ტანსენი
| ტანსენი | |
|---|---|
|
| |
| პირადი ინფორმაცია | |
| დაბ. თარიღი | 1493 |
| დაბ. ადგილი | გვალიორი |
| გარდ. თარიღი | 26 აპრილი, 1589 |
| გარდ. ადგილი | აგრა |
| ნამუშევრები და მიღწევები | |
| საქმიანობა | კომპოზიტორი |
ტანსენი (ჰინდი: तानसेन; დაბადების სახელი — რამთანუ მუკუნდ გაუდი; დაახლოებით 1493 — 1589 წლის 26 აპრილი) — ინდოელი ჰინდუსტანური კლასიკური მუსიკის კომპოზიტორი, ვოკალისტი და ინსტრუმენტალისტი. იგი ითვლება ინდური კლასიკური მუსიკის ერთ-ერთ უდიდეს წარმომადგენლად და განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მუღალთა იმპერიის კულტურულ ისტორიაში.
ტანსენი თავდაპირველად მოღვაწეობდა რაჯა რამჩანდრა სინგჰის კარზე რევაში, ხოლო მოგვიანებით, 1562 წლიდან, იმპერატორ აკბარის სასახლის მუსიკოსი გახდა. ისტორიული წყაროების მიხედვით, იგი აკბარის „ნავარატნების“ — ცხრა გამორჩეული მოაზროვნისა და ხელოვანის — ერთ-ერთი წევრი იყო.
ტანსენი დაკავშირებული იყო დჰრუპადის ტრადიციასთან და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჰინდუსტანური კლასიკური მუსიკის განვითარებაზე. მას მიეწერება მრავალი რაგის სრულყოფა და პოპულარიზაცია. ინდურ მუსიკალურ ტრადიციაში ტანსენის სახელს მრავალი ლეგენდა უკავშირდება, მათ შორის — რაგებით ბუნებრივ მოვლენებზე ზემოქმედების უნარი. ტანსენის შესახებ მრავალი ლეგენდა შეიქმნა, რომლებშიც ისტორიული ფაქტები და გამოგონილი ამბები ერთმანეთშია შერწყმული, რის გამოც ამ მოთხრობების ისტორიული სანდოობა ხშირად საეჭვოდ მიიჩნევა.[1] აკბარი მას „ნავარატნას“ — ცხრა გამორჩეული მრჩევლისა და მოაზროვნის — ერთ-ერთ წევრად მიიჩნევდა და უბოძა საპატიო ტიტული „მიან“, რაც „განსწავლულ ადამიანს“ ნიშნავს.[2]
ტანსენი იყო გამორჩეული კომპოზიტორი, მუსიკოსი და ვოკალისტი, რომელსაც ინდოეთის ქვეკონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილში შექმნილ მრავალ მუსიკალურ ნაწარმოებს მიაწერენ. იგი ასევე ცნობილი იყო, როგორც ინსტრუმენტალისტი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მუსიკალური ინსტრუმენტების დახვეწასა და პოპულარიზაციაში. ტანსენი ჩრდილოეთ ინდური ინდური კლასიკური მუსიკის — ე. წ. „ჰინდუსტანური“ ტრადიციის — ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად მიიჩნევა.
მისმა XVI საუკუნეის მუსიკალურმა ნაშრომებმა და კომპოზიციებმა მრავალი შემდგომი თაობის მუსიკოსზე მოახდინა გავლენა. ჩრდილოეთ ინდოეთის არაერთი გარანა (რეგიონული მუსიკალური სკოლა) სწორედ ტანსენს საკუთარ ტრადიციულ წინამორბედად და დამფუძნებლად მიიჩნევს.[3][4]
ტანსენი განსაკუთრებულად ცნობილია თავისი ეპიკური დჰრუპადის კომპოზიციებით, რამდენიმე ახალი რაგის შექმნითა და მუსიკის შესახებ დაწერილი ორი კლასიკური ნაშრომით — Sri Ganesh Stotra და Sangita Sara.[5]
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტანსენის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა წყაროთა უმრავლესობა მის დაბადებას დაახლოებით 1493 წლით, ან 1493–1506 წლებს შორის ათარიღებს. ბუნდოვანია ასევე მისი ბიოგრაფიის მრავალი დეტალი, რის გამოც მის შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული საერთო ელემენტები სხვადასხვა წყაროში მაინც მეორდება.
ტანსენის ცხოვრების ისტორიული ფაქტების დადგენა რთულია, რადგან მის ირგვლივ ჩამოყალიბებული ფართო და ხშირად ურთიერთგამომრიცხავი ლეგენდები რეალურ მოვლენებსა და მითურ გადმოცემებს ერთმანეთში აერთიანებს.[6]
სხვადასხვა გადმოცემაში არსებული საერთო ცნობების მიხედვით, ტანსენის ბავშვობის სახელი რამთანუ იყო.[7] მისი მამა, მუკუნდ რამი (ასევე ცნობილი როგორც მუკუნდ გაუდი ან მუკუნდ ჩანდი),[8] გვალიორის მდიდარი პოეტი და დახელოვნებული მუსიკოსი იყო, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვარანასიში ინდუისტური ტაძრის ქურუმად მსახურობდა.[7]
ზოგიერთი ვერსიის თანახმად, მიიჩნევა, რომ ტანსენი დაბადებიდან მუნჯი იყო და მეტყველება მხოლოდ 5 წლის ასაკში დაიწყო.
ტანსენმა მუსიკალური განათლება გვალიორში, თანამედროვე მადჰია-პრადეშის ტერიტორიაზე მიიღო და სწორედ იქ სრულყო თავისი ხელოვნება. კარიერა მან გვალიორის ტომარების სამეფოს სამეფო კარზე დაიწყო, ხოლო ცხოვრების უდიდესი ნაწილი ინდუისტი მმართველის,რევის რაჯა რამჩანდრა სინგჰის მფარველობის ქვეშ გაატარა. სწორედ ამ პერიოდში მოუტანა ტანსენს მისმა მუსიკალურმა ოსტატობამ და კვლევებმა ფართო აღიარება და პოპულარობა.
ტანსენი რაჯა რამჩანდრა სინგჰის ახლო მეგობარი და ნდობით აღჭურვილი პირი იყო; გადმოცემის მიხედვით, ისინი ხშირად ერთად ქმნიდნენ მუსიკას. ტანსენის მზარდმა პოპულარობამ მუღალთა იმპერიის იმპერატორ აკბარის ყურადღება მიიპყრო, რომელმაც რაჯა რამჩანდრა სინგჰთან ელჩები გაგზავნა და ტანსენის მუღალთა სამეფო კარზე მიწვევა ითხოვა.
თავდაპირველად ტანსენმა უარი განაცხადა და განმარტოებულ ცხოვრებაში გადასვლა ამჯობინა, თუმცა საბოლოოდ რაჯა რამჩანდრა სინგჰმა იგი აკბარის კარზე გაგზავნა. 1562 წელს, დაახლოებით სამოცწლოვანი ტანსენი, რომელიც იმ დროისთვის კვლავ ვაიშნავი მუსიკოსი იყო, პირველად წარდგა აკბარის სამეფო კარზე.[9] ტანსენის გავლენა გადამწყვეტი აღმოჩნდა იმ ჰინდუსტანური კლასიკური მუსიკალური ტრადიციის ჩამოყალიბებაში, რომელსაც დღეს ვიცნობთ. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა პირველი მუსიკალური გარანის — გვალიორის გარანის — ჩამოყალიბებაში. მრავალი შთამომავალი და მოწაფე სწორედ ტანსენს მიიჩნევს საკუთარი მუსიკალური ხაზის ფუძემდებლად.
ჰინდუსტანური კლასიკური მუსიკის არაერთი გარანა (მუსიკალური სკოლა) საკუთარ ტრადიციას ტანსენის მემკვიდრეობას უკავშირებს. ამ გარანებისათვის ტანსენი ჰინდუსტანური კლასიკური მუსიკის დამფუძნებელ ფიგურად ითვლება.[10]
ლეგენდების მიხედვით, აკბარის კარზე ყოფნისას ტანსენის მტრებმა იგი აიძულეს შეესრულებინა „რაგა დიპაკი“, რომელსაც გადმოცემით დამღუპველი ძალა ჰქონდა. თქმულების თანახმად, იგი სიკვდილს მისმა ქალიშვილმა და მისი მეგობარმა გადაარჩინეს, რომლებმაც „რაგა მეგჰი“ შეასრულეს.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტანსენის ადრეული ცხოვრების და განათლების შესახებ გავრცელებული ზეპირი ლეგენდები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, განსაკუთრებით იმის მიხედვით, თუ გადმოცემას ინდუისტური ვაიშნავიზმი თუ მუსლიმური (სუფიზმი) ტრადიცია უდევს საფუძვლად.[6]
ინდუისტური ტრადიციის მიხედვით, ტანსენზე უდიდესი გავლენა მოახდინა ბჰაკტის მოძრაობის წმინდანმა, პოეტმა და გვალიორის ტომარების სამეფოს მმართველის, რაჯა მან სინგჰ ტომარის კარის მუსიკოსმა —სვამი ჰარიდასმა. მუსლიმურ ბიოგრაფიებში კი აღნიშნულია, რომ ტანსენზე გავლენა მოახდინა სუფისტმა მისტიკოსმამუჰამად ღაუს გვალიორიმ.
სამხრეთ აზიის მუსიკის მკვლევრისა და პროფესორის, ბონი უეიდის მიხედვით, ფართოდ არის მიღებული მოსაზრება, რომ ტანსენის მთავარი მასწავლებელი სვამი ჰარიდასი იყო. ამავე დროს, აშკარაა, რომ ტანსენს ურთიერთობა ჰქონდა მუჰამად ღაუს გვალიორისთანაც, თუმცა არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ იგი ნაკლებად იყო დაკავშირებული რომელიმე კონკრეტულ რელიგიურ ტრადიციასთან და მეტად — თავად მუსიკასთან.[6][11] ტანსენმა მუსიკალური ნიჭი უკვე 6 წლის ასაკში გამოავლინა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი სვამი ჰარიდასის მოწაფე იყო — ლეგენდარული კომპოზიტორისა ვრინდავანიდან და რაჯა მან სინგჰ ტომარის (1486–1516) დიდებული გვალიორის სამეფო კარის მუსიკოსისა, რომელიც დჰრუპადის სასიმღერო სტილში იყო სპეციალიზებული.
ტანსენის ნიჭი ადრეულ ასაკშივე იქნა აღიარებული და სწორედ გვალიორის მმართველმა უბოძა მას საპატიო ტიტული „ტანსენი“. იმ დროისათვის ჰარიდასი ლეგენდარულ მუსიკის მასწავლებლად ითვლებოდა. გადმოცემის თანახმად, ტანსენს თავისი მოძღვრის გარდა ბადალი არ ჰყავდა.
ჰარიდასისგან ტანსენმა არა მხოლოდ დჰრუპადის სიყვარული შეიძინა, არამედ ადგილობრივ ენაზე შექმნილი მუსიკალური კომპოზიციებისადმი ინტერესიც. სწორედ ამ პერიოდში ბჰაკტის ტრადიცია ხელს უწყობდა სანსკრიტიდან ადგილობრივ ენებზე — ბრაჯ-ბჰაშასა და ჰინდიზე — გადასვლას, რაც ტანსენის შემოქმედებაშიც ნათლად აისახა.
სწავლის ერთ-ერთ ეტაპზე ტანსენის მამა გარდაიცვალა, რის შემდეგაც იგი მშობლიურ მხარეში დაბრუნდა. გადმოცემის მიხედვით, ამ დროს იგი გვალიორის ერთ-ერთ ადგილობრივ შივას ტაძარში გალობდა. ჰაგიოგრაფიულ გადმოცემებში აღნიშნულია, რომ ტანსენი შეხვდა სუფი მისტიკოსს — მუჰამად ღაუს გვალიორის. ამ ურთიერთობამ ტანსენის შემოქმედებაზე ძლიერი სუფიური გავლენა მოახდინა.[12]
მისი ცხოვრების გვიან პერიოდში ტანსენი კვლავ აგრძელებდა კომპოზიციების შექმნას ბრაჯ-ბჰაშაზე და იყენებდა ტრადიციულ მოტივებს, როგორებიცაა კრიშნა და შივა.[13]
ტანსენის მსგავს მუსიკოსთა არსებობა აკბარის სამეფო კარზე წარმოადგენდა მუღალთა იმპერიაში ინდუისტური და მუსლიმური ტრადიციების მიღებისა და ინტეგრაციის მცდელობას.[14]
ტანსენი გახდა აკბარის კარის ერთ-ერთი ფასეული ნავარატნა (სანსკრიტ. nava — ცხრა, ratna — ძვირფასი ქვა). სწორედ აქ მიენიჭა მას საპატიო ტიტული „მიან“, რის შემდეგაც დამკვიდრდა სახელწოდება „მიან ტანსენი“.
კომპოზიციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტანსენის მუსიკალური კომპოზიციები მრავალ თემას მოიცავდა და ძირითადად დჰრუპადის ფორმით სრულდებოდა. მათი უმრავლესობა მომდინარეობდა ინდუისტური პურანებიდან და შედგენილი იყო ბრაჯ-ბჰაშაზე. ტექსტები ეძღვნებოდა ღმერთებსა და ქალღმერთებს, მათ შორის განეშას, სარასვატის, სურიას, შივას და ვიშნუს (მის ავატარებს — ნარაიანასა და კრიშნას).[15][16]
ტანსენი ასევე ქმნიდა და ასრულებდა კომპოზიციებს, რომლებიც ეძღვნებოდა მეფეებსა და იმპერატორ აკბარის ქებას.[15]

ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტანსენმა იქორწინა გოგონაზე სახელად ჰუსაინი, რომელიც გვალიორიდან იყო. ამ ქორწინებიდან მას შეეძინა ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი: სურატ სენი, სარატ სენი, თარანგ ხანი, ბილას ხანი და სარასვატი. ხუთივე მათგანი თავის მხრივ გამოცდილი მუსიკოსი გახდა და გვალიორის მუსიკალურ ტრადიციაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.
მისი ქალიშვილი, სარასვატი, მოგვიანებით დაქორწინდა მისრი სინგჰზე (შემდგომში ცნობილი როგორც ნაუბათ ხანი), გამორჩეულ ვინას შემსრულებელ და კომპოზიტორზე სინგჰალგარჰიდან, რომელიც კიშანგარჰის რაჯა სამოკჰან სინგჰის შვილიშვილი იყო.[17]
არსებობს ასევე გადმოცემა, რომლის მიხედვითაც ტანსენი დაქორწინებული იყო აკბარის ქალიშვილზე — მეჰრუნისაზე, რის შემდეგაც იგი იძულებული გახდა ისლამი მიეღო.[18]
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტანსენის გარდაცვალების წელი, ისევე როგორც მისი ბიოგრაფიის მრავალი სხვა დეტალი, მკაფიოდ დადგენილი არ არის. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, რომელიც მუსლიმ ისტორიკოსებს ეკუთვნით, ტანსენი გარდაიცვალა 1586 წელს დელიში. ამავე ვერსიით, იმპერატორი აკბარი და მისი კარის დიდი ნაწილი დაესწრო დაკრძალვის პროცესს, რომელიც გვალიორიში მუსლიმური წესების მიხედვით შესრულდა.[7][19]
სხვა ვერსიების მიხედვით, მათ შორისაბულ-ფაზლის მიერ შედგენილ აკბარნამაში და ინდუისტ ისტორიკოსთა ჩანაწერებში, მის გარდაცვალების თარიღად მიიჩნევა 1589 წლის 26 აპრილი. ამ ვერსიით, მისი დაკრძალვა უმეტესად ინდუისტური წესების შესაბამისად შესრულდა.[20][21]
ზოგიერთი მკვლევარი უარყოფს მოსაზრებას ტანსენის ისლამზე მოქცევის შესახებ, რადგან მის შემოქმედებაში ნათლად ჩანს ინდუისტური ტრადიციისადმი ერთგულება და მრავალი კომპოზიცია ინდუისტურ ღვთაებებს ეძღვნება. ამავე დროს, მის მუსიკალურ ნაწარმოებებში არ იკვეთება ისლამური გავლენის მკაფიო კვალი.[22]
ტანსენის ნეშტი დაკრძალულია მისი სუფი მასწავლებლის — შეიხ მუჰამად ღაუს გვალიორის მავზოლეუმის კომპლექსში, გვალიორიში. ყოველ წელს, დეკემბერში, იქ იმართება ყოველწლიური ფესტივალი — „ტანსენ სამაროჰი“, რომელიც ტანსენის ცხოვრებასა და მემკვიდრეობას ეძღვნება.
პოპულარული კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტანსენის ცხოვრების შესახებ გადაღებულია რამდენიმე ჰინდიენოვანი ფილმი, რომლებიც ძირითადად ანეკდოტურ სიუჟეტებზეა დაფუძნებული. მათ შორისაა Tansen (1943), მუსიკალური წარმატებული ფილმი, რომელიც რანჯიტ მოშენმა (Ranjit Movietone) გადაიღო და რომელშიც მთავარ როლებს ასრულებდნენ K. L. Saigal და Khursheed Bano.[24]
ასევე გადაიღეს ფილმები Tansen (1958) და Sangeet Samrat Tansen (1962). ტანსენი ერთ-ერთ ცენტრალურ პერსონაჟად გვხვდება ისტორიულ მუსიკალურ ფილმში Baiju Bawra (1952), რომელიც მისი თანამედროვე მუსიკოსის ცხოვრებას ეძღვნება.
- ტანსენის თანამედროვე მხატვრული ინტერპრეტაცია
- მუღალური მინიატურა ტანსენზე, დაახლოებით 1580
- ტანსენის საფლავი გვალიორიში, მისი სუფი მასწავლებლის — მუჰამად ღაუსის მავზოლეუმთან ახლოს
- ტანსენის საფლავის შიდა ხედი
- ფატეჰპურ სიკრის აუდიენციის დარბაზი, მარცხნივ ანუპ ტალაო
- ტანსენის XX საუკუნის გამოსახულება
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტანსენის ჯილდო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ყოველწლიურად, დეკემბერში, გვალიორიში, ჰაზირას ტერიტორიაზე, ტანსენის სამარხთან ახლოს იმართება ეროვნული მუსიკალური ფესტივალი — „ტანსენ სამაროჰი“, რომელიც მისი ხსოვნის პატივსაცემად ტარდება. „ტანსენ სამანი“ ანუ ტანსენის ჯილდო ენიჭებათ ჰინდუსტანური კლასიკური მუსიკის გამორჩეულ შემსრულებლებს.
ნაგებობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფატეჰპურ სიკრის ციხესიმაგრე მჭიდროდ უკავშირდება ტანსენის მოღვაწეობას აკბარის კარზე. იმპერატორის სამეფო ოთახების მახლობლად აგებული იყო მცირე კუნძულზე მდებარე აუზი, სადაც მუსიკალური წარმოდგენები იმართებოდა. ეს წყალსაცავი დღეს ცნობილია როგორც „ანუპ ტალაო“ და მდებარეობს საჯარო აუდიენციის დარბაზის — „დივან-ი-ამის“ — ახლოს; მასთან მისვლა ოთხი ხიდით არის შესაძლებელი.
გადმოცემის მიხედვით, ტანსენი სხვადასხვა რაგას სხვადასხვა დროს ასრულებდა, ხოლო იმპერატორი და მისი რჩეული აუდიტორია მას მონეტებით აჯილდოებდნენ. ასევე აღნიშნულია, რომ ტანსენის სავარაუდო საცხოვრებელი სწორედ ამ ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობდა.
სასწაულები და ლეგენდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტანსენის ბიოგრაფიის დიდი ნაწილი, როგორც ეს აკბარის კარის ისტორიკოსებსა და გარანების ლიტერატურაშია აღწერილი, არათანმიმდევრული და სასწაულებრივი ლეგენდებისგან შედგება.[2] ერთ-ერთი გავრცელებული გადმოცემის მიხედვით, მას შეეძლო წვიმის გამოწვევა რაგა მეღ მალჰარის შესრულებით და სანთლების ანთება რაგა დიპაკის შესრულებით.[25][26]
რაგა მეღ მალჰარი დღესაც აქტიურად სრულდება, ხოლო რაგა დიპაკი თანამედროვე რეპერტუარში აღარ გვხვდება; მისი სამი განსხვავებული ვარიანტი ცნობილია ბილავალის, პურვის და ხამაჯის თაათებში. უცნობია, თუ რომელი, თუ საერთოდ რომელიმე მათგანი, შეესაბამება ტანსენის დროინდელ დიპაკს.
სხვა ლეგენდების მიხედვით, ტანსენს მიეწერება ველური ცხოველების „დამშვიდების“ ან მათთან „საუბრის“ უნარი. ერთ-ერთი გადმოცემით, მას შეეძლო ველური თეთრი სპილოს დაწყნარება სიმღერით, რის შემდეგაც იმპერატორმა შეძლო მისი გამოყენება.
გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ იგი რაბაბის შემქმნელიც იყო.[11]
კრატერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პლანეტა მერკურზე მდებარე კრატერს ტანსენის პატივსაცემად ეწოდა.[27]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Abul Fazl. Akbarnama. Asiatic Society of Bengal.
- Susheela Misra (1981). Great masters of Hindustani music. Hem Publishers.
- (1985) India: Art and culture, 1300–1900. Metropolitan Museum of Art. ISBN 978-0-03-006114-1.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Nazir Ali Jairazbhoy (1995). The Rāgs of North Indian Music: Their Structure and Evolution. Popular Prakashan, გვ. 19–20. ISBN 978-81-7154-395-3.
- 1 2 Davar, Ashok (1987). Tansen – The Magical Musician. India: National book trust.
- ↑ (2012) Cultural Sociology of the Middle East, Asia, and Africa: An Encyclopedia. SAGE Publications, გვ. 125. ISBN 978-1-4522-6662-6.
- ↑ (1998) The Garland Encyclopedia of World Music: South Asia : the Indian subcontinent. Taylor & Francis, გვ. 376–377. ISBN 978-0-8240-4946-1.
- ↑ Bonnie C. Wade (1998). Imaging Sound: An Ethnomusicological Study of Music, Art, and Culture in Mughal India. University of Chicago Press, გვ. 117. ISBN 978-0-226-86841-7.
- 1 2 3 Bonnie C. Wade (1998). Imaging Sound: An Ethnomusicological Study of Music, Art, and Culture in Mughal India. University of Chicago Press, გვ. 113–114. ISBN 978-0-226-86841-7.
- 1 2 3 Maryam Juzer Kherulla (12 ოქტომბერი 2002). „Profile: Tansen — the mesmerizing maestro“. Dawn newspaper. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ნოემბერი 2007. ციტირების თარიღი: 18 ნოემბერი 2024.
- ↑ Sunita Dhar (1989). Senia gharana, its contribution to Indian classical music. Reliance, გვ. 19. ISBN 978-81-85047-49-2.
- ↑ Edmour J. Babineau (1979). Love of God and Social Duty in the Rāmcaritmānas. Motilal Banarsidass, გვ. 54. ISBN 978-0-89684-050-8.
- ↑ Bruno Nettl (1995). Heartland Excursions: Ethnomusicological Reflections on Schools of Music. University of Illinois Press, გვ. 68. ISBN 978-0-252-06468-5. , Quote: "This is a recital of the identities of their teachers, perhaps the teachers' own teachers and association with gharanas, or schools, of musicianship, and often an attempt to link the main performer of the day through student-teacher genealogies to one of the early great figures of music, such as the revered Tansen, the mythical culture hero and founder of Hindustani music". When he was a member in the court of Mughal Emperor Akbar he was forced to sing Raga Deepak (dieing song) by his enemies. He was saved by Singing Raga Megh by his daughter and her friend
- 1 2 Tansen.
- ↑ Wade, Bonnie C. (1998). Imaging Sound : An Ethnomusicological Study of Music, Art, and Culture in Mughal India. University of Chicago Press, გვ. 113–114. ISBN 0-226-86840-0.
- ↑ Wade, Bonnie C. (1998). Imaging Sound : An Ethnomusicological Study of Music, Art, and Culture in Mughal India. University of Chicago Press, გვ. 114–115. ISBN 0-226-86840-0.
- ↑ Wade, Bonnie C. (1998). Imaging Sound : An Ethnomusicological Study of Music, Art, and Culture in Mughal India. University of Chicago Press. ISBN 0-226-86840-0.
- 1 2 José Luiz Martinez (2001). Semiosis in Hindustani Music. Motilal Banarsidass, გვ. 186–187. ISBN 978-81-208-1801-9.
- ↑ Françoise Delvoye (1990), Tânsen et la tradition des chants dhrupad en langue braj, du XVIe siècle à nos jours, Thèse d'État non publiée. Paris : Université de la Sorbonne Nouvelle (in French), თარგი:Oclc; For a review, see Allison Busch (2010), Hidden in Plain View: Brajbhasha Poets at the Mughal Court, Modern Asian Studies, Cambridge University Press, Vol. 44, No. 2 (MARCH 2010), pages 275, 267–309
- ↑ Haldar, Amal (February 1964). „Miya Tansen“. The Modern Review. CXV (2): 131.
- ↑ Dhar, Sunita (1989). Senia Gharana, Its Contribution to Indian Classical Music. Reliance Publishing House, გვ. 24. ISBN 978-81-85047-49-2.
- ↑ Stephen F. Dale (2009). The Muslim Empires of the Ottomans, Safavids, and Mughals. Cambridge University Press, გვ. 160. ISBN 978-1-316-18439-4.
- ↑ Bonnie C. Wade (1998). Imaging Sound: An Ethnomusicological Study of Music, Art, and Culture in Mughal India. University of Chicago Press, გვ. 115. ISBN 978-0-226-86840-0.
- ↑ Fazl, Abul. Akbarnama. Asiatic Society of Bengal, გვ. 816.
- ↑ Imaging sound : An ethnomusicological study of music, art, and culture in Mughal India (1998).
- ↑ Roshan Shahani (11 January 2004). Strains of a raga ... in Gwalior.
- ↑ Nettl, Bruno; Arnold, Alison (2000) The Garland Encyclopedia of World Music: South Asia : the Indian subcontinent. Taylor & Francis, გვ. 525. ISBN 978-0-8240-4946-1.
- ↑ (1998) The Classical Music of North India: The first years study. Munshiram Manoharlal, გვ. 270. ISBN 978-81-215-0872-8.
- ↑ Deva, Bigamudre (1995). Indian Music. India: Taylor & Francis.
- ↑ Tansen. Gazetteer of Planetary Nomenclature. IAU/USGS/NASA. ციტირების თარიღი: 12 May 2022