ტალინის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია
| ტალინის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია | |
|---|---|
|
| |
![]() | |
| ძირითადი ინფორმაცია | |
| რელიგიური წევრობა | ქრისტიანული ტაძარი |
| სტატუსი | არ არის მოქმედი |
| ფუნქციური სტატუსი | მუზეუმი, არქიტექტურის ძეგლი |
| ხუროთმოძღვრების აღწერა | |
| ხუროთმოძღვრული ტიპი | გოთიკა |
| თარიღდება | XIII საუკუნე 1315 წელი |
| დეტალები | |
| სიმაღლე მაქსიმალური | 105 მეტრი |
| ტალინის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია | |

ტალინის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია (გერმ. Nikolaikirche), აგრეთვე ცნობილი როგორც ნიგულისტეს ეკლესია (ესტ. Niguliste kirik) — ტალინის ერთ-ერთი მთავარი შუა საუკუნეების ტაძარი. ეს ტაძარი, რომელიც დომინირებს ძველი ქალაქის დასავლეთ ნაწილის პანორამაში, დაარსდა XIII საუკუნის შუა ხანებში ვესტფალიელი წარმოშობის გოტლანდიელი ვაჭრების მიერ და აკურთხეს ყველა მეზღვაურის მფარველის — წმინდა ნიკოლოზის სახელზე. შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა საბჭოთა ავიაციის ბომბარდირების შედეგად 1944 წლის მარტში, რის შემდეგაც რესტავრაციის დასრულების შემდეგ იგი გამოიყენება როგორც მუზეუმი და საკონცერტო დარბაზი. ეს ესტონეთის სამხატვრო მუზეუმის ოთხი ფილიალიდან ერთ-ერთია. ეკლესიის შენობა ესტონეთის კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო რეესტრში შეტანილია როგორც არქიტექტურული და ისტორიული ძეგლი.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1230 წელს გერმანელი მოსახლეების — ვესტფალიელი ვაჭრების — ნაწილი დასახლდა რატუშის მოედნის სამხრეთ-დასავლეთით. ეს ტერიტორია პიკ-იალგის ქუჩის მეშვეობით უკავშირდებოდა ზემო ქალაქს (ტოომპეას). ეკლესიის ასაშენებლად მათ აირჩიეს ფართო მოედანი რატასკაევუს ქუჩის აღმოსავლეთ მხარეს, და XIII საუკუნის ბოლოსთვის ამ ადგილას აიგო სამნავიანი ეკლესია ოთხი ტრავეით. მისი იმდროინდელი გარეგნობა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დღევანდელი სახისგან — კერძოდ, არ ჰქონდა დიდი დასავლეთის კოშკი, რომლის მშენებლობა დიდ ხარჯებს მოითხოვდა და მხოლოდ XIV საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო.
თავდაპირველად ეკლესია გამოიყენებოდა, როგორც საქონლის საწყობი, და ზოგჯერ მასში ვაჭრობის გარიგებებსაც აფორმებდნენ, როგორც ეს ზოგადად იმ დროს დიდ ვაჭრობის ცენტრებში იყო გავრცელებული. ბალტიისპირეთში გამაგრებულ სავაჭრო ეკლესიებს უძველესი ტრადიცია ჰქონდა. მოხეტიალე ვაჭრები XII საუკუნიდან აშენებდნენ მათ, როგორც სეზონური სავაჭრო პუნქტების ცენტრებს.
არსებული შენობის ძირითადი ნაწილი აშენდა 1405-1420 წლებში, როდესაც გაჩნდა კლერესტორია (ზედა გალერეები გვერდითი ნავების ზემოთ). 1515 წელს კოშკს დაუმატეს გოთური წაწვეტებული შპილი. XVII საუკუნეში კოშკი და შპილი ბაროკოს სტილში გადააკეთეს. შპილი შემდგომში არაერთხელ გაიზარდა, სანამ არ მიაღწია დღევანდელ 105 მეტრიან სიმაღლეს.
წმინდა ნიკოლოზის ეკლესია ერთადერთია ქვემო ქალაქის ეკლესიებიდან, რომელმაც პროტესტანტების მიერ რეფორმაციის პერიოდში, კათოლიკური ეკლესიის შიდა დეკორის დაკარგვა შეძლო. 1524 წლის 14 სექტემბრის ღამით, მოქალაქეთა აგრესიულმა ბრბომ, წმინდა ოლაფის, პიუჰავაიმუს და დომინიკელთა მონასტრის წმინდა ეკატერინეს ეკლესიების დარბევის შემდეგ, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიას მიადგა. თუმცა, ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, კარების საკეტები ტყვიით იყო დახურული. შემდგომში ვნებათაღელვა დაწყნარდა, და ტაძარი ლუთერანული გახდა — მისი მდიდრული დეკორი კი შენარჩუნებულ იქნა.
1944 წლის 9 მარტს, როდესაც საბჭოთა ავიაციამ ტალინი დაბომბა, ეკლესიის შენობა, ისევე როგორც მთელი მიმდებარე უბანი, მნიშვნელოვნად დაზიანდა. XVI საუკუნის უამრავი სხვა ხელოვნების ნიმუში განადგურდა, თუმცა ყველაზე ღირებული ექსპონატები გადარჩა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეკლესიაში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. მხოლოდ 1970-იან წლებში აღადგინეს ომის დროს დაკარგული შპილი. 1982 წლის 12 ოქტომბრის ღამეს შენობაში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც კოშკზე აღმართული ახალი შპილი კვლავ ჩამოინგრა.[2]
ყოფილ ეკლესიაში შენობის რემონტისა და ინტერიერის რესტავრაციის შემდეგ, 1984 წლის იანვარში გაიხსნა ესტონეთის სამხატვრო მუზეუმის ფილიალი და საკონცერტო დარბაზი.[1] მუზეუმში ერთიანდება ესტონეთში შემონახული შუა საუკუნეების ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ნიმუშები: საკურთხევლები, ქანდაკებები, ნახატები, გერბები-ეპიტაფიები და აღსარების კამერები, რომლებიც ოდესღაც ტალინისა და მის შემოგარენის ეკლესიებსა და მონასტრებს ამშვენებდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მსოფლიოში ცნობილი ლიუბეკელი მხატვრის ბერნდტ ნოტკეს ნამუშევარი „სიკვდილის ცეკვა“, რომლის ნაწილიც წმინდა ანტონის სამლოცველოში ინახება. ამ ნახატზე გამოსახულია სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელთა ჯაჭვი — რომის პაპიდან დაწყებული ჩვილ ბავშვით დამთავრებული, რომლებსაც სიკვდილის პერსონაჟები ცეკვისთვის იწვევენ. მხატვარმა თავდაპირველად ორი მსგავსი ნახატი შექმნა, რომელთაგან ერთ-ერთი მეორე მსოფლიო ომის დროს ლიუბეკში დაიკარგა, ხოლო ტალინში მხოლოდ ამ ნაწარმოების ფრაგმენტია შემონახულა. ეკლესიაში ასევე ინახება ძველნიდერლანდური სკოლის საკურთხეველი, რომლის შექმნაც ცნობილ ტალინელ მხატვარ მიხაელ ზიტოვს მიეწერება.
წმინდა ნიკოლოზის ეკლესია ცნობილია თავისი შესანიშნავი აკუსტიკითაა, რაც მას იდეალურ ადგილს ხდის ორგანული მუსიკის კონცერტებისთვის. 2022 წლის 8 დეკემბერს ჩატარებული შემოწმების დროს ეკლესიის შენობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად აღიქმებოდა.[1]
ეკლესიასთან შემონახულია მრავალი საფლავის ქვა და რამდენიმე საფლავი. ჩრდილოეთ მხარეს მდებარეობს ჰოლშტაინ-ბეკის პრინცის ყვითელი მავზოლეუმი, რომელიც ბრიტანეთის პრინც ჩარლზის პირდაპირი წინაპარია (მამრობითი ხაზით). მის გვერდით მდებარეობს რუსი ფელდმარშალ დე კრუას სამლოცველო, სადაც მისი გვამი ვალების გადაუხდელობის გამო საჯაროდ იყო გამოფენილი, რომელიც ისეთ დონეზე მუმიფიცირდა, რომ 1897 წელს დაკრძალვის მომენტამდე მისი კოსტიუმიც და პარიკიც კი შემორჩა.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აღდგენითი სამუშაოები 1948 წლის ივნისში
- ეკლესია 1982 წელს ხანძრის შემდეგ
- ეკლესიის ორღანი
- სამარხში შესასვლელი პორტალი
- ეკლესიის საკურთხეველი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ziedonia Ligers. Geschichte der Baltischen Städte (нем.). — Bern: Paul Haupt Verlag, 1948. — 329 S.
- Tallinna ajalugu 1860-ndate aastateni (эст.) / Koostanud Raimo Pullat. — Tallinn: Eesti Raamat, 1976. — 429 с.
- Елена Ранну. Прошлое старого Таллина. — Таллин: Периодика, 1987. — 85 с.
- Лев Лившиц. Здесь Божий дом и врата в небо // Молодёжь Эстонии : газета. — 2008. — 12 февраля. Архивировано 20 февраля 2008 года.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 1215 Tallinna Niguliste kirik, 13.-20.saj.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-08-02. ციტირების თარიღი: 2024-08-17
- ↑ Йосеф Кац. (2012-10-10) Ночь, когда горела Нигулисте в Таллине. Столица. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-09-15. ციტირების თარიღი: 2024-08-17
