სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა

სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა (ასევე ცნობილი, როგორც სუბარაქნოიდული ჰემორაგია ან ქსელქვეშა სისხლჩაქცევა. ინგ. SAH - Subarachnoid hemorrhage) — სისხლის დაგროვება სუბარაქნოიდულ სივრცეში - ცენტრალური ნერვული სისტემის ქსელისებრ (არაქნოიდულ) და რბილ (პია) გარსებს შორის. სისხლდენა უმეტესად ვითარდება თავის ტრავმის ან ანევრიზმის გასკდომის შედეგად, არტერიებიდან. დიაგნოზის დასასმელად ოქროს სტანდარტია კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ). აღსანიშნავია, რომ სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა თითქმის სულ არის მწვავე, ვინაიდან სისხლდენა ვითარდება არტერიიდან მაღალი წნევით, რის გამოც შედედებული სისხლის დაშლამდე აღინიშნება მძიმე სიმპტომები ან სიკვდილი. კლინიკური გამოვლინებები, ძირითადად, მოიცავს ცნობიერების დაკარგვას, თავის ტკივილს (პაციენტები ხშირად ახასიათებენ, როგორც "ცხოვრებაში ყველაზე საშინელ თავის ტკივილს"), გუგის პათოლოგიებს, მენინგიზმს (მენინგიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მენინგიტის არარსებობისას) და ფოკალურ ნევროლოგიურ ნიშნებს, გამომდინარე სისხლდენის მდებარეობიდან. მკურნალობა დამოკიდებულია სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის გამომწვევ მიზეზზე (მაგ. ანევრიზმის გასკდომისას საჭიროა მისი ნეიროქირურგიული კლიპირება).