ტაბაწყური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტაბისყური)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტაბაწყური (მრავალმნიშვნელოვანი).
ტაბაწყური
კოორდინატები: 41°38′45″ ჩ. გ. 43°37′33″ ა. გ. / 41.645861° ჩ. გ. 43.625944° ა. გ. / 41.645861; 43.625944
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული სამცხე-ჯავახეთის მხარე
სიმაღლე ზღვის დონიდან 1991 
ფართობი 14,2 კმ²
მოცულობა 0,221 კმ³
საშუალო სიღრმე 15,5 
მაქსიმალური სიღრმე 40,2 
აუზის ფართობი 83,1 კმ²
ტაბაწყური — საქართველო
ტაბაწყური
ტაბაწყური — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ტაბაწყური
მედიაფაილები ვიკისაწყობში

ტაბაწყური, ტაბისყურიტბა საქართველოში, ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების საზღვარზე.[1] მდებარეობს სამსრის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, ქცია-ხრამის აუზში, ზღვის დონიდან 1991 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 14,2 კმ², წყალშემკრები აუზის ფართობი 83,1 კმ², საშუალო სიღრმე 15,5 მ, მაქსიმალური სიღრმე 40,2 მ, წყლის მოცულობა 221 მლნ. მ³.[2]

ტაბაწყური საქართველოში ზედაპირის ფართობით მე-4, ხოლო წყლის მოცულობით უდიდესი ტბაა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. ტბის მინიმალური დონე ძირითადად შეინიშნება იანვარ–მარტში. ყველაზე დაბალი საშუალოთვიური დონეა თებერვალში. გაყინულია დეკემბრის ბოლოდან მარტის ბოლომდე. გამდინარეა მიწისქვეშა გზით.[2]

ტაბაწყურის ტბის წყალშემკრები აუზი განლაგებულია სამსრის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში და ყველა მხრიდან გარშემორტყმულია ვულკანური მთებით. ქვაბული ჩრდილო-აღმოსავლეთით გრძელდება მწვერვალების — თავკვეთილისა და შავნაბადას შორის მდებარე ხეობისმაგვარ ჩადაბლებაში, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით მოლითის უბით ებმის ამავე სახელწოდების სინკლინურ დეპრესიას.[3] აუზის ჰიდროგრაფიული ქსელი სუსტადაა განვითარებული, რაც მისი გეოლოგიური აგებულებითაა განპირობებული. ერთვის მხოლოდ ორი მუდმივი შენაკადი: ერთი ჩრდილოეთიდან, ხოლო მეორე დასავლეთიდან. იერთებს აგრეთვე რამდენიმე დროებით ნაკადსაც.[2]

ტბას აქვს სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმული ოთხკუთხედის ფორმა. სანაპირო ხაზი შეჭრილ-შემოჭრილია, განსაკუთრებით სამხრეთ-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით. ბევრია ყურე, არის კუნძულები. ტბის ნაპირები ძირითადად მაღალია და ციცაბო. ტბის ქვაბულის წყალქვეშა კალთები ყველგან ციცაბოა. ქვაბული წარმოქმნილია ლავური ნაკადების შეგუბების შედეგად. ტაბაწყურის გენეზისი ვულკანურ-ტექტონიკურია.[4][5]

ტბის წყლის ზედაპირული ფენის მაქსიმალური საშუალოთვიური ტემპერატურა შეინიშნება აგვისტოში და უდრის 15.3 °C-ს. მაქსიმალური საშუალო დღე-ღამური ტემპერატურა 24.5 °C-ია.[2]

დამახასიათებელია სუსტი მინერალიზაცია, რაც განპირობებულია ქვაბულის ამგები ვულკანური ქანების რთული წარეცხილობითა და მისი საზრდოობის ხასიათით. საერთო მინერალიზაცია შეადგენს 50–70 მგ/ლ. ტბის წყალი გამოირჩევა ჟანგბადის კარგი თვისებებით.[2]

წყალი მტკნარია, მდიდარია თევზით. მოიპოვება კალმახი, ჩვეულებრივი წვერა, კობრი, ევროპული ჭაფალა, ლადოგური სიგი, რიპუსი და სხვა.[2][6] თევზის სარეწად ტბის ნაპირზე აშენებულია პატარა ნავსაყუდელი და ქარხანა-საამქრო.[7] ტბის გარშემო გაშენებულია სოფლები ტაბაწყური და მოლითი. გარშემორტყმულია ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილით.[8]

ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ტაბაწყური ხელოვნურად შექმნილი წყალსატევი უნდა იყოს:[7]

ვიკიციტატა
„იტყვიან ტბის-ყურისას თამარ მეფემ ჰყო ტბად, ვინაითგან ჩანს ნარუალი, გაიტანაო ქციიდამ.“

ტაბაწყურის ტბის წარმოქმნის შესახებ არსებობს ქართული მითი.[9]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 161.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Апхазава И. С. Озера Грузии. Тбилиси: Мецниереба, 1975. ст. 146–150
  3. საქართველოს სსრ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. თბილისი, XLVI, № 3, 1967, გვ. 653–658
  4. საქართველოს კლიმატურ და ჰიდროლოგიურ ელემენტთა შესწავლისათვის : კრებული. თბ., 1966. გვ. 120
  5. ლევან მარუაშვილი. საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბილისი, ცოდნა, 1964, გვ. 321–322
  6. Краткая географическая энциклопедия, Том 4/Гл. ред. Григорьев А. А. М.: Советсвкая энциклопедия — 1964, ст. 448
  7. 7.0 7.1 თ. ჩიქოვანი. ზემო ქართლი: სამხარეთმცოდნეო ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი. „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1987, გვ. 12–13
  8. საქართველოს მთავრობის დადგენილება № 227, 2016 წლის 20 მაისი, თბილისი
  9. კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 184, ISBN 978-99940-27-10-1.