სურამის ციხე (მოთხრობა)
| „სურამის ციხე“ | |
|---|---|
| ავტორი | დანიელ ჭონქაძე |
| ქვეყანა | რუსეთის იმპერია |
| ენა | ქართული ენა |
| თემა | ბატონყმობა |
| გამომცემელი | ცისკარი |
| გამოცემის თარიღი | 1859-1860 |
სურამის ციხე — — ქართველი მწერლის დანიელ ჭონქაძის ერთადერთი მოთხრობა. მოთხრობის საფუძვლად გამოყენებულია ხალხური ლეგენდა სურამის ციხის მშენებლობის შესახებ, თითქოს მის კედლებში ცოცხლად არის ჩაკირული დედისერთა ვაჟი. „სურამის ციხე“ იყო პირველი ქართული ლიტერატურული ნაწარმოები ბატონყმობის წინააღმდეგ. ნაწარმოებში აღწერილია XIX საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს რეალობა, სადაც ყმას ჩამორთმეული აქვს ადამიანური უფლებები და უპირობოდ ემორჩილება ბატონს. ჭონქაძე გახდა პირველი მწერალი, ვინც ქართული კულტურის ისტორიაში საჯაროდ ისაუბრა ისტორიიდან გამქრალი ადამიანების ხვედრზე, რომლებიც XIX საუკუნემ მონობაში, შრომასა და გადასახლებაში შთანთქა.[1]
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოქმედება ვითარდება ფეოდალური ეპოქის საქართველოში. დურმიშხანი იყო იმერელი წერეთლიანთ ქალის ერთადერთი შვილი, რომელიც მოეწონა მუხრან-ბატონს და წაართვა დედას. დურმიშხან წამალაძე ცხოვრობდა თბილისში, სადაც ბევრი დამცირება და ჩაგვრა გადაიტანა, მაგრამ გახდა მოხერხებული და მზაკვარი ადამიანი, ჰყავდა საცოლე გულისვარდი, რომლის მეშვეობით მიაღწია ბატონისგან გათავისუფლებას. გამდიდრების მსურველი დურმიშხანი წავიდა სტამბოლში, სადაც მოჯამაგირედ დაუდგა ოსმან-აღას. აქ მან გაიგო ოსმან-აღას ისტორია:
ბატონის მიერ ჩაგვრის მსხვერპლი იყო ქართლელი გლეხი რომელსაც ბატონმა წაართვა ცოლ-შვილი. პატარა ნოდარი, რომელიც ბატონმა მოსამსახურედ დაიყენა, 5 წლის შემდეგ ბატონმა კახელ მღვდელს მიჰყიდა. მაგრამ დედამ შვილებთან ერთად მოახერხა თბილისში გაქცევა, სახელები შეიცვალა და სომხობა დაიწყო. 5 წლის შემდეგ დედამ თავისი ამბავი აღსარებაში გაანდო მღვდელს. ამის შემდეგ დედა-შვილი დაიჭირეს და გადასცეს ბატონს, რომელმაც ისინი უღელში შებმით დასაჯა. დედა იქვე გარდაიცვალა. როდესაც ნოდარი 23 წლის გახდა, შეუყვარდა ბატონის მოსამსახურე გოგო ნატო, მაგრამ ნატოს გაუპატიურება ბატონმა სცადა და ნატომ თავი მოიკლა. ნოდარმა შური იძია, მოკლა ბატონი და მისი ცოლ-შვილი. ის გაიქცა ჯერ ახალციხეში, სადაც მიიღო ისლამი, ხოლო შემდეგ სატამბოლში და მიიღო სახელი ოსმან-აღა. ის ჯერ გახდა იანიჩარი, შემდეგ ასისთავი, მაგრამ თავი დაანება სამხედრო სამსახურს და გახდა ვაჭარი. ვაჭრობით ოსმან-აღამ იშოვა დიდი სიმდიდრე, თუმცა ვერ დაიმშვიდა სინდისი ჩადენილი დანაშალის გამო, მონანიების მიზნით მან უარყო ისლამი, ხელახლა მიიღო ქრისტიანობა და დიდი ქონება შესწირა ეკლესიას. ამის გამო ოსმალებმა ოსმან-აღა აწამეს და მოკლეს.
ოსმან-აღამ საკუთარი ქონებიდან დიდი წილი დაუტოვა დურმიშხანს. დურმიშხანმა მიატოვა საცოლე გულისვარდი და ცოლად მოიყვანა ოსმან-აღას ნათლული. მან სცადა დაახლოება თავადაზნაურობასთან, შვილი ზურაბი მოანათვლინა თვადს, ქაიხოსრო აბაშიძეს. დურმიშხანი შვილზე ამყარებდა იმედს, რომ ის მაინც მოახერხებდა საბოლოოდ თავის დაღწევას საკუთარი წარმომვლობისგან და გათანაბრებას თავადაზნაურობასთან.
იმისთვის, რომ სურამის ციხე აშენებულიყო, მასში უნდა ჩაეყოლებინათ დედისერთა ზურაბი. ავლაბრელმა ვარდუამ, რომელიც სინამდვილეში დურმიშხანის ყოფილი საცოლე გულისვარდი იყო, მეფის ვეზირებს ურჩია, ციხის კედლებში ჩაეყოლებინათ დურმიშხანის ერთადერთი ვაჟი ზურაბი და ასე იძია შური. დურმიშხანმა მოკლა გულისვარდი და თავადაც მისი ხელით დალია სული.
გამოქვეყნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოთხრობის პირველი ნაწილი გამოქვეყნდა ჟურნალ „ცისკრის“ 1859 წლის მეთორმეტე ნომერში, ხოლო მეორე ნაწილი 1860 წლის პირველ ნომერში. ცალკე წიგნად პირველად დაიბეჭდა 1874 წელს ექვთიმე ხელაძის და იოსებ ბაქრაძის მიერ და 1904 წლამდე ხუთჯერ გამოიცა.
კრიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავადაზნაურების ნაწილმა თავის თავზე მიიღო „სურამის ციხეში“ გადმოცემული მებატონეთა მოქმედებანი. თვით „ცისკრის“ რედაქტორს ივანე კერესელიძეს, რომელიც მწერალისადმი დადებითად იყო განწყობილი, ჭონქაძის ნაწარმოების დაბეჭდვისათვის უსიამოვნება შეხვდა. მიუხედავად თავადაზნაურობის უკმაყოფილებისა, „სურამის ციხე“ პოპულარობით სარგებლობდა ხალხში.
1863 წელს ჟურნალ „ცისკარში“ ანტონ ფურცელაძემ გამოაქვეყნა „სურამის ციხის“ შესახებ სტატია. 1875 წელს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გ. თუმანიშვილის სტატია. 1904 წელს ფილიპე მახარაძემ გამოაქვეყნა „დანიელ ჭონქაძე და მისი დრო“.
ციტატები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„სანამ ჩვენ ბატონის ყმანი ვართ, ჩვენი ბედნიერება არ შეიძლება“ | |
(დურმიშხანი) |
„იმათ გონიათ რომ ჩვენ კაცნი არ ვიყვნეთ, ჩვენ არ შეგვეძლოს სიყვარული და სიძულე, იმათ გონიათ რომ ჩვენ არა გვქონდეს გული, არ გვქონდეს სჯა“ | |
(ოსმან-აღა) |
ეკრანიზაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„სურამის ციხის“ მიხედვით გადაღებულია ორი ქართული მხატვრული ფილმი, 1923 წელს „სურამის ციხე“ (რეჟისორი ივანე პერესტიანი) და 1984 წელს „ამბავი სურამის ციხისა“ (რეჟისორები სერგო ფარაჯანოვი და დოდო აბაშიძე).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მახარაძე ფ., „დანიელ ჭონქაძე და მისი დრო“, 1904
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სურამის ციხე საიტზე Goodreads
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ამბოხი ლიტერატურიდან | დანიელ ჭონქაძის დრო, ჟურნალი ინდიგო, გიორგი ჯავახიშვილი