შინაარსზე გადასვლა

სურუ-მიგან აპიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სურუ-მიგან აპიტი
სურუ-მიგან აპიტი
აპიტი 1958 წელს
ბენინის მე-2 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 იანვარი, 1964  27 ნოემბერი, 1965
ვიცე-პრეზიდენტი  ჯასტინ აჰომადეგბე-ტომეტინი
წინამორბედიკრისტოფ სოგლო
მემკვიდრეჯასტინ აჰომადეგბე-ტომეტინი

დაბადებული8 აპრილი, 1913
პორტო-ნოვო, ბენინი
გარდაცვლილი3 დეკემბერი, 1989
პარიზი, საფრანგეთი
პოლიტიკური პარტიაPDD

სურუ-მიგან მარსელინ ჟოზეფ აპიტი (დ. 8 აპრილი, 1913 — გ. 3 დეკემბერი, 1989) — ბენინის პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც ყველაზე აქტიურად იმ პერიოდში მოღვაწეობდა, როდესაც მის ქვეყანას „დაჰომეა“ ეწოდებოდა. იგი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა მაშინ, როდესაც ადამიანის ძალაუფლება იმ რეგიონით განისაზღვრებოდა, სადაც იგი ცხოვრობდა.

აპიტი ბორდოში, ლიცეუმში სწავლობდა. სწავლის დასრულების შემდეგ იგი პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა საჯარო სკოლაში ჩაირიცხა, სადაც კომერციის კურსებს გადიოდა. მოგვიანებით იგი დასავლეთ აფრიკაში მდებარე ერთ-ერთ ფრანგულ კომპანიაში ბუღალტერიის ექსპერტად მუშაობდა. ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, 1945 წლიდან მოყოლებული, იგი დაჰომეის დამფუძნებელი ასამბლეის წევრი იყო და ამ პოზიციაზე რამდენჯერმე აირჩიეს. 1957–1958 წლებში, იუბერ მაგას მიერ ამავე თანამდებობაზე წარდგენისას, იგი ასევე დაჰომეის (ბენინის) პრემიერ-მინისტრიც იყო. 1960 წლისთვის კი მან დაჰომეის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.

მას დაჰომეის მეორე პრეზიდენტის თანამდებობა 1964 წლის 25 იანვრიდან 1965 წლის 27 ნოემბრამდე ეკავა, სანამ მმართველობა მთავრობის წევრებს შორის არსებული შიდა დაპირისპირების შედეგად კრისტოფ სოგლომ არ დაამხო. ამ მოვლენის შემდეგ მან პირველად შეაფარა თავი პარიზს, თუმცა 1970 წლის გადატრიალების შემდეგ კოტონუში დაბრუნდა და 70-იანი წლების დასაწყისში საპრეზიდენტო ტრიუმვირატის წევრი გახდა. 1972 წლის გადატრიალების შემდეგ იგი ჯასტინ აჰომადეგბე-ტომეტინსა და მაგასთან ერთად დააპატიმრეს და მხოლოდ 1981 წელს გაათავისუფლეს.

მას ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც 1960-იანი წლების ბენინის „სამთავიანი მონსტრის“ ერთ-ერთ ნაწილს. იგი 1989 წლის დეკემბერში, პარიზში, საკუთარ სახლში, დევნილობაში გარდაიცვალა, სულ ცოტა ხნით ადრე, სანამ მის ქვეყანაში დემოკრატიული გარდამავალი პერიოდი დაიწყებოდა.

პორტო-ნოვოს მდებარეობა ბენინში

აპიტი დაიბადა 1913 წლის 8 აპრილს პორტო-ნოვოში. იგი ოგუს სამეფო საგვარეულოს შთამომავალი იყო, თუმცა თავად პრივილეგირებულ გარემოში არ დაბადებულა.[1] მისი შუა სახელი, „მიგანი“, მიუთითებდა ოჯახურ კავშირებზე ძველი დაჰომეის სამეფოს მთავარ მინისტრებთან.[2] მან განათლების მიღება ადგილობრივ სამისიონერო სკოლებში დაიწყო, სადაც ჩამოუყალიბდა სიმპათია რომაული კათოლიციზმის მიმართ, რის გამოც მოგვიანებით ხშირად ხდებოდა თავდასხმის ობიექტი.[1] მოგვიანებით აპიტი თავისივე სკოლაში მასწავლებლის ასისტენტი გახდა. განათლების გასაღრმავებლად იგი 1933 წელს პარიზში გაემგზავრა.[3] პოლიტიკურ მეცნიერებათა საჯარო სკოლაში, ეკონომიკური და სოციალური ორგანიზაციის ეროვნულ სკოლასა და პარიზის სავაჭრო პალატის ბიზნესის ადმინისტრირების სრულყოფის ცენტრში იურიდიული და ეკონომიკური განათლების შემდეგ, აპიტიმ ბუღალტრის დიპლომი აიღო.[4]

იგი ასევე მუშაობდა მრჩევლად პარიზისა და დაკარის სააპელაციო სასამართლოებში. აპიტი დაოჯახებული იყო და ორი შვილი ჰყავდა. ჯარში ნებაყოფლობით გაწევრიანების შემდეგ, იგი 1939-1940 წლებში, როგორც არტილერიის ოფიცერი, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა.[4] დაჰომეაში იგი 1945 წლამდე არ დაბრუნებულა.[5] დაბრუნებიდან მალევე, ფრანსის ოპიემ, პოპულარულმა კათოლიკე პასტორმა, აპიტის პოლიტიკური კარიერის დაწყებისკენ მოუწოდა.[1] მისი პოლიტიკური გზა ივლისში დაიწყო, როდესაც იგი მონერვილის კომისიის მუშაობაში ჩაერთო.[5]

1945 წელს, როგორც სოციალისტმა კანდიდატმა, აპიტიმ საფრანგეთის დამფუძნებელ ასამბლეაში ტოგოსა და დაჰომეის წარმომადგენლის ადგილი მოიპოვა. მან 9,057 ხმიდან 6,600 მიიღო.[4] არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქეებს ან იმ დოჰამეელებს, რომლებსაც საფრანგეთის მთავრობა „პასუხისმგებლიან პირებად“ მიიჩნევდა.[6] მისი ნომინირება ასამბლეის კანდიდატად ევროპელების მხრიდან სტრატეგიული სვლა იყო. მათ სურდათ შავკანიანი პირის არჩევა კოლონიების მცხოვრებთა დასაშოშმინებლად, მაშინ როცა სრულ ძალაუფლებას თავადვე ინარჩუნებდნენ.მიუხედავად ამისა, აპიტიმ ასამბლეაზე რამდენიმე საკანონმდებლო აქტის მიღებას მიაღწია, მათ შორის იყო 1946 წლის თებერვალში პორტო-ნოვოში საშუალო სკოლის დაარსება. ამბობდნენ, რომ აპიტიმ დაჰომეაში მონობა დაასრულა, თუმცა, სინამდვილეში, მას მონობის გაუქმების შესახებ კანონპროექტთან კავშირი არ ჰქონია.[5] იგი დაინიშნა ზღვისიქითა ტერიტორიების კომისიის წევრად და მონაწილეობდა დებატებში საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტებისა და ტერიტორიების პოლიტიკური ვითარების შესახებ. 1946 წლის ივნისში იგი ხელახლა აირჩიეს თავის ტანამდებობაზე. მალევე კი დაჰომეას გენერალურ პროკურორად დაინიშნა.[4]

ამის შემდეგ, აპიტი რამდენიმე პოლიტიკურ პოსტზე დაინიშნა, თანაც ისე, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში დაჰომეის ერთადერთი პოლიტიკური პარტიის, დაჰომეის პროგრესული კავშირის (UPD) წევრი იყო.[3] იგი აირჩიეს აფრიკის დემოკრატიული გაერთიანების (RDA) ვიცე-პრეზიდენტად, თუმცა კათოლიკური ოპოზიციის მხრიდან წნეხის გამო ორგანიზაცია მალევე დატოვა. 1946 წელი ასევე აღსანიშნავია მისი გენერალურ საბჭოში შესვლით,[1] სადაც იგი საბჭოს პირველი 30 წარმომადგენლიდან ერთ-ერთი გახდა.[7]

1946 წლის ნოემბრის საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის არჩევნებში აპიტი მონაწილეობდა ფრანგულ მუშათა ინტერნაციონალური სექციის (SFIO) სახელით. მან 33,605 ხმიდან 32,977 მიიღო[4] და დაჰომეისთვის ასამბლეაში გამოყოფილი ერთადერთი მანდატი მოიპოვა.[8] მისი ერთადერთი მეტოქე, ემილ პუასონი, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გამოეთიშა ბრძოლას.[3]

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარიზში აპიტის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო წევრობის მოპოვება კომუნიკაციების მეთოდების, ეკონომიკურ საქმეთა და ფინანსების კომისიებში.[4] 1947 წელს საფრანგეთის დასავლეთ აფრიკის (AOF) დიდ საბჭოში გაწევრიანების შემდეგ,[1] ახალმა დეპუტატმა წარადგინა კანონპროექტი ამავე საბჭოს ფუნქციების შესახებ. მან ასევე წამოაყენა იდეა ბანკის შექმნისა, რომელიც მოემსახურებოდა საფრანგეთის დასავლეთ აფრიკასა და ტოგოს. მისი ძალისხმევით ეს კანონპროექტი კანონად იქცა. 1949 წელს იგი ეროვნული ასამბლეის მდივანი გახდა და თავისი პირველი ვადის განმავლობაში ხშირად პასუხობდა კითხვებს საფრანგეთის დასავლეთ აფრიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების შესახებ.[4]

1951 წლის 17 ივნისის საკანონმდებლო არჩევნებში დაჰომეას ასამბლეაში დამატებითი წარმომადგენლის ყოლის უფლება მიეცა. აპიტის ახალი მეტოქე გამოუჩნდა — ჩრდილოელი მასწავლებელი, იუბერ მაგა.[9] ის ფაქტი, რომ დაჰომეასთვის ორი მანდატი იყო გამოყოფილი, მხოლოდ აპრილის ბოლო კვირას გახდა ცნობილი.[10] 1951 წლის მაისის საარჩევნო კანონის თანახმად, თითოეულ კანდიდატს უნდა დაესახელებინა მეორე პირი, რომელიც დაიკავებდა მეორე მანდატს იმ შემთხვევაში, თუ სხვა პარტიის პირველი კანდიდატი მესამე ან უფრო დაბალ ადგილზე გავიდოდა.[11] აპიტიმ თავის მეწყვილედ ემილ დერლინ ზინსუ აირჩია. 29 აპრილის შეხვედრის მონაცემებით, საარჩევნო სიაში აპიტი ლიდერობდა. თუმცა, ზინსუ ამტკიცებდა, რომ მას მოუწევდა საფრანგეთის კავშირის ასამბლეაში თავისი ადგილის დათმობა და ამ ვაკანსიას დაჰომეის ჩრდილოეთიდან ვინმე სხვა შეავსებდა. ამდენად, 23 მაისს გადაწყდა, რომ სიაში ჯერ ზინსუ იქნებოდა მითითებული, შემდეგ კი აპიტი.[12] მაგამ მეწყვილედ ჩრდილოელი ვაჭარი, პოლ დარბუ აირჩია, რომელიც სიაში მეორე ნომრად ყოფნას დასჯერდა.[9]

ზინსუ და აპიტი თავიანთი ჩრდილოელი მეტოქეებისგან განსხვავებით, ვერ შეთანხმდნენ იმაზე, თუ ვინ იქნებოდა საარჩევნო სიის სათავეში. საქმე იქამდე მივიდა, რომ 27 მაისს ორმა სამხრეთელმა კანდიდატმა ინდივიდუალურად კენჭისყრა გადაწყვიტა: ზინსუმ კამპანია სკოლის მასწავლებელ ჟილბერ კპაკპოსთან ერთად დაიწყო, ხოლო აპიტიმ — ფრანგ ადმინისტრატორ ედუარ დუნგლასთან ერთად, ახლად ჩამოყალიბებული „ფრანგული კავშირის“ სახელით.[9] ამასობაში, მაგამ და დარბუმ ისარგებლეს იმ მზარდი ცინიზმით, რომელიც ფრანგული კოლონიის პოლიტიკაში სამხრეთ დაჰომეის დომინირების მიმართ არსებობდა და კავშირი ჩრდილოეთის ტომებთან შეკრეს.[13]

1951 წლის მაისის კანონმა ამომრჩეველთა რაოდენობა 61,958-დან 333,693-მდე გაზარდა. საარჩევნო ბარათების არასწორი მართვის გამო, ამომრჩევლებად გარდაცვლილი ადამიანებიც კი იყვნენ რეგისტრირებულნი. კოტონუს გაზეთი L'Etoile du Dahomey აღნიშნავდა, რომ არსებობდა პირი, რომელიც ნებისმიერ მსურველს განუსაზღვრელი რაოდენობის ბარათებს აძლევდა, თუკი ისინი აპიტისთვის ხმის მიცემას დაჰპირდებოდნენ.[10] მიუხედავად ამისა, არჩევნების დღეს ხმა მოსახლეობის მხოლოდ 44%-მა მისცა.[14] აპიტი დეპუტატად ხელახლა აირჩიეს, მან 147,350 ხმიდან 53 463 მოიპოვა.[4] მაგამ მეორე მანდატი 49,329 ხმით დაიკავა, ხოლო ზინსუ/კპაკპოს წყვილმა მხოლოდ 18მ,410 ბიულეტენი მიიღო. ხმების დარჩენილი ნაწილი რამდენიმე მცირე პარტიის სხვადასხვა კანდიდატზე გადანაწილდა.[9] აპიტის ხმების მხოლოდ 2,2% მოდიოდა ჩრდილოეთ რეგიონზე, მაშინ როცა 64 პროცენტი პორტო-ნოვოს მეტროპოლიურმა არეალმა უზრუნველყო.[15]

1951 წლის არჩევნებმა ნათლად აჩვენა ის მწვავე რეგიონალიზმი, რომელიც ფრანგულ კოლონიაში ყალიბდებოდა. ეს არჩევნები მიიჩნევა პერიოდად, როდესაც რეგიონალისტური პარტიები აღმოცენდნენ.[13] ფაქტობრივად, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო ბროშურებში ეთნიკური კუთვნილება იყო ნახსენები.[15] დაჰომეაში რეგიონალიზმს სტიმულს აძლევდა ის ისტორიული წყენა, რომელიც არსებობდა აბომეის, პორტო-ნოვოს ყოფილ სამეფოებსა და ჩრდილოეთის არაორგანიზებულ ტომებს შორის.[13] ამ ყველაფრის შედეგი იყო სამი დე ფაქტო ზონის ჩამოყალიბება: ჩრდილოეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი, რომლებსაც შესაბამისად მაგა, აპიტი და ჯასტინ აჰომადეგბე-ტომეტინი ხელმძღვანელობდნენ.[16] აპიტის მხარდაჭერის ძირითად წყაროს იორუბას ტომი წარმოადგენდა, მაშინ როცა მაგას უმეტესწილად ბარიბა, ხოლო აჰომადეგბე-ტომეტინს — ფონისა და გუნის ტომები უჭერდნენ მხარს.[17] რეგიონალისტური განწყობები კიდევ უფრო გაძლიერდა ამ სამი მამაკაცის დარჩენილი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში,[16] რომლებიც ერთობლივად დაჰომეას „ტრიუმვირატის“ სახელით იყვნენ ცნობილნი.[18]

ივლისში სურუ-მიგან აპიტიმ თავის პარტიას სახელი შეუცვალა და „დაჰომეის რესპუბლიკური პარტია“ (PRD) უწოდა. პარტიამ ხმათა უმრავლესობა მოიპოვა 1952 წლის მარტის ტერიტორიული ასამბლეის არჩევნებში.[19] ამავდროულად, აპიტი დაკავებული იყო კანონპროექტის მომზადებით, რომელიც ზღვისიქითა ტერიტორიებზე მოქმედი საწარმოებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას ეხებოდა.[4] იგი პოლიტიკური ოპორტუნისტი იყო და ხშირად იცვლიდა მოკავშირეებს, თუკი ეს მის ინტერესებს შეესაბამებოდა.[1]

1956 წლის 2 იანვარს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის არჩევნები გაიმართა,[4] სადაც ძირითად მესამე კანდიდატად ზინსუ აჰომადეგბე-ტომეტენი დაინიშნა. ისევე როგორც 1951 წელს, მეწყვილეები იმავე რეგიონებიდან იყვნენ, საიდანაც ძირითადი კანდიდატები, რათა კონკრეტული პარტიისადმი ლოიალობა უზრუნველეყოთ. მაგას შემთხვევაში ეს იყო დაჰომეის დემოკრატიული მოძრაობა (MDD), ხოლო აჰომადეგბე-ტომეტენის შემთხვევაში დაჰომეის დემოკრატიული კავშირი (UDD). აპიტიმ მეწყვილედ ჯიბოდე აპლოგანი აირჩია, მაგამ გოსტინ გბაგუიდი, ხოლო აჰომადეგბე-ტომეტენი ალექსანდრ ადანდესთან ერთად წარდგა.[20] 179,119 ხმიდან აპიტი და მაგა ხელახლა აირჩიეს დეპუტატებად, შესაბამისად, 64,344 და 60,601 ხმით.

უფროსი დეპუტატი ზღვისიქითა ტერიტორიების კომისიისა და საბუღალტრო კომისიის წევრად დაინიშნა. იგი პირველი მათგანის ვიცე-პრეზიდენტად, ხოლო მეორეს მდივნად აირჩიეს. მან წარადგინა რეზოლუცია დაჰომეასა და ტოგოს შორის საბაჟო კავშირის რეჟიმის შესაქმნელად, ასევე მოამზადა რამდენიმე ანგარიში ზღვისიქითა ტერიტორიების კომისიის ფარგლებში. გარდა ასამბლეისა, აპიტი სხვადასხვა ფუნქციასაც ასრულებდა, მაგალითად, 1956 წელს იგი პორტო-ნოვოს მერად აირჩიეს. 1957 წელს, საფრანგეთის დასავლეთ აფრიკის (AOF) გენერალური საბჭოს პრეზიდენტად გახდომიდან მალევე, აპიტი დაჰომეის ტერიტორიული ასამბლეის პრეზიდენტად აირჩიეს. იგი ასევე ხელმძღვანელობდა საპარლამენტო ჯგუფს საფრანგეთსა და ლიბერიას შორის ურთიერთობების საკითხებში.[4]

დაჰომეის პრემიერ-მინისტრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აპიტი დაჰომეის პრემიერ-მინისტრად 1958 წელს აირჩიეს.[1] იგი იყო ფინანსთა მინისტრი 1960 წელს და 1963 წლის ოქტომბრიდან 1964 წლის იანვრამდე.

საპრეზიდენტო საბჭო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინაპირობები და 1970 წლის არჩევნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1969 წლის 10 დეკემბერს ემილ დერლინ ზინსუ თანამდებობიდან ჩამოაგდო მორის კუანდეტემ, რომელმაც თავდაპირველად თავადვე დანიშნა იგი პრეზიდენტად. თუმცა, სამხედროებმა უარი თქვეს კუანდეტეს აღიარებაზე,[21] და რადგან ამ ორმა ადამიანმა შეთანხმებას ვერ მიაღწია, შეიქმნა სამხედრო დირექტორიატი პოლ-ემილ დე სუზას თავმჯდომარეობით.[22] ნამდვილი პრეზიდენტის გამოსავლენად 1970 წლის 28 მარტს ჩატარდა არჩევნები. ამჯერად, ტრიუმვირატს კამპანიის წარმოების უფლება დართეს და მათ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვიათ.[23] დაშინება და მოსყიდვა ჩვეულებრივი მოვლენა იყო, საარჩევნო კამპანიის დროს კი კვლავ იჩინა თავი რეგიონულმა ერთგულებამ.[24] პროცესში ასევე აღინიშნა ძალადობრივი სერია. დაუდასტურებელი ცნობების თანახმად, არჩევნების წინა დღეს პარაკუში მომხდარი ინციდენტების დროს ექვსი ადამიანი დაიღუპა ან დაიჭრა. მეორე კანდიდატი, ზინსუ, ამტკიცებდა, რომ მაგას მომხრეებმა აღნიშნული ინციდენტების დროს მისი ერთ-ერთი მხარდამჭერი მოკლეს.[23]

ამ ბრალდებებს გავლენა არ მოუხდენია მაგას მდგომარეობაზე არჩევნებში. მან ხმების უმრავლესობა ჩრდილოეთში მოიპოვა, ხოლო აპიტიმ და აჰომადეგბე-ტომეტინმა ხმათა უმრავლესობა, შესაბამისად, სამხრეთ-აღმოსავლეთსა და სამხრეთ-დასავლეთ/ცენტრალურ ნაწილში მიიღეს.[21] არჩევნების შედეგები შემდეგნაირი იყო: მაგას ხმა მისცა 252,551-მა მოქალაქემ, აჰომადეგბე-ტომეტინს — 200,091-მა, ხოლო აპიტის — 186,332-მა.[25] მთელ სამხრეთში მაგამ მხოლოდ 24,000 ხმა მიიღო, მაშინ როდესაც ბორგუს დეპარტამენტში მას ხმა 180,000-მა ადამიანმა მისცა, რითაც მან ხმების 97.3 პროცენტი მოიპოვა ამომრჩეველთა 78-პროცენტიანი აქტივობის პირობებში.[26] ზინსუმ, რომელიც მუდმივი ტომობრივი დაპირისპირებების საწინააღმდეგო კამპანიით გამოდიოდა, ხმების 3 პროცენტი[27], სულ 17,551 ხმა მიიღო.[25]

მიუხედავად ამისა, 3 აპრილს[29] დე სუზამ მიიღო გადაწყვეტილება, გაეუქმებინა არჩევნების შედეგები ატაკორაში, რეგიონში, სადაც მაგამ ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა მოიპოვა.[28] ამით აღშფოთებულმა მაგამ ჩამოაყალიბა „ჩრდილოეთის ხალხთა ასამბლეა“, რომელიც გამოყოფით იმუქრებოდა, თუ მას პრეზიდენტად არ გამოაცხადებდნენ.[29] იგი უარს ამბობდა პარაკუში მდებარე საარჩევნო შტაბის დატოვებაზე პოლიტიკურ შეხვედრებზე დასასწრებადაც კი. მაგას რეაქციამ შედეგების გაუქმებაზე აიძულა სამხრეთიდან წამოსული მრავალი მუშა, ჩრდილოეთიდან გაქცეულიყო.[30] აპიტი აცხადებდა, რომ თუ მაგა პრეზიდენტის პოსტს დაიკავებდა და ამისთვის ქრთამს გამოიყენებდა, იგი თავის რეგიონს დაარწმუნებდა, ნიგერიას შეერთებოდა.[26] აჰომადეგბე-ტომეტინი კი ამტკიცებდა, რომ მაგამ საარჩევნო სისტემა საკუთარი სარგებლისთვის გააყალბა. სხვა სამი ყოფილი პრეზიდენტისგან განსხვავებით, ზინსუმ აღიარა დამარცხება და გადაწყვიტა მოლაპარაკებებში მონაწილეობა,[30] თუმცა განმარტა, რომ კოალიციის იდეას „პირადი მიზეზების გამო“ უარყოფდა.[31] დანარჩენი ყოფილი პრეზიდენტები კი, სამოქალაქო ომის თავიდან ასაცილებლად, 13 აპრილს ნაჩქარევ კომპრომისზე შეთანხმდნენ.[28]

მაგას მმართველობის პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

7 მაისს ჩამოყალიბდა საპრეზიდენტო საბჭო, რომელიც შედგებოდა მაგასგან, აჰომადეგბე-ტომეტინისა და აპიტისგან. პრეზიდენტის თანამდებობა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ როტაციას ექვემდებარებოდა. ეს სისტემა პირველი ორი წლის განმავლობაში მაგამ გახსნა.[32] თითოეული მათგანი დათანხმდა, რომ არ გამოიყენებდა სამხედრო ძალას ან სხვა რაიმე საშუალებას ვადის გასახანგრძლივებლად. თუ კენჭისყრის პირველ ტურში გადაწყვეტილებები ერთხმად ვერ მიიღებოდა, მეორე ტურში საბჭოს ორი წევრის უმრავლესობაც საკმარისი იქნებოდა. საბჭო ასრულებდა როგორც დაჰომეის აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო შტოს ფუნქციას.[30]

მინისტრთა კაბინეტი დაკომპლექტდა აჰომადეგბე-ტომეტინის ოთხი, მაგას სამი და აპიტის სამი მოკავშირისგან. გაბრიელ ლოზესი, რომელიც დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად; თეოფილ პაოლეტი, ინფორმაციისა და ტურიზმის ახალი მინისტრი; ედმუნდ დუსუ-იოვო, განათლების მინისტრი და კარლ აჰუანსუ, კავშირგაბმულობის მინისტრი — ყველა მათგანი აჰომადეგბე-ტომეტინის მეგობარი იყო. კაბინეტში მაგას კოლეგები იყვნენ: პასკალ ჩაბი კაო, ფინანსთა მინისტრი; ალბერ უასა, ჯანდაცვის მინისტრი და ჩაბი მამა, სოფლის მეურნეობის განვითარების მინისტრი. აპიტის მეგობრები იყვნენ: ამბრუაზ აგბოტონი, შრომის მინისტრი; ჯოზეფ კეკე, ეკონომიკისა და დაგეგმარების მინისტრი და მიშელ ტოკო, იუსტიციის მინისტრი. დაუდა ბადარუს, რომელიც ზინსუს დროს საგარეო საქმეთა მინისტრად მსახურობდა, თანამდებობა შეუნარჩუნდა.[33]

მაგას ეკონომიკურმა პოლიტიკამ მისი თავმჯდომარეობის პერიოდში ხელი შეუწყო პროფკავშირების ლიდერების დაშოშმინებას, რომელთა პროტესტი მისი პრეზიდენტობის დროს მეტად ინტენსიური იყო.[34] მან ხელი შეუწყო საგადასახადო გეგმის შემუშავებას, რომელიც უზრუნველყოფდა მათ ხელფასებს[35] ხარჯების შემცირებისა და გადასახადებისგან თავის არიდებასთან ბრძოლის გზით. 1970 წელს დაჰომეაში დაფიქსირდა 429 მილიონი CFA ფრანკის ოდენობის ნამატი, რაც მომდევნო წელს 570 მილიონ ფრანკამდე გაიზარდა. ეროვნული ეკონომიკის ხელსაყრელი მდგომარეობის გათვალისწინებით, აპიტიმ და საბჭოს დანარჩენმა წევრებმა თავს მთელი რიგი ფუფუნების უფლება მისცეს, რაც მოიცავდა სამ სახლსა და სამ Mercedes-Benz 300-ის ავტომობილის მოდელს მათ შორის გასანაწილებლად, ასევე ფესტივალებს ტრიუმვირატის დაარსების წლისთავთან დაკავშირებით.[34]

ტოგოს პრეზიდენტი ეტიენ ეიადემა, რომელიც მოგვიანებით სახელს შეიცვლის და გნასინგბე ეიადემა გახდება. მისმა გადაწყვეტილებამ ოპოზიციის ლიდერის, ნოე კუტუკლუს ექსტრადიციის შესახებ და საპრეზიდენტო საბჭოს თანხმობამ, ხელი შეუწყო საბჭოს პოპულარობის შელახვას.

საბჭომ პოპულარობა „კუტუკლუის საქმის“ გამო დაკარგა.[36] აპიტისა და საბჭოს დანარჩენი წევრების განკარგულებით, ტოგოელი ოპოზიციონერი ლიდერი, ნოე კუტუკლუი, 1971 წლის 27 ოქტომბერს ოფიციალურად გააძევეს დაჰომეადან,[37] სადაც იგი 1960-იანი წლების მიწურულიდან საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა. ეს გადაწყვეტილება ტოგოს პრეზიდენტის, გენერალ ეტიენ ეიადემას თხოვნით მიიღეს, ვინაიდან კუტუკლუი ჩართული იყო ეიადემას სამხედრო მთავრობის წინააღმდეგ მოწყობილ რამდენიმე შეთქმულებაში. საბჭოს გადაწყვეტილებამ მის შესახებ კოტონუში დემონსტრაციები გამოიწვია. მაგამ ვერ შეძლო თავისი გადაწყვეტილების აღსრულება. ალფონს ალიმ დაიცვა კუტუკლუი და იგი დაჰომეის ფარგლებს გარეთ, უცნობ ადგილას გადაიყვანა. პოლკოვნიკ ალის ამ საქმეში მისი როლისთვის არავითარი სასჯელი არ დაკისრებია.[36]

პროტესტებში სტუდენტებიც იყვნენ ჩართულნი და მალე მათ მთავრობასთან კონფლიქტის კიდევ ერთი მიზეზი გაუჩნდათ. 1971 წლის 5 ნოემბერს აპიტიმ და მისმა ადმინისტრაციამ დახურეს დაჰომეას სტუდენტთა და მოსწავლეთა საერთო კავშირი (UGEED), რადიკალური ახალგაზრდული ჯგუფი, რომელიც „მუშების, ჯარისკაცებისა და პოლიციელების“ გამოყენებით „დაჰომეას ბრძოლის ველად გადაქცევას“ ისწრაფვოდა. ეს მოჰყვა UGEED-ის მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციებს განათლების მინისტრის წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც იგი საგანმანათლებლო შეხვედრაზე არ გამოცხადდა. იმ სტუდენტებს, რომელთა სკოლებიც გაფიცვას შეუერთდნენ, სწავლის გაგრძელების უფლება 19 ნოემბერს დართეს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი მშობლები მოაწერდნენ ხელს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ისინი დემონსტრაციებში მონაწილეობას აღარ მიიღებდნენ. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მათ დაჰომეის საგანმანათლებლო სისტემიდან გარიცხვა ემუქრებოდათ. აკრძალვის მხარდასაჭერად კი მთავრობის მიერ ორგანიზებული მიტინგები მოეწყო.[38]

სამხედრო ძალებიც აფორიაქებულნი იყვნენ. საპრეზიდენტო საბჭოს შექმნამ არმია კიდევ უფრო განარისხა. 1971 წლის 7 მაისს, აბომეში მიტინგზე მიმავალ აჰომადეგბე-ტომეტინს ჩაუსაფრდნენ. მაგა თავდაპირველად უარყოფდა ამ ფაქტის არსებობას და დეტალები დღემდე ბუნდოვანია. 1972 წლის 28 იანვარს კიდევ ერთი სამხედრო ამბოხება მოხდა უიდას საარტილერიო ბანაკში. პრეზიდენტმა მეამბოხეების დასამორჩილებლად ორი ოფიცერი გაგზავნა, თუმცა დამსჯელი ღონისძიებები არ გატარებულა.[39] აჰომადეგბე-ტომეტინიც და მაგაც მიიჩნევდნენ, რომ ეს უკანასკნელი ინციდენტი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო.[40]

23 თებერვლის გამთენიისას კუანდეტემ კიდევ ერთხელ სცადა ძალაუფლების ხელში ჩაგდება. როდესაც ამბოხების შესახებ პირველად შეიტყო, აჰომადეგბე-ტომეტინს სჯეროდა, რომ ეს მაგას მცდელობა იყო, ძალაუფლება შეენარჩუნებინა.[39] უიდას გარნიზონის სათავეში მყოფი კუანდეტე ასევე შეეცადა სამთავრობო შენობების დაკავებასა და დე სუზას მკვლელობას. ოპერაციის მსვლელობისას, თავდამსხმელი მაიორი მუმუნი სასიკვდილოდ დაიჭრა დე სუზას ტყვიებით. შეთქმულება ჩაიშალა, თუმცა მაგამ ამ საკითხის მოსაგვარებლად საფრანგეთში ვიზიტი გააუქმა.[41] 12-წევრიანმა სამხედრო კომისიამ მალევე გამოააშკარავა კიდევ ერთი შეთქმულება, რომელიც კუანდეტეს მოქმედების პარალელურად უნდა განხორციელებულიყო.[39] მოპოვებული მონაცემების თანახმად, კაპიტნები გლელე და პიერ ბონი აპირებდნენ კუანდეტეს გაჰყოლოდნენ დე სუზას მკვლელობამდე, რის შემდეგაც ისინი თავად კუანდეტეს მოიშორებდნენ და ხელისუფლებაში კვლავ ზინსუს დააბრუნებდნენ.[35] ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა განასახიერა საბჭოს „შიში და ზიზღი“ სამხედროების მიმართ.[42]

აჰომადეგბე-ტომეტინის მმართველობის პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაგამ ძალაუფლება აჰომადეგბე-ტომეტინს 1972 წლის 7 მაისს გადასცა. ეს იყო პირველი შემთხვევა 12 წლის განმავლობაში, როდესაც დაჰომეის მეთაური არასამხედრო გზით შეიცვალა. ახალმა თავმჯდომარემ მაგას მიულოცა და ტრიუმვირატი შეაფასა, როგორც „დაჰომეას ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ინსტიტუტი“.[43] მანამდე მიჩნეული იყო, რომ ტრიუმვირატის წევრები მუდმივად ძირს გამოუთხრიდნენ ერთმანეთს, ამიტომ ეს მარტივი ძალაუფლების გადაცემის ხერხი დაჰომეას ერთიანობისკენ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯად აღიქვეს.[44]

საპრეზიდენტო საბჭო აყოვნებდა 1972 წლის გადატრიალების მოწყობაში ბრალდებულთა სამხედრო სასამართლო პროცესის ორგანიზებას და ის მხოლოდ 12 მაისს დაიწყო.[44] სასამართლომ კუანდეტეს გარდა კიდევ 21 პირი გაასამართლა, ძირითადად სამხედრო ოფიცრები, თუმცა მათ შორის იყვნენ სამოქალაქო პირები და მაგას პირადი მცველებიც კი.[45] სასჯელები 16 მაისს გამოცხადდა. კუანდეტეს სიკვდილით დასჯა მიესაჯა, ისევე როგორც კაპიტნებს — ჟოზუესა და გლელეს, ასევე კვარტმაისტერ-სერჟანტ აგბოტონს, ხოლო კორპორალსა და სერჟანტს ეს სასჯელი დაუსწრებლად გამოეტანათ. შედარებით მსუბუქი სასჯელები დაეკისრა სხვა პირებს: ხუთს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, ორს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, ერთს 15 წლით, ორს ათით, ხოლო კიდევ ორს ხუთი წლით. დამატებით ოთხი პირი გამართლდა.[44] განაჩენები არასოდეს აღსრულებულა. ნაფიცი მსაჯულები მიიჩნევდნენ, რომ კუანდეტე მორიგი გადატრიალების გზით ძალაუფლებას მაინც ჩაიგდებდა ხელში.[34]

საბჭოს კიდევ ერთი დაგვიანებული ფუნქცია იყო „ეროვნული საკონსულტაციო ასამბლეის“ ფორმირება. ეს იყო სათათბირო ორგანო, რომელსაც 1970 წლის კონსტიტუცია მოითხოვდა. კონსტიტუციის თანახმად, აღნიშნული ასამბლეა უნდა შემდგარიყო 30 წევრისგან, რომლებიც საბჭოს წევრებს ეკონომიკურ, სოციალურ და სხვა საკითხებზე რჩევებს მიაწვდიდნენ. მის თავმჯდომარედ პოლ დარბუ მოიაზრებოდა. ორგანო 1972 წლის ივლისამდე არ ჩამოყალიბებულა, რაც, აკადემიკოს სამუელ დეკალოს სიტყვებით, განპირობებული იყო „საპრეზიდენტო საბჭოს პარტნიორებს შორის ინტენსიური პოლიტიკური ვაჭრობით... და მათი პოლიტიკური თანაშემწეების მხრიდან ზეწოლით ასამბლეაში ადგილების მოსაპოვებლად“.[46]

აჰომადეგბე-ტომეტინის მმართველობის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ასპექტი იყო „კოვაჩის საქმე“. იგი დაიწყო იმით, რომ პასკალ ჩაბი კაოს მიენიჭა მონოპოლია საპრეზიდენტო საბჭოსთვის ოფიციალური საკანცელარიო ნივთების მიყიდვაზე, რაც შემდგომში გადაიზარდა ბრალდებებში ქრთამისა და მითვისების შესახებ. აჰომადეგბე-ტომეტინი შეეცადა ჩაბი კაოს გადაყენებას, თუმცა მაგამ, რომელიც ჩაბი კაოს მენტორი იყო, ამაზე უარი განაცხადა. მაგამ დაარწმუნა აპიტი დახმარებაში და გადაწყვეტილებას ვეტო დაედო.[47]

მატიე კერეკუ 2006 წლის ფოტოზე, რომელმაც 1972 წელს საპრეზიდენტო საბჭო დაამხო.

26 ოქტომბერს უიდას გარნიზონის ჯარისკაცებმა კიდევ ერთი სახელმწიფო გადატრიალება წამოიწყეს.[48] ეს მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა და პრეზიდენტად მაიორი მატიე კერეკუ დაინიშნა. გადატრიალება მოხდა მაგასა და აჰომადეგბე-ტომეტინს შორის გამართული კაბინეტის სხდომის დროს.[49] კერეკუ 1961 წელს მაგას ადიუტანტად მსახურობდა.[50] შემთხვევის ადგილიდან მიღებული ცნობების თანახმად, ჯარისკაცები მოულოდნელად შეიჭრნენ საპრეზიდენტო სასახლის კაბინეტში და სროლა დაიწყეს,[48] თუმცა არავინ დაშავებულა.[38] კერეკუმ ტრიუმვირატს „ჭეშმარიტად მონსტრი“ უწოდა, რადგან მან გამოავლინა „მიუტევებელი არაკომპეტენტურობა“. ეს და სხვა ბრალდებები გადატრიალების გასამართლებლად იქნა გამოყენებული.[38] კუანდეტე შეიწყალეს, თუმცა საბჭოს ყოფილი წევრები არა.[51] მაგამ, აჰომადეგბე-ტომეტინმა და აპიტიმ ცხრა წელზე მეტი გაატარეს ციხეში, სანამ ისინი 1981 წელს კერეკუმ არ გაათავისუფლა.[32]

შემდგომი ცხოვრება და გარდაცვალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამნისტიით გათავისუფლების შემდეგ, აპიტი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, სადაც გაატარა სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი. იგი 1989 წლის 3 დეკემბერს გარდაიცვალა. სულ რამდენიმე დღის შემდეგ, კერეკუმ გამოაცხადა სოციალიზმის დასასრული დაჰომეაში (რომელსაც 1975 წელს ბენინი ეწოდა), რაც თავადვე დაამყარა 1974 წლის ნოემბერში.[52]

  1. 1 2 3 4 5 6 7 Decalo 1976, p. 16.
  2. Decalo 1976, p. 86.
  3. 1 2 3 Ronen 1975, p. 78.
  4. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 "Biographies des députés de la IVe République: Joseph Apithy", National Assembly of France, http://www.assembleenationale.com/histoire/biographies/IVRepublique/apithy-joseph-sourou-migan-marcellin-08041913.asp. წაკითხვის თარიღი: 2009-02-05.
  5. 1 2 3 Ronen 1975, p. 79.
  6. Ronen 1975, p. 76.
  7. Ronen 1975, p. 81.
  8. Ronen 1975, p. 92.
  9. 1 2 3 4 Ronen 1975, p. 94.
  10. 1 2 Staniland 1973, The Three-Party System in Dahomey: I, 1946-1956, p. 296.
  11. Ronen 1975, p. 92–93.
  12. Ronen 1975, p. 93.
  13. 1 2 3 Decalo 1973, p. 453.
  14. Carter 1963, p. 176.
  15. 1 2 Ronen 1975, p. 95.
  16. 1 2 Dossou-Yovo 1999, p. 60.
  17. Decalo 1973, p. 452.
  18. Decalo 1976, p. 120.
  19. Ronen 1975, p. 97.
  20. Ronen 1975, p. 100.
  21. 1 2 Kneib 2007, p. 21.
  22. Hudgens, Trillo და Calonnec 2003, p. 893.
  23. 1 2 Agence France-Presse (27 March 1970), "Slayings Reported and Regional Tension Rises as Dahomey Votes for President", The New York Times: 6, https://timesmachine.nytimes.com/timesmachine/1970/03/27/76724145.pdf. წაკითხვის თარიღი: 2008-12-14.
  24. Decalo 1970, p. 454.
  25. 1 2 Ronen 1975, p. 216.
  26. 1 2 Decalo 1973, p. 470.
  27. Decalo 1973, p. 455.
  28. 1 2 Dossou-Yovo 1999, p. 62.
  29. Decalo 1973, p. 85.
  30. 1 2 3 Decalo 1973, p. 471.
  31. Ronen 1975, p. 219.
  32. 1 2 Kpatindé, Francis (25 March 2002), "Justin Tomêtin Ahomadégbé Éphémère chef de l'État", Jeune Afrique (Groupe Jeune Afrique).
  33. Ronen 1975, p. 220.
  34. 1 2 3 Decalo 1973, p. 475.
  35. 1 2 Decalo 1973, p. 474.
  36. 1 2 Seely & Decalo 2021, p. 246.
  37. West Africa Publishing Company 1971, p. 1336.
  38. 1 2 3 Decalo 1973, p. 476.
  39. 1 2 3 Decalo 1973, p. 473.
  40. Ronen 1975, p. 225.
  41. Agence France-Presse (24 February 1972), "Dahomean Sergeant Slain In Attack on Chief of Staff", The New York Times: 9, https://timesmachine.nytimes.com/timesmachine/1972/02/24/93415426.pdf. წაკითხვის თარიღი: 2008-12-16.
  42. Danopoulos 1988, p. 29.
  43. Howes, Marvine (8 May 1972), "Dahomey Transfers Power Peacefully", The New York Times: 4, https://timesmachine.nytimes.com/timesmachine/1972/05/08/80787489.pdf. წაკითხვის თარიღი: 2008-12-21.
  44. 1 2 3 Ronen 1975, p. 227.
  45. Decalo 1973, p. 473–474.
  46. Decalo 1976, p. 20.
  47. Decalo 1976, p. 80.
  48. 1 2 Johnson, Thomas A. (28 October 1972), "Eleven-Officer Rule in Dahomey Is Set Up Following Army Coup", The New York Times: 3, https://timesmachine.nytimes.com/timesmachine/1972/10/28/80803179.pdf. წაკითხვის თარიღი: 2008-12-14.
  49. "Army Takes Power in Dahomey Coup", The Washington Post: A22, 27 October 1972, https://pqasb.pqarchiver.com/washingtonpost_historical/access/99629312.html?dids=99629312:99629312&FMT=ABS&FMTS=ABS:FT&date=OCT+27%2C+1972&author=&pub=The+Washington+Post&desc=Army+Takes+Power+in+Dahomey+Coup&pqatl=google. წაკითხვის თარიღი: 2008-12-24.
  50. Ihonvbere და Mbaku 2003, p. 146.
  51. Decalo 1973, p. 477.
  52. Noble, Kenneth B. (17 December 1989), "Benin Government is Growing Fragile", The New York Times, https://query.nytimes.com/gst/fullpage.html?res=950DE4D6143CF934A25751C1A96F948260. წაკითხვის თარიღი: 2009-02-09.