ტაილანდური სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ტაილანდური სამზარეულო — ერთ-ერთი გამორჩეული სამზარეულო მსოფლიოში[საჭიროებს წყაროს მითითებას]. ტაილანდურ სამზარეულოში აქცენტი, ძირითადად, კეთდება მსუბუქად მომზადებულ კერძებზე ძლიერი და არომატული გამორჩეული კომპონენტებით. ტაილანდური კერძები გამოირჩევა თავისი სიცხარით. ბალანსი, დეტალები და მრავალფეროვნება ტაილანდურ სამზრეულოში ყველაზე მნიშვნელოვანია. ტაილანდური კერძები ასევე ცნობილია ხუთი ძირითადი გემოს: ცხარეს, მჟავეს, ტკბილის, მარილიანისა და მწარეს ბალანსით.

ძირითად კერძად შეგვიძლია ამოვირჩიოთ ყვითელი და წითელი ქარის კერძები, თევზის და ზღვის პროდუქტის, ხორცის, ქათმის ან ბოსტნეულის კომბინაციები და სურვილის შემთხვევაში მოვითხოვოთ საშუალოდ ცხარედ მომზადებული კერძი. იგივე შეიძლება ითქვას ბრინჯით და ატრიით მომზადებულ კერძებზე – მშვენიერია პოპულარული ტაილანდური კერძი – პად ტაი და სხვადასხვა ატრიის კომბინაცია.

ტაილანდური სამზარეულოს მრავალფეროვნება პიკანტური სანელებლების, სურნელოვანი ციტრუსისა და არომატული ბოსტნეულის ბალანსშია გამოვლინებული, სადაც ინგრედიენტების კონტრასტული ფაქტურები მოულოდნელ და, ამავე დროს, მარტივ ჰარმონიას ქმნის. არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ ტაილანდელები კერძის გაწყობას, რასაც ხშირად ოსტატურად გამოჭრილი რთული კონსტრუქციის ბოსტნეული ასრულებს. ერთი სიტყვით, ტაილანდური კერძი მიმზიდველად უნდა გამოიყურებოდეს.

ტაილანდელებისთვის დღის პირველი კერძი ტიპურად მსუბუქი სუპია, ამ მხრივ წვნიანების ფართო არჩევანს გვთავაზობს ტაილანდური სამზარეულო. სადილისა თუ ვახშმისთვის უდავოდ კარგი დასაწყისია ტომ იამი – არომატული წვნიანი ზღვის პროდუქტით ან ქათმით.

ტაილანდურ სუფრას ამშვენებს წვნიანი, სალათა, მოხრაკული ხორცი, ბოსტნეული, კარრი და სხვადასხვა საწებელი. მაგიდაზე ყოველთვის დევს ცხელი ბრინჯი. დესერტი შეიძლება დამზადებული იყოს შაქრისა და კვერცხისგან; აგრეთვე ქოქოსის რძისა და ნაყოფისგან.

ყველასთვის ცნობილია, რომ გემრიელი საჭმლის მოსამზადებლად საჭიროა ახალი პროდუქტები, ტაილანდში კი ეს ყველაფერი ადვილი საშოვნელია. ქალაქების ბაზრებში იყიდება ახალი ხილი, ბოსტნეული, თევზეული და ისეთი სანელებლები, როგორიცაა ლიმონის ურო, ქინძი, ნიორი, ზარდანჩო, გალანგას ფესვები, კარდამონი, თამარჰინდი და ზირაკი. აგრეთვე უხვად ნახავთ მწარე წიწაკას და მჟავე ლაიმს, ტაილანდური სამზარეულოს ძირითად ინგრედიენტებს.

ტაილანდის ქვეყნის ზოგ ნაწილში ჩვეულებისამებრ ხელით ჭამენ, თითებით იღებენ წებოვან ბრინჯს, მომრგვალო ფორმას აძლევენ, საწებელში აწებენ და მადიანად შეექცევიან. ვერმიშელი შეგიძლიათ სპეციალური ჩხირებით ჭამოთ, მაგრამ თუ გაგიჭირდებათ, ჩანგლითა და კოვზით მიირთვით.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძი „ტომ იამ ქუნგი“ — კრევეტების წვნიანი მომჟავო-მომწარო გემოთი. შეგიძლიათ მიირთვათ აგრეთვე სანელებლებით შეკაზმული პაპაიას (ნესვის ხე) სალათა, ვერმიშელი შემწვარი ქათმის ან იხვის ხორცთან, ღორის დაკეპილ ხორცთან ან თევზთან ერთად. კიდევ ერთი გამორჩეული კერძია „მაჰო“, რომლის მნიშვნელობაცაა „ცხენები მიჰქრიან“. ამ კერძის მოსამზადებლად საჭიროა ღორის ხორცი, კრევეტები და მიწის თხილი, რასაც ანელებენ წითელი წიწაკითა და ქინძით და დებენ ანანასის ნაჭერზე. დესერტად შეგიძლიათ დააყოლოთ წებოვანი ბრინჯი, რომელსაც ქოქოსის რძესთან და მანგოსთან ერთად მიირთმევენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]