ტარას ბულბა (ოპერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ტარას ბულბა
მიკოლა ლისენკოს ოპერა
ლიბრეტისტი მიხაილ სტარიცკი
ენა უკრაინული
ეფუძნება ტარას ბულბა
ავტ: ნიკოლაი გოგოლი
პრემიერა 1955 (დღევანდელი ვერსია)
კიევის ოპერის სახლი

ტარას ბულბაუკრაინელი კომპოზიტორის, მიკოლა ლისენკოს ოთხმოქმედებიანი ოპერა. ლიბრეტოს ავტორია მიხაილ სტარიცკი. ოპერა ეფუძნება ნიკოლაი გოგოლის იმავე სახელწოდების რომანს. ტარას ბულბა პირველად კომპოზიტორის გარდაცავლების (1912) შემდეგ, 1924 წელს დაიდგა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოპერის ავტორი - მიკოლა ლისენკო

ლისენკო ოპერაზე 1880-1891 წლებში მუშაობდა[1] და დაჟინებით მოითხოვდა უკრაინულად დადგმას, რის გამოც მის სიცოცხლეში ოპერა არ დადგმულა. კომპოზიტორი XVII საუკუნის კაზაკების ლიდერის, ვოვგურა ლისის შთამომავალი იყო და შესაძლოა, ამბავს მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.[2] ოპერა პირველად 1924 წელს ხარკოვში დაიდგა, ხოლო შემდეგ 1927 წელს - კიევში. ოპერის ახალი ვერსია 1937 წელს დაიდგა და დიდი წარმატება ხვდა წილად. [3] იმის გამო, რომ ოპერის ახალი რედაქციები თავდაპირველ ვარიანტს საკმაოდ დაშორდა, 1950-იან წლებში ტარას ბულბას მესამე ვარიანტი შეიქმნა (დირიჟორი − ა. კლიმოვი, რეჟისორი − ვ. სკლიარენკო, მხატვარი − ა. პეტრიცკი), რომლის პრემიერაც 1955 წელს გაიმართა.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როლი ხმის ტიპი
ტარას ბულბა ბანი
ოსტაპი, ბულბას ვაჟი ბარიტონი
ანდრი, ბულბას ვაჟი ტენორი
ნასტია, ბულბას ცოლი კონტრალტო
მარილცია, დუბნოს პოლონელი გუბერნატორის ქალიშვილი სოპრანო
გუბერნატორი ბანი
კობზარი ტენორი
ქორო: მოქალაქეები, კაზაკები და ა.შ.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოპერის მოქმედება კიევში, ტარასის სოფელში, ზაპოროჟიის სეჩსა და დუბნოში, XVII საუკუნეში მიმდინარეობს, როდესაც რეგიონში პოლონელები ბატონობდნენ. შინაარსი დაფუძნებულია თანამედროვე, 1955 წლის ვერსიაზე:

მოქმედება I[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოპერა იწყება ორკესტრის უვერტიურით. მოქმედება კიევში მიმდინარეობს, რომელიც პოლონელ შლიახტებს უკავიათ. შლიახტების მოსამსახურეები კობზარის (უკრაინელი ბარდი) მსმენელებს შლიან. ტარას ბულბა ვაჟებს: ოსტაპსა და ანდრის სასწავლებლად მონასტერში ტოვებს. ანდრი უკვე მოხიბლულია პოლონელი გოგოთი (რომელიც შემდეგში დუბნოს პოლონელი გუბერნატორის ქალიშვილი, მარილცია აღმოჩნდება). ოსტაპი კობზარს პატრიოტული სიმღერის შესრულებისკენ მოუწოდებს. ეს პოლონელებს ანრისხებს და შეხლა-შემოხლის დროს კობზარს კლავენ.

მოქმედება II[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტარასის სოფელი. ოსტაპი და ანდრი კიევიდან ბრუნდებიან და დედას, ნასტიას ხვდებიან. ბულბას მეგობარი ტოვკაჩი ვაჟებს მოუთხრობს, რომ მთელი უკრაინის მასშტაბით ომია გაჩაღებული. მიუხედავად დედის წინააღმდეგობისა, ტარასს ვაჟები სეჩში მიჰყავს. ნასტიას გული მისდის.

მოქმედება III[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეჩი. ტარასი სეჩში მყოფ გაზარმაცებულ მკვიდრებს საბრძოლველად მოუწოდებს. ანდრის ცუდი წინათგრძნობა აქვს, ხოლო ოსტაპი ჰპირდება, რომ ყოველთვის მხარს დაუჭერს მას. დასარტყმელი ინსტრუმენტების ხმაზე კაზაკების საბჭო (რადა) იკრიბება. ტარასის მხარდაჭერით, ისინი ახალ ატამანს, კირდიაგას ირჩევენ, რომელიც კაზაკებს საომრად მიუძღვის.

მოქმედება IV[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სცენა I[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაზაკების ბანაკი. ისინი დუბნოს არტყამენ ალყას, რომლის გუბერნატორიც მარილციას მამაა. ქალაქის მკვიდრები შიმშილობენ და მარილცია თავის თათარ მოახლეს ანდრის საძებნელად გზავნის.

სცენა II[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხესიმაგრის შიგნით. ანდრი და მარილცია ერთმანეთს სიყვარულს უმხელენ. ანდრი გუბერნატორს მის ხელს სთხოვს. მღვდლის რჩევით, გუბერნატორს მათი ქორწინება მიზანშეწონილად მიაჩნია და ანდრის პოლონეთის არმიის პოლკოვნიკად ნიშნავს.

სცენა III[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაზაკების ბანაკი. ტარასი იგებს, რომ თათრებმა სეჩი გაანადგურეს. გაქცეული ტყვისგან იგი ანდრის განზრახვის შესახებ იგებს. ანდრის ჯარები ციხესიმაგრიდან გამოდიან. ღალატის გამო ბულბა საკუთარ ვაჟს კლავს. ოსტაკი ძმას დასტირის.

სცენა IV[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტარასი და ოსტაპი კაზაკებს პოლონელების წინააღმდეგ და დუბნოს ასაღებად მიუძღვიან.

დასასრული მნიშვნელოვნად განსხვავდება ნიკოლაი გოგოლის ნაშრომისგან, სადაც ჯერ ოსტაპს, შემდეგ კი ტარას ბულბას პოლონელები ტყვედ იგდებენ და კლავენ. ოპერაში არ ჩანს ტარასის ორგვარი ბუნება და კაზაკებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Oxford Music Online, Lysenko, Mykola and Ukraine
  • Оксана Летичевская. «Опера М. Лисенка „Тарас Бульба“ (Особливості національного виконавського стилю хорових сцен)» // Народна творчість і етнографія. — 2001. — № 3

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]