შინაარსზე გადასვლა

ტამარა მაკაროვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტამარა მაკაროვა
დაბადების თარიღი 13 აგვისტო, 1907
სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 20 იანვარი, 1997 (89 წლის)
მოსკოვი, რუსეთი
ეროვნება რუსი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
რუსეთის დროშა რუსეთი
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე(ები) სერგეი გერასიმოვი
ჯილდოები ლენინის ორდენი ლენინის ორდენი სტალინის პრემია სტალინის პრემია სსრკ სახალხო არტისტი (1950)

ტამარა მაკაროვა (რუს. Тама́ра Фёдоровна Мака́рова; დ. 13 აგვისტო, 1907, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია – გ. 20 იანვარი, 1997, (ან 18 იანვარი, 1997 ან 19 ნოემბერი, 1997), მოსკოვი, რუსეთი)[1] – საბჭოთა კინოს მსახიობი, პედაგოგი, პროფესორი. სოციალისტური შრომის გმირი (1982), ორგზის სტალინური პრემიის ლაურეატი (1941, 1947), ორგზის ლენინის ორდენოსანი (1977, 1982). სსრკ სახალხო არტისტი (1950)[2].

მაკაროვა 1930-იანი წლების ბოლოდან 1950-იანი წლების შუა ხანებამდე ლიუბოვ ორლოვასთან და მარინა ლადინინასთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინომსახიობი იყო საბჭოთა კავშირში.[3] მან მეუღლესთან, სსრკ სახალხო არტისტ სერგეი გერასიმოვთან ერთად, მან ცნობილი კინომსახიობების რვა თაობა აღზარდა.

დაიბადა 1907 წლის 13 აგვისტოს, პეტერბურგში და მოინათლა კლინიკურ ჰოსპიტალთან არსებულ პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში.[4] მშობლები - ფიოდორ როდიონის ძე მაკაროვი (დ. 1883) და მარია ილიას ასული (დაბ. ბადენკოვა, დ. 1881) - სასახლის ყუმბარმტყორცნების შვილები, დაქორწინდნენ 1903 წლის 3 ნოემბერს, მოხოვაიაზე სიმონისა და ანას ეკლესიაში.[5] მამამ დაიწყო სამსახური, როგორც უფროსმა ფერშალმა, გვარდიის პრეობრაჟენსკის პოლკში. შემდეგ, რეგისტრატორის წოდებით, მსახურობდა ვიბორგის ქვეითთა ​​პოლკში ფერშლად.

ოჯახში სამი შვილიდან უფროსი იყო.[6] იგი მონაწილეობდა სახლის თეატრებში, დადიოდა საბალეტო სკოლაში და ოცნებობდა მარიას თეატრის ქორეოგრაფიულ სტუდიაში შესვლაზე.

1917 წელს, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, მისი მამა დაიკარგა. 14 წლის ასაკში მაკაროვამ შეკრიბა მეზობლების შვილები და შექმნა საკუთარი დასი. თეატრი დარეგისტრირდა და ბავშვებმა საკუთარი ულუფის მიღება დაიწყეს. 1924 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, იგი შევიდა ნიკოლაი ფორეგერის სამსახიობო სახელოსნოში („Мастфор“).

1927 წელს მაკაროვას დებიუტი შედგა ფილმში „სხვისი ქურთუკი“. ის შემთხვევით, ფაქტიურად ქუჩიდან, „სოვკინოს“ საწარმოში (ახლანდელი „ლენფილმი“) აღმოჩნდა: ჩვიდმეტი წლის გოგონა გრიგორი კოზინცევისა და ლეონიდ ტრაუბერგის თანაშემწემ მიიყვანეს.[7] გადასაღებ მოედანზე იგი შეხვდა სერგეი გერასიმოვს. ერთი წლის შემდეგ ახალგაზრდები დაქორწინდნენ. ტამარა მაკაროვას მთელი შემდგომი შემოქმედებითი საქმიანობა დაკავშირებული იყო მის მეუღლესთან. მისი რჩევით, 1927 წელს ჩაირიცხა საშემსრულებლო ხელოვნების კოლეჯის კინოს განყოფილებაში, რომელიც დაამთავრა 1930 წელს. მაკაროვასთვის იქმნებოდა უმეტესობა მთავარი როლები ს. გერასიმოვის ფილმებში.

ტამარა მაკაროვა თავის მოწაფეებთან ერთად

1934 წელს მსახიობი პირველად გამოჩნდა გერასიმოვის ფილმში „მიყვარხარ კი?“ (არ არის შემონახული). იმ დროისთვის მაკაროვა უკვე მუშაობდა ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც არიან ვსევოლოდ პუდოვკინი და ივან პირევი. არც თუ იშვიათად, ფილმებში ქმართან ერთადაც იღებდნენ. თუმცა, საბჭოთა კავშირის მასშტაბით, წყვილმა წარმატება 1936 წელს მოიპოვა ფილმის „შვიდი მამაცი“ გამოსვლით. ამას მოჰყვა წარმატებული ერთობლივი ნამუშევრების სერია: „კომსომოლსკი“ (1938), „მასწავლებელი“ (1939), „მასკარადი“ (1941). ბოლო ფილმი დასრულდა 1941 წლის 21 ივნისს, დიდი სამამულო ომის დაწყების წინა დღეს.

ომის პირველ თვეებში მაკაროვა მონაწილეობდა თავდაცვის ორგანიზებაში, მუშაობდა ინსტრუქტორად ფრონტის პოლიტიკურ ადმინისტრაციაში, მედდად ერთ-ერთ ჰოსპიტალში. 1941 წელს ცოლ-ქმარი გახდნენ გაერთიანებული კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკები) წევრობის კანდიდატები, ხოლო 1943 წელს — წევრები. მათი ერთობლივი ნამუშევარი ამ პერიოდში იყო ფილმი „დაუმარცხებლები“ (1942), ლენინგრადელების გმირული ბრძოლის შესახებ ზურგში და ფრონტზე. ფილმის რეჟისორი მიხეილ კალატოზოვთან ერთად იყო გერასიმოვი. მასში ერთ-ერთი მთავარი როლი ტამარა მაკაროვამ შეასრულა. ალყაში მოქცეულ ლენინგრადში რამდენიმე სცენის გადაღების შემდეგ, წყვილი ღრმა ზურგში, ტაშკენტსა და ალმა-ატაში წავიდა, სადაც 1942 წლის შემოდგომაზე დაასრულეს სამუშაო. ამ დროს მათ იშვილეს არტური, მაკაროვას დის - ლუდმილასა და მისი ქმრის (ეროვნებით გერმანელი) ვაჟი. ისინი „ხალხის მტრებად“ გამოაცხადეს და გადასახლებაში გაგზავნეს. მაკაროვამ, ერთ-ერთ მიღებაზე, პირდაპირ მიმართა სტალინს და სთხოვა ბიჭი მისთვის გადაეცა აღსაზრდელად. მოგვიანებით არტური ცნობილი მწერალი და სცენარისტი გახდა.

ომის შემდეგ წლებში მაკაროვას პირველი როლი კინოში იყო სპილენძის მთის დიასახლისი ფილმში „ქვის ყვავილი“ (1946), რომელიც პავლე ბაჟოვის ზღაპრების მიხედვით გადაიღო რეჟისორმა ალექსანდრე პტუშკომ.

1950-იანი წლების დასაწყისიდან ის ბევრად უფრო იშვიათად თამაშობდა, ძირითადად ქმრის ფილმებში. მაკაროვა იყო ასევე ტატიანა ლიოზნოვას სადებიუტო ფილმის „ხსოვნა გულისა“ (1958) სცენარის თანაავტორი და ფილმისთვის „ადამიანები და მხეცები“ ​​(1962) ლიბრეტოს ავტორი.

1945–1993 წლებში ასწავლიდა ВГИК-ში,სადაც ლევ კულეშოვმა მიიწვია (1945–1954 წლებში უფროს ლექტორად, 1954–1968 წლებში დოცენტად, 1968 წლიდან პროფესორად).

ვიკიციტატა
„პირველ რიგში მე მმართებს ის ფაქტი, რომ შევიძინე სხვა პროფესია, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრება გახდა[8]

მუშაობდა სამსახიობო (1965 წლამდე), მხატვრული კინოს რეჟისურის და სამსახიობო (1965–1972) და მხატვრული კინოს რეჟისურის (კინო და სატელევიზიო ფილმები, 1972 წლიდან) განყოფილებებში. იგი ხელმძღვანელობდა კომბინირებულ რეჟისორ-მსახიობთა სახელოსნოს (1987 წლამდე, ს. ა. გერასიმოვთან ერთად, მისი გარდაცვალების შემდეგ ლ. ა. კულიჯანოვთან ერთად) და რეჟისორის სახელოსნოს (1987–1993, უცხოელი სტუდენტებისთვის, კულიჯანოვთან ერთად). მეუღლესთან ერთად მან 200-ზე მეტი კინორეჟისორი და კინომსახიობი მოამზადა. მათ შორის: ტ. ლიოზნოვა, ინა მაკაროვა, ლ. გურჩენკო, ჟ. ბოლოტოვა, ნ. გუბენკო, ლ. კულიჯანოვი, გ. პოლსკიხი, ნ. ბელოხვოსტიკოვა, ნ. ერიომენკო და სხვები. დიდ მზრუნველობას იჩენდა თავისი სტუდენტების მიმართ, რომელთა უმეტესობა მას მეორე ან სულაც მშობელ დედად თვლიდა.

მაკაროვა იყო უცხო ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის საკავშირო საზოგადოების კინოგანყოფილების ბიუროს წევრი (1955–1958), სსრკ კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის წევრი (1965–1991). კავშირის მე-5 ყრილობის (1986) შემდეგ მან მხარი დაუჭირა იმ ფილმების გამოშვების პროცესს, რომლებიც, ცენზურის გამო, მანამდე სახელმწიფო კინოფონდში იყო გადაცემული.

იყო არაერთი საგზაო ჩანაწერების (გამოუქვეყნებელი) და მემუარების (ნაწილობრივ გამოქვეყნებული) ავტორი, აგრეთვე ჰქონდა შენიშვნები საბჭოთა კინემატოგრაფის შესახებ.

სერგეი გერასიმოვისა და ტამარა მაკაროვას საფლავი

1985 წელს ქმრის გარდაცვალება დიდი დარტყმა იყო მაკაროვასთვის: მან შეწყვიტა მსახიობობა, მაგრამ განაგრძო სწავლება ВГИК-ში. 1995 წელს მან გამოაქვეყნა მემუარები, „ბოლოსიტყვაობა“. იმავე წელს მოკლეს მისი ნაშვილები არტურ მაკაროვი. მკვლელები ვერ იპოვეს. შემდგომში მსახიობი იღებდა მუქარის ზარებს, რომლებითაც ითხოვდნენ შვილის ვალების გადახდას.

გარდაიცვალა 1997 წლის 19 იანვარს, 90 წლის ასაკში, მოსკოვში. იგი დაკრძალეს ნოვოდევიჩის სასაფლაოზე (ნაკვეთი №10).

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Лучанский М. [С.] Тамара Макарова. — М.: Госкиноиздат, 1939. — 32 с. — 5000 экз.
  2. Ягункова Л. Х.-Д. Тамара Макарова. — М.: Искусство, 1978. — 176, [48] с. — (Мастера советского театра и кино).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Пётр Багров. Царственность, неприступность и холод
  2. Кино: Энциклопедический словарь / гл. ред. С. И. Юткевич. — М.: Советская энциклопедия, 1987. — С. 248. — 832 с.
  3. Макарова Тамара Фёдоровна
  4. ЦГИА СПб. Ф. 19 оп. 128, д. 925, л. 187 об - 188.
  5. ЦГИА СПб. Ф. 19 оп. 127, д. 1445, л. 760 об - 761.
  6. Моление о царице Тамаре
  7. Первая леди советского кино. Тамара Макарова
  8. Кулешов Л. В. 50 лет в кино / Л. В. Кулешов, А. С. Хохлова. Москва, 1975. С. 274.