სხვილოს ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სხვილოს ციხე

სხვილოს ციხეშუა საუკუნეების ციხესიმაგრე შიდა ქართლში (ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე). მაღალი მთის ქედზე აღმართული ციხე გადაჰყურებს ლეხურის ხეობასა და ტირიფონის გაშლილ ვაკეს.

აგებულია XIV საუკუნეში. ვარაუდობენ, რომ აქ ციხე ადრევე იყო ("მატიანე ქართლისაში" (XI ს.) იხსენიებიან X საუკუნის მოღვაწენი დაჩი და ივანე სხვილოსელნი).

სხვილოს ციხის ისტორია დაკავშირებულია ზევდგენიძეთა (ამილახვარნი) ფეოდალური საგვარეულოს აღზევებასთან. XIV საუკუნეში მათ ჯერ სხვილოს მამული მიიღეს. აქვე იყო მათი რეზიდენცია. XVI-XVII საუკუნეებში რეზიდენცია ქვემო ჭალაში გადაიტანეს და სხვილოს ციხე-დარბაზმა მხოლოდ ციხესიმაგრის ფუნქცია მიიღო. XVII საუკუნის 30-იან წლებში სხვილოს ციხეში გამაგრებულ იოთამ ამილახვარს თავს დაესხა მეფე როსტომი და დაამარცხა. XVII საუკუნის 40-იან წლებში სხვილოს ციხე ირანის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი ქართლის გამგებლის გივი ამილახვარის ერთ-ერთი დასაყრდენი იყო. XVIII საუკუნის ბოლომდე სხვილოს ციხე ამილახვართა საგვარეულოს ეკუთვნოდა. შემდგომში მან დაკარგა თავისი ადრინდელი მნიშვნელობა. ციხე წარმოადგენს გეგმით წაგრძელებულ, ოთხკუთხედის ფორმის ნაგებობას, რომელსაც ერთადერთი ვიწრო შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონდა. იგი 2 მ სიმაღლეზე იყო მოთავსებული და, როგორც ჩანს, ხის კიბით ადიოდნენ იქამდე. ციხის კედლების სიმაღლე 11-14 მ აღწევს, სისქე - 2 მ, სულ ზემოთ მოწყობილი ყოფილა მებრძოლთა სამოძრაო იარუსი.

საბრძოლო ბილიკის გასწვრივ განლაგებულია სათოფურები და სალოდეები. მაღალი კედლები ქონგურებით არის დაგვირგვინებული. ციხის თავსა და ბოლოში თითო კოშკი დგას. ორივე ხუთსართულიანი უნდა ყოფილიყო, მათგან მთავარია ჩრდილოეთის კოშკი. თავდაპირველად ციხის ტერიტორიაზე მცირე ზომის ეკლესია იდგა, შემდეგში, როდესაც მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა, სივიწროვის გამო მას თავზე მეორე ეკლესია დააშენეს. ეკლესიის დასავლეთით ციხის კედელთან დიდი ზომის წყალსაცავია. ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების შენობათა ნაშთები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები, თბ., 1973 წ.
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5, თბ., 1990 წ.
  • ზაქარაია პ., გვასალია ჯ., ქსე, ტ. 9, გვ. 629, თბ., 1985