სწროფავის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სწროფავის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სწროფავის ჩრდილოეთით, 1,5 კილომეტრზე, ტყიან ბორცვზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, სამხრეთიდან და დასავლეთიდან გვიანდელი მინაშენები ეკვრის. ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. ეკლესიის საფასადო წყობა მოზრდილი ქვებისაა. შიგნითა საპირე ქვები გაცილებით წვრილია. ძეგლი ძლიერაა დაზიანებული: დანგრეულია ორივე მინაშენი, ჩამონგრეულია ეკლესიის კამაროვანი გადახურვა, მონგრეულია კედლები სმნიშვნელოვანი ნაწილი. შენობა 1 მეტრის სიმაღლეზე მიწაშია ჩაფლული. შესასვლელი სამხრეთ მინაშენიდანაა. შემორჩენილია შესასვლელის მხოლოდ აღმოსავლეთ წირთხლის ნაწილი.

აღმოსავლეთით კუთხეებმომრგვალბული ღრმა საკურთხეველია. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში შემორჩენილია მაღალი, ზემოთკენ თანდათან შევიწროებული სარკმლის ქვედა ნახევარი. საკურთხევლის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო მცირე ზომის ნიშია. საკურთხეველში დგას ერთ ქვაში გამოკვეთილი კუბური ფორმის ტრაპეზი. თითო პატარა ნიშით სამხრეთ და ჩრდილოეთ წახნაგებში. ეკლესიის ინტერიერში აღმოჩნდა ქვიშაქვის ქვა რელიეფური გირჩის გამოსახულებით. სამხრეთ მინაშენი ეკლესიაზე რამდენადმე მოკლეა. მისგან მხოლოდ დასავლეთ კედლის მცირე ნაწილია შემორჩენილი, რომელიც ეკლესიის დასავლეთ კედლის ხაზზე მდებარეობს. ეკლესიის დასავლეთ მინაშენის მხოლოდ დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლების მცირე ნაწილებია შემორჩენილი. ეკლესიის ირგვლივ რამდენიმე ნაგებობის კვალი შეიმჩნევა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]