ტანიგუჩი იოშიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მომას ტანიგუჩისეული ახალი შენობა ბაღით.

იოშიო ტანიგუჩი (იაპონ. 谷口吉生; დ. 1937) — იაპონელი არქიტექტორი, ყველაზე უკეთ ცნობილი მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევრით – ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის შენობის დიზაინის განახლებით, რომელიც 2004 წლის 20 ნოემბერს გაიხსნა.

ტანიგუჩი არის არქიტექტორ იოშირო ტანიგუჩის (1904-1979) ვაჟი. სწავლობდა კეიოს უნივერსიტეტში (1960), შემდეგ კი ჰარვარდის უნივერსიტეტის დიზაინის ფაკულტეტზე, რომელიც 1964 წელს დაამთავრა. შემდგომში მცირე ხნით არქიტექტორ უოლტერ გროპიუსთან მუშაობდა, რომელმაც დიდი ზეგავლენა იქონია ახალგაზრდა არქიტექტორზე.

1964-1972 წლებში ტანიგუჩი მუშაობდა არქიტექტორ კენძო ტანგეს სტუდიაში, რომელიც სავარაუდოდ ყველაზე მნიშვნელოვანი იაპონელი მოდერნისტი არქიტექტორი იყო ტოკიოს უნივერსიტეტში. მნიშვნელოვან გვიანდელ თანამშრომლობათა შორის იყო ისამუ ნოგუჩი, ამერიკელი პანორამული არქიტექტორი პიტერ უოლკერი, და მხატვარი გენიჩირო ინოკუმა. ტანიგუჩი ცნობილია რამდენიმე იაპონური მუზეუმის პროექტებით, მათ შორისაა ნაგანოს პრეფექტურის მუზეუმი, მარუგამე გენიჩირო-ინოკუმას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ტოიოტას მუნიციპალური ხელოვნების მუზეუმი და ჰორიუძის საგანძურის გალერეა ტოკიოს ეროვნულ მუზეუმში.

1997 წელს ტანიგუჩიმ გაიმარჯვა დიზაინის კონკურსში ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის შენობისთვის, დაამარცხა რა 10 სხვა საერთაშორისო მნიშვნელობის არქიტექტორი, მათ შორის რემ კოოლჰაასი, ბერნარდ ჩუმი, ჟაკ ჰერცოგი და პიერ დე მიურონი. მომა ტანიგუჩის პირველი ნაშრომი იყო იაპონიის გარეთ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: