შინაარსზე გადასვლა

შიომღვიმის წყალსადენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სხალტბა-შიომღვიმის წყალსადენი)

შიომღვიმის წყალსადენი — იგივე სხალტბა-შიომღვიმის წყალსადენი, შუა საუკუნეების საქართველოს მნიშვნელოვანი ჰიდროტექნიკური ნაგებობა, რომელიც წყაროს წყალს აწვდიდა შიომღვიმის მონასტერს. გაყვანილია თამარ მეფის მწიგნობართუხუცესის ანტონ ჭყონდიდელის თაოსნობით 1199-1202 წლებში. წყალშემკრები ნაგებობა, რომელიც გვირაბების რთულ სისტემას წარმოადგენს, მდებარეობს სხალტბის სერის ჩრდილოეთ ფერდობზე, სოფელ სხალტბის (მცხეთის მუნიციპალიტეტი) მახლობლად. წყალსადენის 2 კმ სიგრძის ტრასა რთულ ტოპოგრაფიულ პირობებშია გაყვანილი. მისი ბოლო მონაკვეთი 170 მ სიმაღლის ფრიალო კლდეზე ეშვება. შიომღვიმის წყალსადენი დღე-ღამეში 243.000 ლიტრ წყალს აწვდიდა მონასტერს. ამავე სათავე ნაგებობიდან წყალსადენის მეორე, 1 კმ სიგრძის შტო გაუყვანიათ სოფელ სხალტბამდეც.

ანტონ ჭყონდიდელის განჩინება, რომელიც თამარ მეფის სიგელზეა დართული და 1202 წლით თარიღდება, გვაუწყებს, რომ მშენებლობა 3 წელს გაგრძელებულა.

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 6.
  • „საქართველოს არქეოლოგია“ / რედ: აფაქიძე ა., თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 387-388.