სხვავის ძელიცხოვლის ეკლესია
| სხვავის ძელიცხოვლის ეკლესია | |
|---|---|
| ძირითადი ინფორმაცია | |
| გეოგრაფიული კოორდინატები | 42°29′48″ ჩ. გ. 43°13′23″ ა. გ. / 42.496917° ჩ. გ. 43.223056° ა. გ. |
| ქვეყანა |
|
| რაიონი | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
სხვავის ძელიცხოვლის ეკლესია, „ძელი ჭეშმარიტი“, — არქიტექტურული ძეგლი სოფელ სხვავაში (შუა სხვავა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი). აგებულია XIX საუკუნის II ნახევარში ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის თაოსნობით. შემორჩენილია ნანგრევების სახით.
ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ტიპისაა. ნაგებია გამოტეხილი, ასევე კარგად დამუშავებული კირქვით კირის დუღაბზე. ეკლესია თითქმის მთლიანად დაინგრა რაჭის 1991 წლის მიწისძვრის დროს. ნაგებობისგან შემორჩენილია ძლიერ დაზიანებული, ტაძრის ცენტრალური, კვადრატული სივრცის შემქმნელი კონსტრუქცია — კუთხეებში ამოყვანილი ოთხი მაღალი და მძლავრი ბურჯი, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებულია თაღებით. ბურჯებთან დაკავშირებულია ჩრდილოეთის, სამხრეთისა და დასავლეთის მკლავების კედლები და საკურთხევლის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლები.
ეკლესიაში ინახებოდა საკურთხევლის წინ აღსამართი XI საუკუნის ხის ჯვარი, შემკული მოოქრული ვერცხლის ფირფიტებით, რომელზეც გამოსახულია სცენები ქრისტეს ცხოვრებიდან. ჯვარზე ამოკვეთილია მხედრული წარწერები: „ქ. უხორცოთა მთავარო გაბრიელ, მეოხ და მფარველ ეყავ ორთავე შინა ცხოვრებათა მამკობსა შენსა რატის, რაჭის ერისთავსა, და ძესა მისსა კახაბერს და ააშენენ აზნაურნი, ეკლესიასა შენსა შემავალნი, და მოხევენი და ხევნი და ეკლესიისა შვილნი...“; „ქ. წმიდაო გაბრიელ მთავარანგელოზო, შეიწყალე ვახტანგ ... ისძე. მოიჭედა მისსა ნაცვლობასა შიგან...“. ჯვარი ინახება ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში.
1920-იან წლებში გიორგი ბოჭორიძეს აღწერილი აქვს იქვე მდებარე „ძელი ჭეშმარიტის“ ძველი ეკლესიის ნაშთები. ეკლესიის ქვებზე შემორჩენილი იყო რამდენიმე „ხუცური“ წარწერა (არ შემონახულა), რომლებსაც ის პალეოგრაფიული ნიშნებით XIII საუკუნით ათარიღებს. წარწერებში მოხსენიებული იყვნენ: „ვახტანგ და გაბრიელ ძე მისი“, „მირიან“, ხელოსანი „ვარდან გიონაისძე“ (შესაძლოა „ვარდან, გიორგი ონაის ძე“).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბოჭორიძე გ. რაჭის ისტორიული ძეგლები. სხვავა. საქართველოს მუზეუმის მოამბე. ტ.VIII, ტფ., 1935. —გვ. 289-292.
- ბოჭორიძე გ. რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. თბ., 1994. — გვ. 186-190.
- სილოგავა ვ., ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი. II: დასავლეთ საქართველოს წარწერები. ნაკვ. I (IX-XIII სს.), თბ., 1980. — გვ.171-172.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 13401