ტაილანდის სამხედრო გადატრიალება (2014)
ტაილანდის სამხედრო გადატრიალება (2014) | |||
---|---|---|---|
თარიღი | 2014 წლის 22 მაისი | ||
მდებარეობა | ტაილანდი | ||
მეთაურები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
ტაილანდის სამხედრო გადატრიალება ვიკისაწყობში |
ტაილანდის სამხედრო გადატრიალება — 2014 წლის 22 მაისს ტაილანდში სამეფო არმიის ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებული სამხედრო გადატრიალება. გადატრიალებას სათავეში ედგა სამეფო არმიის მთავარსარდალი, პრაიუთ ჩან-ოჩა.
20 მაისის ადგილობროვი დროით დილის 5 საათზე, ყველა ეროვნულმა ტელეარხმა გადასცა სამეფო არმიის ხელმძღვანელის განცხადება, რომელიც აღნიშნავდა, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა 28 და დაიჭრა ასობით ადამიანი[1], ცხადდებოდა სამხედრო მდგომარეობა. სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების ოფიციალური მიზეზი იყო „ქვეყანაში მშვიდობისა და წესრიგის აღდგენა“. ტაილანდის კონსტიტუციის თანახმად, სამხედრო ძალებს აქვთ უფლება, უკიდურეს შემთხვევაში, ხელში აიღონ ძალაუფლება და იზრუნონ საზოგადოების უსაფრთხოებისათვის[2].
ტაილანდის პრემიერ-მინისტრის უფროსმა მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, პარადონ პატანაბუტმა, განაცხადა, რომ ხელისუფლება არ იყო ინფორმირებული სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ და დროებითი მთავრობა პრემიერ ნივათჰუმრონგ ბუნსონპაისანის ხელმძღვანელობით მუშაობას განაგრძობს. არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმაც ასევე დაადასტურა, რომ სამხედრო მდგომარეობის შემოღება არ მოახდენდა გავლენას დროებით მთავრობაზე, რადგან აღნიშნული მდგომარეობა გამოცხადდა ქვეყანაში წესრიგის აღდგენის მიზნით[3][4]. 20 მაისის დილას პრაიუთ ჩან-ოჩას ბრძანებით შეიქმნა მშვიდობისა და წესრიგის აღმდგენი საბჭო. 22 მაისს კი გენერალმა ჩან-ოჩამ გამოაცხადა სამხედრო გადატრიალების შესახებ. მისი განცხადებით „ხელისუფლებას ახლა არმია ფლობს, რათა ქვეყანაში აღადგინოს წესრიგი და გაატაროს საჭირო რეფორმები“[5]. მალევე გაუქმებულად გამოცხადდა ტაილანდის კონსტიტუციაც[6].