ტაიხანშანი
ტაიხანშანი | |
---|---|
კოორდინატები: 39°52′ ჩ. გ. 115°01′ ა. გ. / 39.867° ჩ. გ. 115.017° ა. გ. | |
ქვეყანა | ჩინეთი |
უმაღლესი წერტილი | სიაოუტაიშანი |
სიმაღლე | 2882 მ |
სიგრძე | 400 კმ |
ამგებელი ქანები | გნაისი, გრანიტი, ფიქალი და კირქვა |
ტაიხანშანი (ჩინ.: 太行山) — ქედი აღმოსავლეთ ჩინეთში. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 400 კმ-ზე. მაქსიმალური სიმაღლე 2882 მ (მთა სიაოუტაიშანი).[1]
ქმნის საზღვარს შანსისა და ხებეის პროვინციებსა და შანსის პლატოსა და ჩინეთის დიდ ვაკეს შორის. აღმოსავლეთი კალთები ციცაბოდ აწყდება ჩინეთის დიდ ვაკეს, საიდანაც ქედის სიმაღლე ზღვის დონიდან 1000–1200 მ აღწევს. სამხრეთით, ხენანის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ტაიხანშანი იხრება დასავლეთისაკენ და ქმნის მდინარე ხუანხეს ვაკეზე აღმართული პლატოს სამხრეთ-დასავლეთ კიდეს. ძლიერაა დანაწევრებული მდინარე ხაიხეს მრავალრიცხოვანი შენაკადებით. დასავლეთი კალთები დამრეცად ეშვება ლიოსის პლატოსკენ.[2]
ტაიხანშანი ჩამოყალიბდა იურული პერიოდის მთათწარმოშობის დროს, ე. ი. დაახლოებით 200–145 მლნ. წლის წინ. აგებულია უმეტესწილად კამბრიუმამდელი გნაისებით, გრანიტებით, ადრეპალეოზოური ფიქლებითა და კირქვებით. მნიშვნელოვანი კლიმატგამყოფია, რომელიც ქვეყნის სიღრმეში მუსონების შეჭრას უშლის ხელს. გაბატონებულია მურა და ყავისფერი ნიადაგები.[1]
ჩინეთის დიდი კედლის ნაწილი გადაჭიმულია აღმოსავლეთი მთისწინეთის გასწვრივ ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. ტაიხანშანი ისტორიულად, გადაადგილების თვალსაზრისით, დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენდა შანსისა და ხებეის შორის, რის გამოც დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებული იყო მეტაფორული ფრაზა „ტაიხანშანის გზა“. ძირითადი მარშრუტი იყო ე. წ. „ტაიხანშანის რვა უღელტეხილი“, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ძინსინის უღელტეხილი, რომელზედაც დღეს გადადის რკინიგზა შიძიაჯუანსა და ტაიიუანს შორის.[1]
სამხრეთ კიდესთან გადის წითელი დროშის არხი. აღმოსავლეთ კალთებზე შემორჩენილია ფართოფოთლოვანი ტყე. არის ქვანახშირის, გრაფიტისა და აზბესტის საბადოები.[2]