ტაგანროგის სურბ-აკობის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაგანროგის სურბ-აკობის ეკლესია
ტაგანროგის სურბ-აკობის ეკლესია — რუსეთი
ტაგანროგის სურბ-აკობის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება სომხეთის სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ტაგანროგი
სასულიერო სტატუსი დანგრეულია
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1900-1901

ტაგანროგის სურბ-აკობის ეკლესია (რუს. Церковь Сурб Акоб; სომხ. Սուրբ Հակոբ եկեղեցի) — ყოფილი ეკლესია ქალაქ ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მიეკუთვნება სომხეთის სამოციქულო ეკლესიას. აგებულია 1900-1901 წლებში.

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 62.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დონის მიწაზე სომხების დასახლება დაიწყო ორი საუკუნის წინ. XVIII საუკუნეში ეკატერინე II-მ გამოსცა ბრძანებულება ყირიმიდან სომხების გადასახლების შესახებ აზოვისპირეთში. 1779 წელს ათასი სომეხი გადაასახლეს დონის მიწაზე, ძირითადად სოფლებში: ჩალტირი, ყირიმი, ბოლშიე-სალი, სულთან-სალი და ნესვეტაი. ასევე დასახლდნენ ტაგანროგში. XIX საუკუნიდან ტაგანროგში ცხოვრობს ათასამდე სომეხი. მათი საეკლესიო ცხოვრების სრულყოფისათვის აუცილებელი იყო ეკლესიის აშენება.

1895 წელს ადგილობრივ სომხურ მოსახლეობას გაუჩნდა ეკლესიის აშენების იდეა. ეკლესიის მშენებლობისათვის ადგილი შესწირა ვაჭარმა, თამბქოს ფაბრიკის მფლობელმა, ეროვნებით სომეხმა იაკობ სერებრიაკოვმა[1]. სომეხი-გრიგორიანელებისათვის ეკლესიის მშენებლობის საკითხების განხილვაში მონაწილეობდა ასევე მოსკოველი ვაჭარი შორნიკოვი. იაკობ სერებრიაკოვმა ეკლესიის მშენებლობისათვის მრევლს გადასცა საკუთარი სამფლობელო ბერძნების ქუჩა № 50-ში (ამჟამად 62).

1897 წელს მშენებლობის საკითხი გადაწყდა და დაიწყო სახსრების შეგროვება. შემომწირველები იყვნენ მდიდარი მეწარმეები, მათ შორის: ძმები ადაბაშევები, ძმები ბაღდასაროვები, მარდიროსოვი, ტერ-არუთინოვი, ოგანესიანცი, ხალდრიმიანცი და სხვა.

1897 წელს ნახიჩევან-ბესრაბაიის კონსისტორიამ მიმართა ეჩმიაძინის წმინდა სინოდს მიეცა თანხმობა ტაგანროგში სამლოცველო სახლის მშენებლობის შესახებ. 1899 წლის 12 აგვისტოს სასულიერო საქმეთა დეპარტამენტმა გასცა თანხმობა ტაგანროგში ეკლესიის მშენებლობის შესახებ და 1900 წლის 21 მაისს აკურთხეს მშენებლობის ადგილი.

1901 წლის ოქტომბერში ეკლესია ააშენეს. ეკლესია ააგეს სომხურ-გრიგორიანულ სტილში. მისი განსაკუთრებული დეტალი იყო კონუსისებური გუმბათი და ცალკე მდგომი სამრეკლო.

ეკლესია აკურთხეს წმინდა იაკობის სახელზე, რომლის სახელობის დღესასწაულს აღნიშნავენ ოქტომბერში. 1904 წელს ეკლესიაში დააყენეს კანკელი. ეკლესია აკურთხეს 1906 წლის 19 მარტს. ეკლესიის საკურთხებლად დონის ნახიჩევანიდან ჩავიდა არქიმანდრიტი მუშე და მღვდელთმსახურები. ეკლესიის პირველი სტაროსტა გახდა ს. ადაბაშევი, პირველი მღვდელი - ოვანეს ოქსენტიანცი.

1913 წლიდან ეკლესიასთან მოქმედებს საეკლესიო-სამრევლო სკოლა. 1922 წელს, საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში, ეკლესიიდან გაიტანეს ჯვარი, ხუთი ვერცხლის ხატი და სხვა საეკლესიო განძი.

1929 წელს, ქალაქის საბჭოს № 1151 დადგენილების მიხედვით ტაგანროგის ყველა ეკლესია გადაკეთდა კლუბად და ხორბლის საწყობად. ეკლესიის დანგრევა დაიიწყო 1930 წელს. საბოლოოდ ეკლესია დაანგრიეს და მის ადგილზე ააშენეს სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Вартанян В.Г., Казаров С.С. Армянская-Апостольская Церковь на Дону // Ростов н/Д., 2001 Е.И.
  • Российская и Ново-Нахичеванская епархия Армянской Апостольской Церкви. Исторический путь. М., 2013

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Гаврюшкин О.П. "По старой Греческой". д. 63. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-11. ციტირების თარიღი: 2017-04-16.