ლადო სულაბერიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სულაბერიძე, ლადო)
ლადო სულაბერიძე
დაბადების თარიღი 20 აპრილი, 1919(1919-04-20)
დაბადების ადგილი შუამთა (ვანის მუნიციპალიტეტი), საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
გარდაცვალების თარიღი 27 სექტემბერი, 1993(1993-09-27) (74 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველო
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
 საქართველო

ლადო სულაბერიძე (დ. 20 აპრილი, 1919, შუამთა, ვანის რაიონი — გ. 27 სექტემბერი, 1993, თბილისი) — ქართველი პოეტი. დაიბადა ვანის რაიონის სოფელ შუამთაში. მისი ლექსების პირველი კრებული გამოქვეყნდა 1948 წელს.

ლადო სულაბერიძის ლექსებისა და პოემების ძირითადი კრებულებია „წარწერა კლდეზე“, „ჩრდილები“, „მზე მავრთულხლართებში“, „რჩეული“ და „რჩეული ლირიკა“. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ ენაზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოეტის მამა, სიმონ პორფილეს ძე სულაბერიძე პირველი მსოფლიო ომის დროს მეფის არმიის პორუჩიკი იყო; იბრძოდა თურქეთში. იგი ვანის რაიონის სოფელ შუამთაში დაიბადა 1885 წელს. დაამთავრა ხონის ოთხწლიანი გიმნაზია. ჯარიდან დაბრუნებული მენშევიკურ პარტიაში შევიდა. საქართველოში ბოლშევიკების შემოჭრის შემდეგ მენშევიკური კარიერა დაგმო: თბილისში გამართულ ყოფილ მენშევიკთა ყრილობაზე მენშევიკური პლატფორმა უარყო და ბოლშევიკებს მიემხრო. ამის შემდეგ კომუნისტური პარტიის წევრადაც მიუღიათ, საიდანაც 1937 წელს გარიცხეს. სათავგადასავლო რომანში "ცხადსიზმარიანა” (1991-1993 წ.წ) ლადო სულაბერიძე მამის შესახებ წერს:

ვიკიციტატა
„ვანის აღმასკომის თავმჯდომარეობის დროს მშობლიურ სოფელ შუამთაში ეკლესია დაანგრევინა და ჩვენი სახლის გვერდით საშუალო სკოლის შენება დაიწყო, დანგრეული ეკლესიის ქვები სკოლის სამშენებლო მასალად გამოიყენა. მოგვიანებით ვსაყვედურობდი, ეკლესია რად დაანგრიეთ-მეთქი. სკოლა მინდოდა რომ ყოფილიყო სოფელში, მწარედ მაგონდებოდა, ხონში რომ დავდიოდი სასწავლებელში, დედაჩემი ქირას ვერ უმკლავდებოდა. ყოველ კვირაში ჩამოვდიოდი ფეხით, ავიკიდებდი ფქვილს და ლობიოს და ისევ ფეხით მიმეჩქარებოდა ხონისკენ. თუ გზაში ვინმე მეურმე ურემზე დამაჯენდა და ერთხანს ასე მატარებდა, ხომ კაი, თუ არადა, ფეხით ჩავდიოდი ხონშიო; თქვენთვის ძნელი წარმოსადგენია ასეთი რამე, მინდოდა, ჩვენი სოფლის ბავშვები აღარ გატანჯულიყვნენ ასეო.“

სიმონ სულაბერიძე 1964 წელს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედა, მარიამ პავლეს ასული ნამიჭეიშვილი-სულაბერიძისა დაიბადა 1890 წელს ვანის რაიონის სოფელ ზედავანში. დაწყებითი განათლება არ მიუღია; წერა-კითხვა შინ, თავისით უსწავლია.

ვიკიციტატა
„განსწავლულობაში მამაჩემის უპირატესობას კარგად გრძნობდა დედაჩემი და ვამჩნევდი ბავშვობიდანვე, ამის გამო დიდად მოკრძალებული იყო ქმრისადმი. როგორი საყვედურიც არ უნდა წამოცდენოდა მამაჩემს (თუმცა ამგვარი საყვედურები ძალიან იშვიათად ისმოდა ჩვენს ოჯახში), დედაჩემი კრინტს არ დაძრავდა, არ შეეპასუხებოდა“
(ლ.ს. "ცხადსიზმარიანა”)

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლადო სულაბერიძე თავის ბავშვობას ასე იხსენებს:

ვიკიციტატა
„ბავშვობაშიც კი ჭირივით სძულდა სათამაშო თოფი და ხმალი. შურდულიც არ უყვარდა, შვილდ-ისარისთვისაც არ იკლავდა თავს. საპნის ბუშტების გაშვება იყო მისთვის ყველაზე მომხიბლავი სათამაშო. მიაჩერდებოდა ჰაერში ალივლივებულ საპნის ბუშტს, მასზე აციმციმებულ თვალშეუვლებ თხელ ფერებს მიადევნებდა თვალს და გასკდებოდა თუ არა ჰაერში ბუშტი, მაშინვე, იმწამსვე მეორეს მიადევნებდა. თვითონ ბუშტი კი არ აოცებდა, მასზე ალივლივებული თხელი ფერების თვალთვალი იტაცებდა მუდამ. ამის გარდა, ჯოხის ცხენზე ამხედრება უყვარდა ხანდახან. გამოედევნებოდნენ თოფიანი და ხმლიანი თანატოლები, აგრეთვე ჯოხის ცხენზე ამხედრებულნი, გაურბოდა თავგანწირვით თოფიანებსა და ხმლიანებს. ვერ ეწეოდნენ.“
((ლ.ს. ,,ცხადსიზმარიანა”, 1993 წ))

1926 წლიდან სიმონ სულაბერიძემ თავისი ოჯახი საცხოვრებლად ქუთაისში გადაიყვანა, სადაც ცხაკაიას ქუჩის 36 სახლში დასახლდა. ლადომ მეოთხე-მეხუთე კლასიდან დაიწყო ლექსების წერა. 1935 წელს, შვიდწლედის დამთავრების შემდეგ მამამ ლადო სულაბერიძე ქუთაისის ინდუსტრიალ ტექნიკუმში შეიყვანა, სადაც მისი პოეტური ნიჭი მისმა ქართულის მასწავლებელმა მიხეილ მახათაძემ შენიშნა და მწერლის მომავალი განვითარებისთვის უკეთეს გარემოში ქუთაისის მეორე საშუალო სკოლაში გადაიყვანა. მეათე კლასში სწავლის დროს ლადო სულაბერიძის ლექსები საქალაქო გაზეთ ინდუსტრიულ ქუთაისში უკვე მრავლად იბეჭდებოდა. იგი მონაწილეობდა ქუთაისის მწერალთა კავშირის მიერ გამართულ საღამოებშიც. მალე ლადო სულაბერიძე სკოლის კომკავშირის მდივნადაც აირჩიეს.

ვიკიციტატა
„რამდენიმე თვის შემდეგ საშუალო სკოლას ვამთავრებდი. გამოცდები ხუთებზე ჩავაბარე, მხოლოდ რუსულში გამომყვა ოთხიანი. გამოცდების დამთავრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჩავატარეთ კომკავშირის ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კრება. ვრცელი მოხსენება დავწერე, სათქმელი ჩვენი მუშაობის შესახებ მართლაც ბევრი მქონდა. კრება ჩავატარეთ სამასწავლებლო ოთახში. კრებაზე მოვიდა პარტიის რაიკომიდან გამოგზავნილი პიროვნება... მოხსენების კითხვა დავამთავრე თუ არა, რაიკომის წარმომადგენელმა თავმჯდომარეს სიტყვა თხოვა. წამოდგა და თქვა, მდივანმა კარგად შეფერადებული მოხსენება წარმოგვიდგინა, მაგრამ არცერთმა თქვენთაგანმა არ იცით, რომ მამამისი პარტიიდან არის გარიცხული, როგორც ყოფილი მენშევიკი; ეს ამბავი მას თქვენს წინაშე არ განუცხადებია, რატომ არ აღიარა ეს, რატომ დამალაო?! ცოტა ხანს შეისვენა და მერე განაგრძო: ამიტომ მე მიმაჩნია, თქვენი ორგანიზაციის პოლიტიკური მიმართულება არადამაკმაყოფილებლად, წინადადება შემომაქვს, ვლადიმერ სულაბერიძე გაირიცხოს კომკავშირიდანო. ჩემი მოხსენების დამთვრების შემდეგ მე მოველოდი, რომ ჩვენს მუშაობაზე ბევრ კარგ რამეს იტყოდნენ, საამისოდ მთელი წლის განმავლობაში ბევრი რამ გვქონდა გაკეთებული, ამაზე ილაპარაკებდნენ ჩემი მეგობრებიც, მაგრამ რაიკომის წარმომადგენლის განცხადება ისე მოულოდნელი იყო ჩემთვისაც და იმათთვისაც, რომ კრება ერთხანს გაირინდა, ყველანი სახტად დავრჩით. გაოგნებისგან კვლავ ფეხზე მდგარმა რაიკომის წარმომადგენელმა გამოგვიყვანა და კრების თავმჯდომარეს მკაცრად მიმართა, თავმჯდომარევ, უყარე კენჭიო. გაუჭირდათ ჩემს მეგობრებს ხელის აწევა, მაგრამ როდესაც თავმჯდომარემ თვითონ შემართა თითაშვერილი ხელი მაღლა, ნელ-ნელა კრების მონაწილეებმა აიშვირეს თითები. მიღებულია ერთხმადო, თვითონვე გამოაცხადა წარმომადგენელმა, მერე მე მომმართა, კომკავშირის ბილეთი აქ დატოვეთ და თქვენ კრებიდან გაბრძანდითო. გახევებული გამოვედი კრებიდან.“
(ლ.ს. "ცხადსიზმარიანა")

სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით გამართულ გამოსაშვებ საღამოს დირექტორი არ დასწრებია; დაუბარებია, იქ, სადაც ხალხის მტრის შვილია, მე ვერ მივალო. 1938 წელს ძმები ლადო და შოთა სულაბერიძეები სწავლის გაგრძელების მიზნით თბილისში ჩამოდიან. ამასთან, კომკავშირიდან უსამართლოდ გარიცხვის გამო ლადო სულაბერიძემ კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტში საჩივარი შეიტანა. კომკავშირში აღდგენა ლადო სულაბერიძეს უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად სჭირდებოდა. ამიერკავკასიის კომკავშირის სამხარეო კომიტეტის მაშინდელი მდივანი ჟორა გიორგობიანი ცნობილი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის ცოლის უფროსი დის ქმარი იყო. ამ ოჯახთან სიმონ სულაბერიძის ოჯახი მეგობრობდა, რამაც კომკავშირში ლადო სულაბერიძის აღდგენა განაპირობა. იმავე წელს ლადო სულაბერიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, მისი ძმა კი – სამედიცინო ინსტიტუტში.

ვიკიციტატა
„1939 წელს მამაჩემიც გადმობარგდა ჩვენთან. გაერიდა ქუთაისს, სადაც 1926 წლის შემდეგ ვცხოვრობდით. პარტიიდან გარიცხეს, თანამდებობიდან გაათავისუფლეს, არსად სამსახურში აღარ ჩააყენეს, მეგობრებმა საბუღალტრო კურსებზე ჩარიცხეს, სამ თვეში დაამთავრებინეს, ბუღალტრობის საბუთი მისცეს და რომელიღაც კუსტარულ საამქროებში მუშაობდა ბუღალტრად. ასე გვპატრონობდა ორ სტუდენტს თბილისში.“
(ლ.ს. "ცხადსიზმარიანა")

1939 წელს სიმონ სულაბერიძემ თავისი ოჯახისთვის საცხოვრებლად ერთი ოთახი ორთაჭალაში, აქსტაფის ქუჩა 5-ში შეისყიდა.

ომი და პოეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1941 წლის 5 აგვისტოს ლადო სულაბერიძე მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. 1942 წლის 18 მაისს ქერჩთან მძიმედ დაჭრილი ლადო გერმანელებს ტყვედ ჩაუვარდა. თავდაპირველად, ორი თვის განმავლობაში ფეოდოსიის ტყვეთა ბანაკში იმყოფებოდა. იქიდან დასავლეთ უკრაინის ქალაქ ვლადიმირო-ვოლინსკის ტყვეთა სიკვდილის ბანაკში გადაიყვანეს.

ვიკიციტატა
„ოქტომბერი იყო თუ ნოემბერი... მოვიდა ვინმე ემიგრანტი ქართველი, მოგვიწოდა ქართველ ტყვეებს, ნუ ჩაკვდებით ამ ლაგერებში ასე უაზროდ, თქვენი სიცოცხლე მომავალში ძალიან დასჭირდება მშობლიურ საქართველოს, გადაარჩინეთ თქვენი სიცოცხლე, სტალინისთვის თქვენ მაინც აღარ არსებობთ, წამოდით გერმანელებთან სამუშაოდ, ჩაგაცმევენ, გამოგკვებავენ, გადარჩებით და მალე უსტალინო სამშობლოსაც გამოადგებითო.“
(ლ.ს. "ცხადსიზმარიანა")

სასიკვდილო ტყვეობისგან თავის დაღწევის მიზნით ლადო სულაბერიძე გერმანელების შეთავაზებაზე დათანხმდა. ის ზასლავაში გადაიყვანეს, სადაც კავკასიელებისგან დაკომპლექტებულ სამთო ანუ "ბერგმანის ბატალიონში" ოცეული ჩააბარეს. პოეტურ საქმიანობას მაინც აგრძელებდა: ობერლეიტენანტი (ასეულის მეთაური) დაითანხმა, რომ ზასლავაში განლაგებული "ბერგმანის ბატალიონისთვის” ბერლინში საგანგებოდ ლეგიონერებისთვის გამომავალი გაზეთი "საქართველო" გამოეგზავნათ (გაზეთ "საქართველოს” გერმანიაში ქართველი ლეგიონერების სამხედრო ლიდერი შალვა მაღლაკელიძის შვილი გაიოზ მაღლაკელიძე რედაქტორობდა). სწორედ ამ გაზეთში დაბეჭდა ნარკვევი "ბერგმანის ბატალიონის” შესახებ და ლექსები "ამურის" ფსევდონიმით.

ვიკიციტატა
„ოცეული რომ ჩამაბარეს, ერთი თვის შემდეგ ობერლეიტენანტმა ოტტო ბეკერმა თავისთან მიხმო და შემომთავაზა, ასეულს უნდა გაუძღვე და შენს მაგივრად ოცეულის მეთაურად ვინ გამომადგებაო. ეგეც დააყოლა, მალე სამხედრო ფორმაც უნდა ჩაგაცვათ, ფიციც უნდა მიგაღებინოთ და აბა, შენ იცი, ასეულს როგორ განაწყობ საამისოდო“
(ლ.ს. "ცხადსიზმარიანა")

ზასლავაში სამთვიანი ყოფნის შემდეგ ლადო სულაბერიძის ასეული დასავლეთ უკრაინის ერთ დაბურულ ტყეში გადაიყვანეს სურსათის შესანახ ბანაკში საწყობების დატვირთვა-გადმოტვირთვის მიზნით. იქვე რაიონულ ცენტრ იჩნიას ერთ-ერთ სოფელში 24 წლის ლადო სულაბერიძე სიყვარულმა 16 წლის უკრაინელ გოგონასთან, ვალიასთან დააკავშირა. 1943 წლის შემოდგომაზე, მაშინ, როდესაც ვალია ფეხმძიმედ იყო, ლადო სულაბერიძის ასეული ბელორუსიაში, პატარა ქალაქ ბორისოვოში გადაიყვანეს, რადგან "წითლებმა" უკრაინის ფრონტი გაარღვიეს.

ვიკიციტატა
„დღემდე მელოდება და დღემდე მივისწრაფვი მისკენ. ორმოცდახუთი წელი გავიდა და მე სულ იმისკენ მივისწრაფვი... მე ნიღაბი ავიფარე, გერმანელებთან ყოფნის ამბავს ვმალავდი. ჩეკისტების ყურს ვერიდებოდი, ამიტომ ვეღარ მოვიძიე ვალია, გული იმისკენ და შვილისკენ მიმიწევდა. იქ ჩემი ჩასვლა შეუძლებელი იყო, იქ მომხდარი ამბავის გამო შეიძლება სოფლელებს ჩავექოლე კიდეც. ვეღარ ავასრულე დანაპირები. ვეღარ ვნახე სიმწრის შვილი“
(ლ.ს. "ცხადსიზმარიანა")

1943 წლის ნოემბერში, რამდენიმე დღით ლადო სულაბერიძე ბერლინშიც აღმოჩნდა: მას ბატალიონისთვის ბერლინში საშობაო-სადღესასწაულო საჩუქრების საკითხი უნდა მოეგვარებინა. თუმცა პირველი, რაც ბერლინში ჩასულმა პოეტმა გააკეთა, ფრიდრიჰ შტრასეზე გაზეთ ,,საქართველოს” რედაქციის მონახულება იყო.

ვიკიციტატა
„რაც მქონდა ლექსები, გამომართვეს და დაიტოვეს, ისკიარადა, მთხოვეს, ქართული ლეგიონების ფორმირებას ჰიტლერმა ამაგი დასდო და მოდი, ერთი ლექსით მოვეფეროთ, რამე დაწერეო. შემიყვანეს ერთ ოთახში, აქ დაჯექი, ხელს არავინ შეგიშლის და, აბა, შენ იციო. დავწერე, დავუტოვე მათ და ერთი თვის შემდეგ მივიღე კიდეც გაზეთის ის ნომერი, რომლის პირველ გვერდზე დაებეჭდათ ლექსი“
(ლ.ს. "ცხადსიზმარიანა")

1944 წლის გაზაფხულზე წითელი არმიისგან ალყაში მოქცეულ მინსკს ლადო სულაბერიძის ასეულმა ძლივს გაასწრო და პოლონეთის ქალაქ ვრეშენთან დაბანაკდა. ათდღიანი მივლინებით იგი ისევ ბერლინში ჩავიდა, რათა თავისი ასეულის საფრანგეთში გადაყვანის ნებართვა მიეღო.

1944 წლის შემოდგომის ბოლოს ლადო სულაბერიძე თავის ორ ოცეულთან ერთად პოლონეთის ქალაქ პოზნანისკენ გაემართა. რკინიგზაზე მდგარი ეშელონის პროდუქტებით დატვირთვის ბრაძანებას ასრულებდა, როდესაც ქალაქში რუსები შევიდნენ. პოზნანის ყველა გასასვლელი გადაკეტილი იყო. გერმანულ მუნდირებში გამოწყობილმა ქართველმა ლეგიონერებმა, მათ შორის ლადო სულაბერიძემ თავიანთი მუნდირებისა და იარაღის სამოქალაქო ფორმაში გადაცვლა დაიწყეს, რათა სიცოცხლე გადაერჩინათ, ანდა რუსების ტყვეობაში არ ჩავარდნილიყვენენ. მათ რუსებს განუცხადეს, რომ გერმანელებთან ტყვედყოფილები და ლტოლვილები იყვენენ.

1945 წლის ზამთრის მიწურულს, ტყვედყოფილისა და ლტოლვილის სტატუსით, სამოქალაქო ფორმაში მყოფი ლადო სულაბერიძე ლტოლვილთა ნაკადთან ერთად გერმანიაში გადავიდა, მაისის პირველ რიცხვებში კი იგი, უკვე მესამედ, ბერლინში შეიყვანეს. ბერლინში ლადო სულაბერიძეს რუსებმა სარეპატრიაციო ბანაკის კომენდანტობა მიანდეს. ბანაკი ბერლინის გარეუბანში ბისდორფში მდებარეობდა. ომის დამთავრებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, სხვა ტყვედყოფილებთან ერთად ლადო სულაბერიძე ქალაქ კოზელსკის დიდ შემკრებ პუნქტში მიიყვანეს. მალე მის შესახებ მოსკოვიდან მოვიდა დასტური, რომ ტყვედჩავარდნამდე საბჭოთა არმიაში ლეიტენანტი იყო და დემობილიზაციით თბილისისკენ გამოუშვეს.

„ჩეკა“ და დაპატიმრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლადო სულაბერიძე თბილისში 1945 წლის დეკემბერში დაბრუნდა. 1947 წლის დასაწყისში მწერალთა კავშირის მაშინდელმა თავმჯდომარემ სიმონ ჩიქოვანმა ლადო სულაბერიძეს ურჩია, დაეწერა განცხადება მწერალთა კავშირის წევრად მისი მიღების შესახებ. განცხადების დაწერის შემდეგ ლადო სულაბერიძე მწერალთა კავშირის წევრად მიიღეს. მას ახალგაზრდა მწერალთა რესპუბლიკური კომიტეტის მდივნობაც ჩააბარეს. იმავე წელს მან შეადგინა ლექსების პირველი კრებული „ყირიმის ღამეები“ და გამოსაცემად გამომცემლობა „საბლიტგამში“ ჩააბარა. 1948 წელს „ყირიმის ღამეები“ გამოიცა, მაგრამ ავტორის დაპატიმრებისთანავე ტირაჟი დაჭრეს და გადაყარეს. წიგნის ერთადერთი ეგზემპლარი გადარჩა, რომელიც საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკაში გამოცემისთანავე იქნა გადაგზავნილი. სწორედ ეს ეგზემპლარი იხილა ავტორმა წიგნის გამოცემიდან რვა წლის შემდეგ, 1955 წლის ბოლოს, როდესაც ლადო სულაბერიძე გადასახლებიდან დაბრუნდა.

1948 წლის 7 მარტს თბილისის უშიშროების, „ჩეკას“ თანამშრომლებმა ლადო სულაბერიძე დააპატიმრეს. პირველი წიგნის გამოცემის გარდა, პოეტი პირველი შვილის დაბადებას ელოდებოდა.

ვიკიციტატა
„ბოლოს შემიყვანეს ერთ ოთახში, გამხადეს ტანისამოსი, გამჩხრიკეს, მიმაბრუნეს, მომაბრუნეს, მათვალიერეს გულდაგულ, შემმოსეს იქაური სამოსელით. რაც ჩამომართვეს, ჩაიწერეს, ხელი მომაწერინეს და შემაგდეს ერთ ვიწრო კარადაში, კარი გამომიხურეს და ჩაკეტეს. კარადა წამოყუდებულ კუბოს ჰგავდა, მკლავს ვერ მოხრი, ვერ ჩაიმუხლები, ვერ მიბრუნდები და მობრუნდები, კარი ზედ ცხვირზე გაქვს მოდებული. სული შემეხუთა, მაგრამ ხმა არ გამიღია, ვიდექი ამ წამოყუდებულ კუბოში და ველოდი, როდის გამიხსენებდნენ. დაზაფრულსა და შიშშეპყრობილს თავში გამიელვა, ხომ არ დამთავრდა-მეთქი ყველაფერი?!“
(ლ.ს. „ცხადსიზმარიანა“)

„ბერგმანის ბატალიონში“ მსახურობის შესახებ ლადო სულაბერიძის დაკითხვა ოთხი თვე გრძელდებოდა. ბოლოს, სასამართლომ მას ციმბირში ოცდახუთწლიანი კატორღა მიუსაჯა.

ვიკიციტატა
„და როდესაც სამეულის სასამართლო პროცესზე გამომიცხადეს, 25 წლის პატიმრობა მოგესაჯაო, იქვე ჩავჯექი, ქვითინი ამიტყდა... არა, ეს არ იყო მწუხარების ცრემლები, იმაზე გლოვა, რომ ოცდახუთი წლის პატიმრობა მომისაჯეს და რაღა მეშველებაო. სიხარულმა ამიტანა უცებ... იმისა იყო ის ცრემლებიც, იმისა-მეთქი, სიხარულისა, გადარჩენისა, ოცდახუთი წლის კატორღას სიკვდილი კი სჯობდა ჩეკისტების ხელში, მაგრამ იმ წუთს მე ამის გააზრება ვერ შევძელი, ცოცხლად დარჩენა ვამჯობინე“
(ლ. ს. „ცხადსიზმარიანა“)

დაპატიმრებიდან ოცი დღის შემდეგ „ჩეკას“ შინაგანი ციხის 37-ე საკანში ლადო სულაბერიძეს აცნობეს, რომ პირველი შვილი, ვაჟი შეეძინა.

ვიკიციტატა
„იმის იმედი არა მქონდა, რომ ოცდახუთი წლის კატორღას გავუძლებდი, მაგრამ ავადმყოფურად სასომიხდილი მაინც არ ვიყავი. შვილმა და ლექსებმა ის საზრუნავი გამიჩინეს, რომ მათზე მეფიქრა; რაკი მათზე ვფიქრობდი, სანამ გავძლებდი, აზრი მიეცა ჩემ გატანჯულ არსებობას: მათში უნდა გაგრძელებულიყო ჩემი კაცური და პოეტური სიცოცხლე. ეს ორი ბურჯი შემიდგა ჩრდილოეთის ყინულეთში და აკი რვა წელიწადი გამაძლებინა“
(ლ. ს. „ცხადსიზმარიანა")

გაციმბირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"ჩეკას" შინაგანი ციხიდან ორთაჭალის ციხეში გადაიყვანეს; შემდეგ, 1949 წლის 15 ივნისს, საღამოს 10 საათზე სხვა პატიმრებთან ერთად ე.წ. საეტაპო ვაგონში შეიყვანეს და ციმბირისკენ გზას გაუყენეს. ჯერ ბაქოში ჩაიყვანეს და იქაურ გამანაწილებელ ციხეში ერთი თვე გააჩერეს. შემდეგ როსტოვის ციხეში ამოაყოფინეს თავი, სადაც რამდენიმე დღე იმყოფებოდა. მერე ე.წ. სტოლიპინის ვაგონით სვერდლოვსკის ციხეში გადაიყვანეს. იქ ერთი თვე გააჩერეს. 1950 წლის გაზაფხულის ბოლომდე ლადო სულაბერიძე ურალში, ნიჟნი-ტაგილის ბანაკში იმყოფებოდა. ბანაკი უღრან ტყეში მდებარეობდა, სადაც პატიმრები ტყის ჭრაზე ჰყავდათ დასაქმებული.

ვიკიციტატა
„ლაგერიდან შვიდი კილომეტრი უნდა გაგვევლო თოვლიან გზაზე, აღმართ-აღმართზე, ხერხი ,,ლუჩოკი” მხარზე მქონდა ჩამოკიდებული... მუშაობის დამთავრების შემდეგ სიბნელეც წამოგვეწეოდა და ძალიან მიჭირდა იმავე გზით შვიდი კილომეტრის გავლა ლაგერამდე“
(ლ.ს. "ცხადსიზმარიანა")

იმავე წლის მაისში ხან სტოლიპინის, ხანაც საბარგო ვაგონებითა და სატვირთო გემით ლადო სულაბერიძე, სხვა პატიმრებთან ერთად, რამდენიმეთვიანი მგზავრობის შემდეგ მაგადანში ჩაიყვანეს. საბოლოოდ, მაგადანიდან შვიდასორმოცდაათი კილომეტრით მოშორებულ კალიმის ბანაკში გაანაწილეს. ბანაკს რუსულად "დე-დვა" ანუ "დალსტროი დვა" ერქვა. ეს იყო გულაგის განსაკუთრებული რეჟიმის ბანაკი, სადაც მხოლოდ პოლიტიკური, სამხედრო დამნაშავეები, რეციდივისტი ბანდიტები და ქურდები იყვნენ თავმოყრილი. "Г2 – 447" - ეს ლადო სულაბერიძის კატორღული ნომერი იყო.

ვიკიციტატა
„საშინელი ყინვებია... სამოცი გრადუსი, ორმოცდაათი ჩვეულებრივია, ორმოცს ქვემოთ რომ დაიწევს ხანდახან, გაზაფხული გვგონია“
(ლ.ს. "ცხადსიზმარიანა")

უმძიმესი პირობების მიუხედავად, გაციმბირებული ლადო სულაბერიძე ლექსების წერას მალულად მაინც ახერხებს. 1950-1954 წლებში ცემენტის ყუთების ქაღალდისგან თავისი ხელით შეკრულ ორ პატარა წიგნაკში მან 67 ლექსი და 8 პოემა ჩაწერა.

ვიკიციტატა
„ციმბირის ბანაკებში ცემენტის ქაღალდები ვიშოვე. ხელისგულზე დასატევი პატარა წიგნაკი შევკარი, კალამიც აღმოჩნდა და ძალზე წვრილი ასოებით წლობით ნაბუტბუტები ლექსები წიგნაკში ჩავწერე. ხან სად ვმალავდი და ხან - სად“
(ლ.ს. "ცხადსიზმარიანა")

ეს ორი წიგნაკი მასზე ადრე გათავისუფლებულმა ქართველმა მეგობრებმა გულაგის ლაგერიდან ფარულად გამოიტანეს და თბილისში ლადო სულაბერიძის მშობლებს ჩააბარეს.

1955 წლის იანვარში გულაგის ბანაკიდან ლადო სულაბერიძე მაგადანის კოლონიაში დააბრუნეს, სადაც პატიმარი ჭაბუა ამირეჯიბი გაიცნო. ჭაბუა ამირეჯიბთან ერთად ლადო სულაბერიძე მაგადანიდან ირკუტსკის ოლქში, ოსტროვოს ბანაკში გადაიყვანეს.

დაბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს 1955 წლის 17 სექტემბრის ბრძანებულებით, რომელიც გაზეთ ,,იზვესტიაში” გამოქვეყნდა, ამნისტირებული უნდა ყოფილიყვნენ საბჭოთა მოქალაქეები, რომლებიც დიდი სამამულო ომის პერიოდში 1941-1945 წლებში ხელმოკლეობისა და შეუგნებლობის გამო ჩათრეული აღმოჩნდნენ გერმანელ ოკუპანტებთან თანამშრომლობაში.

1956 წლის იანვარში ამნისტირებული ლადო სულაბერიძე თბილისში დაბრუნდა.

ვიკიციტატა
„შვილი ქალაქში არ დამიხვდა, სოფელში ყოფილიყო და მეც მაშინვე მისკენ გავეშურე. ავთანდილი ორღობიდან მეზობლის ეზოში დამანახეს; დამრეცი ფერდობის ბოლოს ბავშვებთან თამაშობდა, დედამისმა დაუძახა, ხუტუნა, მამა ჩამოვიდაო. შემომაჩერდა იქიდან, მაგრამ არ გამოქანებულა. რა თქმა უნდა, უცხო ვიყავი მისთვის, ნაამბობებს ვერ ერწმუნა, ბავშვური წარმოსახვა არ ეყო იმისათვის, რომ გაენივთებია ნაამბობი. ხელი არ შეუხია ჩემთვის, ხორციელობა ჩემი არ გაუთავისებია თავისი თოთო თითებით, არ გამთბარა მისით, ამიტომაც ალბათ ვერ მიმამსგავსა ფიქრად ადევნებულ მამას. არ გამოექანა. დედა ეძახდა და ის გაოგნებული იდგა, ადგილიდან არ იძვროდა“
(„ცხადსიზმარიანა“)

ლადო სულაბერიძის პოემები „შემოდგომის დღის ქრონიკა“ და „ლოდზე ამოკითხული თქმულება“, აგრეთვე, ლექსების ციკლი „თბილისი დამიმშვენე“ აღინიშნა საქართველოს მწერალთა კავშირის ლიტერატურული პრემიებით. 1985 წელს გამოსცა რომანი „ზღვისკენ მიმავალი გზები“. ლირიკული ლექსების კრებული „ჩამავალ მზესთან“ (1991) პოეტის ბოლო გამოცემაა. ლადო სულაბერიძის სიცოცხლეში ვერ მოესწრო სათავგადასავლო რომანის „ცხადსიზმარიანას“ გამოცემა; ჟურნალ „მნათობის“ რამდენიმე ნომერში „ცხადსიზმარიანას“ მხოლოდ პირველი ნაწილი დაიბეჭდა. 1993 წელს მწერალთა კავშირის მიერ „ცხადსიზმარიანა“ შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურულ პრემიაზე იქნა წარდგენილი.

ლადო სულაბერიძე საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკულ, სოხუმის დაცემის დღეს, 1993 წლის 27 სექტემბერს საკუთარ ბინაში გულის შეტევით გარდაიცვალა. მისი ზეპირი ანდერძის თანახმად, დასაფლავებულია მშობლების გვერდით, საბურთალოს სასაფლაოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბაქრაძე, ლაშა; თვალავაძე, თეა (2013). მწერალთა ავტობიოგრაფიები. თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი. ISBN 978-99940-28-82-5.