ტადეო გადი
| ტადეო გადი | |
|---|---|
|
| |
| დაიბადა | 1300[1] ან 1300[2] |
| დაბადების ადგილი | ფლორენცია |
| გარდაიცვალა | 1366[3] [4] |
| გარდაცვალების ადგილი | ფლორენცია[5] |
ტადეო გადი (იტალ. Taddeo Gaddi; დ. 1290, ფლორენცია, ტოსკანა — გ. 1366, ფლორენცია) — იტალიური პროტორენესანსის პერიოდის ფლორენციული სკოლის ფერმწერი. ჯოტო დი ბონდონეს მოწაფე და მიმდევარი, მხატვართა დინასტიის, გადის ოჯახის წარმომადგენელი.
გადის ოჯახი — ფლორენციელ მხატვართა დინასტია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტადეო იყო ფერმწერისა და მოზაიკოსის, გადო დი ძანობის (Gaddo di Zanobi), რომელიც ცნობილია როგორც გადო გადი, ვაჟი. 1327 წელს, ჯოტოსა და მამის კვალდაკვალ, ტადეო მიიღეს „მკურნალთა და აფთიაქართა გილდიაში“, რომელშიც XIV საუკუნის დასაწყისიდან ფერმწერთა მიღებაც დაიწყეს.
ტადეო გადის ვაჟები ასევე მხატვრები იყვნენ: ფერმწერი ჯოვანი გადი (1333-1383), ფერმწერი და მოქანდაკე ანიოლო გადი (დაახლ. 1350-1396) და ფერმწერი ნიკოლო გადი. მეოთხე ვაჟი, ძანობი, მხატვარი არ ყოფილა, თუმცა წარმატებით ეწეოდა ვაჭრობას, რითაც ხელი შეუწყო ოჯახის ეკონომიკურ და სოციალურ დაწინაურებას. მეხუთე ვაჟი იყო ფრანჩესკო გადი.
ტადეო გადის ცხოვრება და შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტადეო გადი ჯოტოს სახელოსნოში 1313 წლიდან 1337 წლამდე — ოსტატის გარდაცვალებამდე მუშაობდა. ჯორჯო ვაზარის მტკიცებით, ტადეო ჯოტოს ყველაზე ნიჭიერი მოწაფე იყო, ან ყოველ შემთხვევაში, ის, ვინც ყველაზე უკეთ შეძლო გამოჩენილი ოსტატის ინდივიდუალური სტილის გაგრძელება და „გონიერებისა და ნიჭის წყალობით, ამ ხელოვნებაში ერთ-ერთ პირველ ფერმწერად დარჩა, რომელიც ყველა თავის თანამედროვეს აღემატებოდა“. 1347 წელს იგი ფლორენციის საუკეთესო ფერმწერთა სიის სათავეში მოიხსენიეს.[6]
გადის ნამუშევრების ატრიბუცია ეფუძნება მის მიერ ხელმოწერილ ორ სურათთან შედარებას: ბერლინის ტრიპტიქთან (ბერლინის სურათების გალერეა, ინვ. № 1079-1081, 1334 წელი) და „მადონა ყრმით“ (ფლორენცია, უფიცი, ინვ. № 3, 1355 წელი). გადის მრავალი ნამუშევარი, რომელთა შესახებაც ძირითადად ვაზარი იტყობინება, ამჟამად დაკარგულია. მის ნამუშევართა შორის უმნიშვნელოვანესია ფრესკების ციკლი „ღვთისმშობლის ისტორია“ ფლორენციის სანტა-კროჩეს ბაზილიკის ბარონჩელის კაპელაში (1328-1338).[7] გარკვეული ხნის შემდეგ მან მოხატა პანელები[8] ამავე ეკლესიის რიზნიცისთვის, რომლებიც ამჟამად გადანაწილებულია ფლორენციის აკადემიის გალერეასა და მიუნხენის („გამოცდა ცეცხლით“ (Prova del Fuoco), „რაინდ ჩელანოს სიკვდილი“ (la Morte del cavaliere di Celano, ძველი პინაკოთეკა)) და ბერლინის („სულიწმინდის მოფენა მოციქულებზე“ და „აღდგომა“ (ბერლინის სურათების გალერეა)) მუზეუმებს შორის. მისი შემოქმედების გვიანდელ პერიოდს მიეკუთვნება ფრესკები „საიდუმლო სერობა“ და „სიცოცხლის ხე“.[9]
ტადეო გადი მონაწილეობდა „სტეფანესკის პოლიპტიხზე“ მუშაობაში (რომი, ვატიკანის პინაკოთეკა). ტადეო გადის სხვა ნამუშევრებია: „მადონა“ (ბერნი), „მოგვთა თაყვანისცემა“ (დიჟონი), „იობის ისტორია“ (პიზა, კამპო-სანტო), „მადონა ყრმით, ანგელოზებითა და წმინდანებით“ (ფლორენცია, უფიცი), „ფეხმძიმე მადონა“ (ფლორენცია), პოლიპტიხი წმინდა ფელიციტას ეკლესიიდან (ფლორენცია).[10] ვაზარი ასევე იტყობინებოდა, რომ ტადეო გადის მიენდო პონტე-ვეკიოს აღდგენა, თუმცა ჩვენს დროში მკვლევრები ამ მტკიცებას ეჭვქვეშ აყენებენ და მიიჩნევენ, რომ სამუშაო ნერი დი ფიორავანტეს დაევალა. სავარაუდოდ, გადი ასევე ასრულებდა ორსანმიკელეს ეკლესიის ზედა ნაწილის მშენებლობას და ამთავრებდა სანტა-მარია-დელ-ფიორეს ტაძრის ჯოტოს სამრეკლოს.
ტადეო გადი თავის შემოქმედებაში ტიპური „ჯოტესკო“ იყო; უფრო გვიანდელ ნამუშევრებში იგი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად მიჰყვებოდა „ბიზანტიურ სტილს“, მაინც ფლობდა მკვეთრად გამოხატულ ინდივიდუალობას და იყენებდა თამამ სივრცით კონსტრუქციებს განათების მოულოდნელი ეფექტებით, რაც თითქმის უნიკალურია ცენტრალური იტალიის ტრეჩენტოს პერიოდის ფერწერისთვის. სახეების ნატიფი მოდელირებით ტადეო გადი მაზო დი ბანკოს მიღწევებს უახლოვდებოდა.[11]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Гадди // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
- Лонги Р. От Чимабуэ до Моранди / Сост. А. Б. Махова; Пер. Г. П. Смирнова; Послесл. М. В. Алпатова; Коммент. В. Д. Дажниной. — М.: Радуга, 1984. — С. 28.
- Donati P. Taddeo Gaddi. — Firenze, 1966.
- Neri Lusanna E. Gaddi, Taddeo // Enciclopedia dell' Arte Medievale. — 1995.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Таддео Гадди“ ვიკისაწყობში.- Таддео Гаддиდაარქივებული 2016-12-25 საიტზე Wayback Machine. — www.art-giotto.ru
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ RKDartists
- ↑ BeWeB
- ↑ Union List of Artist Names — 2017.
- ↑ GADDI, Gaddo Ada Labriola — Dizionario Biografico degli Italiani — Volume 51 (1998) დაარქივებული 2023-03-22 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Гадди, Таддео — Европейское искусство — Яндекс. Словари
- ↑ Официальный каталог. ციტირების თარიღი: 2012-08-25
- ↑ Источник. ციტირების თარიღი: 2017-02-10 в трапезной Санта-Кроче დაარქივებული 2017-04-21 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Taddeo Gaddi catalogue raisonné, 1982
- ↑ Neri Lusanna E. Gaddi, Taddeo // Enciclopedia dell' Arte Medievale, 1995