ტაიპინელთა აჯანყება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაიპინელთა აჯანყება
თარიღი დეკემბერი 1850 – აგვისტო 1864
მდებარეობა ჩინეთი
შედეგი ცინის იმპერიის გამარჯვება
ტაიპინელთა ზეციური სახელმწიფო დაცემა
მხარეები
ცინის იმპერია
სიანის ჯარი
ხუაის ჯარი

გვიანდელი ფაზა:
დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ტაიპინელთა ზეციური სახელმწიფო
მეთაურები
* სიანფენი (იმპერატორი) * ხუნ სიუციუანი
  (ზეციური თავადი)
ძალები
1,100,000+ 500,000
დანაკარგები
145,000 მოკლული 243,000 მოკლული
ტაიპინელთა აჯანყება ვიკისაწყობში

ტაიპინელთა აჯანყება — უცხოური, მანჯურიული ცინის დინასტიისა და ფეოდალთა ჩაგვრის წინააღმდეგ მიმართული გლეხთა ომი ჩინეთში, აჯანყებულებმა შექმნეს თავიანთი სახელმწიფო. ტაიპინელთა აჯანყების მიზეზი იყო გლეხებსა და ფეოდალებს, ჩინეთის ხალხის ძირითად მასასა და XVII საუკუნის შუა ხანიდან ხელისუფლების სათავეში მდგომ მანჯურიულ არისტოკრატიას შორის ურთიერთობათა გამწვავება, რაც გამოიწვია გლეხთა ფეოდალური ექსპლუატაციის გაძლიერებამ, გადასახადების ზრდამ, კაპიტალისტურ სახელმწიფოთა აგრესიამ. აჯანყების მომზადებაში დიდი როლი ითამაშა რელიგიურმა ქრისტიანულმა ორგანიზაციამ — ღვთის თაყვანისცემის საზოგადოებამ, რომელიც 1843 წელს ხუასიანის მაზრაში დააარსა აჯანყების მომავალმა უზენაესმა ხელმძღვანელმა ხუნ სიუციუანმა.

აჯანყება დაიწყო 1850 წლის ზაფხულში ძინტიანის რაიონში და თავდაპირველად ლოკალურ ხასიათს ატარებდა. აჯანყების მსვლელობისას ჩამოყალიბდა აჯანყებულთა დისციპლინირებული არმია და შეიქმნა „დიადი კეთილდღეობის ზეციური სახელმწიფო“ (ტაიპინ ტიანგო), დაიწყო სამხედრო ოპერაციები სახელმწიფო ჯარების წინააღმდეგ. 1852 წლის მაისში ტაიპინელები გამოვიდნენ გუანსიდან და გეზი ქვეყნის შუაგულისაკენ აიღეს. ამ ლაშქრობისას აჯანყებულთა რაოდენობა სულ უფრო და უფრო მატულობდა (20-30 ათასი კაციდან 300-350 ათასამდე), მათ არაერთი დიდი სამხედრო გამარჯვება მოიპოვეს და თანდათანობით ტაიპინელთა აჯანყება მთელი ჩინეთის გლეხთა ომად იქცა. 1853 წლის მარტში ტაიპინელებმა ქალაქი ნანკინი აიღეს და ტიანძინი — ზეციური დედაქალაქი უწოდეს.

ნანკინში ტაიპინელთა აჯანყების ხელმძღვანელებმა გამოაქვეყნეს იმდროინდელი ჩინეთის ფეოდალური საზოგადოების გასამხედროებულ პატრიარქალურ საზოგადოებად გარდაქმნის უტოპიური პროგრამა — „ზეციური დინასტიის სამიწათმოქმედო სისტემა“. პრაქტიკულად ტაიპინელებმა შეამცირეს მიწის საიჯარო გადასახადი გლეხებზე და გადასახადების მნიშვნელოვანი ნაწილი მემამულეებსა და მდიდრებს დააკისრეს. 1853 წლის მაისში ტაიპინელებმა ცინის დინასტიის დამხობის მიზნით პეკინზე გაილაშქრეს, მაგრამ 1855 წლის მაისში დამარცხდნენ. 1853-56 ტაიპინელებმა ახალი შეტევა წამოიწყეს ცენტრალურ ჩინეთში, მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს და გააფართოვეს თავიანთი სახელმწიფოს ტერიტორია, მაგრამ მტრისთვის გადამწყვეტი დარტყმის მიყენება მაინც ვერ მოახერხეს.

1956 წლის შემოდგომაზე ტაიპინელთა ხელმძღვანელობაში უთანხმოება მოხდა. მოკლეს აჯანყების 3 ხელმძღვანელი: იან სიუცინი, ვეი ჩანხოი და ცინ ჟიგანი, ათასობით აჯანყებული დახოცეს. 1857 წლის შემოდგომაზე ახალი განხეთქილების შედეგად აჯანყებულთა ნაწილი ში დაკაის მეთაურობით სამხრეთ-დასავლეთ პროვინციაში წავიდა. 1862 წლის თებერვლიდან ტაიპინელთა წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩაება დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი.

1863 წლის შუა წლებში ტაიპინელებმა დაკარგეს მათ მიერ დაპყრობილი ტერიტორია მდინარე იანძის ჩრდილო ნაპირზე, ჯეძიანის დიდი ნაწილი და მნიშვნელოვანი პოზიციები სამხრეთ ძიანსუში. 1863-64 წლებში ტაიპინელებმა დაკარგეს თითქმის ყველა საყრდენი პუნქტი, 1864 წლის ივლისში მტერმა ნანკინი აიღო და ტაიპინელთა სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა. ტაიპინელთა არმიის ორი გადარჩენილი დაჯგუფება ერთხანს აგრძელებდა ბრძოლას. 1868 წლის აგვისტოში ტაიპინელები საბოლოოდ დაამარცხეს მთავრობის ჯარებმა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]