შინაარსზე გადასვლა

ტანზანიის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტანზანიის დროშა

ტანზანიის დროშა
მიღებულია 30 ივნისი, 1964
პროპორცია 2:3
კომპიუტერული
დიზაინი
ოქროსფერი საზღვრებით შემოსაზღვრული შავი დიაგონალური ზოლი, რომელიც დროშას ორ ნაწილად ჰყოფს — ზედა სამკუთხედი მწვანეა, ქვედა კი ღია ლურჯი.
სიმბოლიკა მწვანე ფერი ქვეყნის ბუნებრივ რესურსებსა და მცენარეულობას აღნიშნავს, შავი — ტანზანიელ ხალხს, ლურჯი — ინდოეთის ოკეანესა და ტბებს, ხოლო ოქროსფერი ზოლები მინერალურ სიმდიდრეს განასახიერებს.
წინა დროშები

ტანზანიის პრეზიდენტის სტანდარტი
პროპორცია 2:3

ტანზანიის დროშა (სუაჰ. Bendera ya Tanzania) — ტანზანიის ეროვნული დროშა, რომელიც ოფიციალურად 1964 წლის 30 ივნისს დამტკიცდა, ტანგანიკასა და ზანზიბარის გაერთიანების შემდეგ. დროშა შედგება ოქროსფერი საზღვრებით შემოსაზღვრული შავი დიაგონალური ზოლისგან, რომელიც დროშას ორ სამკუთხედად ჰყოფს — ზედა ნაწილი მწვანეა, ქვედა კი ღია ლურჯი.

თანამედროვე დროშის დიზაინი აერთიანებს ტანგანიკისა და ზანზიბარის ყოფილი დროშების ელემენტებს.

ტანზანიის დროშა არის ერთ-ერთი იმ ეროვნული დროშების შედარებით მცირე რაოდენობიდან, რომელიც მოიცავს დიაგონალურ ხაზს (ჰერალდიკური მოხრა), სხვა მაგალითებიდან აღსანიშნავია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, კონგოს რესპუბლიკის დროშა, ნამიბია, სენტ-კიტსი და ნევისი, ტრინიდადი და ტობაგოს დროშა და ბრუნეის დროშა.[1]

გაერთიანებულმა სამეფომ – თავის კოლონია სამხრეთ აფრიკასთან და მოკავშირე ბელგიასთან ერთად – 1916 წელს, აღმოსავლეთ აფრიკის კამპანიის დროს, დაიკავა გერმანიის აღმოსავლეთი აფრიკის დიდი ნაწილი. სამი წლის შემდეგ ბრიტანეთს დაევალა ტანგანიიკის მართვა, როგორც ერთა ლიგის მანდატი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც 1946 წელს ერთა ლიგა დაიშალა და შეიქმნა გაერო, ეს ტერიტორია გადაიქცა გაეროს სამეურვეო ტერიტორიად.[2][3]

1954 წელს ტანგანიკის აფრიკული ასოციაცია, რომელიც ბრიტანული კოლონიური მმართველობის წინააღმდეგ გამოდიოდა, ლიდერების ჯულიუს ნიერერესა და ოსკარ კამბონას ხელმძღვანელობით პოლიტიკურ პარტია ტანგანიკის აფრიკულ ეროვნულ კავშირად (TANU) გადაკეთდა. ამ პოლიტიკური პარტიის მიზანი იყო საკუთარი სამშობლოს დამოუკიდებლობა. პოლიტიკური პარტიის დროშა იყო ტრიკოლორი, რომელიც შედგებოდა სამი ჰორიზონტალური ზოლისგან – მწვანე, შავი და ყვითელი.[4]

დამოუკიდებლობამდე ცოტა ხნით ადრე, 1960 წელს ტანგანიკაში ჩატარდა საყოველთაო არჩევნები. TANU-ს დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ბრიტანეთის კოლონიურმა ხელმძღვანელობამ მათ ურჩია, პარტიის დროშის დიზაინი გამოეყენებინათ ახალი ეროვნული დროშის შთაგონებად. შედეგად, დაემატა ყვითელი ზოლები და ტანგანიკამ 1961 წლის 9 დეკემბერს დამოუკიდებლობა მოიპოვა.

ზანზიბარის სასულთნო, რომელიც 1963 წლამდე ბრიტანეთის პროტექტორატი იყო, კუნძულზე თავისი მმართველობის დროს იყენებდა წითელ დროშას. უკანასკნელი სულთანი 1964 წლის 12 იანვარს, ზანზიბარის რევოლუციის დროს ჩამოაგდეს და ახლად შექმნილ ზანზიბარის სახალხო რესპუბლიკის მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ მომდევნო თვეში მიიღო სახელმწიფო დროშა, რომელიც საკუთარ პარტიულ დროშას ეფუძნებოდა. ეს იყო სამფეროვანი დროშა სამი ჰორიზონტალური ზოლით – ლურჯი, შავი და მწვანე.[4][5]

  1. Flag of Tanzania. ციტირების თარიღი: 2026-05-13
  2. „ტანზანიის პროფილი“. BBC News. BBC. ციტირების თარიღი: 2014-08-06.
  3. ტანზანიის ისტორია. ციტირების თარიღი: 2014-08-06
  4. 1 2 Smith, Whitney (2013-11-21). „ტანზანიის დროშა“. Encyclopædia Britannica. Encyclopædia Britannica, Inc. ციტირების თარიღი: 2014-08-06. (ფასიანი რეგისტრაცია)
  5. Kindersley Ltd., Dorling (6 January 2009). Flags of the World. Penguin, გვ. 96. ISBN 9780756654863.