სტუმარი (რომანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„სტუმარი“

ავტორი გურამ გეგეშიძე
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული
ჟანრი ფსიქოლოგიური რომანი
მაგიური რეალიზმი
ავტობიოგრაფიული რომანი
გამომცემელი მერანი
გამოცემის თარიღი 1970
გვერდი 250
წინამორბედი ცოდვილი
მომდევნო ხმა მღადადებლისა

სტუმარიგურამ გეგეშიძის რიგით მეორე რომანი. პირველად გამოიცა 1970 წელს. რომანი თარგმნილია რუსულ, ბულგარულ და სხვა საბჭოთა ქვეყნების ენებზე. “სტუმარი” ვრცელი პანორამაა მეორე მსოფლიო ომისა და 70იან წლებამდელი თბილისის საზოგადოებისა და ნაჩვენებია მათი მანკიერი თუ დადებითი თვისებები.

რომანის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანი ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულადაც შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მთავარი გმირის მეგობრები ძალიან ჰგვანან თავად მწერალს. მაგალითად, გურამ რჩეულიშვილის ისტორია, რომელიც გაგრაში ტრაგიკულად დაიღუპა, მწერალმა გამოიყენა ერთ–ერთი პერსონაჟის ვაჟას შესაქმნელად და ის თავისი მეგობრის თვისებებით დააჯილდოვა. ამ პერსონაჟის პროტოტიპად შეიძლება ჩაითვალოს გეგეშიძის მეგობარი ნოდარ ჩხეიძეც, რომელიც 1968 წელს მთაში ტრაგიკულად დაიღუპა.[1]

რომანის სათაური ტექსტში რამდენიმეჯერაა ნახსენები. სტუმარი არის მთავარის პერსონაჟი – თარხუჯი, რომელსაც მეგობრებისა და ქალების სიყვარულისა და პატივისცემის მიუხედავად, საზოგადოებაში თავის თავს ვერ პოულობს და მისთვის უცხო ხდება ყველაფერი. ის თავის თავს სტუმრად თვლის ამ ქალაქში, ამ საზოგადოებაში და მხოლოდ დროებით ეწვევა დედაქალაქს.

რომანის სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი პერსონაჟი თარხუჯი ახალი დაბრუნებულია თბილისში სოფლიდან, სადაც მასწავლებელია. ის რომანტიკულად აღწერს თბილისის ქუჩებს, მთაწმინდას და იხსენებს ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებს. თარხუჯს თბილისიდან წასვლამდე მთასვლელობა იტაცებდა. ის და მისი მეგობარი ვაჟა ხშირად დადიოდნენ მთებში ბანაკებით. ერთხელ თარხუჯი სიზმარს ნახავს, სადაც ვაჟას დაღუპვას იხილავს. ის გააფრთხილებს მეგობარს, რომ იმ დღეს არ წავიდნენ მთაში თუმცა ვაჟა ამას უბრალო სიზმრად ჩათვლის და არ დაუჯერებს. ის დღე ტრაგიკულად დასრულდება – ვაჟას დაღუპვით.

თარხუჯი იხსენებს იმ პერიოდს როდესაც ომი ახალდამთავრებულია და ის და მისი მეგობრები ქალებით არიან გატაცებულნი. იხსენებს საშუალო ასაკის მეზობელ ქალს ჟანას, რომელიც უყვარს. ერთხელაც, როდესაც დეიდამისს გააბრაზებს და სახლიდან გამოაგდებენ შუა ზამთარში, თარხუჯი ჟანას მიადგება. ქალი მას საწოლს გაუშლის და დააბინავებს. მაგრამ, როცა თარხუჯი შიშველ ჟანას დაინახავს, სურვილი დასძლევს და მის ოთახში შევა. ჟანა მას ლოგინში ჩაიწვენს. მეორე დღეს კი გააფრთხილებს, რომ ძალიან კარგი ბიჭია მაგრამ მეორედ მასთან აღარ მივიდეს. მთხრობელი ზიზღით აღწერს იმ გრძნობას, რომელიც ქალთან ურთიერთობისას დაეუფლა. ამის შემდეგ მას დიდი ხნით გოგონებზე გული აუცრუვდება.

მთხრობელი იხსენებს თავის ობოლ ბავშვობას. ის დეიდამ გაზარდა. ადრეულ ასაკში მისი სპორტსმენი ბიძა არჩილი, რომელიც მამობას უწევდა, ომში წავიდა და აღარ დაბრუნებულა. ამას ბაბუის სიკვდილი მოჰყვა. თარხუჯი ნუგეშს მხოლოდ მეგობრებისგან იღებდა. ის აღწერს თუ როგორ მოუვიდა ჩხუბი ვიღაც თათართან რამდენიმეჯერ. იხსენებს თუ როგორ გაიცნო მერი ვაჟას პანაშვიდზე. მასთან ავიდა და იმავე ღამიდან დაიწყო მათი ურთიერთობა. შემდეგ გაირკვა, რომ მერი რომელიც ადრე ვაჟას ინგლისურს ასწავლიდა, თურმე მას ხვდებოდა. ამან გამოიწვია კონფლიქტი წყვილს შორის. საბოლოოდ ისინი დაშორდნენ. იქამდე კი თარხუჯს მისი სამი წლით უმცროსი მეზობელი სოფო შეუყვარდა. გოგონა თარხუჯს მეგობარმა ვახტანგმა გააცნო და იმავე დღეს უთხრა, რომ ის ქალი უყვარდა. თარხუჯმა მეგობრის გამო სოფოც დაივიწყა. თუმცა დროდადრო როცა მას ხვდებოდა ძველი სიყვარული ახსენდებოდა.

ქალაქში დაბრუნებული თარხუჯი იხსენებს თავის მეგობრებს და გადაწყვიტავს დიდი ხნის შემდეგ ინახულოს ისინი. ნახავს ვახტანგს და სოფოს, რომლებიც დაქორწინდენ. ნახავს ცოტნეს, რომლის მამაც – სამეგობროსთვის საყვარელი ადამიანი ძია ირაკლი დაიღუპება. პანაშვიდის შემდეგ თარხუჯი თავის მეგობარ კახას გაჰყვება სახლში და დალევენ. კახა მოუყვება თავის ამბავს. თუ როგორ შეირთო შემთხვევით წესიერი ქალიშვილი, რომელიც არ უყვარდა და შემდეგ სხვა ქალის ეჭვიანობის ნიადაგზე როგორ დაშორდა. ამის შემდეგ კახა და თარხუჯი ქუჩაში გამოვლენ, სადაც მათი ძველი მეგობარი ფარნაოზი შეხვდებათ. ფარნაოზი ბიჭებს თავის მდიდარი ნათესავის შვილის დისერტაციის დაცვის აღსანიშნავ სუფრაზე წაიყვანს. აქ თარხუჯს მისდა გასაკვირად მერი დახვდება თავის საქმროსთან ერთად. მოიკითხავს და სუფრას მალე დატოვებს. თბილისის სტუმრობის შემდეგ თარხუჯი სოფელს დაუბრუნდება.

ძირითადი პერსონაჟები და მათი პროტოტიპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თარხუჯი - მთხრობელი. რომანის მთავარი პერსონაჟი. მწერლის ალტერ ეგო. ერთ–ერთი სოფლიდან ის მშობლიურ თბილისში ჩამოდის. პირველად მთაწმინდას ინახულებს. შემდეგ მიუყვება ქუჩებს და იხსენებს იმ პერიოდს როცა აქ ცხოვრობდა. თარხუჯის ბიოგრაფია ძალიან ჰგავს გეგეშიძის ბიოგრაფიას. მათი ასაკი თითქმის ერთნაირია. მწერალი მართლაც იყო მთასვლელობით გატაცებული და მეგობარი ნოდარ მხეიძე დაკარგა მთაში.
  • ვახტანგი - თარხუჯის ბავშვობის მეგობარი. თავიდანვე მორცხვი იყო და არ იყო გატაცებული გოგონებით. თუმცა მას შეუყვარდება სოფო, რომელიც თარხუჯსაც უყვარს. საბოლოოდ თარხუჯი დათმობაზე წავა და მეგობრისათვის სოფოს დაივიწყებს.
  • ვაჟა - თარხუჯის მეგობარი. გატაცებული იყო ალპინიზმით. მისი პროტოტიპები მწერლის მეგობრები – ნოდარ ჩხეიძე და გურამ რჩეულიშვილი არიან. პერსონაჟის მსგავსად ისინიც ნაადრევად ტრაგიკულად დაიღუპებიან.
  • მერი - თარხუჯის შეყვარებული. ვაჟას სიკვდილამდე ასწავლიდა ინგლისურს. მისი თქმით, "ვაჟა ისე სწრაფად სწავლობდა, თითქოს მოახლოებულ სიკვდილს გრძნობდა და რაც შეიძლება მეტის მოსწერება უნდოდაო". შემდეგ თარხუჯი მეგობრებისგან შეიტყობს, რომ მერი და ვაჟა ერთმანეთს ხვდებოდნენ. ერთ დღეს თარხუჯი ქალს ეტყვის ინგლისური მასწავლეო, რაზეც მერი გაბრაზდება და სახლიდან გამოაგდებს. საბოლოოდ მერი ცოლად სხვას გაჰყვება.
  • კახა - თარხუჯის მეგობარი. გატაცებული იყო მხატვრობით, ლიტერატურითა და მუსიკით. კახა ერთ გოგონას სტუმრობისას ეტყვის კარგი იქნებოდა შენნაირი ცოლი მყავდესო. ამ ნათქვამს ვეღარ გადავა და უსიყვარულოდ მოიყვანს ცოლად. შვილიც გაუჩნდებათ, მაგრამ კახას სხვა ქალი შეუყვარდება და ცოლიც გაშორდება.
  • სოფო - თარხუჯის მეზობელი. მიუხედავად ამისა თარხუჯი მას არ იცნობდა იქამდე, სანამ ვახტანგმა არ ანახვა. თარხუჯს გოგონა მოეწონა, მაგრამ ვახტანგმა უთხრა, რომ მას უყვარდა. თარხუჯმა მეგობრის გამო სოფო დაივიწყა.
  • ჟანა - თარხუჯის მეზობელი ქალი. თარხუჯის თქმით მისი სახლიდან ხშირად ისმოდა სიცილ–კისკისი და ხმაური. ერთხელაც, როდესაც დეიდამისს გააბრაზებს და სახლიდან გამოაგდებენ შუა ზამთარში, თარხუჯი ჟანას მიადგება. ქალი მას საწოლს გაუშლის და დააბინავებს. მაგრამ, როცა თარხუჯი შიშველ ჟანას დაინახავს, სურვილი დასძლევს და მის ოთახში შევა. ჟანა მას ლოგინში ჩაიწვენს. მეორე დღეს კი გააფრთხილებს, რომ ძალიან კარგი ბიჭია მაგრამ მეორედ მასთან აღარ მივიდეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ზოგჯერ შენც არ იცი, რას წერ (საუბრობენ გურამ გეგეშიძე და მიხო მოსულიშვილი). 2006 წელი, მაისი.