели, გვ. 176-180. 
  13. იოსებ მეგრელიძე (1940). Шота Руставели и грузинский фольклор, ტომი I, Советское Востоковедение, გვ. 112-146. 
  14. ჩიქოვანი (1943), გვ. 141-155
  15. მიხეილ ჩიქოვანი (1961). „ვეხისტყაოსნის მითოლოგია“. „საბჭოთა ხელოვნება“ (№11): 81–90.
  16. ზურაბ ავალიშვილი (1931). ვეფხისტყაოსნის საკითხები. პარიზი, გვ. 100-101. 
  17. იუსტინე აბულაძე (1936). „ვეხისტყაოსნის სიუჟეტისთვის“, შრომები, ტომი I, თბილისი: „უნივერსალი“, გვ. 146. 
  18. ჩიქოვანი (1943), გვ. 244-245
  19. (1946) ქართული ფოლკლორი, გვ. 397-398. 
  20. ა. ვესელოვსკი (1940). Историческая поэтика, გვ. 495. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]